Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონორების ნაჩუქარი მილიარდების ხარჯვას არასამთავრობოთა კოალიცია გააკონტროლებს


შვიდი ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაცია კოალიციას აყალიბებს. გაერთიანება, რომელსაც ”გამჭვირვალე საერთაშორისო დახმარება საქართველოსთვის” ერქმევა,

გეგმავს იმ 4,5 მილიარდი დოლარის დახმარების ფინანსურ მონიტორინგს , რომელიც საქართველოს აგვისტოში გამოუყვეს დონორმა ქვეყნებმა. მოგითხრობთ კოალიციის გეგმებზე.

კოალიციის ”გამჭვირვალე საერთაშორისო დახმარება საქართველოსთვის” მიზანს დონორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების მიერ 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდგომი კრიზისის დასაძლევად გამოყოფილი 4,5 მილიარდი დოლარის დახმარების გამჭვირვალობის ხელშეწყობა წარმოადგენს. ამ მიზნის მისაღწევად შვიდი ორგანიზაცია, რომელიც კოალიციად გაერთიანდა, ფართომასშტაბიანი მონიტორინგის, ადვოკატირების და საინფორმაციო კამპანიის წარმართვას გეგმავს.

კოალიციაში საქართველოში საკმაოდ ცნობილი 7 არასამთავრობო ორგანიზაცია შედის: ” ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, ასოციაცია ”მწვენე ალტერნატივა”, ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო”, ”ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი”, ევრაზიის პარტნიორობის ფონდი, ”კივიტას გეორგიკა” და ფონდი ”ღია საზოგადოება - საქართველო”.

[ქეთი ხუციშვილი] ”ეს არის ძალიან სერიოზული შანსი საქართველოსთვის, რომ დაძლიოს ეკონომიკური კრიზისი, გამოვიდეს ომისშემდგომი მძიმე მდგომარეობიდან, დაეხმაროს ათიათასობით დევნილს,მაგრამ, ამავე დროს, თუ ამ დახმარების ხარჯვა მოხდა არაეფექტურად, არამიზნობრივად, პირიქით, ამან შეიძლება ზიანიც კი მოუტანოს ქვეყანას.”

ამბობს ფონდი ”ღია საზოგადოება - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ქეთი ხუციშვილი. მისი თქმით, ასე ერთბაშად ამ რაოდენობის თანხა საქართველოს დახმარების სახით არ მიუღია, ამიტომაც:

[ქეთი ხუციშვილი] ”ჩვენ სწორედ ეს გვინდა, რომ 2008-2010 წლების განმავლობაში ეს გავაკეთოთ - მუდმივად ამის მონიტორინგი, საჭიროების შემთხვევაში, ალტერნატიული პრიორიტეტების ადვოკატირება, თუკი რაიმე არასწორად იქნება გაკეთებული, ამის გამოაშკარავება.”(სტილი დაცულია)

საქმე განაწილდება. კოალიციაში გაერთიანებული ორგანიზაციებიდან ყველა იმ მიმართულებით იმუშავებს, ვისაც რომელ სფეროში აქვს გამოცდილება. მაგალითად, ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ოთხი მიმართულებით მოუწევს მუშაობა. ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი თამუნა ქაროსანიძე გვეუბნება:

[თამუნა ქაროსანიძე] ”პირველი იქნება დეტალური ინფორმაციის მოპოვება იმის შესახებ, რა თანხების გადმორიცხვა ხდება საქართველოში, რა პერიოდულობით და როგორ ხდება ამ თანხების განკარგვა მთავრობის მიერ. მეორე - დონორები რამდენად იცავენ გამჭვირვალობას და რამდენად იცავენ პარიზის დეკლარაციით დადგენილ პრინციპებს. მესამე იქნება მთავრობის მონიტორინგი, რომ ინფორმაცია მივაწოდოთ მოსახლეობას, რა სახელისუფლებო მექანიზმები არსებობს, რომ ეს თანხები სწორად დაიხარჯოს, და მეოთხე მიმართულება იქნება იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებული პროგრამების მონიტორინგი.
ამ თანხის საკმაოდ დიდი ნაწილი მიდის ფინანსურ, კერძოდ, საბანკო სექტორში, ნაწილი დევნილების დახმარებას მოხმარდება.

ასოციაცია ”მწვანე ალტერნატივა”, მაგალითად, იმუშავებს დევნილთა საცხოვრებელი პირობების შეფასების მიმართულებით.
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი იზრუნებს, ხალხს გასაგებ ენაზე აუხსნას ამ დახმარების არსი:

ფონდის ხელმძღვანელი ქეთევან ვაშაკიძე განმარტავს:

[ქეთევან ვაშაკიძე] ”როდესაც აქ მოვდიოდი, ტაქსის მძღოლი მეკითხებოდა, როგორ გამომადგება მე ეს დახმარება ან იმ ხალხს, რომელიც ჩემს გარშემო ცხოვრობსო და ამიტომ გვინდა, რომ მაქსიმალურად იყოს გასაგები, რას წარმოადგენს ეს დახმარება, რა სტრუქტურის არის ის და ა.შ”

კანონმდებლობის ანალიზს კოალიციას ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” სთავაზობს. მისი აღმასრულებელი დირექტორი თამარ ხიდაშელი ამბობს:

[თამარ ხიდაშელი] ”ჩვენ გვეხება საკანონმდებლო ბაზის ანალიზი, რომელიც ეხება საბიუჯეტო სახსრების განკარგვას, გრანტების მიღება, სესხების ადმინისტრირება. და ასევე მეორე მიმართულება იქნება საბიუჯეტო დახმარებების მონიტორინგი.” (სტილი დაცულია)

კოალიციის თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერას ესწრებოდა ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ლადო პაპავაც, რომელმაც რადიო ”თავისუფლებასთან” საუბარში განაცხადა, რომ ხელისუფლება მუდმივად უნდა გრძნობდეს მსგავს კონტროლს არასამთავრობო სექტორიდან:

[ლადო პაპავა] ”მთავრობა ყოველთვის უნდა გრძნობდეს იმ მოახლოებულ სუნთქვას არასამთავრობო სექტორის, რომელიც გაუწევს მონიტორინგს მთავრობის მიერ განხორციელებულ საქმიანობას, კერძოდ, უცხოური დახმარების გამოყენების სფეროში. 2010 წლის 31 დეკემბრამდე საქართველოში უნდა შემოვიდეს ისეთი დიდი ოდენობის თანხა, - ეს არის 4,5 მილიარდი დოლარი, - რომლის მსგავსი ოდენობის თანხაც ასე მოკლე პერიოდის განმავლობაში წინა წლებში საქართველოს არ მიუღია”.

კოალიციის წევრები ამბობენ, რომ რაც უნდა გასაკვირი იყოს, მათთან ჯერჯერობით აქტიურად თანამშრომლობს ფინანსთა სამინისტრო, და იმედს გამოთქვამენ, რომ, ინფორმაციის მიღების თვალსაზრისით, არც სხვა სტრუქტურებისგან შეექმნებათ პრობლემები მომავალში.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG