Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების შესახებ სპეციალური ფილმი მომზადდა


ფილმი, რომელიც ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების შესახებ მოგვითხრობს, სპეციალურად ტურისტებისთვის მომზადდა. თავისი უნიკალურობითა და ხელშეუხებელი ბუნებით, ლაგოდეხის ნაკრძალი სამოგზაურო-სათავგადასავლო ეკოკულტურული ტურიზმის მოყვარული უცხოელი და ადგილობრივი ტურისტებისათვის განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენს. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორის ზურაბ რეხვიაშვილის განცხადებით,

ფინანსური კრიზისის მიუხედავად, ლაგოდეხში ტურისტების რაოდენობა, გასულ წელთან შედარებით, არ შემცირებულა.

“ტურისტული სეზონი იანვრიდან იწყება. ექვსი თვის მონაცემებით, უკვე ნამყოფია 2200 ტურისტი. ყველაზე აქტიურად ლაგოდეხს გერმანელები, პოლონელები და ბრიტანელები სტუმრობენ. ტურისტების დიდ ინტერესს ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე არსებული ველური ბუნება იწვევს.

წელიწადის სხვადასხვა დროს ტურისტებს აქ სამხრეთ აფრიკიდან, ისრაელიდან, ავღანეთიდან, შვეიცარიიდან, ბელგიიდანაც ნახავთ. ყველაზე მეტი სტუმარი კი მაინც ზაფხულშია”, - აცხადებს ზურაბ რეხვიაშვილი.

სამოგზაურო პერიოდი ლაგოდეხის ნაკრძალში მაისის თვიდან იწყება და ნოემბრამდე გრძელდება. ამ დროს სეზონისთვის დამახასიათებელი მზიანი ამინდები კარვებში ღამისთევისა და ცხენებით გასეირნების შესაძლებლობას იძლევა.

“ გვაქვს ერთდღიანი ტური - “ლაგოდეხის ჩანჩქერი”. მარშრუტი იწყება ნაკრძალის შესასვლელიდან და მიემართება ტყის ბილიკით მდინარე “შრომის ხევის” ხეობის სიღრმეში. ტურის ძირითადი სანახაობაა ლაგოდეხის ჩანჩქერი, რომლის ვარდნის სიმაღლეა 10 მეტრი და მდებარეობს ზღვის დონიდან 620 მეტრზე. მარშრუტის ხანგრძლივობაა 5-6 საათი, სიგრძე - 10 კმ. საშუალო სირთულის გზაა. გვაქვს ასევე ერთდღიანი ტური - გურგენიანის ჩანჩქერი. აქაც ტურის ძირითადი სანახაობაა გურგენიანის ჩანჩქერი. მისი ვარდნის სიმაღლეა 55 მეტრი და მდებარეობს ზღვის დონიდან 850 მეტრზე. მარშრუტის სიგრძე 15 კმ-ია. არის ასევე ერთდღიანი ტური -“მაჭის ციხე”. ტურის ძირითადი სანახაობაა მაჭის ციხე-ქალაქი, რომელიც აგებულია წმ. არჩილ მეფის მიერ მეშვიდე საუკუნეში და ასრულებდა საზაფხულო რეზიდენციის ფუნქციას. მას განსაკუთრებულ მიმზიდველობას მატებს მიწისქვეშა გვირაბების რთული სისტემა და ამ პერიოდისთვის დამახასიათებელი არქიტექტურული სანახაობა - გალავანი, პატარა ეკლესია”, - ამბობს ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორი ზურაბ რეხვიაშვილი.

ტურისტული მარშრუტების დროს ვიზიტორებს საშუალება ეძლევათ ნახონ გარეული ნადირიც - ისეთი, რომელიც მხოლოდ ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ბინადრობს.

სამოგზაურო პერიოდში ლაგოდეხის ნაკრძალში მუდმივად ნახავთ კულტურული ტურიზმის მოყვარულ მოსწავლე ახალგაზრდებს – მაგალითად, მოსწავლეებს, რომლებსაც მე გავესაუბრე იმისათვის, რომ ლაგოდეხის ნაკრძალში ჩამოსულიყვნენ, ბუნების დაცვის შესახებ დედაქალაქში გამართული კონკურსის გავლაც კი მოუხდათ, სადაც საქართველოს ყველა დაინტერესებულ სკოლას ჰქონდა მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა. გამარჯვებულებს კი ჯილდოდ ტურისტული მარშრუტი ერგოთ.

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე მომსახურების სერვისის კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესება იგეგმება, შესაბამისად, არ არის გამორიცხული მომავალში ტურისტების რაოდენობაც გაიზარდოს.
XS
SM
MD
LG