Accessibility links

logo-print
მიმდინარე კვირაში ევროპის პრესის ყურადღების ცენტრში დარჩა უკრაინაში მიმდინარე მოვლენები და ვილნიუსის სამიტზე გამოხმაურება. უკრაინაში მასობრივ გამოსვლებს ჟურნალისტები მიიჩნევდნენ ამ ქვეყნის მოქალაქეების პროევროპული მისწრაფებების ნათელ დასტურად და ევროკავშირს მოუწოდებდნენ ახალი სტრატეგიის შემუშავებისკენ აღმოსავლეთ ევროპასთან მიმართებით.

რუმინეთში გამომავალი კონსერვატიული ორიენტაციის „რომანია ლიბერა“ ორშაბათს, 2 დეკემბერს, წერდა: „ვილნიუსის სამიტის საბოლოო დეკლარაცია აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში მონაწილე ქვეყნებს არ სთავაზობს ევროპულ პერსპექტივებს. ამის გამო ის ცალსახა გამარჯვებას წარმოადგენს იმ ძალებისთვის, რომლებმაც ეს პროგრამა ამ პარტნიორების ევროკავშირის გარეთ დატოვების მიზნით შექმნეს. მაშინაც კი, როცა ასოცირება ახლა წერილობითაა გაფორმებული, ევროკავშირისთვის მთავარ პრიორიტეტად, უბრალოდ, გაფართოებული ეკონომიკური სივრცე რჩება. ... სავიზო რეჟიმის მოხსნა, რასაც კავშირი არ აქვს ასოცირების ხელშეკრულებასთან, კვლავ ევროკავშირის ცალკეული წევრების გადასაწყვეტია. და ამ ეტაპზე მათ ეს საკითხი საერთოდ არ აინტერესებთ - ევროპული არჩევნების მოახლოების და პოპულისტური პარტიების გავლენის ზრდის ფონზე“.

ამავე დღეს, 2 დეკემბერს, ესპანეთში გამომავალი მემარცხენე, ლიბერალური ორიენტაციის ყოველდღიური გამოცემა „პაისი“ წერდა: „უკრაინაში პუტინის გამარჯვება, რაოდენ დროებითადაც უნდა გამოცხადდეს ის, ევროპას აიძულებს გადახედოს თავის სტრატეგიას და პროექტის შინაარსს რეგიონალურ პარტნიორობასთან მიმართებით, განსაკუთრებით იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ ზოგიერთ საეჭვო დემოკრატიაში ამით ხალხი უფრო დაინტერესებული ჩანს, ვიდრე მთავრობაში მყოფი პირები. ყველაფერი მიანიშნებს, რომ ასეთ მთავრობებში კრემლიდან მომდინარე ინსტრუქციებს და მუქარებს უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ და ამის უფრო დიდ გავლენას განიცდიან, ვიდრე ბრიუსელის მაცდუნებელი წინადადებების... დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს სუვერენიტეტი უნდა მოეპოვებინათ და თავად უნდა აერჩიათ მოკავშირეები და პარტნიორები. უკრაინა ნათელი მაგალითია, რომ ეს არ მოხდა. ეს მოწმობს, რომ კრემლის აგრესიასთან მიმართებით ევროკავშირის მექანიზმები და უცვლელი პოზიცია არაადეკვატურია“.

3 დეკემბერს პოლონეთში გამომავალმა კონსერვატიული ორიენტაციის ყოველდღიურმა გამოცემა „რჟეჩპოსპოლიტამ“ ევროკავშირს უკრაინელი დემონსტრანტების მიმართ უპირობო მხარდაჭერის გამოვლენისკენ მოუწოდა: „თუ ევროპა ამ გამოცდას ვერ ჩააბარებს, გადაულახავი წინაღობები გაჩნდება. პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება უკრაინელებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება. მათ უნდა მიეცეთ ევროკავშირში უფრო ადვილად გადაადგილების საშუალება. ზოგიერთი პირის აზრით, აფრიკიდან მასობრივი იმიგრაციის ფონზე, ამ ნაბიჯით კიდევ ერთი პანდორას ყუთი გაიხსნება და ევროკავშირში არსებულ სოციალურ ეკვილიბრიუმს საფრთხე შეექმნება. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს შეხედულება მცდარია. უკრაინელები ევროპელები იყვნენ და არიან. მათი ქვეყნის ტრაგიკული ისტორიის გამო მოხდა ის, რომ მათი სახელმწიფო ევროკავშირში არ არის“.

სლოვაკიაში გამომავალი ლიბერალური ორიენტაციის ყოველდღიური გამოცემა „სმე“ ასევე 3 დეკემბერს წერდა, უკრაინის ქალაქებში მიმდინარე დემონსტრაციებით არ იმალება ფაქტი, რომ უკრაინის პროევროპული მისწრაფებები დიდი ხნით შეფერხდაო: „შეიქმნება ევრაზიული კავშირი, რომელიც რუსეთს გლობალური გავლენის დაბრუნების განცდას გაუჩენს. ამ გეგმაში უკრაინა წამყვან როლს თამაშობს. ... დისკუსია, გადახედავს თუ არა კიევი თავის ამჟამინდელ არჩევანს 2015 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ან ნებისმიერ სხვა დროს, ლეგიტიმურია, მაგრამ ზედაპირული და არსებითად აზრს მოკლებული. „გაზპრომი“ საკმარისად მდიდარია საიმისოდ, რომ უკრაინელი ამომრჩეველი, მაგალითად, იაფი გაზით დაარწმუნოს, რომ იანუკოვიჩი ან რუსეთის რომელიმე სხვა მარიონეტი უნდა გახდეს პრეზიდენტი 2015 წელს. დიახ, ამჟამად ქუჩებში საპროტესტო გამოსვლებში ასიათასობით მოქალაქე მონაწილეობს, მაგრამ სოლიდარობის განცდა რეალობას არანაირად არ ცვლის. ვილნიუსის სამიტზე უკრაინის ბედი რამდენიმე ათწლეულის პერსპექტივით გადაწყდა“.

პარასკევს, 6 დეკემბერს, მსოფლიო პრესის ყურადღების ცენტრში მოექცა სამხრეთ აფრიკის ყოფილი პრეზიდენტის, ნობელის სამშვიდობო პრემიის ლაურეატის, აპარტეიდის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოს, ნელსონ მანდელას გარდაცვალება 95 წლის ასაკში. ამ ცნობის გავრცელებიდან რამდენიმე წუთში ჟურნალ „ნიუ-იორკერის“ ვებსაიტზე ატვირთულ ნეკროლოგში ავტორი, უილიამ ფინეგანი, წერდა: „ის უკანასკნელი იყო მეოცე საუკუნის განმათავისუფლებლებს შორის. ის სიმართლის და შერიგების გლობალურ სიმბოლოდ იქცა. მან თავისი საყვარელი, გაჩანაგებული ქვეყანა აპარტეიდის შემზარავი სიბნელიდან დემოკრატიის დაპირებულ მიწაზე გადაიყვანა მახვილი გონებით, გაბედულებით და მკაფიო მიზანმიმართულებით. ეს იყო ხანგრძლივი და რთული გზა როგორც თავად ნელსონ მანდელასთვის, რომელიც ხუთშაბათს გარდაიცვალა, ისე მთელი სამხრეთ აფრიკისთვის“.
XS
SM
MD
LG