Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრობლემა შოუში არ იმალება


განვლილი კვირის პირველი სამუშაო დღე საქართველოს შეიარაღებული ძალების ცხოვრებაში დიდი საავიაციო შოუთი აღინიშნა. ამ მოვლენას, როგორც პირველ საავიაციო შოუს, იმ დღეს ლამის ყველა ქართული სატელევიზიო მაუწყებელი პირდაპირ ეთერში უჩვენებდა, თუმცა, როგორც მერე გაირკვა, ეს სამხედრო საავიაციო შოუ პირველი იყო იმდენადაც, რამდენადაც პირველად მიეძღვნა ამერიკაში მოღვაწე ცნობილ ქართველ ავიაკონსტრუქტორს ალექსანდრე ქართველს (ქართველიშვილს), რომლის სახელსაც საქართველოს სამხედრო მრეწველობის ფლაგმანი - „თბილავიამშენი“ - ატარებს.

„კოჰაბიტაციური შოუ“, აღტაცებული შეძახილებით

თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით 9 სექტემბერს მოწყობილი საავიაციო აღლუმი ნამდვილად პომპეზურად ჩატარდა. საავიაციო ქარხნის აეროდრომზე შეკრებილ საპატიო სტუმრებს და ჟურნალისტებს შესაძლებლობა ჰქონდათ ჰაერში ეხილათ სამხედრო ძალების კუთვნილი ყველა მფრინავი აპარატი, რასაც კიდევ შერჩენილი აქვს ფრენის რესურსი. ავიაშოუ პარაშუტისტებმა გახსნეს, რომლებმაც AN-2 ტიპის თვითმფრინავებიდან გადმოხტომისას საქართველოსა და აშშ-ის დროშები გაშალეს. შემდეგ თბილისის ცას გადაუფრინეს ლ-39 „ალბატროსისა“ და სუ-25 „მიმინოს“ ტიპის თვითმფრინავებმა, გამოცდილმა ქართველმა პილოტებმა ტაქტიკური ფიგურები და ვერტიკალური გაშლა შეასრულეს. ავიაშოუ სუ-25 ტიპის თვითმფრინავებმა საქართველოს დროშის ფერის კვამლის გამოშვებით დაასრულეს.

ამ სანახაობას აღფრთოვანებით ადევნებდნენ თვალს ერთმანეთის გვერდიგვერდ მდგარი „ქართული ოცნებისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები - თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, პარლამენტის სპიკერი დავით უსუფაშვილი, ქალაქ თბილისის მერი გიგი უგულავა და კოჰაბიტაციაში მყოფი სხვა ოფიციალური პირები, რომლებიც, საავიაციო აღლუმის კონფერანსიეს მოწოდებით, ტაშით ხვდებოდნენ ჰაერში გრუხუნით მომავალ რეაქტიული თვითმფრინავების ეკიპაჟებს.

ჯარისკაცული სიმართლე

ამ საერთო მხიარულებასა და აღტაცებულ შეძახილებში ჩაიკარგა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველი მოადგილის გენერალ ვახტანგ კაპანაძის სიტყვები. მან შოუს მნიშვნელობაზე საუბრის დროს ფინანსების უქონლობაც ახსენა.

„ის, რაც ვნახეთ, არის მწირი რესურსებით მიღწეული დონე. იმედი გვაქვს, რომ ჩვენ მომავალში შევძლებთ უფრო მაღალ დონეზე ავწიოთ არსებული მდგომარეობა. რა ვიცი, ხალხი გვყავს, გული გვერჩის და ცოტა რესურსებიც თუ დაგვეხმარება, მივაღწევთ ამას“, - განაცხადა საავიაციო შოუს დასრულების შემდეგ გენერალმა კაპანაძემ.

ანუ მაღალი რანგის სამხედრო პირმა ამით საზოგადოებას უთხრა, ნუ მოტყუვდებითო. ის, რაც ნახეთ, ეს მხოლოდ შოუა, უფრო მაღალი დონის - ანუ ხარისხობრივად მაღალი საბრძოლო მდგომარეობის - მიღწევას კი უფრო მეტი რესურსები სჭირდებაო.

ცხადია, შოუ, რომლის თვალისმომჭრელად დადგმა ბოლო ცხრა წლის განმავლობაში კარგად ისწავლეს საქართველოში, ვერ ფარავს იმ პრობლემებს, რომელთა წინაშეც საავიაციო წარმოების ფლაგმანი „თბილავიამშენი“ აღმოჩნდა. როგორც სამხედრო ჟურნალ „არსენალის“ მიმომხილველი ირაკლი ალადაშვილი ამბობს, საავიაციო ქარხანა ამჟამად სამხედრო თვითმფრინავების ნაცვლად შეჯავშნული საბრძოლო ტექნიკისა და სამოქალაქო დანიშნულების პროდუქციით არის დაკავებული:

„რაც შეეხება საბრძოლო თვითმფრინავის გამოშვებას, ეს თითქმის შეუძლებელია ამ ეტაპზე, მიუხედავად იმისა, რომ თბილისის საავიაციო ქარხანა მსოფლიოში იმ ათეულ თუ ოცეულ ქარხანაში შედიოდა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ზებგერით გამანადგურებლებს აწარმოებდა. „მიგ-21“ მაქვს მხედველობაში. მიმაჩნია, რომ ამ მხრივ პერსპექტივა ნაკლებია“.

ისტორიული და პარადოქსული ფაქტი

საავიაციო ქარხანა, გამანადგურებლების გარდა, მოიერიშე თვითმფრინავებსაც აწარმოებდა და დღესაც შეუძლია წარმოების განახლება, თუ შესაბამისი შეკვეთა იქნება. თუმცა, როგორც ირაკლი ალადაშვილი ამბობს, დროთა განმავლობაში საავიაციო ქარხანას „სუ 25“-ის წარმოებაზე უარის თქმაც მოუწევს:

„რაც შეეხება „სუ 25“ მოიერიშეების მშენებლობას და აწყობას, ეს, სამწუხაროდ, არაპერსპექტიულია. ის სათადარიგო დეტალები, რა ც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირიდან იყო შემორჩენილი, ნელ-ნელა ამოიწურება. ერთადერთი შეიძლება ამ მოდელის თვითმფრინავების მოდერნიზებაზე და რემონტზე საუბარი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, აზერბაიჯანსა და თურქმენეთში, მაგრამ საბრძოლო თვითმფრინავის შექმნა ძალიან რთული და შეუძლებელიც კი იქნება“.

ძნელი სათქმელია, პრესტიჟის გარდა, რას მოუტანს ქართული წარმომავლობის ერთ-ერთი ყველაზე განთქმული ამერიკელი ავიაკონსტრუქტორის სახელის მინიჭება საავიაციო ქარხანას, რომელიც საკუთარ პროფილს ნელ-ნელა კარგავს და თავის შესანახად სულ უფრო მეტად სამოქალაქო დანიშნულების პროდუქციის წარმოებაზე იღებს ორიენტაციას. ერთი კია, რომ ჯერ კიდევ 10-12 წლის წინ ქარხნის ხელმღვანელობა შეეცადა გადასულიყო დასავლური მოდელის თვითმფრინავების წარმოებაზე. იმხანად, როგორც ირაკლი ალადაშვილი იხსენებს, კომპოზიციური მასალებით რამდენიმე ასეთი ეგზემპლარი -მათ შორის, ბიზნესკლასის რეაქტიული თვითმფრინავი - დამზადდა კიდეც, თუმცა ობიექტური და სუბიექტური ფაქტორების გამო ეს მცდელობაც უშედეგოდ დასრულდა.

ამიტომ ჯერჯერობით თბილისის საავიაციო ქარხნისათვის ალექსანდრე ქართველის სახელის მინიჭება მხოლოდ ისტორიული ფაქტია, პარადოქსულიც კი. ქართული წარმომავლობის სახელოვანმა ამერიკელმა ავიაკონსტრუქტორმა ხომ იმ მოდელის, A-10 Thunderbolt -ის კლასის სამხედრო თვითმფრინავების შექმნითაც გაითქვა სახელი, რომლის საბჭოთა ანალოგსაც, მოიერიშე „სუ-25“-ის სახით, სწორედ თბილისის საავიაციო ქარხანაში აწარმოებდნენ.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG