Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიმიტრი შოსტაკოვიჩი – 100


“გაუგებარია, როგორ გადაურჩა იგი დახვრეტას?” – ისტორიკოსები,

მუსიკისმცოდნეები ხშირად სვამენ ამ კითხვას, როცა მეოცე საუკუნის მუსიკალური კულტურის ერთ-ერთ ყველაზე დიდ წარმომადგენელზე, დიმიტრი შოსტაკოვიჩზე, საუბრობენ, როცა ეცნობიან 30-იანი, 40-იანი წლების საბჭოთა პრესას. ამ კითხვას დიმიტრი შოსტაკოვიჩის ბიოგრაფები განსხვავებულად უპასუხებენ. ამ კითხვაზე პასუხის გაცემას შევეცდები ჩვენს ყოველკვირეულ პროგრამაში “ოქროს საუკუნე”, რომელიც დღეს დიდი კომპოზიტორის დაბადების მეასე წლისთავს ეძღვნება.

ამბობენ, რომ შოსტაკოვიჩის ხასიათი ძალიან ჰგავდა მის მუსიკას – ისეთივე ფეთქებადი, იმპულსური იყო, როგორც მისი ნაწარმოებების უმრავლესობა. მუსიკალურ ოლიმპზე მან ადგილი დაიმკვიდრა თავისი სიმფონიების, საფორტეპიანო კონცერტების, კვარტეტების ინტენსიური რიტმიკით, საორკესტრო საშუალებების მრავალფეროვანი გამოყენებით, დრამატული დაძაბულობითა და ორიგინალური მუსიკალური იუმორით.

სიცოცხლეში, ისევე როგორც მუსიკაში, ყოველთვის იცავდა ბალანსს... თუმცა ეს არ იყო “კლასიცისტური ბალანსი”, ბანალური წონასწორობა – ეს უფრო რადიკალური ინტონაციების და რადიკალური ქცევის ბალანსი იყო... და რასაც თესდა, იმასვე იმკიდა. მისი შემოქმედებითი ბიოგრაფია მდიდარია ნაწარმოებებით, რომელთა გარეშე დღეს წარმოუდგენელი იქნებოდა მეოცე საუკუნის მუსიკა – გენიალური სიმფონიებით, ოპერებით, ბალეტებით, მაგრამ მის ბიოგრაფიაში არის საბჭოთა-სამხედრო მარშები, ჰიმნები, სტალინისადმი მიძღვნილი ორატორიები, კანტატა “ჩვენი მზე ანათებს”, მუსიკა ფილმისთვის “დიადი მოქალაქე”, რომლითაც შეიქმნა იდეოლოგიური საფუძველი სტალინური რეპრესიებისთვის... მას ხან ფორმალისტს, პორნოგრაფს, ხალხის მტერს უწოდებდნენ, ხანაც სტალინური პრემიებით აჯილდოებდნენ და საბჭოთა მუსიკის კლასიკოსად ნათლავდნენ... ცხოვრებამ აქაც შექმნა ბალანსი, რომელმაც გადაარჩინა დიმიტრი შოსტაკოვიჩი.

[მუსიკა. სამხედრო მარში]

თავის მოგონებებში შოსტაკოვიჩი წერდა: საკმარისია მთავრობისთვის გეცნობებინა, რომ ამჟამად ოპერა “კარლ მაქრსსა” ან “ახალგაზრდა გვარდიაზე” მუშაობ, ერთი-ორი წელი თავს დაგანებებდნენ, ამასობაში შეგეძლო ინსტრუმენტული კვარტეტი დაგეწერა, მერე ავიწყდებოდათ, ან, თუკი გაახსენდებოდათ, იტყოდი, ძალიან სერიოზული თემაა და დამაცადეთო – აცდიდნენ. დროდადრო ბრაზდებოდნენ, მაგრამ ისიც იცოდნენ, რომ, ლიტერატურისგან განსხვავებით, სერიოზული მუსიკა ვერასდროს გახდებოდა იარაღი ოფიციალურ იდეოლოგიასთან ბრძოლაში... თანაც, საბჭოთა მუსიკა, იმავე ლიტერატურისგან განსხვავებით, კადრების სერიოზულ დეფიციტს განიცდიდა. ხელისუფლებას სჭირდებოდა ადამიანები, რომლებიც მისთვის მარშებს და ორატორიებს დაწერდნენ.

[სიმღერა]

ასე შეუკვეთეს მას ომის დროს საბჭოთა კავშირის ჰიმნი. სტალინს აღარ მოსწონდა ინტერნაციონალი, რომლის ავტორი, ყველაფერთან ერთად, ფრანგი იყო. ცეკას გადაწყვეტილებით, ჰიმნი შოსტაკოვიჩს ხაჩატურიანთან ერთად უნდა დაეწერა. ორივე კომპოზიტორმა ეს იდეა აბსურდულად მიიჩნია – იფიქრეს, ცალ-ცალკე დავწეროთ მუსიკა და მერე ვნახოთ, რა იქნებაო. ასე შეიქმნა ოთხი ჰიმნი – ალექსანდროვის, იონა ტუსკიას, შოსტაკოვიჩისა და ხაჩატურიანის. მართალია, ბოლოს, სტალინმა ალექსანდროვის მუსიკა აირჩია, შოსტაკოვიჩსაც მოუწონეს ნამუშევარი – მისი მუსიკა რუსეთის სახელმწიფო ჰიმნად დაამტკიცეს.

