Accessibility links

logo-print

რატომ არ მოსწონთ დევნილებს დევნილთა შესახებ კანონპროექტში შესული ცვლილებები


„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა–დევნილთა შესახებ“ კანონპროექტში შესულ ცვლილებებს, რომელიც ძალაში 1 მარტს შედის, უკვე აპროტესტებენ ზუგდიდში, ე.წ. კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრები დევნილები.

ცვლილების თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირთა შემწეობა 45 ლარამდე იზრდება, თუმცა სახელმწიფო მათ კომუნალურ გადასახადს აღარ გადაუხდის. დევნილთა უკმაყოფილება სწორედ ამ გადაწყვეტილებამ განაპირობა.

ზოია მირხულავა, რომელიც აფხაზეთიდან იძულებით გადმოსვლის დღიდან ე.წ. დოსააფის დასახლების ორსართულიან ავარიულ კორპუსში ცხოვრობს, ამბობს, რომ აქ მყოფი 20 ოჯახიდან დიდი ნაწილი სოციალურად დაუცველია. ისინი ზამთარში გასათბობად და საჭმლის მოსამზადებლად ელექტროღუმელს იყენებენ, ამიტომ 45 ლარით, თუკი სახელმწიფოს დახმარება კომუნალურ გადასახადებზე გაუქმდა, მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურსაც ვერ დაფარავენ:

„ჩვენ ამ გადასახადებს ვერ გავწვდებით. დენის გადასახადი რომ მოვა, ვერ გადავიხდით და ამიტომ დახმარება სწორედ ამაში გვჭირდება“.

იგივე მოთხოვნა აქვს გალიდან დევნილ ირინა აბლოთიას. ის ყოფილი ფაიფურის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე კომპაქტურ ჩასახლებაში ცხოვრობს:

„ერთადერთი, რაზეც მადლობას ვამბობდით წლების განმავლობაში, ეს შუქზე არსებული შეღავათია. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მე აფხაზეთში არაფერი არ დამიშავებია, ისე ვარ ჩემს ქვეყანაში დევნილი და მოვითხოვ, მომხედოს მთავრობამ“.

ჩამოთვლილი პრობლემების გარდა, დევნილები ერთ-ერთ მთავარ საკითხად ასახელებენ დასახლებაში არარსებულ ინდივიდუალურ გამრიცხველიანებას. აი, რას ამბობს ოჩამჩირიდან დევნილი, ზუგდიდის # 6 საბავშვო ბაღში მცხოვრები მარგარიტა ფარცვანია:

„შეიძლება მე ასი ლარის ელექტროენერგია დავწვა, მეორემ - თხუთმეტი კილოვატი, ბოლოს კი, ეს თანხა ნახევარზე გაიყოფა და ვინც ნაკლები დახარჯა, მას მეტის გადახდა მოუწევს. ასეთ შემთხვევაში ჩვენ უკმაყოფილო ვიქნებით“.

ამჟამად ე.წ. კომპაქტურად ჩასახლებული დევნილი თვეში, შემწეობის სახით, 22 ლარს იღებს. ამასთან, სახელმწიფო დამატებით ფარავს მისი კომუნალური მომსახურების ხარჯებს. ე.წ. კერძო სექტორში განსახლებული დევნილები კი, რომლებიც კომუნალურ გადასახადებს თავად იხდიან, 28 ლარს იღებენ სახელმწიფოსგან.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა დავით დარახველიძემ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა, რომ ამგვარი მიდგომა „დისკრიმინაციულად“ იქნა მიჩნეული და ხელისუფლებამ გადაწყვიტა ყველა დევნილი თანაბარ პირობებში ჩააყენოს, რათა მათ 45 ლარამდე გაზრდილი შემწეობით თავად უზრუნველყონ კომუნალური ხარჯების გადახდა.

სამინისტროს საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი დალი გოგოლაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში განმარტავს:

„ახლა დევნილებს სამჯერ მეტ თანხას ვაძლევთ. როგორც კი კანონპროექტი კანონის სახეს მიიღებს, ძალაში შევა და დევნილები მიიღებენ 45 ლარს, მანამდე ყველანაირი დავალიანება -ეს იქნება „თელასი“ თუ „ენერგო-პრო ჯორჯია“ - მათ გაუნულებს დავალიანებას. ანუ მათ დავალიანება აღარ ექნებათ“.

რაც შეეხება დასახლებების გამრიცხველიანების პროცესს, დალი გოგოლაძე ამბობს, რომ სამინისტრომ ამ საკითხზეც იზრუნა:

„გამრიცხველიანების პროცესი დაწყებულია. გაზაფხულამდე ეს პროცესი მთლიანად დასრულდება და ყველას ინდივიდუალური მრიცხველი ექნება“.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა–დევნილთა შესახებ“ კანონპროექტში შესული ცვლილებების თანახმად, სახელმწიფოსგან 45 ლარს ვერ მიიღებენ პირები, რომელთა სახელფასო შემოსავალი აღემატება 1250 ლარს. მარინა გოგოლაძის განმარტებით, ეს არ შეეხება ასეთი ხელფასის მქონე პირის ოჯახის სხვა წევრებს, თუ მათაც არ აქვთ მსგავსი ანაზღაურება. იმ შემთხვევაში კი, თუ მოქალაქე, სხვადასხვა მიზეზებით, უკვე აღარ მუშაობს ასეთ ანაზღაურებად სამსახურში, მას ავტომატურად დაერიცხება სახელმწიფო შემწეობა.
XS
SM
MD
LG