Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იოსებ ლაღიაშვილი - დიდი მოვლენების პატარა გმირის ისტორია


ალექსანდრე ელისაშვილი, თბილისი დღეს ბევრი ამბობს, რომ 1918 წლის 26 მაისს საქართველომ დამოუკიდებლობა თურქეთის ზეწოლისა და გერმანიის მხარდაჭერის შედეგად გამოაცხადა და რომ იმ დროს

საქართველოში არსებული პარტიები დამოუკიდებლობას არც გეგმავდნენ. ნაწილი ამ აზრს არ ეთანხმება და ფიქრობს, რომ რუსეთის იმპერიისადმი უკმაყოფილება და, შესაბამისად, სახელმწიფოებრიობის აღდგენის იდეა ქართულ საზოგადოებაში ათწლეულების განმავლობაში მწიფდებოდა. ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ეროვნული გამოსვლა დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე 40-ოდე წლით ადრე მოხდა, უფრო კონკრეტულად კი, 1886 წლის 24 მაისს. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ტფილისის სასულიერო სემინარიის ერთმა უწყინარმა სტუდენტმა იოსებ ლაღიაშვილმა მოულოდნელად ხანჯლით მოკლა სემინარიის რექტორი ჩუდეცკი. ეს კრიმინალური შემთხვევა მოგვიანებით სერიოზული პოლიტიკური მოვლენების დასაწყისად იქცა. დღეს მინდა ეს მივიწყებული ფაქტი და მისი მთავარი მოქმედი პირების ბედი შეგახსენოთ.


[აკაკი წერეთლის ხმა - კითხულობს ”განთიადს”]
”მთაწმინდა ჩაფიქრებულა, უსმენს დუდუნსა მტკვრისასა...”

მსმენელებს შევახსენებ, რომ აკაკი წერეთელმა ეს შესანიშნავი ლექსი დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლიდან გადმოსვენებას მიუძღვნა. ამ ლექსში აკაკი დიმიტრი ყიფიანს ”მტრის ურჩ რაინდად” მოიხსენიებს. არადა, დიმიტრი ყიფიანი, უდავოდ, დიდი ეროვნული მოღვაწე იყო, თუმცა რუსული რეჟიმის მტერი იგი არასოდეს ყოფილა. დიმიტრი ყიფიანი ყოველთვის რუსეთის სანიმუშო მოხელე იყო. იმპერიის მტრად იგი ერთმა შემთხვევამ აქცია. ეს შემთხვევა 1886 წლის 24 მაისს მოხდა. შუადღისას თხელ პალტოში გამოწყობილი სემინარისტი იოსებ ლაღიაშვილი სასულიერო სემინარიაში რექტორ დეკანოზ პავლე ჩუდეცკისთან მივიდა. სასწავლებელში აღდგენის მორიგ თხოვნაზე უარის მიღების შემდეგ ლაღიაშვილმა პალტოს ქვეშ დამალული ხანჯალი იშიშვლა და რექტორს რამდენიმე დარტყმა მიაყენა. ჭრილობებისგან ჩუდეცკი რამდენიმე საათში დაიღუპა. თავადაც დაჭრილი და გულწასული ლაღიაშვილი სემინარიაშივე დააპატიმრეს.

”ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ტფილისის სემინარიის რექტორის, დეკანოზ ჩუდეცკის საზარელი მკვლელობის მომწყობი სტუდენტის, გორის მაზრის სოფელ ხურვალეთის ეკლესიის წინამძღვრის იაკობის ვაჟის, იოსებ ლაგიევის საქმეს კავკასიის სამხედრო სასამართლო განიხილავს,” - იუწყებოდა ამის შესახებ გაზეთი ”ივერია”, რომელიც შემდგომში დაწვრილებით აშუქებდა ლაღიაშვილის სასამართლო პროცესის მიმდინარეობას. პროცესზე გაირკვა, რომ 20 წლის უდედმამო იოსებ ლაღიაშვილისათვის სემინარიის ზედამხედველს მკვლელობამდე რამდენიმე თვით ადრე აღმოუჩენია ხელნაწერი, რომელშიც მარქსიზმისადმი სიმპათია იყო დაფიქსირებული. ამის გამო ლაღიაშვილი რექტორმა სასწავლებლიდან დაითხოვა. მოგვიანებით დეკანოზმა ჩუდეცკიმ, პირადი გავლენის წყალობით, აიძულა ერთ-ერთი რუსი მოხელე უარი ეთქვა თავისი შვილის ლაღიაშვილთან მომზადებაზე, რითაც შემოსავლის ერთადერთი წყარო დაუკარგა ობოლ და მგლის ბილეთით გარიცხულ სტუდენტს. ჩუდეცკიმ და თავად საქართველოს ეგზარქოსმა პავლემაც არაერთხელ უთხრეს უარი ლაღიაშვილს სემინარიაში აღდგენაზე. ყოველივე ამან კი, ისტორიკოს დიმიტრი შველიძის აზრით, იოსებ ლაღიაშვილი ქართული საზოგადოების თვალში მკვლელიდან წამებულ გმირად აქცია:

[დიმიტრი შველიძის ხმა] “ატმოსფერო ძალიან მძიმე იყო მაშინდელ სემინარიებში. თუ წარმოვიდგენთ, რომ ეს ყველაფერი რუსიფიკაციის ნიშნით მიმდინარეობდა, აი, მაშინ ჩვენ მივიღებთ ძაან არასასურველ სურათს, რამაც აღფშოთება გამოიწვია მაშინდელი საზოგადოების და რამაც იოსებ ლაღიაშვილი წამებულ გმირად წარმოაჩინა მაშინდელი საზოგადოების თვალში.” (სტილ;ი დაცულია)

როგორც ცნობილია, მკვლელობის შემდეგ მოვლენები ერთობ უცნაურად განვითარდა. ეგზარქოსმა პავლემ, რომელიც, თანამედროვეების - მათ შორის, თედო სახოკიას - ცნობით, ჩუდეცკის ახალგაზრდა ცოლის ოფიციალური საყვარელი იყო, დაკრძალვაზე მკვლელი და მასთან ერთად ის ერი დასწყევლა, რომელმაც ლაღიაშვილი შვა. ამან აღაშფოთა ქართული საზოგადოება. ქართველთა წინამძღოლმა დიმიტრი ყიფიანმა ეგზარქოსს მისწერა წერილი, რომლითაც მოუწოდა, შეურაცხყოფისათვის ბოდიში მოეხადა და საქართველოს ტერიტორია დაუყოვნებლივ დაეტოვებინა:

[დიმიტრი შველიძის ხმა] “დიმიტრი ყიფიანის წინაშე, აი, ასეთი დილემა აღმოჩნდა: ოფიციალური ხელისუფლება, თუ ჩემი სამშობლო. და მან უყოყმანოდ აირჩია თავისი სამშობლო. შეებრძოლა ის ოფიციალურ ხელისუფლებას, იმიტომ რომ ეგზარქოსი, მაშინდელი იერარქიით, მეორე კაცი იყო კავკასიაში. ის შეებრძოლა მეფის ხელისუფლებას და სწორედ ეს არ აპატიეს მას.” (სტილი დაცულია)

დიმიტრი ყიფიანს სითამამე არ აპატიეს და სტავროპოლში გადაასახლეს. ერთი წლის თავზე იგი თავში წერაქვჩარტყმული იპოვეს. დღემდე ბოლომდე შეუსწავლელი ამ მკვლელობის მოტივებზე ისტორიკოსი სიმონ მასხარაშვილი საუბრობს:

[სიმონ მასხარაშვილის ხმა] “მათ ეშინოდათ რეალური საფრთხისა დიმიტრი ყიფიანისგან, რომელიც, რა თქმა უნდა, ავტორიტეტი იყო, თუნდაც ამ ჩუდეცკი-ლაღიაშვილის ინციდენტის გამო. ამ დროს კაცს კლავ - ის ხომ ეროვნულ გმირად იქცევა. მაგრამ რუსებს მკვდარი ეროვნული გმირი ერჩიათ ცოცხალ ერის წინამძღოლს.”(სტილი დაცულია)

[აკაკის ხმა - კითხულობს “განთიადს”]
“ნურც მკვდარს გამწირავ, ნურც ცოცხალს,
ზე კალთა დამაფარეო...”

დიმიტრი ყიფიანის ნეშტის ჩამოსვენება მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში ქართული საზოგადოების პირველ მასშტაბურ საპროტესტო აქციად გადაიქცა. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ აკრძალა, სამგლოვიარო პროცესიამ გოლოვინზე, მთავარმართებლის სასახლის წინ, ჩაიარა, შემდეგ კი ნეშტი მთაწმინდას მიაბარეს. რუსული რეჟიმი იძულებული გახდა აღელვებული ქართველებისათვის დაეთმო. რაც შეეხება მთელი ამ ამბის მოთავე იოსებ ლაღიაშვილს, მაშინდელმა ქართველობამ შეიბრალა ობოლი ახალგაზრდა და ყველაფერი გააკეთა მისთვის სასჯელის შესამსუბუქებლად. კონსტანტინე მუხრან-ბატონმა მას იმ დროის საუკეთესო ვექილი - ტურკევიჩი - დაუქირავა. მიუხედავად იმისა, რომ მთავარმართებელი დონდუკოვ-კორსაკოვი და ეგზარქოსი პავლე ლაღიაშვილის სიკვდილით დასჯას მოითხოვდნენ, სამხედრო სასამართლომ არასრულწლოვან დამნაშავეს, ჩამოხრჩობის ნაცვლად, 20 წლით კატორღა მიუსაჯა.

[სიმონ მასხარაშვილის ხმა] “პარადოქსული რამ მოხდა. ის გადაასახლეს აღმოსავლეთ ციმბირში, შემდეგ მოხვდა სახალინზე. შემდეგ, ცნობილია, რომ ის გაიქცა იაპონიაში და, ბოლოს, თავი ამოყო ამერიკაში. 1913 წელს მისი კვალი იკარგება. არის ერთი ვარაუდი, რომ იგი სწორედ მაშინ გარდაიცვალა; შესაძლებელია, რომ მან გაცილებით დიდ ხანს იცოცხლა.” (სტილი დაცულია)

თედო სახოკია იხსენებს, რომ სან-ფრანცისკოში იოსებ ლაღიაშვილი 1913 წელს უნახავს მეზღვაურ ჭავჭავაძეს. მანამდე კი სახალინზე ლაღიაშვილი ჩეხოვს შეხვედრია. რუსი მწერალი თავის მოგონებებში წერს, რომ კუნძულზე ყოფნისას კავკასიაში გახმაურებული მკვლელობის მონაწილე ქართველი ლაგიევი უნახავს. თითქმის საუკუნეა ლაღიაშვილის ბედით არავინ დაინტერესებულა. სად და როდის დაიღუპა მეამბოხე სემინარისტი, უცნობია. ეს, ალბათ, ცალკე საგულდაგულო კვლევის საგანია. ჩვენ კი, უბრალოდ, 119 წლის წინ საქართველოში მომხდარი ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტისა და მისი მოქმედი პირების გახსენება გვსურდა.
XS
SM
MD
LG