Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამოიწურა ანაკლიის პორტზე ინტერესის გამოხატვის ვადა


ანაკლია
ანაკლია

1 ოქტომბერს ამოიწურა ანაკლიის პორტებზე ინტერესების გამოხატვის ვადა. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ანაკლიის პორტის მშენებლობასა და ოპერირებაზე ინტერესი გამოხატა 12-მა კომპანიამ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ქვეყნების სპექტრი მრავალფეროვანია. მათ შორის არიან: ბელგია, ინდოეთი, ისრაელი, სინგაპური, აშშ, კვიპროსი, ჩინეთი, დიდი ბრიტანეთი და ა.შ.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, კომისია დაიწყებს კომპანიების მიერ დალუქული კონვერტებით წარმოდგენილი განაცხადების დეტალურ შესწავლას, რის საფუძველზეც შედგება იმ კომპანიების მოკლე სია, რომლებიც დააკმაყოფილებენ დადგენილ კრიტერიუმებს. მოკლე სიაში შესულ კომპანიებს გაეგზავნებათ მოთხოვნა წარმოადგინონ წინადადებები.

შეგახსენებთ, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2015 წლის შემოდგომაზე უნდა დაიწყოს. ანაკლია ღრმაწყლოვანი პორტისთვის საუკეთესო ადგილად კვლევის შედეგად შეირჩა, რომელიც საერთაშორისო გამოცდილების მქონე საინჟინრო საკონსულტაციო იაპონურმა კონსორციუმმა Oriental Consultants Compaly Ltd საპარტნიორო ფონდის დაკვეთით ჩაატარა.

ამ ეტაპისთვის ტვირთბრუნვის მხრივ შავი ზღვის უმსხვილესი პორტებია: ნოვოროსიისკის საზღვაო სავაჭრო პორტი (რუსეთი), კონსტანცა (რუმინეთი), კასპიის მილსადენი კონსორციუმის ნავთობის პორტი (რუსეთი), ოდესის საზღვაო სავაჭრო პორტი (უკრაინა), ტუაფსეს საზღვაო სავაჭრო პორტი (რუსეთი), სამხრეთის საზღვაო სავაჭრო პორტი (უკრაინა, ყირიმი), მარიუპოლის საზღვაო სავაჭრო პორტი (უკრაინა, 15,9), ილიჩევსკის საზღვაო სავაჭრო პორტი (უკრაინა), ერდემირი (თურქეთი).

საქართველოში ამჟამად მოქმედებს ოთხი ნავსადგური: ფოთის პორტი; ბათუმი, სადაც არის ნავთობტერმინალიც; სუფსის ნავთობტერმინალი; ყულევის ნავსადგური, რომელიც უმეტესად თხევად ტვირთებს ამუშავებს.

ზოგადად, შავი ზღვის გადაზიდვების არსებით მოცულობას შეადგენს ტანკერების რეისები, რომლებიც უზრუნველყოფენ ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტს რუსეთისა და საქართველოს პორტებიდან. ნოვოროსიისკის ნავთობტერმინალებს შეუძლიათ მიიღონ სუპერტანკერები.

შავ ზღვაზე გადის საერთაშორისო სატრანსპორტო კორიდორი — TRACECA (Transport Corridor Europe — Caucasus — Asia, ევროპა — კავკასია — აზია). შავი ზღვის პორტები წარმოადგენენ პანევროპული სატრანსპორტო კორიდორის საბოლოო პუნქტებს.

ანაკლიის პორტი, წინასწარი გეგმის თანახმად, ერთ-ერთი მსხვილი ნავსადგური უნდა იყოს შავი ზღვის ტერიტორიაზე. ამისთვის პორტის მშენებლობის პირველი და მეორე ფაზის განსახორციელებლად 700 მლნ-დან 900 მლნ დოლარამდე ინვესტიცია იქნება საჭირო. პირველი ფაზის მშენებლობა 3 წელიწადში უნდა დასრულდეს. მთლიანი პროექტი მოიცავს 7 ფაზას, თუმცა 3 ფაზა არის სავალდებულო, ხოლო შემდგომი ფაზები უკვე დამოკიდებულია მიზანშეწონილობის კვლევაზე.

პროექტის მიხედვით, ანაკლიის პორტის მშენებლობა რამდენიმე ეტაპისგან შედგება. 12 წლის ვადაში მან 40 მლნ ტონა ტვირთის გამტარუნარიანობას უნდა მიაღწიოს.

პორტმა მინიმუმ 6 500 კონტეინერით დატვირთული გემის მიღება უნდა შეძლოს. მთლიანობაში, პორტის გამტარუნარიანობა 100 მლნ ტონა იქნება.

XS
SM
MD
LG