Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოთარ ჭილაძის “ლექსები და პოემები”


გამომცემლობა “პეგასმა” ოთარ ჭილაძის ლექსებისა და პოემების სრული კრებული გამოსცა. წიგნი ოთარ ჭილაძის ძმამ, მწერალმა თამაზ ჭილაძემ შეადგინა და იგი კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გამოვიდა.

“მეც წავალ, ოღონდ ცოტაც მადროვეთ,

ბარემ შევავსო ბოლო ფურცელიც

და ამოვწურო ეს სიმარტოვე

ეს ფორიაქი ამოუხსნელი.”

ეს ოთარ ჭილაძის ერთ-ერთი უკანასკნელი ლექსია, 2007 წელს დაწერილი. ოთარ ჭილაძის მიერ ასეთი რიტმით წაკითხული ლექსი მე არასდროს მომისმენია. ესაა ლექსი-გამოთხოვება, გამოთხოვება მარტოობასთან და ამოუხსნელ ფორიაქებთან, რითაც სავსე იყო პოეტის ცხოვრება. ოქტომბერში ერთი წელი შესრულდება ოთარ ჭილაძის გარდაცვალებიდან, წლევანდელ გაზაფხულზე კი მისი ლექსებისა და პოემების სრული კრებული ვიხილეთ ერთ წიგნად თავმოყრილი.

კრებული ოთარ ჭილაძის სრულ პოეტურ მემკვიდრეობას მოიცავს, აქაა მისი პირველი კრებული “ძველი რვეული”, “მატარებლები და მგზავრები”, “თიხის ფირფიტები”, “გახსოვდეს სიცოცხლე”. პოემები – “დევებით სავსე ქუდი”, “რკინის საწოლი”, “სინათლის წელიწადი”. ამ წიგნში თვალის გადავლებითაც ჩანს XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქართველი პოეტის მიერ განვლილი გზა, ორი-სამი ლექსის წაკითხვისასაც მოისმის მისი განუმეორებელი ხმა.

როდესაც ბატონი ოთარი გარდაიცვალა, მახსოვს სხვებთან ერთად, პოეტ შოთა იათაშვილსაც ვთხოვე პატარა წერილი დაეწერა მისი პოეზიის შესახებ. შოთამ, ჩემი აზრით ძალზე ზუსტად დაინახა თავისი უფროსი კოლეგა და დრევანდელ გადაცემაშიც, სწორედ მას ვთხოვე ორიდე სიტყვა ეთქვა მის შესახებ: “ყოველთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ხოლმე პოეტის მიმართებას მკითხველტან, ანუ ვის ელაპარაკება პოეტი. არიან პოეტები, რომლებიც მთელ სამყაროს ელაპარაკებიან, როგორც ვთქვათ, უოლტ უიტმენი, მაგალითად მაიაკოვსკი ხალხის მასას ელაპარაკებოდა, თუმც ძალიან კარგად იცოდა კარგი მკითხველის გემოვნება, იყო ბარათაშვილი, რომელიც საკუთარ თავს ელაპარაკებოდა და ა.შ. ზოგი ღმერთს ელაპარაკება, ზოგი ეშმაკს... ოთარ ჭილაძე იყო პოეტი, რომელმაც უბრალოდ აირჩია მოსაუბრედ ერთი ადამიანი”.

პოეტი თავადაც მარტო იყო, მისი ხმა მოისმოდა მარტოობიდან და მარტოობისთვის. მხოლოდ იგი იყო პასუხისმგებელი თავის სიტყვებზე და სწორედ ამიტომაც, წლების განმავლობაში ოთარ ჭილაძის ლექსის მთავარ ნიშნად სიზუსტე იქცა. გურამ ასათიანი, ერთ-ერთ წერილში სიბასრითაც ახასიათებდა მის პოეზიას, ზუსტი შეფასებაა, მხოლოდ ერთს დავამატებდი, ლირიურ გამჭრიახობას, მარტოობით შობილ სიცხადეს.

