Accessibility links

logo-print

ჯენ საკი: “მიმდინარეობს დისკუსია უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით”


ჯენ საკი, სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი

ჯენ საკი, სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი აცხადებს, რომ ამერიკაში უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით დისკუსიები გრძელდება. ჯენ საკი ამერიკის ყოფილი მაღალჩინოსნების მიერ მომზადებულ ანგარიშს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც შეერთებულმა შტატებმა უკრაინას სეპარატისტებთან გასამკლავებლად ლეტალური შეიარაღება უნდა მიაწოდოს.​

საგარეო პოლიტიკის ბიუჯეტის ერთ-ერთი პრიორიტეტი რუსეთისთვის აგრესიის ჩამოშორებაა

ანგარიში ექსპერტების ჯგუფის მიერაა მომზადებული, რომელშიც შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი უკრაინაში სტივენ პაიფერიც შედის. ისინი ამერიკის მთავრობას უკრაინის რადარებით, მძიმე შეიარაღებით და ეგრეთწოდებული “დრონებით” მომარაგებისკენ მოუწოდებენ.​

ჯგუფმა ანგარიში ვაშინგტონში ატლანტიკურ საბჭოში წარადგინა.​

“ამ ანგარიშის ავტორები არიან პატივსაცემი ადამიანები, ისინი არ წარმოადგენენ შეერთებული შტატების ხელისუფლებას, მაგრამ მათ უმსახურიათ ამ ქვეყნის მთავრობაში. ჩვენ შევისწავლით ანგარიშს და განვიხილავთ მათ შემოთავაზებებს”, თქვა საკიმ “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში.​

მისივე თქმით თეთრი სახლი აგრძელებს ამ საკითხზე დისკუსიას და მზად არის ნებისმიერი შეთავაზება განიხილოს. ​

“დისკუსია გრძელდება იმაზე თუ რა იქნება საუკეთესო მხარდაჭერა, ამ ეტაპზე ჩვენი მხარდაჭერა არის არალეტალური, ეკონომიკური მხარდაჭერა. ჯერ-ჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ჩვენ ვაკვირდებით უკრაინის მოვლენებს და ვგმობთ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების ქმედებებს,” ამბობს საკი.​

კითხვაზე შეცვლის თუ არა თეთრი სახლი თავის პოლიტიკას და დაიწყებს თუ არა უკრაინისთვის თავდაცვითი ლეტალური იარაღის მიწოდებას, საკი პასუხობს, რომ ამაზე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გუნდი მუშაობს.​

საკის თქმით უკრაინის საკითხი და რუსეთისგან მომავალი საფრთხეები ამერიკის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტშიცაა ასახული.​

რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მოგვარების გზებზე საუბრისას საკიმ ყურადღება პოლიტიკურ და დიპლომატიურ გზებზე გაამახვილა:​

“უკრაინელმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ, ჩვენ გვჯერა რომ რუსეთი და მის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები იქ უკანონოდ არიან, ჩვენ მათ გვერდით ვართ, ჩვენ უკან არ დავიხევთ, მაგრამ ყველას ინტერესებშია საკითხი დიპლომატიურად და მშვიდობიანად მოგვარდეს და ძალადობა არ გაგრძელდეს.”​

საკიმ ასევე ისაუბრა მინსკის შეთანხმების დაცვის აუცილებლობაზე, მისი თქმით თუ რუსეთი შეთანხმებას დაიცავს, მაშინ ამერიკა მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემსუბუქებას შეძლებს.​

საკიმ ასევე განაცხადა, რომ კვირის ბოლოს უკრაინას ამერიკის სახელმწიფო მდივანი - ჯონ კერი ეწვევა, რომელიც მთავრობის მაღალჩინოსნებთან და კანონმდებლებთან ერთად განიხილავს ქვეყანაში არსებულ ვითარებას და რეფორმების მიმდინარეობას. ამავე დროს, მოხდება ამერიკის მხარდაჭერის გამოხატვა უკრაინელი ხალხისადმი.

XS
SM
MD
LG