Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა უნდა ვიცოდეთ კლიმატის ცვლილებაზე


ამ დღეებში პარიზში, კლიმატისადმი მიძღვნილ სამიტზე, მსოფლიო თანამეგობრობის წარმომადგენლები შეეცდებიან მიაღწიონ შეთანხმებას ატმოსფეროში ნახშირბადის ემისიის შემცირების შესახებ.

მეცნიერები დიდი ხანია გვაფრთხილებენ, რომ თუკი გაგრძელდება ე.წ. სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების ემისია, გავცდებით ზღვარს, რომლის შემდეგაც გლობალური დათბობა კატასტროფული და შეუქცევადი შეიძლება გახდეს.

ამ დადგენილი ზღვარის მიხედვით, დედამიწაზე საშუალო ტემპერატურის მატებამ 2 გრადუსს არ უნდა გადააჭარბოს პრეინდუსტრიულ მაჩვენებელთან შედარებით. არადა მეცნიერთა თანახმად, ტემპერატურის მატების ამჟამინდელ ტრაექტორიას 5-გრადუსიანი მატებისკენ მივყავართ. ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია და, სპეციალისტთა აზრით, სახიფათო შედეგები შეიძლება მოჰყვეს.

კლიმატის თაობაზე გლობალური შეთანხმების თემაზე უკვე დიდი ხანია მსჯელობენ. ფიზიკოსები ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში ლაპარაკობდნენ სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების საფრთხეზე. მაგრამ ეს თეორიულ დონეზე ხდებოდა.

მხოლოდ უკანასკნელი რამდენიმე ათეული წელია, რაც მეცნიერები ნახშირბადის ემისიის გაზომვას და ამასთან დაკავშირებული კლიმატური პროცესების ზუსტ აღწერას შეუდგნენ. რაც მთავარია, საყოველთაოდ შეთანხმდნენ, რომ ნამარხი ენერგომატარებლების გამოყენების შედეგად ატმოსფეროში გაზების ემისიას დედამიწაზე ტემპერატურის მატებასთან მივყავართ.

დედამიწის საშუალო ტემპერატურა სხვადასხვაგვარი სიჩქარით იცვლება, მაგრამ ის არ იკლებს და, რაც ყველაზე უფრო შემაშფოთებელია, ერთ დონეზეც არ ჩერდება, ის განუხრელად იმატებს. განსაკუთრებით საგანგაშოდ მიიჩნევენ კლიმატის სპეციალისტები უკანასკნელი ორი წლის მაჩვენებლებს.

კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ საბრძოლველად აქამდე მთელი რიგი ზომები იქნა მიღებული გლობალურ დონეზე. 1992 წელს რიო-დე-ჟანეიროში გაიმართა სამიტი, რომელზეც მიღებულ იქნა კლიმატური ცვლილების თაობაზე ჩარჩო კონვენცია. ეს დოკუმენტი ხელმომწერებს მოუწოდებდა კლიმატისთვის საზიანო ქმედებებისგან თავის შეკავებისკენ, მაგრამ არ აზუსტებდა, რა იყო გასაკეთებელი.

შემდგომმა ხუთმა წელმა ჩაიარა იმაზე დავაში, თუ ვის რა მოეთხოვებოდა, რა პასუხისმგებლობა უნდა დაკისრებოდათ მდიდარ ქვეყნებს და რა - ღარიბებს.

ეს დავა 1997 წელს ე.წ. კიოტოს პროტოკოლით დაგვირგვინდა. შეთანხმდნენ, რომ ემისია 2012 წლისთვის 5 პროცენტით უნდა შემცირებულიყო 1990 წლის დონესთან შედარებით. ყოველ სახელმწიფოს დაუდგინდა ემისიის შემცირების სასურველი დონეები. მაგრამ განვითარებად ქვეყნებს უფლება მიეცათ, კვლავაც გაეგრძელებინათ ნახშირბადის ემისია შეზღუდვების გარეშე.

მართალია, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ელ გორმა ხელი მოაწერა პროტოკოლს, მაგრამ მალევე ნათელი გახდა, რომ აშშ-ის კონგრესი რატიფიკაციას არ გაუკეთებდა დოკუმენტს. არადა პროტოკოლი კანონის ძალას ვერ მიიღებდა, სანამ მას რატიფიკაციას არ გაუკეთებდნენ ქვეყნები, რომლებზეც მსოფლიო ემისიის 55 პროცენტი მოდის. აშშ-ის გარეშე ეს დოკუმენტი განწირული იყო.

გლობალური შეთანხმების მიღწევის მცდელობები ამის შემდეგაც იყო. მაგალითად, ბალის 2007 წლის სამოქმედო გეგმა და კოპენჰაგენის 2009 წლის კონფერენცია. კოპენჰაგენის სამიტზე, რომელსაც დიდ იმედებს უკავშირებდნენ, გარღვევა არ მოხდა და ვერ იქნა მიღებული სეროზული შეთანხმება. თუმცა შეთანხმდნენ ემისიის შემცირების დონეებზე.

როგორც გაეროს ეგიდით ჩატარებულმა ანალიზმა აჩვენა, ამ დადგენილი დონეების დაცვის შედეგად, ტემპერატურა 2,7-დან 3,3 გრადუსამდე გაიზრდება. ეს მეტია, ვიდრე დასაშვები 2 გრადუსი. ამიტომაც ბევრი ქვეყანა მოითხოვს, დონეების ხელახლა დადგენა მოხდეს ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ.

თუკი პარიზის სამიტზე მოხერხდება ყველა ქვეყნის თანხმობის მიღწევა კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ქმედითი ზომების გასატარებლად, ეს მაინც არ არის საკმარისი. მთავარი პრობლემა არის ამ დაპირებების და გეგმების განხორციელება, უფრო ზუსტად კი - დაფინანსება. აქ ყურადღების ცენტრში არიან ღატაკი ქვეყნები, რომელთაც ეკონომიკის განვითარებისთვის აუცილებლად სჭირდებათ ენერგორესურსები. იმისთვის, რომ ღატაკმა ქვეყნებმა შეამცირონ სათბურის ეფექტის მქონე გაზების ემისია ისე, რომ ამან არ დააზარალოს მათი ეკონომიკა, ისინი მოითხოვენ, რომ მდიდარი ქვეყნები მათ ფინანსურად დაეხმარონ ეკოლოგიურად უვნებელი ტექნოლოგიების დანერგვაში. პარიზის სამიტის ერთ-ერთი მთავარი საკითხია, მიიღებენ თუ არა ღატაკი ქვეყნები ასეთ დაპირებას.

  • 16x9 Image

    ბიძინა რამიშვილი

    ჟურნალისტი და რედაქტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის, მედიის ენისა და სტანდარტების საკითხებზე. რადიო თავისუფლების თანამშრომელია 1991 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG