Accessibility links

1 სექტემბერი, კვირა
„მითხარით, რა იცით, მითხარით, რა არ იცით; ბოლოს და ბოლოს, მითხარით, რას ფიქრობთ, და არასოდეს არ აურიოთ ეს ცნებები ერთმანეთში“ (გენერალ პაუერსის მითითება თავისი მზვერავებისადმი).

„თავისუფლების დღიურების“ პროექტში მონაწილეობაზე შემოთავაზება ისეთი მოულოდნელი და განსხვავებული ფორმით მივიღე, რომ უარი ვერ ვუთხარი. ბოლოს დღიურებს ვწერდი ჯეელობაში, როდესაც სამთო და სპელეოლოგიურ ექსპედიციებში ვმონაწილეობდი, თუმცა დღემდე ვნანობ, რომ ჩანაწერებს არ ვაწარმოებდი იმ სამხედრო მოქმედებებში, რომლებში მონაწილეობის მიღებაც მომიხდა. არადა, უნდა მივაჩვიოთ ახალგაზრდა ოფიცრები დღიურის წარმოებას. ეს, უპირველეს ყოვლისა, ხელს შეუწყობს საბრძოლო გამოცდილების შესწავლასა და განზოგადებას.

დღეს კვირაა, მაგრამ სამხედროებისთვის ეს ბევრს არაფერს ნიშნავს. მაგალითად, მე პასუხისმგებელი მორიგე ვარ, ანუ დილის 9 საათიდან ორშაბათის 9 საათამდე სამსახურში უნდა ვიყო: მივიღო მოხსენებები ოპერატიული მორიგეებისგან და საჭიროების შემთხვევაში გავცე შესაბამისი განკარგულებები.

კვირა დღეს მორიგეობის ერთ-ერთი ხიბლია შესაძლებლობა, მეტი დრო დაუთმო შენს თავს: ივარჯიშო, წაიკითხო, საკუთარ თავზე წაიმუშაო. ეს უკანასკნელი აუცილებელია, ვინაიდან ორშაბათიდან ვიწყებთ უწყებათაშორის სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორ-2013“-ს.

2 სექტემბერი, ორშაბათი
დადგა სწავლების დაწყების დრო. ამ ცხრანახევარი დღისთვის ცხრა თვის განმავლობაში ვემზადებოდით. გვინდა, იგი წარმატებით განხორციელდეს, ვინაიდან უწყებათაშორისია და მოზიდულნი არიან სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენელნი. მსგავსი მასშტაბისა და დატვირთვის სამეთაურო-საშტაბო წვრთნები არ ჩატარებულა 1990 წლიდან. სწორედ ამ სწავლებაზე უნდა შემუშავდეს კრიზისისა თუ საომარი საფრთხის პირობებში ქვეყნის სამხედრო (და არა მარტო სამხედრო) რესურსების სწორი, ეკონომიკური და ეფექტიანი გამოყენების პროცედურები; ასევე, სხვადასხვა უწყების ურთიერთქმედება, სინქრონირება და სინერგეტიკა. ყველა ამ „ჯადოსნური“ სიტყვის განხორციელებას კი სჭირდება წვრთნა და მეცადინეობა, თანაც, რაც შეიძლება ხშირად. დღეს ვცდილობთ, დავძლიოთ „პაკაზუხის“ სინდრომი და გადავიდეთ „ოფლისა და ტალახის“ რეალობაზე.

აი, შედგა სწავლების გახსნა და ყველამ დაიკავა თავისი სამუშაო ადგილი. ძალიან კი მაინტერესებს სამოქალაქო უწყებების მოქმედება! ფუი ეშმაკს, ჯერჯერობით ყველაფერი გეგმიურად მიდის. სასიხარულოა, რომ სამოქალაქო უწყებების წარმომადგენელთა თავდაპირველი ირონიულ-ინდიფერენტული განწყობა ინტერესითა და ენთუზიაზმით იცვლება.

არის ხარვეზები, მაგრამ სწორედ მათს გამოსავლენად ტარდება მსგავსი სწავლებები. მოკლედ, კარგი დასაწყისი საქმის ნახევარია! ასე რომ, ჯერჯერობით იმედიანად ვართ...

3 სექტემბერი, სამშაბათი
სწავლების მეორე დღე დაიწყო გეგმიური მოსმენებით. კიდევ ერთხელ დასტურდება „მერფის სამხედრო კანონების“ მთავარი პოსტულატი: „ის, რაც შეიძლება, მწყობრიდან გამოვიდეს, აუცილებლად გაფუჭდება“. დილიდან მიმდინარეობს ტექნიკური ხარვეზების აღმოფხვრა. ღმერთის და ტექნიკური პერსონალის დახმარებით 11 საათისთვის მდგომარეობა აღდგენილია. თუმცა, მსგავსი ხარვეზები, ოღონდაც გაათმაგებული ხარისხით, ჩვეულებრივი მოვლენაა კრიზისებისათვის. ასე რომ, წვრთნისას გაჩენილი სირთულე ამარტივებს მოქმედებას რეალურ ვითარებაში.

თუ გუშინდელი დღე ბუნებრივი კატასტროფების დროს კრიზისის მართვის სისტემის ჩამოყალიბებასა და ამოქმედებას ეთმობოდა, დღეიდან იწყება სამხედრო მდგომარეობის თანდათანობითი ესკალაციის სცენარების ამოქმედება.

11 საათიდან ვესწრები დანაყოფების ურთიერთქმედების რეპეტიციას. ხელთ არსებული საშუალებებით მიწაზე შექმნილ საბრძოლო რაიონის მაკეტზე თითოეული მეთაური საუბრობს თავისი მოქმედების ალგორითმზე ბრძოლის შესაბამისი ფაზების მიხედვით. რა თქმა უნდა, არის ხარვეზები, რა თქმა უნდა, შეიძლებოდა გარკვეული გადაწყვეტილების სხვაგვარად მიღება, მაგრამ ეს არ არის ამ სწავლების მთავარი მიზანი. აქცენტი გაკეთებულია დაგეგმარების, მართვისა და აღსრულების პროცესზე. ეს კი მოულოდნელად მაღალ დონეზე მიმდინარეობს.

4 სექტემბერი, ოთხშაბათი
დღეს ვიწყებთ სამხედრო ვითარების გათამაშებას. სამუშაო დღე დაიწყო ჩვეულებრივ: მართვის პუნქტის წამყვანის „დე-ბრიფინგი“, ვიდეოხიდი დასავლეთში მყოფ დაჯგუფებებთან, საორგანიზაციო საკითხების გაცნობა და, რა თქმა უნდა, წარმატების იმედი. საინტერესოა, რომ სწავლების და ვითარების მოდელირების მიუხედავად, იგრძნობა გარკვეული დაძაბულობა. ფაქტობრივად, ამ მასშტაბის სწავლება, სადაც მეთაურს ერთდროულად უხდება რამდენიმე შენაერთის მართვა, ბევრი ახალგაზრდა ოფიცრისთვის პირველადაა. აქ შედეგების შეფასებისას სუბიექტური მიდგომა გამორიცხულია, ვინაიდან ყველა მოქმედება და გადაწყვეტილება საგანგებოდ შექმნილ კომპიუტერულ ქსელში აისახება, რომელიც უკვე ავტომატურ რეჟიმში ახორციელებს ბრძოლის გათამაშებას და ზარალის მიყენებას.

ბევრ შემთხვევაში ოფიცერთა ძველ შემადგენლობას ურჩევნია მამაპაპური მეთოდებით, ფანქრითა და სახაზვით აწარმოოს საბრძოლო მოქმედებების მართვა, ვიდრე კომპიუტერითა და ვირტუალური ბრძოლის ველის გამოყენებით. ვცდილობთ, გადავლახოთ ეს „შიდა“ წინააღმდეგობა, რათა ერთხელ და სამუდამოდ შევძლოთ გადავიდეთ ბრძოლის მართვის თანამედროვე სისტემებზე. თუ ძალიან მოვინდომეთ, ალბათ რაღაც სასიკეთო გამოგვივა.

5 სექტემბერი, ხუთშაბათი
დღეს ჩვენი სწავლებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა - ველოდებით „მაღალ სტუმრებს“. დანარჩენი ჩვეულებრივი რითმით მიმდინარეობს. სწავლება გაცილებით უკეთესად მიდის, ვიდრე გუშინ. ინფორმაციის გაცვლა გაუმჯობესდა. ოფიცრებიც უფრო თავდაჯერებულად გრძნობენ თავს. სასწავლო ვითარება უკიდურესად გართულებულია, „მოწინააღმდეგე“ აქტიურად გვიტევს თითქმის ყველა მხრიდან. შესაბამისად, ინფორმაციის დინებაც ძალზე ინტენსიურია. სამოქალაქო უწყებიდან მოზიდული პირებიც კათილსინდისიერად ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს. სისტემატურად იკრიბება „უშიშროების საბჭო“, „პრეზიდენტი“ აკეთებს მიმართვას მოსახლეობისადმი, ტარდება „სახელმწიფო მოხელეთა“ ბრიფინგები და პრესკონფერენციები. ინტერვიუსა თუ პრესკონფერენციის გადაღება წარმოებს რეალურად. შემდეგ ამას ეკრანზე ვაჩვენებთ და პრესის ექსპერტები ინტერვიუერს შეცდომებს უსწორებენ. მოკლედ, ყველაფერი ისეა, როგორც სინამდვილეში, ოღონდ ქაღალდზე, და არა რეალური სისხლითა და ნგრევით.

სტუმრები ორ ნაწილად მობრძანდნენ. დღის პირველ ნახევარში მინისტრები და აშშ-ის ელჩი, მეორეში - სამხედრო ატაშე და მისი თანამშრომლები. ინტერესი ნამდვილად მაღალია. მგონი, ყველა კმაყოფილი დარჩა. ყოველ შემთხვევაში, ამის იმედი მაქვს.

6 სექტემბერი, პარასკევი
დილის 6 საათზე ვდგები და ვემზადები დასავლეთში წასასვლელად, იმის ადგილზე სანახავად, თუ როგორ მოქმედებენ მეთაურები. როგორც ყოველთვის, მანქანა არ აგვიანებს და 6:45-ზე გავდივართ სენაკისაკენ. სენაკში ჩასვლამდე მივდივართ ბათუმში. პირველად საქართველოს ისტორიაში ნატოს სამხედრო ხომალდებია შემოსული და საპატიო სტუმრებთან ერთად მეც მიწვეული ვარ ლანჩზე.

როგორც ქართული მხარის სანაპირო დაცვის მეთაურობა, ისე ხომალდზე დამხვდურები, გატკიცინებულ თეთრ საზღვაო ფორმებში არიან გამოწყობილნი. მხოლოდ მე ვარ საველე კამუფლირებულ ფორმაში, რომელსაც ხუთსაათიანმა მგზავრობამ პეწი ნამდვილად არ შემატა. თავის გასამართლებელი საბუთი ნამდვილად მაქვს - სწავლებიდან მოვდივარ და სწავლებაზე მივდივარ. ხანმოკლე, მაგრამ საკმაოდ თბილი შეხვედრის შემდეგ, სენაკისკენ მივემართები. ეს დამატებით კიდევ ორი საათის მგზავრობაა. გზაში ცოტა ჩათვლემას ვასწრებ. საერთოდ, სპორტსმენებს და სამხედროებს ერთი პროფესიული თვისება გვახასიათებს - სპორტსმენსაც და სამხედროსაც შეუძლია დაიძინოს ნებისმიერ ადგილას და პირობებში, და ამ თვისებას მუდმივად ვიყენებთ, როცა ამის შესაძლებლობა მოგვეცემა.

სენაკში ვხვდები დასავლეთის დაჯგუფების სარდალსა და ბრიგადების მეთაურებს. ვათვალიერებ მართვის პუნქტებს, ტაქტიკური ოპერაციების ცენტრს, ვიღებ მოხსენებებს სწავლებაში არსებული გარემოს შესახებ.

სწავლების ამ ეტაპზე დაჯგუფებამ დიდი „დანაკლისი“ განიცადა. ამჯერად აწარმოებს გადაჯგუფებას და ხვალიდან ელოდება მოწინააღმდეგის შემოტევას. აღნიშნული მდგომარეობა სწავლების შემმუშავებლების ბრალიცაა. სწორედ ჩვენ ჩამოვაყალიბეთ რეალური მტრის შესაბამისი მახასიათებლები, რომლებიც კომპიუტერებმა ყოველგვარი სენტიმენტების გარეშე გაათამაშეს. მიზანი მიღწეულია -წინა წლების „უძლეველი ჯარის“ მეთაურები აღმოჩნდნენ მკაცრი რეალობის წინაშე, სადაც მოწინააღმდეგე არ გაპატიებს არც ერთ შეცდომას. ახლა ჯერი ჩვენს ოფიცრებზეა, მათ სწრაფად უნდა მოახდინონ ადაპტირება, ძალების გადანაწილება და მოიძიონ ხერხები, თუ როგორ გაანეიტრალონ მოწინააღმდეგის რაოდენობრივ-ხარისხობრივი უპირატესობა. ხვალ მძიმე დღე გველის!

7 სექტემბერი, შაბათი
ადრე დილიდან ფეხზე ვარ. უკვე 8 სთ-თვის მივდივარ დაჯგუფების მეთაურის საველე მართვის პუნქტზე. ვამოწმებთ კავშირებს დანაყოფებთან, ვესწრებით სარდლის მიერ მოხსენების მოსმენას.

10 საათზე კომპიუტერული ტელეხიდით ვისმენ მოხსენებებს თბილისში განლაგებული მართვის პუნქტიდან. დაიწყო პირველი ინფორმაციების შემოსვლა. ჩემი მართვის ცენტრში ყოფნა მოტივაციას უმაღლებს ახალგაზრდა სამხედროებს, რომლებიც ცდილობენ, საუკეთესო მხრიდან წარმოაჩინონ თავი.

11 საათზე გვეწვია ნატოს ხომალდების მეთაურობა და სანაპირო დაცვის ხელმძღვანელობა. ბრიფინგი, დათვალიერება და ფურშეტი ვერ არბილებს იმ დაძაბულობას, რომელშიც სწავლების მონაწილეები იმყოფებიან. მათთვის უკვე სტუმარ-მასპინძლობა ნაკლებად მნიშვნელოვანია. ისინი მთლიანად არიან ჩაფლულნი საომარი მოქმედებების გათამაშებაში. საბედნიეროდ, სტუმრების მიღება-გაცილებაზე შესაბამისი პირები არიან გამოყოფილნი. მეც ვცდილობ ვითამაშო მასპინძლის როლი, თუმცა მთელი გონება და სული სწავლებისკენ მაქვს მიმართული.

გავაცილე თუ არა სტუმრები, გადავჯექი კავშირგაბმულობის მანქანაში და თბილისისკენ გამოვემართე. ამჯერად ჩემი ამოცანაა გავათამაშო მობილური მართვის პუნქტის ფუნქციები და შევამოწმო, რამდენად საიმედოდ და უწყვეტადაა შესაძლებელი ჯარების მართვა გადაადგილების პირობებშიც. უკანა გზაზე გორის ჰოსპიტალში შევირბინე, მოვინახულე ჩვენი დაჭრილი სამხედროები. განსაკუთრებით შემძრა ერთ-ერთი საუკეთესო ოფიცრის მდგომარეობამ. ეს ბიჭი ავღანეთში გაფრენის წინა ღამით, საცოლესა და დასთან სეირნობისას, ვიღაც მთვრალი მძღოლის მსხვერპლი გახდა. ფეხი დაკარგა, შემდგომ თავის ტრავმა გაურთულდა და დღეს სიკვდილს ებრძვის. ღმერთო, მაპატიე, და ჯობდა ავღანეთში დაჭრილიყო, ვიდრე ასე უაზროდ გაუბედურებულიყო. რეანიმაციის კართან ატუზული დედის, საცოლისა და დის ნახვამ ძალზე დამთრგუნველად იმოქმედა. ამ დღეებში დაგროვილი პოზიტივი ხელის ერთი მოსმით გაიფანტა. არადა, ამ საღამოს დღიურების ჩაწერაზე უნდა წავიდე. არ ვიცი, დაღლილი, ხმაჩახლეჩილი და დათრგუნვილი, როგორ გავართმევ თავს. ერთი კი თამამად შემიძლია ვთქვა: ეს ჩანაწერები გავაკეთე გულწრფელად და პატიოსნად.
XS
SM
MD
LG