Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლბტ ქალების მდგომარეობა საქართველოში


12 მარტს თბილისში, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდში, ”ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა” უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებს საქართველოში ლბტ ( ლესბოსელი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი) ქალთა მდგომარეობის ამსახველი პირველი ჩრდილოვანი ანგარიში წარუდგინა. ანგარიშის ერთ-ერთი ავტორი, ეკა აღდგომელაშვილი, აცხადებს, რომ ლბტ ადამიანები საქართველოშო დისკრიმინაციის მსხვერპლნი ხდებიან როგორც თავიანთი სქესობრივი კუთვნილების, ისე გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის გამო. ანგარიშში საუბარია ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობასა და ლბტ ქალების უფლებადარღვევის კონკრეტულ ფაქტებზე.

”ბუნებით საკმაოდ მამაცი ადამიანი ვარ, მაგრამ ვგრძნობ, რომ საკუთარი სექსუალური იდენტობის გასაჯაროება ჩემთვის სოციალური ხარაკირის ტოლფასი იქნება. სულ მარტო დავრჩები, სულ მარტო! არადა, მეც, ისე როგორც ყველა ადამიანს, მაქვს საზოგადოებრივი კონტაქტები, მარტო ლესბოსელი არ ვარ.. მთელი უბედურება ისაა, რომ საზოგადოება მიტოვებს მხოლოდ ორ არჩევანს, ან კესოსავით საკუთარი ქამინგაუთის ტყვე ვიყო და ერთადერთი იარლიყი - ”სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი” მქონდეს მოკერებული, ანდა არ გამაჩნდეს ინდივიდუალიზმი და პირადი ცხოვრება შევწირო სხვა ადამიანების პურიტანულ წარმოდგენებს ზნეობასა და მორალზე.”

ეს 19 წლის მაკას ჩანაწერია, რომელიც საქართველოში ლბტ ქალთა მდგომარეობის ამსახველ ჩრდილოვან ანგარიშში მოხვდა. ეს არის პირველი მცდელობა ერთ ანგარიშში თავმოყრილიყო ყველა ის პრობლემა, რომელსაც უმცირესობები საქართველოში აწყდებიან. იმის გამო, რომ ლბტ ქალები დღემდე რჩებიან ყველაზე უჩინარი საზოგადოებრივი ჯგუფის ნაწილად, აღურიცხავია მათ მიმართ განხორციელებული ძალადობის შემთხვევები. სამაგიეროდ, ფაქტია, რომ საქართველოში არ არსებობს ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა. სწორედ კანონმდებლობის ანალიზით იხსნება ”ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” მიერ მომზადებული ანგარიში:

”კონსტიტუცია კრძალავს დისკრიმინაციას სხვადასხვა საფუძველზე, რასის, სქესის და ა.შ. მიხედვით, თუმცა ამ ჩამონათვალში არ შედის სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა. სისხლის სამართლის კოდექსშიც საუბარია თანასწორობის დარღვევაზე სხვადასხვა საფუძვლით და დასჯადია კანონით, მაგრამ იქაც ჩამონათვალში არ გვხდება სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა. ასევე არ გვაქვს კანონი სიძულვილის ენის შესახებ, ეს საკითხი რეგულირდება მაუწყებლობის შესახებ კანონითა და ჟურნალისტთა ეთიკის კოდექსით, სადაც წერია, თუ რა ითვლება სიძულვილის ენად, რომელი გამონათქვამები”...

ამავე საფუძველზე დისკრიმინაციის აკრძალვას - ოღონდ შრომითი ურთიერთობების პერიოდში - შეიცავს შრომის კოდექსიც, განმარტავს ეკა აღდგომელაშვილი, თუმცა თუ უფლება დაირღვა სამსახურში აყვანის დროს, ეს დეტალი კანონგარშე რჩება. გვაქვს კანონი ”ოჯახური ძალადობის შესახებაც”, თუმცა ის ვრცელდება მხოლოდ რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ წყვილებზე, საქართველოში კი ჰომოსექსუალ წყვილებს შორის ქორწინება კანონითაა აკრძალული.

მათ ურჩევნიათ ჩაყლაპონ შეურაცხყოფა და ძალადობა, დამალონ ის, ვიდრე
იყვნენ საზოგადოებისგან მარგინალიზებულები ...
სხვათა შორის, 12 მარტს ლგბტ (ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი) ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაცია “იდენტობამ” ოფიციალური წერილით მიმართა ავტორებს კანონპროექტისა „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატების შეტანის შესახებ“, რომლის თანახმადაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლს უნდა დაემატოს ახალი დებულება შემდეგი სახით: „რასობრივი, ენობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის მოტივით დანაშაულის ჩადენა წარმოადგენს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისთვის”. ეს ვარიანტი არ მოიცავს სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის შეუწყნარებლობის მოტივს, რაც, ”იდენტობის” შეფასებით, საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპის დარღვევას წარმოადგენს. წერილის ადრესატები არიან ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები, სახალხო დამცველი, საქართველოს მთავარი პროკურორი, იუსტიციის მინისტრი... ჩამონათვალი გრძელია.

ლბტ ქალთა მთავარ პრობლემად კვლავაც რჩება ჰომოფობიური გარემო. რაც მთავარია, მედია, - შენიშნავს ეკა აღდგომელაშვილი. 2009-2011 წლებში CRRC-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც ჰომოსექსუალიზმს მიუღებლად მიიჩნევს, უცვლელია და ის 90%-ს შეადგენს. ამ პირობებში ჯგუფის წევრები ისევ სიჩუმეს არჩევენ:

”მათ ურჩევნიათ ჩაყლაპონ შეურაცხყოფა და ძალადობა, დამალონ ის, ვიდრე
იყვნენ საზოგადოებისგან მარგინალიზებულები. რაც შეეხება ძალადობას ქალთა მიმართ, ვგულისხმობ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას, აღმოჩნდა, რომ ლბ ქალები უფრო ხშირად ხდებიან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლნი, ვიდრე მამაკაცები. მე რატომღაც პირიქით მეგონა და ერთი საინტერესო ტენდენციაც: ქალების ჯგუფი გამოკითხვისას ძალადობის ადგილად ოჯახს ასახელებდა, გეი მამაკაცებისა კი - ქუჩას.”

