Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ებოლა: გადაუდებლობის შეგრძნება


ავტორი: ანა ლომთაძე

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებით, ებოლის ვირუსის ორი ვაქცინა უკვე დამზადებულია. ვაქცინებს მალე გამოიყენებენ კლინიკურ ცდებში დასავლეთ აფრიკის ქვეყნებში, სადაც ვირუსს 8 000 ადამიანზე მეტი ემსხვერპლა. მარია-პოლ კინის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის მოადგილის, თქმით, ლიბერიაში ცდები უახლოეს კვირებში დაიწყება, სიერა ლეონესა და გვინეაში კი - თებერვალში.

8 იანვარს ჟენევაში ებოლის ვირუსის ვაქცინებთან დაკავშირებულ საკითხებზე გაიმართა კონფერენცია, რომელსაც მთავრობის წარმომადგენლები, ჯანდაცვის საკითხების ექსპერტები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

კონფერენციაზე ჯანდაცვის ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა მარგარეტ ჩენმა განაცხადა:

„ჩვენ ყველას გვსურს, რომ გადაუდებლობის შეგრძნება შენარჩუნდეს. გვსურს დროულად აღმოვაჩინოთ შესაძლო დაბრკოლებები და გადავლახოთ სირთულეები, რომლებმაც შეიძლება პროცესი შეანელოს“.

სწორედ გადაუდებლობის შეგრძნებამ, რომელიც მოჰყვა ვირუსის გავრცელების სისწრაფეს, მისცა ბიძგი 2014 წელს ებოლის ვირუსის ვაქცინებზე მუშაობის დაჩქარებას. დღეს, განსაკუთრებით ლიბერიაში, ებოლის შემთხვევები ნელ-ნელა იკლებს, თუმცა ამან შესაძლოა გაართულოს ებოლის ვაქცინების ეფექტიანობის დადგენა.

ვაქცინები, რომლებსაც კლინიკურ ცდებში გამოიყენებენ, ორმა სხვადასხვა ფარმაცევტულმა კომპანიამ დაამზადა - ბრიტანულმა „გლაქსო სმით-კლაინმა“ და ამერიკულმა „მერკმა“. მათ ითანამშრომლეს ჯანდაცვის ეროვნულ ინსტიტუტთან და კომპანია „ნიუ ლინკ ჯენეტიკსთან“, რომელიც სხვადასხვა სახის იმუნოთერაპიაზე მუშაობს.

„მერკის“ ვაქცინის გამოყენება 2014 წლის დეკემბერში დროებით შეაჩერეს, რადგან მისი მოხმარების შემდეგ მონაწილეებს სახსრები ასტკივდათ. მაგრამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ირწმუნება, რომ ორივე ვაქცინა აკმაყოფილებს უსაფრთხოების სტანდარტებს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია ვაქცინის ზუსტი დოზა საუკეთესო შედეგის მისაღწევად, ინფიცირებული სხეულის იმუნურ სისტემაზე ზემოქმედების თვალსაზრისით. შესაბამისი დოზა კლინიკური ცდების დაწყებიდან 2-4 კვირამდე არ იქნება ცნობილი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ებოლის სხვა ვაქცინები, რომლებსაც რუსული და ჩინური კომპანიები ამზადებენ, განვითარების სხვადასხვა ეტაპზეა.

მარია-პოლ კინის განცხადებით, კლინიკური ცდები ლიბერიაში, სიერა ლეონესა და გვინეაში სხვადასხვანაირად ჩატარდება. ლიბერიაში 9 000 მონაწილიდან თითოეულს სამ ნემსს გაუკეთებენ - ორივე ვაქცინის თითო დოზასა და პლაცებოს. რაც შეეხება სიერა ლეონეს, ექიმები დაახლოებით 6 000 მონაწილისთვის გამოიყენებენ მხოლოდ ერთ ვაქცინას - თუ რომელ ვაქცინას, ეს ჯერჯერობით დაუდგენელია. გვინეაში კი კლინიკურ ცდაში 4500-მდე ჯანდაცვის მუშაკი მიიღებს მონაწილეობას.

კლინიკური ცდები ექვს თვეს გასტანს. ამ დროის განმავლობაში ებოლის ვირუსის ვაქცინებზე მუშაობა მსოფლიოს მასშტაბით გაგრძელდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG