პარასკევი, 10 თებერვალი, 2012 თბილისის დრო 09:07

რუბრიკები / ბიბლიოთეკა

პოლ ოსტერი – ქალაქელი განდეგილი

პოლ ოსტერი
x
პოლ ოსტერი

მულტიმედია

აუდიო
პოდკასტი
გამოიწერეთGoogle reader
ტექსტის ზომა - +
თითქმის ორი წელია ქართულ ენაზე გამოიცა პოლ ოსტერის ყველაზე ცნობილი რომანი “ნიუ იორკული ტრილოგია”, წიგნი, რომელიც ქართველმა მკითხველმა, შეიძლება ითქვას, ვერ შეამჩნია.

ამ გადაცემას “ქალაქელი განდეგილი” დავარქვი. ცხადია, პოლ ოსტერი არაა კლასიკური განდეგილი, იგი ინტერვიუებსაც ხშირად იძლევა, პრესაშიც იბეჭდება, მკითხველებსაც ხვდება და ფოტო-კამერებთანაც ჩნდება ხოლმე. აქ სხვა ტიპის განდეგილობაზეა საუბარი, უფრო ინტერესზე განდეგილობის მიმართ, რაზეც მოგვიანებით ვიტყვით.

საქართველოში პოლ ოსტერი არ აინტერესებთ. გასულ წელს, ვფიქრობ, საერთოდაც ყურადღების მიღმა დარჩა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, იდუმალი და ჭკვიანი თანამედროვე მწერლის რომანის, “ნიუ იორკული ტრილოგიის” ქართული თარგმანი. ამგვარი უყურადღებობის მიზეზი ძნელი ამოსახსნელია, თუმცა ვინ იცის, იქნებ ეს იმის გამოც მოხდა, რომ საქართველო ძალიანაა მოწყვეტილი დასავლურ ტრადიციას და მჭიდროდაა ჩაკეტილი საკუთარში, რომელსაც ვერც იაზრებს და ვერც ინელებს. პოლ ოსტერის ქართველი მთარგმნელი, ქეთი ქანთარია ნაწილობრივ ამ საკითხსაც შეეხო ჩემთან საუბრისას:
“საინტერესო საკითხია, რამდენად იცნობს ქართველი მკითხველი ისეთ მწერლებს, როგორიცაა პოლ ოსტერი. ევროპისათვის ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მწერალი, არამხოლოდ ამერიკისთვის. და ალბათ იგი გამორჩეულია იმით, რომ რამდენიმე ამერიკელი მწერლის გვერდით დგას, რომლებმაც სხვებზე მეტად მოახერხეს ამერიკული და ევროპული, უფრო მეტად კი ფრანგული ლიტერატურული ტრადიციის შეერთება”.

მისი პირველი წიგნი 1982 წელს გამოვიდა პოლ ბენჯამენის ფსევდონიმით. ამ დროს მომავალი მწერალი უკვე 35 წლის იყო და მთარგმნელის 10-15 წლიანი გამოცდილებაც ჰქონდა. ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა იგი შესანიშნავად იცნობდა ფრანგულ ლიტერატურას და თავის მეუღლესთან, ახლა უკვე ცნობილ მთარგმნელ, ლიდია დევისთან ერთად, იგი ფრანგული პოეზიისა და პროზის თარგმანებზე მუშაობდა. დღეს ლიდია დევისს მთარგმნელად იცნობენ, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ პრუსტის კიდევ ერთი ინტერპრეტაცია შესთავაზა ინგლისურენოვან მკითხველს, პოლ ოსტერი კი, როგორც იტყვიან, საკულტო მწერალი გახდა.

პოლ ოსტერის მწერლურ ბიოგრაფიაში ორმა ადამიანმა შეიტანა განსაკუთრებული წვლილი: ბიძამისმა, ვინაც თავისი ბიბლიოთეკა დაუტოვა მას და მამამ, ვისი გარდაცვალების შემდეგაც, მემკვიდრეობით მიღებულმა ქონებამ საშუალება მისცა ოსტერს თავი დაენებებინა თარგმანით თავის რჩენისთვის და თავისუფალ მწერლად ქცეულიყო.