ანგარიშში ცალკე რეკომენდაციად მოხვდა ლბტ ქალების უფლებრივი მდგომარეობის შესწავლა საპატიმროებში, ამბობს ეკა აღდგომელაშვილი და დახმარებისათვის მათი სახელით სახალხო დამცველს მიმართავს:

”ჩვენი ინფორმაციით, ციხეებში ამ მხრივ საკმაოდ მძიმე ვითარებაა, ამიტომ ვთხოვთ სახალხო დამცველს, რომლის აპარატსაც აქვს მონიტორინგის ჩატარების და ციხეში შესვლის შესაძლებლობა, შეისწავლონ ეს საკითხი. რამდენჯერმე მივმართეთ მას ინფორმაციისათვის, თუმცა ეს ინფორმაცია ვერ მივიღეთ, რადგან ისინი ამ ინფორმაციას არ ფლობდნენ.”

აქ ყველა - მეზობლით დაწყებული, ნაცნობებით დამთავრებული - თავს მოვალედ თვლის შენს პირად სივრცეში შემოიჭრას და რაღაც რჩევა მოგცეს ...
ლესბოსელ, ბისექსუალ და ტრანსგენდერ ქალებთან მუშაობის მთავარი სირთულე მათი ჩაკეტილი ცხოვრების წესია. უჩინარი ცხოვრებიდან ”გარეთ” ისინი ნელ-ნელა და ძნელად გამოდიან. ორგანიზაცია ”იდენტობის” თანამშრომელი ნათია გვიანიშვილი მოგვითხრობს, როგორ იზრდებოდა წლების განმავლობაში მათი აქტიურობა. 2008 წელს ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის მიერ ორგანიზებულ შეხვედრებს 186 ლბტ ქალი დაესწრო. 2009 წელს მათი რიცხვი 309-მდე გაიზარდა, 2011 წელს გამართულ 38 შეხვედრას კი 600-ზე მეტი ადამიანი დაესწრო.

”ქალთა უმრავლესობა, რომლებიც ამ შეხვედრებზე მოვიდნენ, ის თაობაა, რომელიც 80-90-იან წლებში იზრდებოდა, როდესაც სექსუალობასთან დაკავშირებით სრულ ინფორმაციულ ვაკუუმში ვცხოვრობდით.
ეს იმიტომ, რომ ქალის სექსუალობა საქართველოში უხილავია და ტაბუდადებული თემაა, განსაკუთრებით, თუ ის არის არანორმატიული, როგორც მას უწოდებენ, ანუ მამაკაცი არ აინტერესებს, და, მეორეც, იმიტომ რომ მაშინ არ არსებობდა ინფორმაციის გაცვლის ისეთი ეფექტური საშუალება, როგორიც ინტერნეტია.”

”გარეთ” გამოსვლას, როგორც პირობითად ლბტ ჯგუფის წევრების გააქტიურებას უწოდებენ უფლებადამცველები, ეხმარება მათი მონაწილეობა აქციებში, დისკუსიებში, სხვადასხვა სახის გამოფენებში. თუმცა ჯერჯერობით მათთვის საკუთარი პოზიციის ღიად გამოვლენის ადგილად ვირტუალური სივრცე რჩება - სოციალური ქსელები, როგორც თავშესაფარი. ეს აჩვენა შორენა გაბუნიას კვლევამაც, რომლის დროსაც ლბტ ჯგუფის 38 ქალი გამოიკითხა:

”ერთადერთი ოაზისი მათთვის ეს არის ვირტუალური სივრცე, სადაც ისინი საკუთარ სექსუალურ იდენტობას გამოხატავენ და სადაც შეუძლიათ საკუთარ თავს არ დაემალონ.”

შორენა გაბუნია აღნიშნავს, რომ სოციალურად უზრუნველყოფილი ადამიანისათვის საკუთარი სექსუალური იდენტობის გაცხადება უფრო მარტივია, თუმცა ყველა კვლევა უჩვენებს, რომ უმუშევრობის დონე ამ ნიშნით გამორჩეულ ქალებში გაცილებით მაღალია, ვიდრე საქართველოში მცხოვრებ, მათივე ასაკის ჰეტეროსექსუალ ქალებში. ძალიან ხშირად ეს უმთავრესი მიზეზია, რის გამოც ისინი საქართველოდან სამუდამოდ მიდიან.

36 წლის მარინას ჩანაწერი:

”აქ ყველა - მეზობლით დაწყებული, ნაცნობებით დამთავრებული - თავს მოვალედ თვლის შენს პირად სივრცეში შემოიჭრას და რაღაც რჩევა მოგცეს. ვერ წარმოდგენთ, რამდენჯერ მიპირებდნენ გათხოვებას. ხან ვინ გამირიგეს, ხან ვინ, თითქოს ჩაწოლილი საქონელი ვყოფილიყავი. იცით ახლა რაზე ვოცნებობ? რომ ამ ქვეყნიდან გავაღწიო. ვიმუშავებ თავდაუზოგავად, ოღონდ მომეცეს შესაძლებლობა, ვიცხოვრო ქვეყანაში, სადაც ვერავინ ჩაერევა ჩემს ცხოვრებაში.”
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG