Accessibility links

„ამერიკის ხმის“ რუბრიკა „გალილეო“ დღეს ბრიტანულ კომპანია „ვირჯინ გალაქტიკზე“ და იმ ქართველ ექიმზე მოგითხრობთ, რომელმაც შეერთებულ შტატებში ასტრონავტის სერტიფიკატი აიღო

„ვირჯინ გალაქტიკი“ პირველი კომერციული ავიაკოსმოსური კომპანიაა, რომელიც სუბორბიტულ კოსმოსში ტურისტული რეისების ბიზნესს გეგმავს. ბრიტანული კომპანიის ხელმძღვანელი 64 წლის ექსცენტრიული მილიარდერი სერ რიჩარდ ბრენსონია. კოსმოსური ხომალდების მშენებლობას ის შეერთებულ შტატებში, ლოს ანჯელესის ჩრდილოეთით მდებარე მოხავის უდაბნოში, ქალაქიდან დაახლოებით 160 კილომეტრის მანძლზე მდებარე ბაზაზე შეუდგა.

თითოეულ რეისზე ხომალდს პილოტების გარდა, 6 ტურისტის გადაყვანა შეეძლება. მგზავრები დედამიწას კოსმოსიდან დაათვალიერებენ და მცირე ხანს უწონადო მდგომარეობაშიც დაჰყოფენ. კოსმოსში მგზავრობა ძალიან ძვირია, ბილეთის ფასი 250 ათასი დოლარი ღირს. თუმცა, ამას კოსმოსში გაფრენის მსურველებისთვის ხელი არ შეუშლია. კოსმოსური ტურისტების გრძელი რიგი 700-ს ადამიანს აღემატება და მათ მიერ წინასწარ გადახდილი თანხა კომპანიის ცნობით, 80 მილიონ ამერიკულ დოლარზე მეტია.

„ვირჯინ გალაქტიკი“ ფიქრობს, რომ დროთა განმავლობაში ბილეთის ფასი გაიაფდება და ნაკლებად შეძლებული ადამიანებისთვისაც ხელმისაწვდომი გახდება. 31 ოქტომბერს საცდელი გაფრენის დროს მომხდარმა კატასტროფამ ჯერჯერობით „ვირჯინ გალაქტიკის“ გეგმებზე არ იმოქმედა და კოსმოსში ტურისტთა პირველი ჯგუფის გაშვება ისევ 2015 წლის გაზაფხულისთვის იგეგმება. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ რამდენიმეწლიანი მოსაცდელი სია დაახლოებით 20-მა ადამიანმა დატოვა. გაფრენის მოლოდინში ისევ რჩებიან ცნობილი ვარსკვლავები, მათ შორის - ლეონარდო დი კაპრიო, ანჯელინა ჯოლი, აშტინ კუჩერი, ჯასტინ ბიბერი და სხვები. ზაფხულში ჟურნალ „თაიმის“ ცნობით, საფრანგეთის ქალაქ კანის აუქციონზე ლეონარდო დი კაპრიოს რეისზე გასაფრენი ბილეთი დაახლოებით მილიონ დოლარად გაიყიდა.

გაფრენას სხვებთან ერთად მოთმინებით ელოდება ქართველი ექიმი, 51 წლის არსენ გვენეტაძე, რომელმაც შეერთებულ შტატებში საგანგებო წვრთნა წარმატებით გაიარა. გამორიცხული არ არის ის კოსმოსში პირველი ქართველი იყოს. 31 ოქტომბერს მისი „ფეისბუქის“ გვერდზე ახალი ფოტო და საინტერესო გზავნილი გაჩნდა: „პირველი ქართველი ასტრონავტი ვარ!.. მე ეს შევძელი!“ ფოტოზე, რომელიც ფილადელფიაში მდებარე Nastar-ის ცენტრშია გადაღებული, არსენი კომპანია „ვირჯინ გალაქტიკის“ მფლობელის ვაჟ -სემ ბრენსონთან- ერთად დგას და ხელში ორივეს ასტრონავტის ოფიციალური სერტიფიკატი უჭირავს.

ტყიბულში დაიბადა და კოსმოსში გაფრენაზე, როგორც ბევრი მისი თანატოლი, ბავშვობიდან ოცნებოდა. მოგვიანებით ექიმი გახდა, გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგი, პროფესორი და საქართველოში ლაპარასკოპიული ქირურგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი და წამყვანი სპეციალისტი. არსენს ძალიან უყვარს ფოტოგრაფია და ეგზოტიკური მოგზაურობები. განსაცდელში იმდენჯერ მოხვედრილა, რომ ამბობს, სიკვდილს თვალი რამოდენიმეჯერ გავუსწორე და შიშის შეგრძნება თითქმის დავკარგეო. 4 წლის წინ მსხვილი ნაწლავის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს და ბოლო ოპერაციაზე მისი ამოკვეთა მოუწია. როგორც კი მეგობარ სანდრო ვახტანგოვისგან „ვირჯინ ატლანტიკის“ არსებობის შესახებ შეიტყო, მაშინათვე ფიქრი ბავშვობის ოცნების ასრულებაზე დაიწყო.

აქედან დაახლოებით ერთ წელიწადში თავი უკვე ფილადელფიის საწვრთნელ ცენტრში ამოჰყო. ჯერ თეორიული კურსი გაიარა. ტრეინინგის პრაქტიკული ნაწილი რამდენიმე ეტაპისგან შედგებოდა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი სხეულის მიერ სხვადასხვა დატვირთვის ამტანობის გამოცდა იყო, რომელიც სტრატოსფეროში გასვლისას ადამიანის ორგანიზმმა უნდა გაიაროს. მათ შორის იყო მიზიდულობის ძალის 6-ჯერ გაზრდილი დატვირთვა, რომლის დროსაც, არსენის თქმით, ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს კანი და მთელი შინაგანი ორგანოები უკან, ნეკნებზე იყო მიკრული.

„სხვადასხვა ხაზით არის ეს დატვირთვები ორგანიზმზე და ამისათვის გასწავლიან, თუ როდის, როგორ პოზიციაში უნდა იყო. როდის უნდა დაძაბო კუნთები, რომ მხედველობა აკონტროლო. მაგალითად, 100 პროცენტით სიმულაციაში რომ გავდიოდი, იქ მხედველობა წამებით გებინდება და ამ დროს როგორ უნდა მოიქცე, რომ მობილიზება გააკეთო და ეს აღდგეს. როგორ უნდა ისუნთქო, როგორ უნდა ამოძრავო დიაფრაგმა“ და ასე შემდეგ, გვიყვება არსენი.

ფილადელფიაში ტრეინინგის დროს მისი "თანაკლასელის", სემ ბრენსონის შესახებ დოკუმენტურ ფილმს იღებდნენ. ინტერვიუ არსენსაც სთხოვეს, რომელშიც მან გადამღებ ჯგუფს უთხრა, რომ კოსმოსში გაფრენას მთელ მსოფლიოში და განსაკუთრებით საკუთარ სამშობლო საქართველოში კიბოს პროფილაქტიკის პოპულარიზებას მიუძღვნის. მისი თქმით, შეუძლებელი ცხოვრებაში არაფერია და ყველაფერს შეიძლება ადამიანმა „შრომით, დიდი ინტერესით, მონდომებით და სწორი მოქმედებით“ მიაღწიოს.

არსენს ძალიან უნდა ყველას იმის მაგალითი მისცეს, რომ „ნებისმიერი სიმაღლის ოცნება არ დაბლოკოს და თავშივე აუსრულებლად არ მონათლოს. ხოლო კიბოთი დაავადებულებს კი - იმედი, რომ ხელი არ ჩაიქნიონ და ოცნებები ჯერ მიზნებად, შემდეგ კი საქმედ აქციონ. ვფიქრობ, იმედი, ინტერესი, მიზანი და მუხტი ეს ის არის, რის გამოც ადამიანები თავისუფალ, ხარისხოვან და სასიამოვნო ცხოვრებას გადიან“. საუბრის დასასრულს არსენი ამბობს, რომ მთავარი ის არ არის, კოსმოსში კიბოსგან პირველი განკურნებული იქნება, თუ პირველი ქართველი. მისთვის ჩაფიქრებულის ასრულება და ასრულების სიხარულია მთელი ცხოვრების „სიამოვნების სიამოვნება“.

XS
SM
MD
LG