Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წყალდიდობა კახეთში


წუხელ, 16 ივლისს, წყალდიდობის გამო კახეთის რეგიონის დედოფლისწყაროს და გურჯაანის რაიონების მოსახლეობა დაზარალდა. კოკისპირულ წვიმამ დატბორა ადგილობრივ მცხოვრებთა სახლები და სავარგულები. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ამჟამად მოსახლეობას დახმარებას უწევენ და პარალელურად მიყენებულ ზარალსაც ითვლიან. ადგილობრივი ხელისუფლების მიერ შეიქმნა კომისია, რომელიც შეისწავლის მდგომარეობას და შესაბამისად გადაწყდება ზარალის ანაზღაურების საკითხიც.

დედოფლისწყაროს რაიონის 110 ოჯახი დაზარალდა წყალდიდობის გამო. მათ საცხოვრებელ სახლებში წყალი შევიდა, მოსახლეობამ საქონლის გადარჩენა მოასწრო. გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში კი უხვი ნალექის გამო ადგილობრივი წყლის არხი ამოივსო და ორი ოჯახის საცხოვრებელი სახლები და რამდენიმე ჰექტარი მიწა, სადაც მოსახლეობას ვაზი და ხეხილის ბაღები ჰქონდა გაშენებული, დაიტბორა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი შოთა უტიაშვილი ჰყვება იმას, თუ როგორ მოიმატა სოფელ კარდენახში არსებულ წყლის არხში წყლის რაოდენობამ და რა ზარალი მიადგა ადგილობრივ მოსახლეობას.

“ჭარბი ნალექის გამო სოფელ კარდენახში არსებული ხევის კალაპოტი ქვა-ღორღით ამოივსო. ზოგან კალაპოტი ჩაღრმავდა, რამაც გამოიწვია ორი უბნის დამაკავშირებელი გზის გაფუჭება. ქვა-ღორღმა აამაღლა კალაპოტი და გადმოსულმა წყალმა დატბორა დაახლოებით 3-4 ჰექტარი სავარგულები და 2 მოსახლის საცხოვრებელი სახლი. დილიდან შეიქმნა კომისია და ახლა მიმდინარეობს ზარალის დადგენა”, - აცხადებს შოთა უტიაშვილი.

კარდენახში მცხოვრები გულნაზ ბარამაშვილი ამბობს, რომ სუფელში უკვე თითქმის 50 წელია არხთან დაკავშირებით პრობლემებია, ყოველი წვიმის შემდეგ არხი ივსება და რამდენიმე ოჯახში წყალი შევარდება ხოლმე. გულნაზ ბარამაშვილი ამბობს, რომ რამდენიმე წლის წინ ადგილობრივმა ხელისუფლებამ წყლის არხი და მისი სათავე ნაგებობა შეაკეთა, თუმცა, მისი განცხადებით, მილები, რომლებიც ჩაიდო, წყლის დიდ რაოდენობას ვერ ატარებს და მაინც გადმოდის.

”სათავე ნაგებობას თუ არ გააკეთებენ, აქაურობას არაფერი ეშველება. 50 კომლი შედის ამ სოფელში და ყველაზე დაზარალებული და გაუბედურებული ჩემი ოჯახია. აქ არის შევიწროებული ადგილი და წყალი პირდაპირ ჩემს ეზოში გადმოჩქეფს. დაზიანებულია კედლები”, - ამბობს გულნაზ ბარამაშვილი.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელ შოთა უტიაშვილის განცხადებით, ამჟამად სპეციალური ტექნიკა წყლის არხს და იმ გზას წმენდს, რომელიც სოფლებს ერთმანეთთან აკავშირებს.
რაც შეეხება დედოფლისწყაროს რაიონში არსებულ მდგომარეობას, რაიონის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნიკოლოზ შანშიაშვილი ამბობს, რომ რაიონში 110 კომლის სახლები და ეზოები დაიტბორა.

”გუშინ საღამოდანვე დაიწყო სახლებიდან და ეზოებიდან წყლის ამოტუმბვა, დაზიანებულია საკარმიდამო ნაკვეთები და ნათესები. ამჟამინდელი ინფორმაციით, დატბორილია 110 საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამი ნაკვეთი, წყალდიდობამ გზები და სანიაღვრე სისტემაც დააზიანა”,- აცხადებს ნიკოლოზ შანშიაშვილი.

სახელმწიფო რწმუნებული კახეთის რეგიონში გიორგი ღვინიაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ ზარალის დადგენა მიმდინარეობს. იგი ასევე ამბობს, რომ მოსახლეობას მოსავლის დიდი ნაწილი გადაურჩა. მიუხედავად იმისა, რომ სავარგულები დაიტბორა, ხეხილისა და ვაზი მცირე ნაწილი დაზიანდა. შესაბამისად, ზარალიც დიდი არ უნდა იყოს.

”მუშაობა გრძელდება. ასევე პარალელურად მიმდინარეობს ზარალის დათვლა და ამის შემდეგ უკვე მივიღებთ გადაწყვეტილებას”,- განაცხადა გიორგი ღვინიაშვილმა.

ღვინიაშვილმა არ დააკონკრეტა რა მოხდება მას შემდეგ, როცა სპეციალურად ადგილობრივი ხელისუფლების მიერ შექმნილი კომისია ზარალს დათვლის. კითხვაზე, მიიღებს თუ არა მოსახლეობა რაიმე კომპენსაციას, სახელმწიფო რწმუნებულმა კახეთის რეგიონში განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ეს თემა არ განიხილება.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG