Accessibility links

23-25 იანვარს გლობალური გეიმჯემი მიმდინარეობდა, რომელმაც მსოფლიოს 78 ქვეყნის 519 ქალაქი და 27 000-ზე მეტი დეველოპერი გააერთიანა. წელს კომპიუტერული თამაშების შექმნის გლობალურ მარათონს პირველად შეუერთდნენ ქართველი დეველოპერები. თბილისში ილიას უნივერსიტეტის გეიმლაბი იყო საქართველოდან პირველი ლოკაცია, სადაც 40-მდე ადამიანი შეიკრიბა და დაიწყო მუშაობა თემაზე: „ ახლა რა უნდა გავაკეთოთ?“

გლობალური გეიმჯემი 2008 წლიდან ტარდება. 2012 წლამდე მისი ორგანიზატორი იყო IGDA - საერთაშორისო გეიმდეველოპერების ასოციაცია, თუმცა 2013 წლის შემდეგ გლობალური გეიმჯემი დამოუკიდებელი ღონისძიებაა. წელს მარათონს პირველად შეუერთდა საქართველო. ამის ორგანიზებაში ამჯერადაც დიდი როლი ითამაშა IGDA-ს საქართველოს წარმომადგენლობამ, რომელმაც გასულ წელს 3 ლოკალური გეიმჯემი ჩაატარა თბილისში. გარდა ამისა, ეს იყო პირველი სერიოზული გამოწვევა ილიას უნივერსიტეტის ახალი გეიმლაბისთვის. ლაბის მენეჯერი ნიკა როსტომაშვილი ღონისძიების მნიშვნელობასთან დაკავშირებით ამბობს:

“ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ დროთა განმავლობაში საქართველო უფრო და უფრო აქტიურად ერთვება მსოფლიო გეიმდევის განვითარებაში. ადრე თუ ვიყავით მხოლოდ მომხმარებლები ინდუსტრიის, დღეს ჩვენ არა მარტო ვქმნით პროდუქტს, არამედ ვმონაწილეობთ ახალი ტრენდებისა და ინოვაციების შექმნაში. დღევანდელი დღე არის ამის ფაქტი. ჩვენ ვუერთდებით მსოფლიოში ყველაზე დიდ, მასშტაბურ და მნიშვნელოვან ღონისძიებას - გლობალურ გეიმჯემს“.

ზვიად ბარათაშვილი თბილისის გეიმჯემების ორგანიზატორი იყო, თუმცა გლობალურ გეიმჯემში მონაწილეობა მიიღო როგორც დეველოპერმა. ბარათაშვილი ამბობს, რომ მთავარი განსხვავება გლობალურ და ლოკალურ გეიმჯემებს შორის გუნდებს შორის კონკურენციის არარსებობაა. თუ ლოკალურ გეიმჯემზე გუნდები ერთმანეთს ეჯიბრებიან და კონკრეტული პრიზებისთვის იბრძვიან, გლობალურ გეიმჯემზე ყველა ცდილობს საკუთარი ქვეყნისთვის იმუშაოს და ყველა ერთმანეთს ეხმარება საბოლოო პროდუქტის სრულყოფაში:

„ჩვენნაირი ქვეყნისათვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე, მაგალითად, გერმანიისთვის ან ნორვეგიისთვის, სადაც ასეთნაირი ივენთების მოწყობისა და, ზოგადად, გეიმინდუსტრიის დიდი ტრადიციები არსებობს უკვე. ჩვენ, უბრალოდ, ამით პირველ განაცხადს ვაკეთებთ, რომ ქართველებიც ვართ ამ საქმეში ჩართულები - ვართ საკმაოდ სერიოზულად და რაც უფრო სერიოზულ და დამთავრებულ პროდუქტს დავდებთ, უფრო მეტად წარმოვაჩენთ, რომ საქართველო ფეხს უწყობს ამ ინდუსტრიას, არ არის ჩამორჩენილი და არ ვზივართ გამოქვაბულში. გაცილებით უფრო მოტივირებული ვართ ამ მხრივ, ვიდრე, მაგალითად, რომელიმე ევროპული ქვეყნის წარმომადგენლები, იმიტომ რომ გვინდა მსოფლიოს ვანახვოთ: ჩვენ ქართველები ვართ, ვართ ნიჭიერები და ვაკეთებთ ძალიან კარგ რაღაცებს“.

თბილისისთვის პირველ გლობალურ გეიმჯემს დაახლოებით 40-მდე ქართველი მონაწილე შეუერთდა, IGDA-ს საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ირაკლი ქოქრაშვილი ფიქრობს, რომ ეს კარგი შედეგია:

„პრინციპში, ვინაიდან ეს პირველი გლობალური გეიმჯემია და ერთი კვირით ადრე გამოვაცხადეთ, კარგი შედეგია. მომავალში იმედი გვაქვს, რომ თბილისში რამდენიმე ასეთი საიტი დარეგისტრირდება, ასევე დაემატება ბათუმი და ქუთაისი. წინა გეიმჯემებმა გვანახვა, რომ დაახლოებით 200-მდე დეველოპერი, მოდელერი და არტისტი გვყავს, რომელიც ამ სფეროში მოღვაწეობს, ანუ პოტენციალი არის და, მით უმეტეს, თუ რეგიონებში გახდება ხელმისაწვდომი, ეს ძალიან კარგი იქნება“.

რაც შეეხება თემას „ახლა რა უნდა გავაკეთოთ?“ - შეგიძლია რაც გინდა, ის გააკეთო, ოღონდ ახლა. შენ გაქვს 48 საათი, სუპერკომპიუტერები, უნარები შექმნა ვიდეოთამაში, შენს ოთახში სხედან ქვეყნის ყველაზე ნიჭიერი დეველოპერები, დიზაინერები და შეგიძლია მათ ესაუბრო ნებისმიერ თემაზე - თემამ მონაწილეებს დიდი თავისუფლება მისცა, არ შეზღუდა არც კონკრეტული ჟანრით, არც რაიმე მიმართულებით.

„წინა წლების თემას თუ შევადარებით, ის ცოტა უფრო კონკრეტული იყო, რაღაც მიმართულებას მაინც გაძლევდა. წლევანდელი თემა ძალიან ზოგადია და ბევრნაირი ინტერპრეტაცია შეიძლება გაკეთდეს. ამ მხრივაც ძალიან მაინტერესებს, სადღაც ბრაზილიაში, ჰავაიზე, საქართველოში ამ თემის გარშემო ვინ რას გააკეთებს“, – ამბობს ირაკლი ქოქორაშვილი.

ილიაუნის გეიმლაბში შეკრებილმა დეველოპერებმა ნამდვილად ისარგებლეს იმ თავისუფლებით, რომელიც მათ თემამ მისცა. ზოგი ქმნიდა თამაშს, რომელშიც უნდა შეგესრულებინა აბსურდული ლეგენდები და მთავარ მოქმედ პირად იყენებდა ფროიდს, ზოგი ცდილობდა გაეგო, თუ რა უნდა გააკეთო მაშინ, როცა უღრან ტყეში დაბრმავდი, ზოგი კი მოთამაშეს არანორმალურ ძალაუფლებას ანიჭებდა და საშუალებას აძლევდა დედამიწის ბედი გადაეწყვიტა.

კახა ჭავჭავაძე: „2D პლატფორმერია, სადაც ასტრონავტმა უნდა გადაარჩინოს დედამიწა ან გაანადგუროს, ანუ თვითონ უნდა გადაწყვიტოს მოთამაშემ, იმსახურებს თუ არა დედამიწა გადარჩენას. ამით დავაკავშირე თემას კითხვა ‘რა გავაკეთოთ აწი?’“

ესო ჯღამაძე: „ჩვენ ვაკეთებთ ცოტა უცნაურ თამაშს. გვეშინია, როცა წარვადგენთ, არ დაგვიჭირონ, არ იფიქრონ, რომ რაღაც პრეპარატები გვაქვს მიღებული. მოკლედ, პაზლია, მთელი მუღამია მიხვიდე რაღაც ეტაპამდე და მერე უკან დაბრუნდე, იმიტომ რომ მთელი ეს გზა არის საშინელება“.

სანდრო ქვლივიძე: „სრულიად ბრმა ვართ, ვართ რაღაც მოტყეო, მთა და წიწვოვან გარემოში, სადაც შეიძლება გადაიჩეხო სადღაც, ან ცხოველმა შეგჭამოს, ან რამემ. აქ დავბრმავდით უცებ და რა ვქნათ, უნდა გადავრჩეთ. საკმაოდ ბნელი და ისეთი სცენარის თამაშია. უფრო სწორად, მე ვცდილობდი ასეთი ყოფილიყო, მაგრამ ჩემმა გუნდელმა ჩატენა ჩიტი თამაშში და კაიფი გააფუჭა ვაფშე. ამაზე ჭიდილი გვაქვს ახლა, ჩიტი დავტოვოთ თუ არა და სამი დღეა არ გვიძინია, თუ ორი, არ მახსოვს“.

მარათონის დასრულების შემდეგ გლობალურ გეიმჯემზე შექმნილი თამაშების ნახვა უკვე ყველას შეეძლება. ჩვენ კი ხვალიდან შეიძლება შევაფასოთ ქართველი დეველოპერების პროდუქტი, შევადაროთ იმავე თემაზე შექმნილ თამაშებს სხვა ქვეყნებიდან - ეს ხომ პირველი შემთხვევაა საქართველოსთვის, როცა ქვეყანა ამ სფეროში რაღაც გლობალურის ნაწილი გახდა.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG