Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გლეხები ინვესტორების წინააღმდეგ


მარტვილის რაიონის სოფელ ონოღეას მცხოვრებლებმა დღეს, 12 ივლისს, თბილისში, პუშკინის სკვერში, აქცია გამართეს - სოფლის მოსახლეობა მათი სოფლის საძოვრის - 64 ჰექტარი მიწის - ინვესტორისათვის გადაცემას აპროტესტებდა. სოფლის მცხოვრებთა განცხადებით, მიწას ახლა იტალიური კომპანია ”ფერერო” ფლობს, მათი საქონელი კი საძოვრის გარეშეა დარჩენილი.

ინეზა ძაგანია, მარტვილის რაიონის სოფელ ონოღეაში მცხოვრები, ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც სოფელში არსებული 64 ჰექტარი მიწა ინვესტორს გადაეცა, სოფლის 200 კომლი საძოვრის გარეშეა დარჩენილი. არადა, სოფლის მცხოვრებთა უმრავლესობა სწორედ მესაქონლეობით ირჩენს თავს. ინეზა ძაგანიას განცხადებით, ტერიტორია შემოღობილია, დაცვა დგას და მოსახლეობას არ უშვებენ.

მარტვილის რაიონის გამგებლის მამუკა დანელიას განმარტებით, შეთანხმება მოსახლეობასა და ინვესტორს შორის შედგა და 64 ჰექტარიდან 20 ჰექტარი მოსახლეობას საძოვრებისთვის დაუბრუნდა. იგი ასევე ამბობს, რომ მოსახლეობის პროტესტი გაუგებარია, რადგან ინვესტორს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწა გადაეცა, რომელიც რუკაზე საძოვრად მონიშნული არ იყო.

არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პროგრამების დირექტორის ნინა ხატისკაცის განმარტებით, ტურიზმის განვითარებასა და ინვესტორების მოძიებასთან დაკავშირებით სახელმწიფოს ქმედებებს შეიძლება მრავალი ასეთი გაუგებრობა მოჰყვეს, რადგან მიწების უმეტესობა პრივატიზებული არ არის, შესაბამისად, იურიდიულად ისინი სახელმწიფოს საკუთრებაშია, მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ ჰექტარ მიწას თავისი დე ფაქტო მფლობელი ჰყავს.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG