Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოიწვიოს თუ არა არჩეული დეპუტატები პარტიამ


დავით პაიჭაძე, თბილისი ლეიბორისტული პარტიის წინადადებას, პარტიას ჰქონდეს უფლება, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოდან პარტიული სიით არჩეული დეპუტატი გამოიწვიოს, პარასკევს, 7 თებერვალს,

სხვა პოლიტიკური პარტიებიც გამოეხმაურნენ. აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა თბილისში გამართა დისკუსია, სადაც პარტიათა წარმომადგენლები მოიწვია. დისკუსიაზე გაირკვა, რომ ლეიბორისტები, თავიანთი ინიციატივით, უმცირესობაში არიან. შესაძლოა, ეს ბევრს არაფერს ნიშნავდეს, მით უმეტეს, თუ გავიხსენებთ, რომ პარლამენტის ადგილობრივი თვითმმართველობის კომიტეტმა კანონპროექტის სახით ჩამოყალიბებული ლეიბორისტების წინადადება მოიწონა. გაგაცნობთ ზოგიერთი პოლიტიკური ორგანიზაციის არგუმენტებს.

პოლიტიკასა და იურისპრუდენციაში იმპერატიული მანდატის ცნება სწორედ იმ შინაარსს გამოხატავს, რომელიც ლეიბორისტულმა პარტიამ შესძინა ცვლილებებსა და დამატებებს კანონისათვის "დეპუტატის სტატუსის შესახებ". იმპერატიული მანდატის საპირისპირო ცნებაა თავისუფალი მანდატი, როცა პარტიას არ აქვს უფლება არჩეული ორგანოდან გაიწვიოს მისი სიით გასული დეპუტატი. საქართველოში დეპუტატებს თავისუფალი მანდატი აქვთ, რაც კონსტიტუციითაც არის გარანტირებული: არჩეული დეპუტატი არის არა ცალკეული პარტიის, არამედ სრულიად საქართველოს წარმომადგენელი. ამდენად, ლეიბორისტული პარტიის ინიციატივა, ფაქტობრივად, კონსტიტუციის შეცვლას ითხოვს. ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარეს კოტე კემულარიას შეუძლებლად მიაჩნია საკრებულოს წევრის საკითხის განხილვა უფრო ფართო კონტექსტისგან მოწყვეტით - ანუ დეპუტატის გაწვევის პრობლემა შეიძლება წამოიჭრას პარლამენტის წევრთან მიმართებითაც. მეორეც, კემულარიას თქმით, დეპუტატის სტატუსის შესახებ კანონი არ ეხება თვითმმართველობის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას. ამ საკითხს არეგულირებს ორგანული კანონი თვითმმართველობის შესახებ, რომელიც ამომწურავად ჩამოთვლის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის პირობებს. შესაბამისად, ცვლილება სწორედ ამ კანონში უნდა შევიდეს [კემულარიას ხმა]: "ანუ პროცესუალურადაც კანონპროექტი არასწორად არის შემოტანილი. რაც შეეხება პოლიტიკას, თავისუფალი მანდატი არის წინ გადადგმული ნაბიჯი დემოკრატიულ საზოგადოებაში, იმპერატიული მანდატი არის ნაბიჯი უკან: სახელმწიფო უნდა იყოს ხალხისთვის, თუ ხალხი - სახელმწიფოსთვის; პარტიები უნდა იყვნენ ხალხისთვის, თუ ხალხი - პარტიებისთვის; უხეშად შეიძლება ესენი ერთმანეთს შევადაროთ: თუ თავისუფალი მანდატი არის "პარტიები ხალხისთვის,", იმპერატიული მანდატი ნიშნავს, ხალხი გამოიყენო პარტიისათვის, არენაზე იყვნენ პარტიები და ხალხი კი იყოს სრულიად იგნორირებული. არ მგონია, ამას პერსპექტივა ჰქონდეს. ჩვენი პარტია ამას მხარს არ დაუჭერს".

კოტე კემულარიას არგუმენტები და პოზიცია შეკრებაზე მყოფი პარტიების უმეტესობამ გაიზიარა: ტრადიციონალისტებმა, ეროვნულ-დემოკრატებმა, ახალმა მემარჯვენეებმა, გაერთიანებულმა დემოკრატებმა... შედარებით ფრთხილი იყო "მრეწველი" ზურაბ ტყემალაძე, რომელმაც საკითხზე მსჯელობა აიცილა კანონპროექტის დახვეწის წინადადებითა და მოსაზრებით, რომ გაცილებით საინტერესოა, რას ფიქრობს ხალხი იმპერატიული მანდატის შესახებ. ძნელი წარმოსადგენია, ხალხმა ცხოველი დაინტერესება გამოიჩინოს ამით. სოციალისტები გამოწვევის სახეცვლილ ვარიანტს უჭერდნენ მხარს. თავისაზე დარჩნენ ლეიბორისტები, რომელთა ნებისმიერი არგუმენტი დაიყვანება ფსიქოანალიტიკურ რაციონალიზაციამდე: მეოთხე წელია, შალვა ნათელაშვილს აქვს "მოღალატე" დეპუტატების პრობლემა, რომლის მოხსნაც სურს ამ პრობლემის სხვებისთვის თავზე მოხვევით. ამასთან, დეპუტატის გაწვევის დასაბუთებისას ლეიბორისტები საერთოდ არ ახსენებენ საკუთარ გასაჭირს თბილისის, აგერ, უკვე მეორე საკრებულოში.
XS
SM
MD
LG