Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამცხე-ჯავახეთში ძლიერი ქარის გამო მიყენებულ ზარალს ამ დრომდე ითვლიან


თოვლი და უამინდობა სამცხე-ჯავახეთში
თოვლი და უამინდობა სამცხე-ჯავახეთში

თოვლისა და ძლიერი ქარის გამო ორი დღეა სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია აღარ მიეწოდება. ამ დრომდე ჩაკეტილია საავტომობილო გზა სოფლების ფოკა-როდიონოვკა-ტამბოვკა-წალკის მონაკვეთი ნინოწმინდის რაიონში. 12 ნოემბრის უამინდობის გამო 110-ე კმ-ზე დაახლოებით 150-მდე მგზავრმა გზის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

თოვლში ჩარჩენილი მგზავრები, გადახდილი სახურავები, დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზები და ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი აბონენტები – სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას პრობლემები 12 ნოემბერს მოსულმა თოვლმა და ძლიერმა ქარმა შეუქმნა. უამინდობამ სამცხე-ჯავახეთის 4 რაიონი - ახალციხე, ბორჯომი, ახალქალაქი და ნინოწმინდა - დააზარალა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ჯავახეთში, სადაც სოფლების ნაწილი მოსწყდა ადმინისტრაციულ ცენტრს, ხოლო მგზავრებმა გზის გაგრძელება დამოუკიდებლად ვეღარ შეძლეს.

უამინდობა სამცხე-ჯავახეთში
უამინდობა სამცხე-ჯავახეთში

სამაშველო სამსახურისა და შსს-ს თანამშრომლებმა ნინოწმინდა-წალკის გზის მონაკვეთზეჩარჩენილი დაახლოებით 150-მდემგზავრი გამოიყვანეს. გზა ამ დრომდე დაკეტილია ნინოწმინდა-ფოკა-წალკის მიმართულებით. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო ჯგუფები და მუშაობს მძიმე ტექნიკა.

ამ დროისათვის ნინოწმინდიდან სოფელ ფოკამდე გზა გაწმენდილია. პრობლემად რჩება სოფელ ფოკიდან წალკამდე გზის მონაკვეთის გასუფთავება. სოფლები ფოკა, როდიონოვკა და ტამბოვკა კვლავ ჩაკეტილია და მოსახლეობაც ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, აცხადებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგებელი გაგიკ ქარსლიანი.

თოვლი სამცხე-ჯავახეთში
თოვლი სამცხე-ჯავახეთში

უამინდობამ პრობლემები სამცხის მოსახლეობასაც შეუქმნა. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა აწყურში საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა, დაზიანებულია სოფელ ჭაჭარაქის კლუბის შენობის სახურავიც. სოფელ მუგარეთის მცხოვრებლები ამბობენ, რომ სოფელში დანგრეულია ღობეები, გადახდილია საცხოვრებელი სახლებისა და საქონლის სადგომის სახურავები. გარდა ამისა, ვალეში, ახალციხესა და ადიგენის რაიონებში დაზიანებულია ელექტროენერგიის 20-მდე ბოძი, რის გამოც სამცხის 1000-მდე აბონენტს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება, აცხადებს მედიასთან “ენერგო-პრო ჯორჯიას” სამხრეთ საქართველოს ფილიალის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი გიორგი ბალახაშვილი.

"ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ტექნიკური ბრიგადები თითქმის ყველა დაზიანებაზე ერთდროულად მუშაობენ. ამ დროისთვის ელექტროენერგიის გარეშე სამცხე-ჯავახეთში დაახლოებით 8 000 აბონენტია დარჩენილი.

XS
SM
MD
LG