Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ გაახსენდა გერმანიას თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი?


გიდო ვესტერველე და რეჯეპ თაიპ ერდოანი ბერლინში თურქეთის ახალი საელჩოს შენობის გახსნის ცერემონიაზე
გიდო ვესტერველე და რეჯეპ თაიპ ერდოანი ბერლინში თურქეთის ახალი საელჩოს შენობის გახსნის ცერემონიაზე
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი გიდო ვესტერველე გამოვიდა მოწოდებით, განახლდეს მოლაპარაკებები თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე, რაც ბოლო წლებში ჩიხში იყო შესული, პირველ ყოვლისა, სწორედ გერმანიისა და საფრანგეთის წინააღმდეგობის გამო. შესაბამისად, იბადება შეკითხვა, ამ თემის გააქტიურება ბერლინის მხრიდან მხოლოდ დიპლომატიური ჟესტია თუ შორსმიმავალი სტრატეგიის ნაწილი?

30 ოქტომბერს ბერლინში თურქეთის ახალი საელჩოს შენობის გახსნის ცერემონიაზე, რომელშიც თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯეპ თაიპ ერდოანიც მონაწილეობდა, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდო ვესტერველემ იმედი გამოთქვა, რომ მომავალ წელს „ახალი სტარტი“ მიეცემა მოლაპარაკებებს თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე.

„ორ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში, არც ერთი ახალი ფურცელი არ გადაშლილა ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებში. ასეთი უძრაობა არ არის კარგი, ეს ორივე მხარისათვის ცუდია და გვსურს, რომ მომავალი წელი ამ პაუზის დაძლევის ახალ დასაწყისად ვაქციოთ.“

არადა, თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ 2005 წელს დაწყებული მოლაპარაკება, უწინარეს ყოვლისა, სწორედ გერმანიისა და საფრანგეთის წინააღმდეგობის გამო შევიდა ჩიხში. ამის ძირითადი მიზეზია ორად გაყოფილი კვიპროსის კუნძულის თაობაზე თურქეთის დაპირისპირება საბერძნეთთან. ევროკავშირის მიმოხილვაში თურქეთს ასევე გამუდმებით აქვს ჩავარდნები ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში. კანცლერი ანგელა მერკელი და მისი ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან თურქეთის ევროკავშირში სრულ გაწევრიანებას. მათგან განსხვავებული პოზიცია აქვს საგარეო საქმეთა მინისტრ გიდო ვესტერველეს, რომელმაც სამშაბათს რამდენიმე არგუმენტი მოიხმო გერმანიის ევროკავშირში გაწევრიანების სასარგებლოდ:

„გერმანია თურქეთის უმნიშვნელოვანესი სავაჭრო პარტნიორია. დაახლოებით 3 მილიონი თურქული წარმომავლობის კაცი ცხოვრობს გერმანიაში. მათი უმრავლესობა გერმანიის მოქალაქეა. ისინი ამდიდრებენ ჩვენს კულტურას და ჩვენი საზოგადოების განუყოფელი ნაწილი არიან. ისინი ჩვენი ნაწილი არიან“.

ვესტერველემ ყურადღება გაამახვილა ასევე ანტითურქულ გამოხდომებსა და უცხო ქვეყნის წარმომადგენელთა მიმართ ქსენოფობიის ტენდენციაზე და განაცხადა, რომ ნებისმიერი შეუწყნარებლობისა და ექსტრემიზმის ფაქტი დასაგმობია, როგორც გერმანიის წინააღმდეგ მიმართული ქმედება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG