Accessibility links

logo-print

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა - ბარაკ ობამამ ხელი მოაწერა „აშშ-ის თავისუფლების აქტად“ წოდებულ კანონს, რომელიც აშშ-ის მთავრობის მიერ სატელეფონო მოსმენებს ეხება.

პრეზიდენტ ობამას განცხადებით, „ახალი კანონი სამოქალაქო თავისუფლებასა და ეროვნულ უსაფრთხოებას თანაბრად დაიცავს და ეროვნული უსაფრთხოების პროგრამების მიმართ საზოგადოების ნდობას გაზრდის.“

„აშშ-ის თავისუფლების აქტის“ თანახმად, აშშ-ის მოქალაქეების სატალეფონო საუბრების მონაცემებს ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ნაცვლად, ამერიკული სატელეფონო კომპანიები შეაგროვებენ. ფედერალურ გამომძიებელებს კი სატელეფონო საუბრების მონაცემთა შესამოწმებლად სასამართლოს გადაწყვეტილება დასჭირდებათ.

დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს ყოფილი დირექტორი ჯეიმს ვულზი პრეზიდენტ ობამას გადაწყვეტილებას აკრიტიკებს და მას სტრატეგიის არქონაში ადანაშაულებს:

„კანონს ორი მთავარი ხარვეზი აქვს, რაც ყველა თანხმდება რომ უნდა აღმოიფხვრას. ერთი - ეგრეთწოდებული „მარტოხელა მგლები“ არიან, ტერორისტები, რომლებიც კომუნიკაციის საშუალებებს იყენებნ და მეორე - ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც რამდენიმე ტელეფონს იყენებენ და შემდეგ მალევე ცვლიან მათ. ეს მინიშნებაა, რომ ისინი რაღაც საეჭვოში არიან ჩართულნი, მაგალითად ნარკოტიკების გადაზიდვაში, ან კიდევ რამე სხვაში. ახალი კანონით ამ ორი ჯგუფის იდენტიფიცირება შეუძლებელია,“ ამობს ვულზი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში.

ვულზი უკმაყოფილოა, რომ კანონის მხარდამჭერებმა, მათ შორის სენატში, შექმნეს წარმოდგენა, რომ თითქოს აშშ-ის მთავრობა, განსაკუთრებით ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო, მოქალაქების კომუნიკაციის შინაარს ეცნობოდა.

„უკვე 50 წელიწადზე მეტია შეერთებული შტატების მთავრობას წვდომა აქვს მეტადატაზე, ანუ ინფორმაციაზე იმის შესახებ თუ ვინ აგზავნის წერილს, როდის და ვისთან აგზავნის მას. მთავრობას ამის უფლებას კანონი აძლევს და ეს რამდენიმე სასამართლო გადაწყვეტილებით, მათ შორის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებითაა გამყარებული. მაგრამ დღემდე უკანონოა ამ მიმოწერის შინაარსის შემოწმება და ამისთვის მთავრობას სასამართლოს ორდერი სჭირდება.“

ვულზი მიიჩნევს, რომ კანონის მხარდამჭერებმა ამერიკელები შეცდომაში შეიყვანეს და იმაში დაარწმუნეს, რომ მთავრობა მათ პერსონალურ კომუნიკაციას ეცნობა:

„როცა მორიგი ტერორისტული თავდასხმა მოხდება და ასობით ათასი ადამიანი დაიღუპება, მათი ოჯახებისთვის პასუხის გაცემა იმ ადამიანებს მოუწევთ, ვინც ხალხს ეუბნებოდა, რომ აშშ-ის მთავრობა მათ ელექტრონულ მიმოწერას კითხულობდა, მათ მოუწევთ პასუხი აგონ მათი ტყუილების გამო,“ ამბობს ვულზი.

მისი თქმით, ამჟამად ამერიკის წინაშე მდგარი ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხე ირანია: „ახლო აღმოსავლეთში ირანის დომინანტობის ზრდა და მისი უნარი 2-3 წელიწადში ბირთვული იარაღი აწარმოოს, ვფიქრობ ყველაზე საშიში სწორედ ეს არის. შედეგად შიიტებსა და სუნიტებს შორის უბრალო ჩხუბებს კი არ მივიღებთ, არამედ მოსფლიოს ერთ-ერთ ყველაზე რთულ რეგიონში ერთმანეთის წინააღმდეგ იქნებიან ბირთვული ქვეყნები.“

ვულზი ასევე უკმაყოფილოა დასავლეთის რეაქციით რუსეთის მზარდი აგრესიის მიმართ: „პუტინს უკრაინაში მოქმედებებისკენ ჩვენმა სისუსტემ უბიძგა.

ვფიქრობ ძალიან ცუედი ვითარებაა, რუსეთმა ირიბად ჩვენი სისუსტით წაქეზება მიიღო,“ ამბობს ვულზი.

XS
SM
MD
LG