Accessibility links

logo-print

აშშ-მა და ავღანეთმა უსაფრთხოების შეთანხმება გააფორმეს


აშშ-ისა და ავღანეთის ოფიციალურმა პირებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის გაფორმება დიდი ხნის განმავლობაში იყო გაჭიანურებული და რომელიც აშშ-ის სამხედროებს უფლებას აძლევს ქვეყანაში 2014 წლის შემდეგაც დარჩნენ.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს ეროვნული უშიშროების მრჩეველმა, ჰანიფ ატმარმა და აშშ-ის ელჩმა ჯეიმს კანინგემმა. ხელმოწერის ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა და ტელეეთერით გადაიცემოდა. დოკუმენტის გაფორმებას ერთი დღით უსწრებდა წინ პრეზიდენტად აშრაფ ღანის ინაუგურაციის ცერემონია.

ღანის წინამორბედი ჰამიდ კარზაი დიდი ხნის განმავლობაში აცხადებდა უარს შეთანხმების გაფორმებაზე, რამაც აშშ-თან მისი კავშირების დაძაბვა მოიტანა.

ორმხრივი შეთანხმების თანახმად, ავღანეთში აშშ-ის 10,000-მდე სამხედრო დარჩება მას შემდეგ, რაც 31 დეკემბერს მუშაობას დაასრულებს საერთაშორისო საბრძოლო მისია.

თუმცა ეს კონტინგენტი განახევრდება 2015 წლისთვის, 2016 წლის ბოლომდე კი სამხედროებს მთლიანად გაიყვანენ.

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ შეთანხმების გაფორმებას უწოდა „ისტორიული დღე“ ორი ქვეყნის პარტნიორობისთვის.

ავღანეთის ახალი პრეზიდენტი აშრაფ ღანი შეთანხმების გაფორმების შემდეგ განცხადებით გამოვიდა:

„დღეს ავღანეთმა, ფაქტობრივად, ტერიტორიული სუვერენიტეტი მოიპოვა. დღეს მოწმენი ვართ ავღანეთის მთავრობის და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი მთავრობების თანასწორობისა. როგორც დამოუკიდებელმა მთავრობამ, ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, გავაფორმეთ შეთანხმება, რომელიც ემსახურება ჩვენი ერის კეთილ ნებას, სტაბილურობას და კეთილდღეობას და რეგიონსა და მსოფლიოში სტაბილურობას“.

პრეზიდენტმა დასძინა, შეთანხმების ფარგლებში კვლავაც გაგრძელდება აშშ-ის მხრიდან ავღანეთის უსაფრთხოების ძალების დაფინანსებაო. ამ ძალების რიგებში 350,000 კაცი ირიცხება.

აშშ-ის ელჩმა ჯეიმს კანინგემმა მიზანსწრაფულობისთვის შეაქო ავღანეთის უსაფრთხოების ძალები და განაცხადა, შეთანხმება აშშ-ს საშუალებას მისცემს მათ ISAF-ის (ავღანეთში უსაფრთხოების მხარდამჭერი საერთაშორისო ძალების) მისიის ამოწურვის შემდეგაც დაეხმაროსო.

ამასთან, მისი თქმით, შეთანხმება ასევე შესაძლებელს გახდის ავღანეთში ჯანდაცვის, განათლებისა და ქალთა უფლებების სამომავლო მხარდაჭერას.

მედიასაშუალებებისთვის 30 სექტემბერს იმეილით გაგზავნილ განცხადებაში თალიბანმა ამ შეთანხმებას უწოდა აშშ-ის გეგმა, რომელიც მიზნად ავღანეთის გაკონტროლებას ისახავს.

გავრცელებული ვარაუდით, მიმდინარე კვირაში ქაბული მსგავს შეთანხმებას გააფორმებს ნატოსთანაც, რაც არასაბრძოლო როლით ავღანეთის ტერიტორიაზე დარჩენის უფლებას მისცემს 4000-დან 5000-მდე სამხედროს, ძირითადად ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, იტალიიდან და თურქეთიდან.

აქამდე აშშ აცხადებდა, რომ თუ შეთანხმება არ გაფორმდებოდა, ის თავის ძალებს გაიყვანდა ავღანეთიდან. ახლა, აშრაფ ღანის გაპრეზიდენტების შემდეგ, ანალიტიკოსები გამოთქვამენ ვარაუდს, რომ ვაშინგტონსა და ქაბულს შორის ურთიერთობა გაუმჯობესდება. აშრაფ ღანი 65 წლისაა და უწინ მსოფლიო ბანკში მუშაობდა.

თავის საინაუგურაციო გამოსვლაში ღანიმ განაცხადა, ჩემი პრიორიტეტი ქვეყანაში მშვიდობის დამყარება იქნებაო.

მთავრობის ოპონენტებს - განსაკუთრებით თალიბანს და კიდევ ერთ ექსტრემისტულ ჯგუფს, ჰეზბ-ე-ისლამის - ღანიმ მოუწოდა პოლიტიკურ მოლაპარაკებებში მონაწილეობისკენ.

„რა პრობლემაც უნდა ჰქონდეთ, გვითხრან და გადაჭრის გზებს გამოვნახავთო“, განაცხადა მან.

გაპრეზიდენტების შემდეგ ღანის პირველი ნაბიჯი იყო არჩევნებში დამარცხებული მისი მეტოქის, აბდულა აბდულას, დანიშვნა ქვეყნის მთავარი აღმასრულებლის პოსტზე.

ეს თანამდებობა ახლა შემოიღეს, როგორც ნაწილი აბდულასა და ღანის შორის მიღწეული შეთანხმებისა ძალაუფლების დანაწილების თაობაზე. ამ შეთანხმებით დასრულდა რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელებული ბუნდოვანი ვითარება, რომელიც ავღანეთში მოჰყვა საპრეზიდენტო არჩევნების კამათის საგნად ქცეულ მეორე ტურს.

ღანი საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ოფიციალურად 21 სექტემბერს გამოაცხადეს, არჩევნების მეორე ტურიდან დაახლოებით სამი თვის გასვლის შემდეგ.

XS
SM
MD
LG