Accessibility links

logo-print

ჰააგის საარბიტრაჟო სასამართლო: რუსეთმა „იუკოსის“ ყოფილ აქციონერებს 50 მილიარდი დოლარი უნდა გადაუხადოს


28 ივლისს ჰააგის კომერციულმა საარბიტრაჟო სასამართლომ დამნაშავედ ცნო რუსეთი ნავთობკომპანია „იუკოსის“ აქტივების უკანონო მითვისებასა და საერთაშორისო ენერგეტიკული ქარტიის დარღვევაში. სასამართლომ სახელმწიფო დაავალდებულა, „იუკოსის“ ყოფილ აქციონერებს 50 მილიარდი დოლარი გადაუხადოს. რუსეთს დაეკისრა სასამართლოს ხარჯების ანაზღაურებაც, რაც 65 მილიონ დოლარს შეადგენს.

ამ გადაწყვეტილების პასუხად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ნავთობკომპანია „იუკოსის“აქტივების მითვისების საქმეზე თავისი ინტერესების დასაცავად მოსკოვი ყველა სამართლებრივ ზომას მიმართავს. მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე ლავროვმა აღნიშნა, რომ სასამართლო პროცესი არ დამთავრებულა და ის აპელაციასაც ითვალისწინებს:

„სასამართლო პროცესი არ დასრულებულა, ის აპელაციას ითვალისწინებს. რუსეთის მხარე, ის უწყებები, რომლებიც ამ პროცესში რუსეთს წარმოადგენენ, რასაკვირველია, ყველა იურიდიულ შესაძლებლობას გამოიყენებენ თავიანთი პოზიციების დასაცავად“.

ჰააგის კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებით, კომპენსაციები რუსეთმა 2015 წლის 15 იანვრამდე უნდა გადაიხადოს.

2003 წელს რუსეთის ხელისუფლებამ „იუკოსი“ გადასახადების გადაუხდელობაში დაადანაშაულა. კომპანიის პრეზიდენტი და მთავარი აქციონერი მიხაილ ხოდორკოვსკი გაასამართლეს და 2013 წლის დეკემბრამდე პატიმრობაში ამყოფეს.

„იუკოსის“ აქტივები კომპანია „როსნეფტს“ გადაეცა. მას შემდეგ, რაც „როსნეფტმა“ უარი თქვა კომპენსაციების გადახდაზე, აქციონერებმა სარჩელი შეიტანეს ჰააგის კომერციულ საარბიტრაჟო სასამართლოში. სასამართლო პროცესი თითქმის ათ წელიწადს გაგრძელდა.

მიხაილ ხოდორკოვსკიმ - ერთ დროს რუსეთის უმდიდრესმა ადამიანმა - განაცხადა, რომ კმაყოფილია ჰააგის კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებით. სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს ხოდორკოვსკის განცხადებას: „არაჩვეულებრივია, რომ კომპანიის მეწილეებს განცდილი ზარალის კომპენსაციის შესაძლებლობა მიეცათო“.

XS
SM
MD
LG