Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯონ კერი რუსეთს აფრთხილებს უკრაინაში ზავთან დაკავშირებით


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი აცხადებს, რომ რუსეთი თავიდან ვერ აიცილებს ახალ ეკონომიკურ სანქციებს, თუ არ შესრულდება შეთანხმებები აღმოსავლეთ უკრაინაში ზავისა და მშვიდობის დასამყარებლად გადასადგმელი ნაბიჯების შესახებ. კერი ამ გაფრთხილებით გამოვიდა ჟენევაში, სადაც ის გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიასთან დაკავშირებული ვიზიტისას შეხვდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს. კერის თქმით, მან ლავროვთან საუბრისას ყურადღება გაამახვილა 12 თებერვალს მინსკში ხელმოწერილი ზავის დაცვის აუცილებლობაზე. „მე კიდევ ერთხელ ვისაუბრე აცილებლობაზე, რომ რუსეთის ლიდერებმა და მათი მხარდაჭერით მოქმედმა სეპარატისტებმა სრულად განახორციელონ მინსკის შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებები და ისინი განახორციელონ ყველგან, დებალცევოს ჩათვლით, მარიუპოლთან და სხვა სტრატეგიულ ადგილებში“, - განაცხადა ჯონ კერიმ ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე. მანვე გამოთქვა იმედი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება სრულად ამოქმედდება მომდევნო რამდენიმე საათში და ყველაზე გვიანი - რამდენიმე დღეში.

XS
SM
MD
LG