“რაღაცნაირად ინტიმური გარემო შექმნა, და ეს გარემო იმ პერიოდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, როდესაც ხალხს უკვე მობეზრებული ჰქონდა ის პოეზია, როდესაც მასობრივად ელაპარაკებოდნენ ადამიანებს და სადაც ინდივიდი არ იყო გამორჩეული. როდესაც ან პათოსი ბატონობდა, ან არტისტიზმი. ოთარ ჭილაძემ ეს ყველაფერი დაძლია და დაიწყო სულ სხვანაირი საუბარი მკითხველთან”.

XX საუკუნის 50-60-იანი წლების გასაყარზე ოთარ ჭილაძე ძალზე ზუსტად გამოხატავდა თავის დროებას, იგი ახალი ლექსის, ახალი ხედვის მესაფუძვლედ იქცა: “ოთარ ჭილაძე ლექსებს ძირითადად სამოციან წლებში წერდა და ალბათ ბუნებრივიც იყო, რომ მისი ლექსები სამოციანი წლების ევროპულ ფილმებს, შავ-თეთრ ფილმებს ჰგავდა. აი დაახლოებით ისეთს, ანტონიონის “ღამე” რომ არის, ან “დაბნელება”. ჩუმი, ზანტი, დაძაბული კადრებით. ანდა კამერულ ფრანგულ ფილმებს. ფერადოვნება, სწრაფი რიტმი და მონტაჟური ეფექტები მისთვის უცხოა. მის ლექსებში არც ადამიანები დაჰქრიან, არც მანქანები და არც ლურჯა ცხენები”.

გურამ ასათიანი “უცდომელი ხელით აგებულ შენობას” ადარებდა ოთარ ჭილაძის ნაწერებს. მისი პოეზია “ღრმად გააზრებული, ბოლომდე მომწიფებული ჩანაფიქრისა და უტყუარი შთაგონების ნაყოფია”, წერდა იგი. მასთან ვერ ნახავთ შემთხვევითობას, მიუხედავად იმისა, რომ მის ლექსებში ბევრია მოულოდნელობები. ეს მოულოდნელი პეტური სვლები საბოლოო ჯამში ყველაზე ზუსტი გამოსავალია ხოლმე ლექსისთვის და ლირიკული გმირისთვის.

ოთარ ჭილაძის შესახებ უკვე ათწლეულებია კამათობენ ქართველი ლიტერატურათმცოდნეეები თუ მკითხველები. ნაწილისთვის იგი პოეტი იყო, ზოგი კი მხოლოდ მის პროზაულ ნიჭს აღიარებდა. ჩემი აზრით კი, ოთარ ჭილაძე ბოლომდე პოეტად დარჩა, სიზუსტისა და სიმკვეთრის პოეტად. ასეთი იყო იგი პროზაშიც, ამომწურავი, ძლიერი, თავდაჯერებული.

შოთა იათაშვილი ოტარ ჭილაძის პროზაზე გადასვლას მისი აზროვნების მასშტაბების ზრდას უკავშირებს: “ხშირად ისმის კითხვა, მაინც ვინ იყო ოთარ ჭილაძე თავისი ბუნებით, პოეტი თუ პროზაიკოსი?! საკმაოდ რთული კითხვაა, მაგრამ პასუხი ამ შემთხვევაში იქნება ძალიან მარტივი: ის ძალიან ბუნებრივად მივიდა პოეზიიდან პროზამდე. მისი საუბარი ერთ მკითხველთან, ის ინტიმური საუბარი, რაღაცნაირად არათვითკმარი გახდა, როდესაც მისი აზროვნების მასშტაბები ნელ-ნელა გაიზარდა და აქედან გამომდინარე მისი საუბრის ფორმაც ამიტომაც შეიცვალა და ლექსი იქცა რომანად”.

იმის მიუხედავად, რომ 70-იანი წლების დასაწყისიდან ოთარ ჭილაძემ რომანში იპოვა თავი, იგი სიცოცხლის ბოლომდე მაინც აგრძელებდა ლექსების წერას. მისთვის ყოველთვის უცხო იყო სტერეოტიპები, პოეტური კლიშეები, ლიტერატურულობა, ხმამაღალი ფიქრის მისეული მანერა კი არ ტოვებდა ადგილს პოეტური არტისტიზმისთვის.

ოთარ ჭილაძის ლექსები დღეს ახალი მკითხველი სჭირდება, დაკვირვებული და თავისუფალი მკითხველი.
XS
SM
MD
LG