Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის პრეზიდენტის გაძლიერება და საქართველოს ინტერესები


რეჯეპ ტაიპ ერდოანი
რეჯეპ ტაიპ ერდოანი

საერთაშორისო თანამეგობრობა შიშობს, რომ 16 აპრილის რეფერენდუმის შედეგების შესაბამისად, თურქეთის პრეზიდენტის ხელში განუზომლად დიდი, დაუბალანსებელი ძალაუფლების თავმოყრა გახდება შესაძლებელი და ამან, შესაძლოა, ხელი შეუშალოს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.

გადმოწერა

ხმების დათვლის შედეგად გაირკვა, რომ რეფერენდუმის მონაწილეთა 51%-ზე მეტმა დაუჭირა მხარი თურქეთის გადაქცევას საპრეზიდენტო რესპუბლიკად, რომლის პრეზიდენტიც აღჭურვილი იქნება ძლიერი ბერკეტებით - მიიღოს ერთპიროვნული გადაწყვეტილებები, აკონტროლოს სასამართლო ხელისუფლება და გამოსცეს კანონის ძალის მქონე განკარგულებები. როგორ აღიქმება მეზობელ ქვეყანაში განვითარებული მოვლენები საქართველოს თვალით და რა პროცესებია მოსალოდნელი იმ შემთხვევაში, თუკი თურქეთი კიდევ უფრო დაშორდება დემოკრატიულ ფასეულობებს?

თურქეთის პრეზიდენტს, რეჯებ ტაიპ ერდოანს, შესაძლებლობა ექნება 2029 წლამდე შეინარჩუნოს პრეზიდენტის პოსტი, ერთპიროვნულად დანიშნოს მინისტრები, გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა, გამოსცეს კანონის ძალის მქონე განკარგულებები, შეარჩიოს მოსამართლეები თუ დაშალოს პარლამენტი. თურქეთის საპრეზიდენტო რესპუბლიკად გარდაქმნისა და პრეზიდენტის ისედაც ფართო უფლებების კიდევ უფრო გაფართოების ბერკეტები ასახულია 18 პუნქტისგან შემდგარ საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტში, რომლის მიმართ დამოკიდებულებაც თურქეთის მოქალაქეებმა 16 აპრილს რეფერენდუმზე გამოხატეს.

მაშინ როცა ძალაუფლების გაფართოებასა და განმტკიცებას ერდოანის მომხრეები სწრაფი და ეფექტიანი რეფორმების განხორციელების ერთადერთ გამოსავლად მიიჩნევენ, მოწინააღმდეგეები და საერთაშორისო თანამეგობრობა დემოკრატიის შესაძლო ხელყოფასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე აკეთებენ აქცენტს. კვირა საღამოს ევროკომისიამ გამოაქვეყნა ერთობლივი განცხადება, რომელსაც ხელს აწერენ ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი, ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ფედერიკა მოგერინი და ევროკომისარი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში იოჰანეს ჰანი. იგრძნობა, რომ ანკარისკენ მიპყრობილია ბრიუსელის საგანგებო ყურადღება:

„საკონსტიტუციო ცვლილებები და, განსაკუთრებით, პრაქტიკაში მათი განხორციელება შეფასდება თურქეთის იმ ვალდებულებათა ჭრილში, რომლებიც მას აქვს, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანასა და ევროსაბჭოს წევრ ქვეყანას. მოვუწოდებთ თურქეთს გაითვალისწინოს ევროსაბჭოს შეშფოთება და რეკომენდაციები, მათ შორის - საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით“.

ევროკომისიის განცხადებაში ნათქვამია, რომ, რეფერენდუმის შედეგებში მცირე სხვაობისა და საკონსტიტუციო ცვლილებების შორს მიმავალი მოსალოდნელი შედეგების გათვალისწინებით, თურქეთის ხელისუფლებამ უნდა მიაღწიოს რაც შეიძლება უფრო ფართო ეროვნულ კონსენსუსს ამ ცვლილებების განხორციელების პროცესში.

ანალიტიკოსებისთვის ნათელია, რომ ევროკავშირის იმედების გაცრუება უკვე დიდი ხანია დაიწყო თურქეთის ლიდერმა რეჯებ ტაიპ ერდოანმა და, კერძოდ, მას შემდეგ, რაც 2016 წლის 15 ივლისის არშემდგარი სამხედრო გადატრიალების კვალდაკვალ ქვეყანაში უმკაცრესი რეპრესიული ზომების გატარება დაიწყო და დააპატიმრეს სხვადასხვა პროფესიის 10 ათასზე მეტი ადამიანი. ბოლო პერიოდში ძალიან მკაცრი იყო ბრიუსელის მისამართით თავად რეჯებ ტაიპ ერდოანის რიტორიკაც, რეფერენდუმის წინა პერიოდში მან არაერთხელ გაიმეორა, რომ თურქეთი თავად იტყვის უარს ევროკავშირის წევრობაზე და რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, შესაძლოა, რეფერენდუმიც ჩატარდეს. ანკარის მხრიდან ლაპარაკი იყო ასევე სიკვდილით დასჯის აკრძალვის გაუქმებაზე, რასაც ძალიან მწვავე რეაქცია მოჰყვა ევროკავშირისა და ევროსაბჭოს მხრიდან.

ანალიტიკოსების ნაწილი ვარაუდობს, რომ 16 აპრილის რეფერენდუმის შედეგების პრაქტიკაში დანერგვისა და პრეზიდენტ ერდოანის ძალაუფლების დაუბალანსებლად გაძლიერების შემდეგ, თურქეთი, სავარაუდოდ, კიდევ უფრო დაშორდება დემოკრატიულ მმართველობას, რამაც, თავის მხრივ, შესაძლოა, კიდევ უფრო გააუარესოს ანკარის ურთიერთობა დასავლეთთან. ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, უარყოფითი შედეგები საქართველომაც იწვნიოს.

თუკი თურქეთმა მუსტაფა ქემალ ათათურქის გზიდან გადაუხვია და საბოლოოდ შეაქცია ზურგი დემოკრატიასა და დასავლურ ფასეულობებს, ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის აზრით, შესაძლოა, იმპერიალისტურმა ამბიციებმაც იმძლავროს და მაშინ საქართველოს ახალი თავსატეხი გაუჩნდება თავის ტერიტორიაზე ანკარის რბილ ძალასთან გამკლავების კუთხით. თუმცა, როგორც ზაალ ანჯაფარიძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას აღნიშნავს, შეუძლებელია ბოლომდე გაფუჭდეს ურთიერთობა თურქეთსა და დასავლეთს შორის, რადგანაც ნატოს წევრი თურქეთი ძვირფასი პარტნიორია როგორც ევროკავშირისთვის, ასევე ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის. ამასთან, ურთიერთობის გაწყვეტა არც თურქეთს აძლევს ხელს:

„ჩემი აზრით, არ შედის ერდოანის ინტერესებში ევროპასთან ურთიერთობებში წითელი ხაზების გადაკვეთა, ისევე როგორც არც ევროპის ინტერესებში შედის თურქეთის ერთგვარი განკვეთა და მისთვის ხელის კვრა. არც იმ პროგნოზებს ვიზიარებ, რომ სერიოზულად გადაიხედება ნატოსა და თურქეთის ურთიერთობები... უბრალოდ, თურქეთი მოითხოვს უფრო მეტი პატივი სცენ მას, როგორც ახალ რეგიონულ ლიდერს. ხოლო რაც შეეხება საქართველოსთან ურთიერთობას, პირადად მე რაიმე ისეთ, დრამატულ ცვლილებებს არ მოველი“.

ამ ეტაპზე თურქეთისა და საქართველოს ურთიერთობაში ცვლილებებს არც საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტი გიორგი რუხაძე მოელის. როგორც მან აღნიშნა 17 აპრილს, რადიო თავისუფლების პროგრამა „დილის საუბრებში“ სტუმრობისას, ევროკავშირისა და ნატოს ქვეყნები, საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, ყველანაირად შეეცდებიან შეინარჩუნონ კარგი პარტნიორული ურთიერთობა თურქეთთან, ასე მოიქცევა თურქეთიც და კარგი ურთიერთობის შენარჩუნებაზე საქართველომაც უნდა იზრუნოს:

„როგორიც არ უნდა იყოს, თურქეთი არის ნატოს წევრი ქვეყანა, ხოლო საქართველო არის ნატოს ასპირანტი ქვეყანა და მხოლოდ ეს მიზეზიც საკმარისია იმის სათქმელად, რომ თურქეთი, წმინდა სამხედრო თვალსაზრისით, არის იმ ბლოკის წევრი, რომლისკენაც მიისწრაფვის საქართველო... რეგიონში არ არსებობს სხვა ქვეყანა, რომელიც ამ ბლოკის წევრია და არიან რიგი ქვეყნები, რომლებიც, პირიქით, საქართველოს მოწინააღმდეგე სამხედრო ბლოკის წევრები არიან... აქედან გამომდინარე, არანაირად არ უნდა აისახოს ის ყველაფერი, რაც ახლა ხდება თურქეთში, ქართულ-თურქულ ურთიერთობებზე, საქართველოს ნაციონალური ინტერესებიდან გამომდინარე“.

გიორგი რუხაძის თქმით, ყველაზე უფრო „მსხვილი საშიშროება“, რამაც, შესაძლოა, სერიოზულად დააზარალოს თურქეთისა და ევროპული ქვეყნების ურთიერთობები, სიკვდილით დასჯის აკრძალვის გაუქმებას უკავშირდება. ანალიტიკოსი დარწმუნებულია, რომ თუკი თურქეთმა კვლავაც დააბრუნა სიკვდილით დასჯა, ამას მას არ აპატიებს ევროკავშირი და ევროსაბჭო და, შესაბამისად, ანკარა იზოლაციაში აღმოჩნდება. თუმცა გიორგი რუხაძე მოვლენათა ამგვარად განვითარებას ნაკლებად მოელის და ფიქრობს, რომ ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების ამოქმედების შემდეგ, როცა რეჯებ ტაიპ ერდოანი მიხვდება, რომ მის მიზნებს საფრთხე აღარ ემუქრება ქვეყნის შიგნით, ის შეეცდება შეარბილოს თავისი რიტორიკა ევროკავშირთან მიმართებით. ეს იქნება პრაგმატული სვლა, რადგანაც მისთვის შეუძლებელი იქნება თურქეთის კეთილდღეობაზე ზრუნვა ევროკავშირის დახმარების გარეშე.

რაც შეეხება რუსეთისა და თურქეთის ურთიერთობას, ზაალ ანჯაფარიძის აზრით, ეს დიდწილად დასავლეთთან თურქეთის ურთიერთობაზე იქნება დამოკიდებული და თუკი ანკარა არ გაწყვეტს ურთიერთობას ბრიუსელთან, შეუძლებელია ვილაპარაკოთ რაიმე სახის გარდამტეხ კავშირზე მოსკოვსა და ანკარას შორის. ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ის, რაც მსოფლიომ ბოლო პერიოდში იხილა, იყო „ხანმოკლე ფლირტი“ დასავლეთზე განაწყენებულ თურქეთსა და რუსეთს შორის, რომლის სიმყიფეც კარგად გამოაჩინა ბოლო ხანებში სირიის გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG