Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„განვითარების ბანკი“ სპეციალური პროექტებისთვის


მთავრობის კანცელარია
მთავრობის კანცელარია
მთავრობამ „განვითარების ბანკის“ დაფუძნების განზრახვის შესახებ ოფიციალურად განაცხადა. ეს არ იქნება კომერციული ბანკი და მხოლოდ სპეციალურ პროექტებზე იმუშავებს.

მთავრობის ინფორმაციით, “განვითარების ბანკი” “საპარტნიორო ფონდის” რეორგანიზების შედეგად ჩამოყალიბდება და მისი მისია „საპარტნიორო ფონდის“ მისიის მსგავსი იქნება. კერძოდ, ბანკი სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული რამდენიმე სტრატეგიული მნიშვნელობის კომპანიის (როგორც ჩანს, საქართველოს რკინიგზის, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის და ა.შ.) მოგების ინვესტირებას მოახდენს სახელმწიფოს მიერ სტრატეგიულად მიჩნეულ დარგებში (ენერგეტიკა, ინფრასტრუქტურა, წარმოება და ა.შ.). “განვითარების ბანკი” პროექტებში მონაწილეობას მიიღებს როგორც კაპიტალში მონაწილეობით, ისე პროექტების დაკრედიტებით. ბანკს საშუალება ექნება დააფინანსოს როგორც დიდი, ასევე საშუალო და მცირე პროექტები. გარდა ამისა, ბანკს შეეძლება, თავის მფლობელობაში არსებული აქტივების გამოყენებით, მოიზიდოს ფინანსური რესურსები მათი შემდგომი ინვესტირების მიზნით. “განვითარების ბანკს” არ ექნება დეპოზიტების მიღების უფლება და ის სესხებს არ გასცემს კომერციული ბანკებისთვის.

შესაბამისი კანონპროექტი საქართველოს მთავრობაში მომზადდა და სულ მალე წარედგინება საქართველოს პარლამენტს.

“განვითარების ბანკს” ეყოლება სამეთვალყურეო საბჭო, პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი. “განვითარების ბანკის” პრეზიდენტს 7 წლის ვადით დანიშნავს სამეთვალყურეო საბჭო. მედიის ნაწილი უკვე ავრცელებს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ბანკის პრეზიდენტი, შესაძლოა, უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, დავით საგანელიძე, გახდეს.

სავარაუდოა, რომ სანაცვლოდ მთავრობა პარლამენტიდან უკან გამოიწვევს კანონპროექტს “სუვერენული ფონდის” შესახებ. შეგახსენებთ, “სუვერენული ფონდი” ასევე “საპარტნიორო ფონდის” ბაზაზე უნდა ჩამოყალიბებულიყო.

მსგავსი ბანკის შექმნის ოფიციალური მიზანია ქვეყანაში საინვესტიციო მდგომარეობის გაუმჯობესება, ეკონომიკური ზრდის უკეთესო მაჩვენებლების მიღება, დასაქმების პრობლემის გადაჭრა, რაც, უდავოდ, მისასალმებელია, მაგრამ არის ეს სწორი გზა და ფორმა ამ მიზნების მისაღწევად?

მთავრობის ინიციატივას განვითარების, ანუ სახელმწიფო ბანკის, შექმნის შესახებ ექსპერტები სიფრთხილით ეკიდებიან. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს და მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სახელმწიფო ბანკების გამოცდილებაა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

კერძოდ: სახელმწიფო ბანკების შექმნის ისტორია ძირითადად დაკავშირებულია არსებული თუ ყოფილი სოციალისტური ტიპის ქვეყნებთან, ასევე ქვეყნებთან, რომლებიც თავის დროზე ფლობდნენ სახელმწიფო საწარმოებს, ეტაპობრივად ახდენდნენ მათ განსახელმწიფოებრიობას და დღესაც შერჩენილი აქვთ რამდენიმე ბანკი საკუთრებაში, თუმცა მათი წილი ბაზარზე საკმაოდ მცირეა. მოქმედი სოციალისტური ტიპის ქვეყნებიდან აღსანიშნავია ჩინეთი, რომლის 4 დიდი ბანკიდან 3 ბანკს სახელმწიფო ფლობს (ესენია: Bank of China, ICBC, Agricultural bank of china); ყოფილი სოციალისტური ტიპის ქვეყნებიდან - რუსეთი („სბერბანკს“ - ერთ ერთ უდიდეს ბანკს - ფლობს რუსეთის ცენტრალური ბანკი); გარდამავალი ტიპის ქვეყნებიდან მნიშვნელოვანი მაგალითია თურქეთი (ფლობს სამ ბანკს, რომლებიც შექმნილია მე-20 საუკუნის პირველ ნახევრამდე არსებულ პერიოდში და მათი განსახელმწიფოებრიობა ჯერ არ მომხდარა). ტენდენცია რომ შევაჯამოთ, ნათელია, რომ სახელმწიფო ბანკები არის წარსული და სახელმწიფოები მიისწრაფვიან მათი პრივატიზებისაკენ, ან სახელმწიფო ბანკები დღესაც არსებობს ძირითადად სოციალისტურ თუ მაღალი კორუფციის მქონე ქვეყნებში. შესაბამისად, ასეთი სტრუქტურისათვის ბანკის დარქმევა, ზემოაღნიშნული მიზეზებით, მცდარი ნაბიჯი იქნება.

მიზნები, რომელთაც მომავალი ბანკი ისახავს, თანამდეროვე მსოფლიოში უფრო მეტად ფონდების ტიპის სტრუქტურას შეესაბამება, ვიდრე ბანკს. ასეთი ტიპის სახელმწიფო ფონდი/სააგენტო მრავლად არსებობს მსოფლიოში. კერძოდ, არის სახელმწიფო ფონდები/სააგენტოები, რომლებიც აფინანსებენ პროექტებს საერთაშორისო მასშტაბით, მაგალითად, USAID, Millennium Corporation (ამერიკის შეერთებულ შტატები), JICA (იაპონია), SIDA (შვედეთი), GIZ (გერმანია) და ასე შემდეგ. გარდა ამისა, არის ფონდები/სააგენტოები, რომლებიც მუშაობენ ადგილობრივ დონეზე და აფინანსებენ ქვეყნის შეგნით განსახორციელებელ პროექტებს. ასეთი ორგანიზაციების დამფუძნებლები არიან, მაგალითად, ავსტრია, ჩეხეთი, სლოვენია, გერმანია და სხვა ქვეყნები.

რა რისკებთანაა დაკავშირებული ასეთი სახელმწიფო ბანკის/ფონდის ფუნქციონირება?

შემუშავებული კანონპროექტის მიხედვით, მომავალი ფინანსური ინსტიტუტის მიერ დასახული მიზნების განხორციელებისათვს საჭირო საშუალებები გაცილებით ფართოვდება. კერძოდ, თუ აქამდე „საპარტნიორო ფონდი“ ინვესტიციას ახდენდა კაპიტალში შესვლის გზით, ახალი სტრუქტურა სესხების გაცემასაც კაპიტალში შეუსვლელად შეძლებს. თუ მანამდე არსებული „საპარტნიორო ფონდი“ დიდ პროექტებზე მუშაობდა, ახალ უწყებას შეეძლება დაფინანსების გაცემა როგორც მსხვილ, ისე მცირე და საშუალო პროექტებზე.

ზოგადად, ასეთი ფონდების ფუნქციონირება დაკავშირებულია სხვადასხვა რისკთან, რისი აცილებაც და პრევენციაც უნდა უზრუნველყოს სახელმწიფომ და საზოგადოებამ. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო არ არის ისეთი სახის დემოკრატიის ქვეყანა როგორიც, მაგალითად, გერმანია ან ავსტრიაა და სახელმწიფო ფინანსების ხარჯვის გამჭვირვალობისა და მონიტორინგის დონე საქართველოში არ არის ისეთი ძლიერი, როგორიც ამ ქვეყნებში, ბუნებრივია, ასეთი რისკები ერთიორად იზრდება.

კერძოდ: მსხვილი პროექტების დაფინანსების დროს ძალიან მაღალია ინტერესი როგორც საზოგადოების, ისე არასამთავრობო სექტორის მხრიდან. შესაბამისად, რისკი იმისა, რომ დაფინანსებული იქნება არაეფექტური პროექტები, არის დაბალი, რასაც ვერ ვიტყვით მცირე პროქტებზე, ვინაიდან ისინი შეიძლება იყოს საკმაოდ ბევრი და მათი მონიტორინგის ხარისხი იქნება გაცილებით დაბალი. შედეგად, ასეთ პროექტებთან დაკავშირებით არაეფექტური ხარჯვის რისკი გაცილებით მაღალი იქნება. ამის ნათელი მაგალითია წინა ხელისუფლების მიერ დაფინანსებული „იაფი კრედიტის პროგრამის“ შედეგებიც.

შეზღუდული მონიტორინგის პირობებში, რაოდენობრივად ბევრი და მოცულობით მცირე სესხების გაცემისას მაღალია კორუფციული გარიგებების ალბათობაც.

გარდა ამისა, მომავალი ფინანსური ინსტიტუტის მენეჯმენტი არის ხელისუფლების მიერ დანიშნული, რაც, ბუნებრივია, იძლევა საშუალებას, რომ გაცემული სახსრები ემსახურებოდეს მმართველი პოლიტიკური გუნდის პოლიტიკური ინტერესების განხორციელებას და სახელმწიფო სახსრებით ისეთი ბიზნესების დაფინანსებას, რაც მისაღებია მოქმედი პოლიტიკური გუნდისა და არა გლობალურად ეკონომიკისათვის.

დაბოლოს, ვინაიდან ამ ფონდის უკან იდგება სახელმწიფო, არსებობს საფრთხე, რომ ხსენებული ფონდი ბუნებრივად იქცეს ერთგვარ „უძირო ქვევრად“, რაც განაპირობებს მაღალ საბიუჯეტო დეფიციტს და, შესაბამისად, მზარდ სახელმწიფო ვალს.

არსებობს თუ არა უფრო ცივილიზებული და უფრო მიზანშეწონილი გზა იმისათვის, რომ ხელისუფლების მიერ დეკლარირებული მნიშვნელოვანი მიზნები იქნეს მიღწეული?

ამისათვის სახელმწიფოს აქვს სხვადასხვა ბერკეტი, მაგალითად, სახელმწიფოს შეუძლია გახადოს საგადასახადო კოდექსი კიდევ უფრო ლიბერალური რეგულაციების თვალსაზრისით, რაც, ერთდროულად, ხელს შეუწყობს როგორც მცირე, ისე საშუალო ბიზნესის განვითარებას; შეუძლია იმუშაოს საგადასახადო განაკვეთებში რესურსების გამონახვაზე, რაც ხელს შეუწყობს როგორც ადგილობრივი მწარმოებლების ინტერესის ზრდას ინვესტირების მიმართ, ასევე მოიზიდავს უცხოელ ინვესტორებს.

რა შეიძლება გააკეთოს სახელმწიფომ მაშინ, როცა ბანკები არ აფინანსებენ „start up“-ებს, მოსახლეობას კი არ აქვს საკმარისი რესურსი ბიზნესის დასაწყებად? start up-ების დაფინანსების, ანუ სუბსიდირებისთვის, არ არის აუცილებელი შეიქმნას ცალკე სახელმწიფო საკრედიტო ინსტიტუტები. ამისათვის შესაძლებელია გამოყენებული იქნეს ბაზარზე მოქმედი საბაზრო საკრედიტო დაწესებულებები, რომლებიც სახელმწიფო სახსრებით გასცემენ სესხებს, თუმცა უფრო ლიბერალური სტანდარტებით, ვიდრე ისინი იყენებენ სტანდარტული სესხების გაცემისას. ასეთი საბაზრო საკრედიტო დაწესებულებები ფლობენ ყველაზე ობიექტურ ინფორმაციას ბიზნესში მიმდინარე მოვლენებზე, მათ შორის, ინფორმაციას, თუ რა მიმართულებებში არის შესაძლებელი გრძელვადიან პერიოდში “start up” იყოს სიცოცხლისუნარიანი და მოგებიანი ბიზნესი. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ კლასიკური ტიპის საბაზრო ეკონომიკებში ესეც გარკვეულწილად სახელმწიფოს ჩარევაა ბიზნესსაქმიანობაში, რომელსაც, წესით, თავად ბიზნესი უნდა არეგულირებდეს.

მიუხედავად დასახელებული რისკებისა, ამ ეტაპისთვის ცნობილია, რომ „განვითარების ბანკის“ დაფუძნება, მთავრობის გადაწყვეტილებით, უკვე წლის ბოლომდეა დაგეგმილი. მანამდე შესაბამისმა კანონპროექტმა საპარლამენტო მოსმენები უნდა გაიაროს. სავარაუდოა, რომ კანონპროექტის დამტკიცებამდე საზოგადოება ამ თემაზე დებატების მოწმე კიდევ გახდება.
XS
SM
MD
LG