Accessibility links

logo-print

ქეთი თევზაძე: „მდედრობითი სქესის სამხედროები არავისზე ნაკლებნი არ ვართ“


კაპიტანი ქეთი თევზაძე (მარჯვნიდან მესამე) კოლეგებთან ერთად

კაპიტანი ქეთი თევზაძე (მარჯვნიდან მესამე) კოლეგებთან ერთად

ალბათ ყველას გახსოვთ ამერიკელი რეჟისორის, რიდლი სკოტის მძაფრსიუჟეტიანი ფილმი „ჯარისკაცი ჯეინი“, რომელშიც ჰოლივუდის ვარსკვლავმა დემი მურმა ლეიტენანტ ჯორდან ონილის დასამახსოვრებელი სახე შექმნა. სენატორის დახმარებით ელიტურ საზღვაო-ქვეით ბატალიონში ჩარიცხული ქალი, დიდი ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლის მიუხედავად, ამტკიცებს, რომ ქალებს შეუძლიათ აიტანონ დატვირთვა და ისევე დაიცვან თავიანთი ქვეყანა, როგორც მამაკაცებმა. ფილმის დიდი პოპულარობის მიუხედავად, აშშ-ის სამხედრო-პოლიტიკურ ელიტას თითქმის 19 წელიწადი დასჭირდა იმისათვის, რომ გაეუქმებინა საბრძოლო ოპერაციებში ქალების მონაწილეობის აკრძალვა, რაც აშშ-ში 1994 წლიდან მოქმედებდა. ეს აკრძალვა აშშ-ში ამ კვირაში გაუქმდა და ამ გადაწყვეტილების შესახებ 24 იანვარს თავდაცვის მინისტრმა ლეონ პანეტამ განაცხადა:

“მე და გაერთიანებული შტაბის უფროსს გენერალ მარტინ დემპსის გვჯერა, რომ ქალებისათვის რაც შეიძლება სრულად უნდა გავხსნათ სამხედრო სამსახურის გავლის შესაძლებლობები და, შესაბამისად, გენერალ დემპსის და მე გვაქვს პატივი განვაცხადოთ, რომ ვაუქმებთ კანონს, რომელიც ქალებს უკრძალავს პირდაპირ საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობას, და შემდგომში ვაპირებთ ვიმოქმედოთ გეგმით, რომელიც გააუქმებს სამხედრო სამსახურში გენდერულ საფუძველზე არსებულ უსარგებლო ბარიერებს“.

თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯეი კარნიმ ხუთშაბათს განაცხადა, რომ პრეზიდენტი ბარაკ ობამა სრულ მხარდაჭერას უცხადებს ახალ კურსს. ამგვარად, აშშ, სადაც შეიარაღებულ ძალებში 14 პროცენტს მდედრობითი სქესის წარმომადგენელნი შეადგენენ, ყველა ქალს პროფესიული ცოდნისა და შესაბამისი მომზადების შემთხვევაში ამიერიდან შეეძლება მამაკაცებთან ერთად უშუალოდ ფრონტის წინა ხაზზე შეასრულონ საბრძოლო ამოცანა. აშშ-ის მთავრობის ამ გადაწყვეტილებას ძალიან მნიშვნელოვანს უწოდებს კაპიტანი ქეთი თევზაძე, რომელიც ფიქრობს, რომ ეს პრეცედენტი საქართველოშიც შეუწყობს ხელს სამხედრო სამსახურში სქესობრივი დისკრიმინაციის ამ გამოვლინების აღმოფხვრას:

„ძალიან გამიხარდა ეს გადაწყვეტილება, რომ არ დაგიმალოთ. ზუსტად რამდენიმე ხნის წინ, როდესაც მეც გამოვთქვი სხვებთან ერთად ავღანეთში სამსახურის სურვილი, მითხრეს, სქესობრივი ნიშნით ძალიან დიდი შეზღუდვააო. და იქნებ ახლა მაინც მოგვეცეს იმის შესაძლებლობა, დავამტკიცოთ, რომ მდედრობითი სქესის სამხედრო წარმომადგენლები არავისზე ნაკლებნი არა ვართ და იმას, რასაც ვაკეთებთ, დიდი შემართებით და მოტივაციით ვაკეთებთ“.

ქეთი თევზაძე პირველი ქართველი ქალი სამხედროა, რომელმაც 2004 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კოჯრის სპეცდანიშნულების სკოლის „კომანდოსა“ და საპარაშუტო მომზადების კურსი გაიარა და შემდეგ ჯერ ერაყში იმყოფებოდა სამშვიდობო მისიით, შემდეგ კი, თავის თანამებრძოლებთან ერთად, სამხედრო დავალებას ასრულებდა 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომის დროს. თუმცა აღიარება მოგვიანებით მოვიდა, მანამდე კი, როგორც ქეთი თევზაძე იხსენებს, სპეცდანიშნულების სკოლის პროგრამაში ყოფნის პირველ დღეებში მას ფიზიკურ დატვირთვაზე უფრო მეტად ზოგიერთი თანამებრძოლი მამაკაცის კონსერვატიული დამოკიდებულების ატანა უჭირდა:

„მე მომიწია ისეთი რაღაცების მოსმენა, რასაც არასოდეს არ აკადრებდა თავის თავს მავანი და მავანი - მაგალითად, ის, რომ ჯარისკაცს თურმე სუნამოს სუნი კი არ უნდა ასდიოდეს, არამედ წინდის და ოფლის. ასეთი რაღაცები შენს თავს არ უნდა აკადრო როგორც ჯარისკაცმა, როგორც ფორმიანმა ადამიანმა. ასეთი პატარ-პატარა ნიუანსები იყო ზოგიერთი კონკრეტული პიროვნებისგან“.

მაგრამ ქალი ჯარისკაცის მამაკაცებთან ერთად საწვრთნელ პროგრამაში მონაწილეობას უამრავი საყოფაცხოვრებო პრობლემა უკავშირდება. ეს ნიშნავს, რომ სამხედრო ხელმძღვანელობამ ცალკე საცხოვრებელი ყაზარმა, ცალკე საპირფარეშო და ცალკე საშხაპე უნდა ააშენოს ქალებისათვის. ასეთ ხარჯებს კი არც ერთი სამხედრო უწყება არ გაიღებს ძვირად ღირებულ სამხედრო პროგრამაში მხოლოდ ერთი ან ორი სუსტი სქესის სამხედო მოსამსახურის მისაღებად. ქეთი თევზაძე ამბობს, რომ მას თავის დროზე არ დაუყენებია ასეთი მოთხოვნა და, ორი შვილის დედა, თავად კაცებთან ერთად ცხოვრობდა ყაზარმაში და ბუნებრივი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლადაც მამაკაცების ტუალეტით სარგებლობდა:

„კი, ბატონო, და უფრო მეტსაც გეტყვით, რომ მე არ მქონდა არანაირი განსხვავებული სტანდარტი ბიჭებისაგან: ვაბარებდი იმავე ნორმატივებს, მეძინა იმავე კუბრიკში, სადაც ეძინა ყველა დანარჩენ კურსანტს, მქონდა იგივე საშხაპე და იგივე ტუალეტი და ვათრევდი ზუსტად იმავე წონას, რასაც ათრევდნენ სხვა ბიჭები“.

კაპიტანი ქეთი თევზაძე აღიარებს, რომ ყველაზე ძლიერი ქალიც კი, მამაკაცთან შედარებით, ფიზიკურად რაღაცნაირად სუსტია, მაგრამ ქალში არის ძალიან დიდი მოტივაცია, როდესაც ამ ნაბიჯს დგამს და არის ასევე დედობრივი ინსტინქტი, რომ თავისი შვილი დაიცვას, თავის გვერდზე მყოფი დაიცვას.

„განა ეს არ არის საკმარის მოტივაცია იმისათვის, რომ ქალიც წავიდეს ფრონტის წინა ხაზზე და იგივე გააკეთოს, რასაც დღეს მამაკაცები აკეთებენ?!“ - კითხულობს კაპიტანი ქეთი თევზაძე, რომელიც თავად არის ორი შვილის დედა.

თუმცა არსებობს კიდევ ერთი სტერეოტიპი, რასაც ხშირად
იხსენებენ მას შემდეგ, რაც აშშ-მა გააუქმა აკრძალვა ბრძოლის წინა ხაზზე საბრძოლო ოპერაციებში ქალთა მონაწილეობაზე. ქალი სიცოცხლის სიმბოლოა და, ალბათ, ძალიან ძნელია გაიმეტო იგი იმისათვის, რომ აიღოს იარაღი, წავიდეს წინა ხაზზე და ან სხვა მოკლას, ანდა თავად მოკვდეს მტრის ტყვიით.

„მე ვიტყოდი, რომ ჯარისკაცსა და მკვლელს შორის, ალბათ, განსხვავება არის, მიუხედავად იმისა, რომ ქმედება ორივესი ერთია. აქ უფრო მორალური განსხვავებაა - ის, რომ მე ვკლავ ან შეიძლება მე მომკლან იმისათვის, რომ ჩემი შვილი არ მოკლან. ასე რომ, მე არ ვთვლი, რომ ეს რაღაც ისეთი დიდი საკითხია. თუმცა ამას იმწუთში არ ფიქრობ, იმიტომ რომ თუ ამდენი იფიქრე, მერე შეიძლება ვერც ვერავინ მოკლა, ვერც გამოხვიდე და ვერც შენი საყვარელი ადამიანები ნახო“, - ამბობს კაპიტანი ქეთი თევზაძე, რომელიც, ასეთი სამხედრო გამოცდილებისა და მოტივაციის მიუხედავად, ამჟამად უმუშევარია. მოსაწყენი საშტაბო სამუშაო, რაც მას ცოტა ხნის წინ შესთავაზეს თავდაცვის სამინისტროში, მისთვის მიუღებელია, საითკენაც მას მიუწევს გული, - „ცხელ წერტილში“, ავღანეთში, საქართველოს სამშვიდობო კონტინგენტთან ერთად, - მას უარი უთხრეს. ახალგაზრდა კაპიტანი ქალი ფიქრობს, რომ განაცხადი შეიტანოს ავღანეთში მოქმედ უსაფრთხოების კერძო ფირმაში და თუ გაუმართლა, წავიდეს იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც მას არ შეხედავენ როგორც სუსტი სქესის წარმომადგენელს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG