Accessibility links

logo-print
“ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ” თითქმის ერთდროულად გამოსცა დავით ქართველიშვილის ორი წიგნი - მცირე რომანი “მოცემულობა” და მოთხრობების კრებული “6 სიზმარი”.

“მოცემულობა” არ არის დავით ქართველიშვილის პირველი რომანი, მაგრამ იგი ნამდვილად განსხვავდება თავისი წინამორბედებისგან, შესაძლოა იმით, რომ აქ დათოს წერის მანერა მაქსიმალურად ფორმალისტური გახდა, ანდა იმის გამო, რომ აქ ერთგვარი ჟანრის დეკონსტრუქციაა წარმოდგენილი. ასე ფიქრობს მწერალი ბესო ხვედელიძეც. უფრო მეტიც, მისთვის ეს წიგნი დეტექტივის აბუჩად აგდებაა:

“მთელი ისტორია, წიგნში მოთხრობილი, დეტექტივის პაროდიაა, ამ ჟანრის დაცინვა და აბუჩად აგდება. იმიტომ, რომ კითხულობ, გგონია, რომ რაღაც ამბავი უნდა დაიქოქოს, მიდის რაღაც მომენტამდე და ბოლოს კედელთან მიყენებულს გტოვებს. ხვდები, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში ავტორი გეთამაშებოდა. ეთამაშებოდა ამ ჟანრს... ანტიდეტექტივიც შეიძლება ამ რომანს დაარქვა. ანტირომანსაც ხომ ეძახიან ზოგიერთ რომანს? ეს ტექსტი ძალიან საინტერესო ლიტერატურული მოვლენაა - ერთი შეხედვით, პატარა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ტექსტი.”

მთელი რომანი გარკვეულ ნარატიულ თამაშებზეა აგებული. აქ მთხრობელი, ერთი მხრივ, რაღაცას მალავს, ისეთ ინფორმაციას, რაც ყველა პერსონაჟმა იცის, მეორე მხრივ კი, იგი სინტაქსურ-ფსიქოლოგიურ გასართობს გვთავაზობს, სადაც მთავარი გმირი განუწყვეტლივ ვიღაცის ადგილას წარმოიდგენს ხოლმე თავს. ეს გმირი გამომძიებელია, რომელიც მკვლელობას იძიებს. მართალია, მკვლელის ვინაობა ყველა პერსონაჟმა იცის, მაგრამ გამომძიებელი მაინც ჯიუტად ცდილობს რაღაცის გარკვევას, თანაც პირველივე გვერდებიდან სულ ვიღაცად წარმოიდგენს თავს: მაგალითად, დეტექტივმა გახარიამ წარმოიდგინა, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სიტუაციით უკმაყოფილო ადამიანია... და საინფორმაციო გამოშვებას ჩაუჯდა.... დეტექტივმა გახარიამ წარმოიდგინა, რომ დეტექტივი ჯაშია... დეტექტივმა გახარიამ წარმოიდგინა, რომ რაიკომის მდივანია... დეტექტივმა გახარიამ წარმოიდგინა, რომ პროფესიონალი მოტირალი ქალია და XIX საუკუნის მთიან სოფელში ცხოვრობს... ეს მისი მარადიული სავარჯიშოა, ერთგვარი ლოცვა, რომელსაც იგი სულ მიმართავს.

პირველად მან ამ “სავარჯიშოს” მაშინ მიმართა, როცა აფხაზ სამხედროდ წარმოიდგინა თავი, რომელიც ებრძვის ქართველებს, მის თვალში - ოკუპანტებს, იცავს საკუთარ ოჯახს, სახლსა და ქვეყანას: “ასე დაიწყო გახარიამ სხვა ადამიანებად საკუთარი თავის წარმოსახვა, შემდეგ მიხვდა, რომ არა მხოლოდ ადამიანებად, არამედ ცხოველებად, მცენარეებად, ბუნების მოვლენებად, საგნებად შეეძლო საკუთარი თავის წარმოდგენა და დაასკვნა, რომ სინამდვილის გაგება მხოლოდ წარმოსახვით იყო შესაძლებელი.”

ეს სიტყვები, შეიძლება ითქვას, ამოსავალია დავით ქართველიშვილის ბოლოდროინდელი ნაწერებისთვის, იგი ასე გამოხატავს ლიტერატურის ფიქციონალურ ბუნებას და მისი პოეტიკაც, პირველ რიგში, ალბათ, რაღაც ამდაგვარ მიდგომას გულისხმობს. თანაც, თუკი ვინმეზე შეიძლება თქმა თანამედროვე ქართველი პროზაიკოსებიდან, რომ ფორმალისტია, ალბათ, პირველ რიგში, დავით ქართველიშვილზე. მისი წერის მანერა ესაა სუფთა წერა, სადაც ავტორს ამბავზე მეტად წერის, სიტყვების, ვითარებების ერთმანეთზე მიმატების პროცესი იზიდავს. მისი რეფლექსიები ხანდახან ბანალურია, ხანდახან მახვილგონივრული, მოულოდნელი ან სასაცილო, ყველას კი გარკვეული სიმჩატე აერთიანებს. წერის, ფიქრის სიმჩატე.

იგივე შეიძლება ითქვას მისი მოთხრობების კრებულზე, “6 სიზმარი”, რომელიც დათომ ზაზა თვარაძის ხსოვნას მიუძღვნა. ბესო ხვედელიძისთვის ეს კრებული რაღაც ახლის მომასწავებელია დათოს შემოქმედებაში:

“მოთხრობების კრებულს რაც შეეხება, აქ კიდევ მეორე მომენტთან გვაქვს საქმე. ალბათ, შენც გახსოვს დათოს ძველი მოთხრობები – მისი პირველი კრებულები, “წერილები მირანდასთვის”, მერე მესამე კრებული, სადაც დათო მოთხრობებს ერთი რამით აერთიანებდა ხოლმე, არასდროს არ დაურღვევია ეს ტრადიცია, ანუ იგი იხსენებდა საკუთარ რეალურ ამბებს. ზოგი მამასთან იყო დაკავშირებული, ზოგი ბავშვობასთან. იგი თითქოს საკუთარ წარსულს ალაგებდა და ლიტერატურულ ფორმას აძლევდა. არასდროს არ მახსოვს, რომ დათოს სივრცე გამოეგონებინოს, პერსონაჟები... ანუ გამოგონილი სამყარო მასთან არ არსებობდა.”

ეს კრებული სენტიმენტალურიცაა, ძალიან ყოფითიც და შიგადაშიგ ყმაწვილურიც. ბესოსგან განსხვავებით, მე არაერთხელ დავინახე ის ძველი დათო, დაახლოებით 12-13 წლის წინ რომ თავის პირველ მოთხრობებს წერდა. უფრო სწორად, მისი მეორე პერიოდის ნაწარმოებები გამახსენდა, სადაც იგი თავის ისტორიებს გვიყვებოდა. მამები აქაც სულ ან გარდაცვლილები არიან და გმირების ფიქრებში დადიან აჩრდილებივით, ანდა სადღაც მიდიან, იკარგებიან, ქრებიან, იპარებიან. მოთხრობებში ჩნდებიან ვიღაც სამხედროები თავიანთი სწორხაზოვანი სიბრძნეებით, პერსონაჟები ხან ომობენ, ხან ტრენინგებზე დადიან ნოემბრის ბათუმში, ძირითადად კი ისინი, უბრალოდ, დადიან, ხოლო ავტორი მათ დაჰყვება და აკვირდება. აი, მაგალითად, ტიპიური ქართველიშვილური აღწერა: “საწოლზე წამოვჯექი, დავამთქნარე, გავიზმორე, ტუმბოდან მობილური ტელეფონი ავიღე, ხმას ავუწიე, შემდეგ საათს დავხედე...” და ასე უსასრულოდ. ზოგჯერ ეს მჭვრეტელი რეალობასაც გაჰკრავს ხოლმე კბილს: “უკვე დიდი ხანია მეთვალყურე ვარ, უბრალოდ თვალს ვადევნებ როგორ ებრძვიან ფანატიკოსი ლიბერალები რელიგიურ ფანატიკოსებს, როგორ წოვენ სისხლს საქმოსნები საკუთარ თანამშრომლებს, როგორ უმახინჯებენ ცხოვრებას მშობლები და მასწავლებლები ბავშვებს... მეთვალყურე ვარ და წარმოდგენა არა მაქვს, რატომ არ ვხუჭავ თვალებს, რაში მჭირდება ეს გამოცდილება? სად გამომადგება ეს გამოცდილება?”

ბესო ხვედელიძის აზრით, ეს მოთხრობები ერთგვარი ექსპერიმენტივითაა:
“ყველა მოთხრობაში არიან რაღაცა ფანტომებივით, გამოგონილი პერსონაჟები, გმირები, რომლებსაც დათო აძლევს თავის ფორმას, სიმაღლეს, სიგანეს, მოძრაობის არეალს, სივრცეს, რაღაც სიტუაციებს უქმნის და ამ მხრივ ძალიან საინტერესოა ეს მოთხრობები. იგი ამოვარდნილია დათოს დანარჩენი წიგნებიდან (ამოვარდნილი კარგი გაგებით) და ამ მხრივაც მან რაღაც ექსპერიმენტივით გააკეთა და საკმაოდ კარგი განაცხადია. თამამი. არ ვიცი, ამ გზას წაჰყვება თუ არ წაჰყვება... როცა წერდა ამ მოთხრობებს, თვითონაც ამბობდა მაშინ, სხვანაირ რაღაცას ვწერო და მერე მივხვდი რასაც გულისხმობდა. მან კარდინალურად შეცვალა დისკურსი და ხედვის რაკურსი. დარწმუნებული ვარ, ვინც წაიკითხავს, სასიამოვნოდ გაოცდება, ისე ოსტატურად არის ეს ყველაფერი გაკეთებული.”

დათო სწორედ ოსტატად მოჩანს ამ ორ წიგნში, თუმცა ამ ოსტატობის მიღმა ხანდახან ზემოთ ნახსენებ ვარჯიშებს უფრო ვხედავ, ვიდრე დამოუკიდებელ სამყაროს, სადაც მწერალმა რაღაცა განსაკუთრებული შექმნა. დათო ქმნის, მაგრამ შექმნილი ჯერ არ ჩანს. არადა, დროა. ძლიერი, შთაგონებული ნაწერების დროა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG