Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგანგაშოა თუ არა საქართველოს დემოგრაფიული მდგომარეობა


საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 2002 წლიდან 14,7%-ითაა შემცირებული. ასეთ დასკვნამდე მივყავართ მოსახლეობის საყოველთაო აღწერის წინასწარ შედეგებს - აღწერისა, რომელიც 2014 წლის 4-19 ნოემბერს ჩატარდა მთელი ქვეყნის მასშტაბით. საყოველთაო აღწერის საბოლოო შედეგები 2016 წელს გამოქვეყნდება. მანამდე კი მოსახლეობის რაოდენობის თითქმის 700 ათასით შემცირებას დემოგრაფთა ნაწილი საგანგაშოს უწოდებს, ნაწილისთვის კი წინასაწარი შედეგები ამგვარი დასკვნის საფუძველს არ იძლევა.

საქსტატის მონაცემებით, რაც მოსახლეობის საყოველთაო აღწერის წინასწარ შედეგებს ეყრდნობა, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 729 635 ადამიანი შეადგინა, რაც წინა, 2002 წლის, აღწერის (4 371 535 კაცი) შედეგთან შედარებით, 14,7%-ით (641 900 კაცი) ნაკლებია. 2002 წლის აღწერის მაჩვენებლებთან შედარებით, შეცვლილია ქალაქსა და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის სტრუქტურაც: ქალაქის მოსახლეობა 2 140 126-ს, ხოლო სოფლის 1 589 509-ს შეადგენს, რაც თორმეტი წლისწინანდელ მაჩვენებლებზე, შესაბამისად, 6.3%-ით და 23.8%-ით ნაკლებია.

საქართველოს მოსახლეობა სამ-ნახევარი მილიონი იქნება, ანუ, დღევანდელთან შედარებით, იდეალურადაც რომ მივიჩნიოთ ის, რაც აღწერამ აჩვენა, 2050 წლისათვის მოსახლეობის რაოდენობა 200 ათასით მაინც დაიკლებს...
გიორგი წულაძე

საქსტატის ამ მონაცემებს თავის ფეისბუკის გვერდზე გამოეხმაურა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე და მონაცემებს „საგანგაშო“ უწოდა:

„პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა მთავრობასთან ერთად აიღო პასუხისმგებლობა დემოგრაფიული ინიციატივების შემუშავებაზე და დღემდე ამ მიმართულებით რამდენიმე ინიციატივა უკვე განვახორციელეთ, რაშიც სახელმწიფომ 70 მილიონზე მეტი დახარჯა“. თუმცა „ქვეყანაში განხორციელებული ყველა პროექტი ფუჭია, თუ არ გვეყოლება ჩვენი მოსახლეობა. ამ საკითხის მიმართ მიდგომა უნდა შეიცვალოს როგორც ხელისუფლების, ასევე საზოგადოების მხრიდანაც“.

საქართველოში კატასტროფული დემოგრაფიული მდგომარეობაა და ეს კიდევ ერთხელ ცხადყო გასული წლის ნოემბერში ჩატარებულმა მოსახლეობის აღწერამ, ამბობს დემოგრაფი ანზორ თოთაძე. ის მოსახლეობის კლებას მთლიანი შიდა პროდუქტისა და მოსავლის რაოდენობის კლებასთანაც აკავშირებს. მისი თქმით, 2003-დან 2007 წლამდე ხორბლის და სხვა კულტურის მოსავალი განახევრდა. მოსახლეობის შემცირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მიგრაციულმა პროცესებმა, ეკონომიკური პირობების გაუარესებამ და უმუშევრობამ. ანზორ თოთაძის თქმით, ესაა ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორები:

„განსაკუთრებით შემცირდა გურიაში. რაჭაში 23-24%-მდეა თითქმის შემცირება, ანუ მეოთხედით, და ეს რომ ასე გაგრძელდეს და ჩვენ არ მივიღეთ განსაკუთრებული ღონისძიებები... სულ რაღაც 2002-დან 2014 წლამდე მეოთხედით შემცირდა მოსახლეობა და კიდევ ერთი ამდენი ხანი და საერთოდ გაუკაცრიელდება ჩვენი მხარეები. რაც უფრო ცოტა რჩება მოსახლეობა, მისი დაცლა მით უფრო ჩქარდება“.

ანზორ თოთაძის თქმით, პროცესი მხოლოდ ხელოვნურად თუ შეჩერდება. მისივე სიტვებით, 90-იანი წლებიდან საქართველოს მოსახლეობის შემცირებაზე იმოქმედა ასევე იმან, რომ საქართველო დატოვეს ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლებმაც. 400 ათასი ეთნიკურად რუსი გავიდა საქართველოდან, 85 ათასამდე ბერძენი და 200 ათასზე მეტი ეთნიკურად სომეხი.

დემოგრაფ გიორგი წულაძის თქმით, 2002 წლის აღწერის შედეგებისა და 2014 წლის აღწერის წინასწარი შედეგების შედარებითი ანალიზის გაკეთება გაჭირდება ორი მიზეზის გამო: ერთი, რომ მაშინ ქვეყნიდან გასულებსა და შემოსულებს შორის თანაფარდობა არასწორ საფუძველზე ითვლებიდა, ამჟამინდელი მეთოდოლოგია კი უკეთესია. ამასთან, საბოლოო შედეგები შეფასებით მონაცემებზე დაყრდნობით გამოითვლება, რაც წინასწარი მონაცემების კორექტირებას მოახდენს. თუმცა, გიორგი წულაძის სიტყვებით, ზოგადად მსოფლიოში მოსახლეობის კლების ტენდენცია აღინიშნება და ამას მოწმობს გაეროს კვლევებიც. მათ შორის, კვლევები მოიცავს საქართველოს შესახებ ინფორმაციასაც:

„საქართველოს მოსახლეობა სამ-ნახევარი მილიონი იქნება, ანუ, დღევანდელთან შედარებით, იდეალურადაც რომ მივიჩნიოთ ის, რაც აღწერამ აჩვენა, 2050 წლისათვის მოსახლეობის რაოდენობა 200 ათასით მაინც დაიკლებს“.

2010 წლიდან მოყოლებული, საქართველოში შობადობის მატება აღინიშნება. ამ ტენდენციაზე საუბრისას სპეციალისტები სხვადასხვა მიზეზებს ჩამოთვლიან, მათ შორის: ეკონომიკურ სტაბილურობას, საქართველოს პატრიარქის ინიციატივას, სახელმწიფო პროგრამებს და სხვ.

ლელა ბაქრაძე
ლელა ბაქრაძე

გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე იმ რეკომენდაციებზეც საუბრობს, რომელთა გათვალისწინების შედეგად შობადობის მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდებოდა:

„სახელმწიფომ გაითვალისწინოს ოჯახის წახალისებაზე მიმართული პოლიტიკა, მოქნილი სამუშაო საათები დედებისა და ქალებისათვის, დეკრეტული შვებულების გამოყენების შესაძლებლობა როგორც დედებისთვის, ასევე მამებისთვის, ბავშვის მოვლის საშუალებების ფართო სოციალური ქსელი, როგორიც არის საბავშვო ბაღები, მეტი საბავშვო ბაღი უკეთესი ხარისხის და ა.შ. მთავარია ასევე ახალგაზრდა ოჯახების წახალისება, მათთვის სუბსიდირებული საცხოვრებლის მიცემა და ა.შ.“

საქსტატი მოსახლეობის აღწერის საბოლოო შედეგებს 2016 წელს გამოაქვეყნებს.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG