Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯარისკაცების ფსიქოლოგიური დახმარება


რამდენად შესაძლებელია მოკლემეტრაჟიანი ფილმის შექმნა ომის ვეტერანებს სტრესის უარყოფით ეფექტებთან გამკლავებაში დაეხმაროს?

საგანგებო ფსიქოლოგიური პროგრამა ამერიკელი ჯარისკაცების დახმარებას ცდილობს. პროგრამა სახელწოდებით „მე იქ ვიყავი“ სამხედრო მოსამსახურეებს ფილმების გადაღებას სთხოვს. რამდენად შესაძლებელია მოკლემეტრაჟიანი ფილმის შექმნა ჯარისკაცებს სტრესის უარყოფით ეფექტებთან გამკლავებაში დაეხმაროს?

სამი მეგობარი, რომელთაც არ იციან, თუ სკოლის დამთავრების შემდეგ, რა გზას დაადგნენ, ჯარში წასვლას გადაწყვეტენ. ავღანეთში მიღებული საბრძოლო გამოცდილების შემდეგ, სამივეს ფსიქოლოგიური ტრავმის შედეგებთან გამკლავება უწევს. სხვა ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად ისინი მოგვიანებით დოკუმენტური ფილმის გმირები ხდებიან.

გადაღებებში მონაწილეობას მათ სთავაზობს პოსტტრავმულ სტრესულ აშლილობებზე მომუშავე საგანგებო პროგრამა -„მე იქ ვიყავი“. პროგრამის ავტორი და ფილმის მთავარი პროდიუსერი ფსიქოლოგი ბენ პატონია, მეორე მსოფლიო ომში სახელგანთქმული ამერიკელი გენერლის - ჯორჯ პატონის - შვილი. ის სამხედრო ბაზებზე მოგზაურობს, ჯარისკაცებთან დაახლოებით ოთხი დღის მანძილზე რჩება და მათ მოკლემეტრაჟიანი ფილმების საშუალებით საკუთარი გრძნობების გამოხატვაში ეხმარება.

„საქმეს თავიდან უინტერესოდ ეკიდებიან და ხშირად საკუთარ ემოციებს არამარტო ჩვენ, არამედ თავის მეგობრებს და ოჯახის წევრებსაც არ უზიარებენ. რამდენიმედღიანი ფსიქოლოგიური სეანსის შემდეგ, ბევრი მათგანი პატარა გადამღებ ჯგუფებს ქმნის და მოკლემეტრაჟიან ფილმს იღებს. თემა ნებისმიერი შეიძლება იყოს, თუმცა ნამუშევრების 95 პროცენტი ასე თუ ისე მაინც სამხედრო სამსახურში მიღებულ სტრესს და გამოცდილებას კავშირდება“- ყვება ფსიქოლოგი.

პროგრამაში მონაწილე ჯარისკაცებმა 300-ზე მეტი ფილმი გადაიღეს. პატონის თქმით, ფილმების დასრულების შემდეგ ჩატარებული გამოკითხვები ადასტურებს, რომ სამხედრო მოსამსახურეთა შორის პოსტტრავმული სტრესის აშლილობების სიმპტომებმა 20 პროცენტით იკლო.

„ხშირად ამ ჯარისკაცების უბრალოდ მოსმენა, ყოველგვარი განსჯის და სწრაფი გამოსავლის შეთავაზების გარეშე, ძალიან ეფექტური შეიძლება იყოს მათი ღირსების, თავმოყვარეობის და თავდაჯერების განმტკიცებისთვის და ამაღლებისთვის“ - ამბობს ექიმი რივკა ტუვალ-მაშია, რომელიც პროგრამის სერტიფიცირებული მრჩეველია.

რას ამბობენ თვითონ პროგრამაში მონაწილე ჯარისკაცები?

„ჩვენთან რომ მოდიან, პირველი დღე ჩემნაირი ადამიანებისთვის არც ისე იოლია. დარწმუნებული არ ხარ, რა უნდათ და საერთოდ რა გამოვა ამ საქმიდან. მეოთხე დღეს სახეზე უკვე ღიმილი გაქვს და გრძნობ, რომ თითქოს ცხოვრებაში ახალი მიზანი გაგიჩნდა“ - ეს სერჟანტი გარი სენდსია, რომელიც თავის ფილმში სცენარის ავტორიცაა და მთავარი გმირიც.

„თავიდან ვუსმენდი მათ და გადავწყვიტე, წინასწარვე უარი არ მეთქვა. მერე ვიფიქრე, მოდი ვნახავ, რა გამოვა. იქნებ შთამბეჭდავი ფილმი გამომივიდეს-თქო“ - ამბობს გარი.

პროგრამაში მონაწილეებს, და მათ შორის გარი და მისი მეუღლეც არიან, ურჩევენ საკუთარ გამოცდილებაზე ოჯახში და სამეგობროშიც ღიად ილაპარაკონ. ფსიქოლოგი ბენ პატონი თვლის, რომ გამოხატვის მსგავსი საშუალება და სავარჯიშოები ვეტერანებს პოსტტრავმული სტრესის აშლილობების დაძლევაში ეხმარება.

XS
SM
MD
LG