Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოფიციალურ მოსკოვს ბინ ლადენი საქართველოში ეგულება


თამარ ჩიქოვანი, თბილისი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მსგავსად, პანკისის ხეობაში საერთაშორისო ტერორისტის ოსამა ბინ ლადენის ყოფნას შესაძლებლად მიიჩნევს რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი ივანოვი.

რუსეთის დუმაში გამოსვლისას მან წამოაყენა ინიციატივა, პანკისის ხეობაში ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარების თაობაზე.

ოფიციალური თბილისისთვის რუსეთის თავდაცვის მინისტრის ინიციატივა უსიამოვნო სიურპრიზად იქცა. და არა მხოლოდ სერგეი ივანოვის, ასე ვთქვათ, ანტიტერორისტული განწყობილების გამო, რაც მეზობელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე წესრიგის დამყარების სურვილში გამოიხატა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის გამოსვლაში ოფიციალური თბილისი აღაშფოთა განცხადებამ, რომ პანკისის ხეობაში ერთობლივი ოპერაციის ჩატარების დეტალებთან დაკავშირებით ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს საქართველოს ხელისუფლებასთან.

სერგეი ივანოვის განცხადებას 19 თებერვალს გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი, რომელმაც მოსაზრებას, პანკისში ბინ ლადენის ყოფნის შესაძლებლობის შესახებ უსაფუძვლო და აბსურდული უწოდა. ასევე, კატეგორიულად უარყოფს პანკისში ერთობლივი ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარების შესაძლებლობას პრეზიდენტის პრეს-მდივანი კახა იმნაძე, რომელმაც 19 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს შესწევს ძალა, საკუთარი ძალებით დაამყაროს წესრიგი პანკისის ხეობაში.

მანამდე პანკისში წესრიგის დამყარებაში დახმარების აღმოჩენა ოფიციალურ თბილისს რუსეთის გენერალური შტაბის უფროსმა ანატოლი კვაშნინმა შესთავაზა. 7 თებერვალს კვაშნინმა განაცხადა, რომ, თუ საქართველო ასეთი თხოვნით მიმართავს რუსეთს და რუსეთის პრეზიდენტი თხოვნას დასთანხმდება, რუსეთი მზად არის, სამხედრო დახმარება აღმოუჩინოს საქართველოს ტერორისტებისგან პანკისის ხეობის გაწმენდაში. 19 თებერვალსვე, დღის მეორე ნახევარში, სერგეი ივანოვმა ოდნავ შეცვალა თავისი განცხადების პათოსი. როგორც მან განუცხადა რუსულ ინტერნეტულ გამოცემას, "სტრანას", რუსეთის არმია პანკისში ომს არ აპირებს. "მართალია, რუსეთი შეშფოთებულია მის მოსაზღვრე რეგიონში მიმდინარე პროცესებით, მაგრამ სამხედრო დახმარების აღმოჩენა - ეს სუვერენული საქართველოს გადასაწყვეტია," - აცხადებს რუსეთის თავდაცვის მინისტრი და არ გამორიცხავს სპეცსამსახურების თანამშრომლობას, ჩეჩენი ბოევიკების დაკავების თვალსაზრისით.

სხვა მოსაზრება აქვს პანკისში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს უშიშროების მინისტრს ვალერი ხაბურზანიას. მისი თქმით, საუბარია არა ანტიტერორისტული, არამედ ანტიკრიმინალური ოპერაციის ჩატარებაზე პანკისის ხეობაში. რაც შეეხება ბინ ლადენს, საქართველოს უშიშროების სამინისტრო არ ფლობს ინფორმაციას საერთაშორისო ტერორისტის პანკისში ყოფნის შესახებ. თუმცა, ვალერი ხაბურზანიას განცხადებით, თუ ეს ასე აღმოჩნდა, საქართველოს კარგი შანსი უჩნდება იმ სოლიდური ჯილდოს მისაღებად, ბინ ლადენის დაკავებისთვის რომ არის დაწესებული.
XS
SM
MD
LG