პოლ ოსტერის სახელით დაწერილი პირველი წიგნიც, “მარტოობის გამოგონება” (1982) სწორედ მამას მიუძღვნა, თუმცა სახელი და დიდება მწერალს 1987 წლის “ნიუ იორკულმა ტრილოგიამ” მოუტანა. რომანი სამი წიგნისგან შედგება, “შუშის ქალაქი”, “აჩრდილები” და “დაკეტილი ოთახი”, რომელთაგან თითოეული გარკვეულ გამოცანას წარმოადგენს, გნებავთ ეკზისტენციალურ დეტექტივს, სადაც უნდა გაერკვევს ავტორი, პერსონაჟი და მკითხველი. გარდა ამისა, ესაა ძალზე უცნაური ურბანული პროზის ნიმუშიც:

“მას აქვს სრულიად განსაკუთრებული ნიუ იორკი. ჩვენ ვიცით, მაგალითად, ვუდი ალენის ნიუ იორკი, სკორსეზეს ნიუ იორკიც არსებობს... ასევე არსებობს პოლ ოსტერის ნიუ იორკიც, ოღონდ ეს არის სრულიად მეტაფიზიკური ქალაქი, რომელიც არც გეოგრაფიული ცნებაა, არც თავისი მუდმივად დასახლებული პერსონაჟები ჰყავს...”

ასეთ ქალაქს, საკმაოდ გრძელი გზის გავლით, ისევ ლიტერატურულ ტრადიციამდე მივყავართ, კერძოდ კი ჰენრი დევიდ თორომდე, ვინაც თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი განმარტოებაში გაატარა, უოლდენის ტბის პირას. ქეთი ქანთარია საინტერესო პარალელს ავლებს თოროსა და ოსტერს შორის. საქმე ისაა, რომ ახალგაზრდობასი პოლ ოსტერს თარგმნილი ჰქონდა ფრანგი ანთროპოლოგისა და ეთნოლოგის, პიერ კლასტრის წიგნი “გუაიაკის ინდიელთა ქრონიკები”. ეს ავტორი, გარდა იმისა, რომ კლოდ ლევი-სტროსის მოწაფე იყო, კიდევ ანარქო-პრიმიტივისტული მოძრაობის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი იყო, ავტორი, ვისთვისაც ცივილიზაციის მიღწევებს დიდი ფასი არ ჰქონდა. აქედან ძალიან ახლოა თორომდე:

7:46 “მას ჰქონდა ბუნების მიმართ არა პრიმიტივისტული ინტერესი, არამედ ადამიანის და ბუნების ოპტომალურ შერწყმას ეძებდა ცხოვრებაში, და პოლ ოსტერსაც შესაბამისად სწორედ თოროს ინდივიდუალიზმი და ანარქიზმი აინტერესებდა, ოღონდ მას აინტერესებდა ადამიანი არა ბუნებაში, სადღაც ტყეში, როგორც თორო, არამედ დაახლოებით შემდეგნაირი გააზრებით: განს გამდგარი ინდივიდუალისტი ქალაქში, ნიუ იორკში, ნიუ იორკის ცენტრში, როგორც ეს არის “ნიუ იორკულ ტრილოგიაში”.

ეს ურბანული მარტოსულობის თემატიკა საერთოდ ძალიან ახლობელია პოლ ოსტერისთვის, მკითხველს (უფრო სწორად კი, მაყურებელს) შევახსენებ ოსტერისა და უეინ ვონგის მიერ გადაღებულ ძალიან სევდიან ფილმს “კვამლი” (1996), სადაც ჰარვი კეიტელი, უილიამ ჰარტი და ფორესტ უიტეკერი თამაშობენ. მართალია ფილმი არაა ისეთი გამოცანებით სავსე, როგორც “ნიუ იორკული ტრილოგია”, თუმცა ავტორის, ანუ პოლ ოსტერის ხელწერა აქაც საგრძნობია.

ტრილოგიამდე, როგორც მახსოვს, პოლ ოსტერის კიდევ ერთ წიგნს უტრიალებდა მთარგმნელი ქეთი ქანთარია, “ილუზიების წიგნს” (2002). იმ დროს ეს მწერლის ბოლო რომანად ითვლებოდა, დღეითვის კი ოსტერმა კიდევ 5 ნაწარმოები გამოსცა:
“თავიდან დავიწყე პოლ ოსტერის “ილუზიების წიგნის” თარგმნა, რომელიც ასევე არაჩვეულებრივი რომანია. მერე შევხვდი ამ გადაცემის წამყვანს, მალხაზ ხარბედიას, რომელმაც მითხრა, რომ მას უფრო მეტად აინტერესებდა “ნიუ იორკული ტრილოგია”. ტრილოგია წაკითხული არ მქონდა, წავიკითხე, ძალიან მომეწონა და მაშინვე გადავერთე “ნიუ იორკულ ტრილოგიაზე”. არც მინანია, უბრალოდ მეჩვენებოდა ხოლმე, რომ ზედმეტად ემოციურად ვთარგმნიდი და ზედმეტად დიდხანს გრძელდებოდა ეს ამბავი, იმიტომ, რომ ჩემი ძირითადი საქმისგან თავისუფალ დროს ითარგმნებოდა წიგნი. დაახლოებით ორი წელი მოვუნდი. ეს თარგმანი სულ შემთხვევით გადაურჩა ქურდობას. საქმე ისაა, რომ მე კომპიუტერი მომპარე, თარგმანის ტექსტი კი ერთი დღით ადრე მქონდა გადაწერილი დისკზე, ეტყობა გულმა მიგრძნო, ასეთია თარგმანის მოკლე ისტორია”.

ვინც ოსტერის ნაწერებს იცნობს, ქეთი ქანთარიას თავს გადამხდარ ისტორიაში რამდენიმე ნაცნობ მოტივსაც აღმოაჩენს, ხოლო ვინც არ იცნობს, დროა გაიცნოთ ეს ნიუ-იორკელი იდუმალთმეტყველი.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ki-ara საიდან გვწერთ: tiflis
26.07.2010 00:56
ქართული ისტორიისა და კულტურის ძირითადი მახასიათებელი მისი გახსნილობა იყო გარე სამყაროსადმი და ოდითგან მნიშვნელოვან კულტურულ ცენტრებთან ურთიერთობის შესაძლებლობა. ასე, რომ სსრკ-ს ჩაკეტილი სივრციდან გამოსვლის შემდეგ დაბრუნება ხდება ჩვეულ ინფორმატიულ ველში,რაც დროთა ვითარებაში აუცილებლად მოიტანს შედეგს. ასე, რომ კი არ კვდება ნელ-ნელა ცოცხლდება კულტურული პოტენციალი, რაც ქართველ ერს გააჩნია.

ავტორი: Túrin Turambar საიდან გვწერთ: Middle-earth
16.07.2010 11:33
ოსტერის წიგნის ქართულად გამოცემიდან რამდენიმე კვირაში შევიძინე "ნიუ იოურკული ტირლოგია" . მერე, შთაგონებულმა და აღფრთოვანებულმა ჩემს ბლოგზე პოსტიც კი მივუძღვენი (აშკარად წიგნის სჯობს პოსტს :D ) .

მერე რამდენიმე მეგობარს ვათხოვე და არ მოეწონათ :) მე კი, როგორც უკიდურესად ურნაბისტ ადამიანს, ძალიან დიდი სიამოვნება მომანიჭა. ოსტერიც homo urbanus-ი არის :)

ავტორი: cnobismoyvare
12.07.2010 19:02
აქამდე ისე ითვლებოდა რომ ერის,ნებისმიერი ერის კულტურული ელიტის მისიებს შორის ერთ ერთი მთავარი მისიაა ერისათვის მისი კულტურის,ტრადიციების,წეს-ჩვეულებების და ისტორიის მნიშვნელობისა და ღირებულების ახსნა თუ კი ერი რატომღაც ვერ ან ვეღარ ახერხებს ყოველივე ამის გააზრებას. სხვა მისიაა მისი საკუთარი კულტურის დამფასებელი და გამააზრებელი ერისთვის სხვა კულტურების სილამაზისა და ღირებულების ჩვენება. მაგრამ თუ კი ერს თავისი საკუთარი კულტურა არ ესმის და მას სხვა კულტურას უტენიან თავში ამას ასიმილაციას უძახოდნენ. გარუსების ნაცვლად გაამერიკელება ქართველს აალბათ როგორც ქართველს არ არგებს შეიძლებაო სხვა კულტურის გააზრება და დაფასება საკუთარი კულტურის გააზრებასთან და დაფასებასთან ერთად. ეხლა ამ წარმოდგენებში რამე შეიცვალა? შეიცან თავი შენიო,ამას ეუბნებოდნენ პირველ რიგში ადამიანებს სოკრატე და დელფოს მისანი. საკუთარი კულტურა და ეროვნული ღირებულებები ამ მეობის ნაწილია და ალბათ უმთავრესი ნაწილი. იქნებ მოხერხდეს საწყალი და დაბეჩავებული ქართველებისთვის მათი მეობის ამ ძვირფასი ნაწილის გააზრებაში დახმარების გაწევა? ეს გააადვილებს ალბათ ამერიკული და სხვა კულტურების დაფასებასაც იმიტომ რომ საკუთარი კულტურის დამვიწყებელი და ვერდამფასებელი ანუ უკულტურო და ველური არსება ვერაფერს ვეღარ გაიგებს. ასე ფიქრობდნენ ყოველ შემთხვევაში ძველად. ეხლა რამე შეიცვალა?

ავტორი: melanqolikosi
12.07.2010 18:39
საკუთარი ტრადიციის გაუაზრებლობა ჩემის აზრით აზრით ნიშნავს მის დაკარგვას ან მისი დაკარგვის გზაზე დადგომას. ასე დაემართათ ეტრუსკებს რომლებისთვისაც რომაელებს გენოციდი არ მოუწყვიათ,არ გადაუსახლებიათ ეტრუსკები ისე როგორც რუსები და ბოლშევიკები ასახლებდნენ ხალხებს. ეტრუსკებმა "უბრალოდ" დაივიწყეს თავისი ენა,წეს-ჩვეულებები,ისტორია,ყოველივე ამის მნიშვნელობა. იტალიური რენესანსის მამა მედიჩებს და საფრანგეთის დედოფალ ეკატერინე მედიჩის ახსოვდათ რომ მათ წინაპრებს შორის ეტრუსკებიც იყვნენ და ამაყობდნენ ამით მაგრამ თვითონ ისინი ეტრუსკები აღარ იყვნენ. ასე დაემართებათ ქართველებსაც თუ ისინი არასერიოზულად შეხედავენ თავის კულტურას,ისტორიას,ტრადიციებს და წეს ჩვეულებებს. ისინი უბიხებივით და ეტრუსკებივით გაქრებიან. ეს რეალური საშიშროებაა. მაპატიეთ რომ ერთი სიტყვის გამო ასე ცხარედ ჩავერიე. ისე ამერიკული და სპარსული (და სხვა) ლიტერატურები ძალიან მიყვარს და მაგ წიგნსაც ვიშოვი. სოს ! ქართველი ერი როგორც ერი გაქრობის გზაზეა...ცოდოა ქართველი ერი...

ყველაზე პოპულარული