[მუსიკა -სიმფონია]

იგი 20 წლის იყო, როცა ლენინგრადის ფილარმონიის ორკესტრმა მისი პირველი სიმფონია შეასრულა. 1929 წელს, მესამე სიმფონიის შესრულების შემდეგ, ფილარმონიაში მისი სურათი, არც მეტი არც ნაკლები, ბეთჰოვენის გვერდით გამოაკრეს. ბოლოს და ბოლოს, ამ ახალი ტალანტით ბელადიც დაინტერესდა – 1936 წლის 26 იანვარს სტალინი შოსტაკოვიჩის ოპერის “მცენსკის მაზრის ლედი მაკბეტის”
წარმოდგენას დაესწრო. ორი დღის შემდეგ “პრავდაში” დაიბეჭდა სტატია -“აბდაუბდა მუსიკის ნაცვლად”. რამდენიმე კვირის შემდეგ კიევის ერთმა გაზეთმა მას უკვე “ხალხის მტერი” უწოდა.

დიმიტრი შოსტაკოვიჩმა სწორედ მაშინ ისწავლა, როგორ უნდა მოქცეულიყო საბჭოთა ხელოვანი ამ დროს. “პრავდაში” დაბეჭდილი სტატია უკომენტაროდ დატოვა, თავის მართლება არ დაიწყო, არც მადლობა გადაუხდია პარტიისთვის – უარი თქვა მეოთხე სიმფონიის შესრულებაზე, დათანხმდა დაეწერა მუსიკა ფილმებისთვის, რომელთაც “პარტიის დაკვეთით” იღებდნენ (მათ შორის, მიხეილ ჭიაურელის “სტალინური” ფილმებისთვის) და სასწრაფოდ შეთხზა მეხუთე სიმფონია, რომელიც ძალიან მოეწონა ბელადს.

[მეხუთე სიმფონია]

“მეხუთე სიმფონიის” იდეა შოსტაკოვიჩმა ასე ჩამოაყალიბა - “პიროვნებად ქცევა”... რას ნიშნავდა ეს? რომელ პიროვნებას გულისხმობდა შოსტაკოვიჩი? როგორც ჩანს, ყველამ ისე გაიგო, როგორც სურდა. მეხუთე სიმფონიის მუსიკა იმდენად მრავალშრიანია, რომ ეს ნაწარმოები მრავალნაირი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. იგივე შეიძლება ითქვას შოსტაკოვიჩის ყველაზე პოპულარულ მეშვიდე სიმფონიაზე, რომელიც კომპოზიტორმა 1941 წელს, ომის დაწყებისთანავე, დაწერა. მოგვიანებით, სოლომონ ვოლკოვთან საუბარში, შოსტაკოვიჩი თავად გაუკეთებს კომენტარს “ლენინგრადის სიმფონიას”. იგი იტყვის: “ფაშიზმი – მხოლოდ ნაციონალ-სოციალიზმი არ არის. ესაა მუსიკა ტერორზე, მონობაზე, სულის მონობაზე.”

[მეშვიდე სიმფონია]

სოლომონ ვოლკოვის წიგნი 1979 წელს გამოიცა, დიმიტრი შოსტაკოვიჩის გარდაცვალებიდან ოთხი წლის შემდეგ. წიგნმა, რომელიც არაერთ ენაზე ითარგმნა, სრულიად დააბნია საბჭოთა კომუნისტური ელიტა – აღმოჩნდა, რომ ვოლკოვთან საუბარში საბჭოთა ხალხის სიამაყე, დიმიტრი შოსტაკოვიჩი, ანტისაბჭოთა მოსაზრებებს გამოთქვამდა, აღმოჩნდა, რომ იგი დისიდენტი იყო. ხელისუფლება შეეცადა ვოლკოვის წიგნი “იმპერიალისტურ სიყალბედ” გაესაღებინა, მაგრამ ვერაფერს გახდა. ბრეჟნევის ეპოქის იდეოლოგებმა შოსტაკოვიჩის ნაწარმოებების აკრძალვაც სცადეს, მაგრამ გვიან იყო – ხალხს კარგად ახსოვდა, როგორ ცდილობდნენ კომუნისტები დიდი კომპოზიტორის დამორჩილებას, რამდენჯერ მიაყენეს შეურაცხყოფა, რამდენჯერ დააშინეს. უფრო მეტიც, ალფრედ შნიდკეს ერთი მოგონებით, ხალხმა სხვანაირად დაიწყო დიმიტრი შოსტაკოვიჩის ნაწარმოებების მოსმენა, მისი მუსიკის ყველაზე ღრმა, ყველაზე დაფარულ შრეებში შეღწევა სცადა და დარწმუნდა – ბალანსი, რომელსაც შოსტაკოვიჩი იცავდა, არ იყო კომპრომისი, შეშინებული კაცის ხარკი. ცხოვრებაში, შესაძლოა, არაერთხელ დათმო, არაერთხელ თქვა ის, რასაც არ ფიქრობდა, მაგრამ მუსიკისთვის მას არასდროს უღალატია.

[მუსიკა. საფორტეპიანო პიესა]
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG