Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მილსადენების პოლიტიკა ცვლილებებს განიცდის


ჩრდილოეთი-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციის პროცესი
ჩრდილოეთი-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციის პროცესი
საქართველოში დიდი ხმაური მოჰყვა ეგრეთ წოდებული მაგისტრალური გაზსადენის სტრატეგიული ობიექტების ნუსხიდან ამოღების გადაწყვეტილებას. პოლიტიკოსებისა და ექსპერტების ნაწილი შიშობს, რომ საქართველოზე გამავალი რუსეთისა და სომხეთის დამაკავშირებელი მილსადენი შეიძლება რუსეთმა შეიძინოს. მთავრობა საწინააღმდეგოს ამტკიცებს, ენერგეტიკული უსაფრთხოების ექსპერტები კი ამ მილსადენის პოლიტიკური მნიშვნელობის დაკნინებაზე საუბრობენ.

რუსეთს მაგისტრალური გაზსადენის მეშვეობით უჩნდება მექანიზმი, რომ ახალი პროექტების ტორპედირება მოახდინოს ...
221 კილომეტრი სიგრძის ეგრეთ წოდებული მაგისტრალური გაზსადენი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე გადის და ერთმანეთთთან აკავშირებს რუსეთისა და სომხეთის გაზგამანაწილებელ სისტემას, საქართველოს პარლამენტმა არასაპრივატიზაციო ობიექტების სიიდან ამოიღო. გაჩნდა ეჭვი, რომ, გაზსადენის საპრივატიზაციოდ გამოტანის შემთხვევაში, ის შეიძლება რუსეთმა იყიდოს. ენერგეტიკული უსაფრთხოების ექსპერტი გია ხუხაშვილი მაგისტრალური გაზსადენის აქციათა მცირე რაოდენობის გაყიდვას არ ეწინააღმდეგება, მაგრამ მასზე რუსეთის სრული კონტროლის დამყარების წინააღმდეგია:

”უნდა ვიყოთ პერსპექტიული ქვეყანა ამ მიმართულებით, რომ საინტერესო ვიყოთ დასავლეთისთვის. თუ ჩვენ ეს გვინდა ამისთვის საჭიროა სხვა მარშრუტები. სხვა მარშრუტები ვერ შედგება თუ გაზსადენი გადავიდა რუსეთის ხელში. რუსეთს მაგისტრალური გაზსადენის მეშვეობით უჩნდება მექანიზმი, რომ ახალი პროექტების ტორპედირება მოახდინოს.”

გია ხუხაშვილი, ექსპერტი
რუსეთს მაგისტრალური გაზსადენის მეშვეობით ირანული გაზის გატანის სურვილი წლების წინაც ამოძრავებდა და საქართველოს ხელისუფლებაც მზად იყო მოსკოვის სურვილი დაეკმაყოფილებინა. მაგრამ მაშინ, 2005 წელს, აშშ-ის მთავრობის ჩარევით, ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის ფარგლებში, მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციისთვის 35 მილიონი აშშ დოლარი გამოიყო იმ პირობით, რომ გაზსადენი სახელმწიფო საკუთრებაში დარჩებოდა. ექსპერტები ფიქრობენ, რომ ამ ნაბიჯით რუსეთმა ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის მშენებლობისა და ”ნაბუკოს” პროექტის განხორციელების შემაფერხებელი ერთ-ერთი ბერკეტი დაკარგა.

კასპიის რეგიონში მილსადენების პოლიტიკაში შეცვლილ ძალთა ბალანსზე ისაუბრა რადიო თავისუფლების რუბრიკის ინტერაქტიული დიალოგის სტუმარმა, ენერგეტიკის ექსპერტმა ლიანა ჯერვალიძემ.

”მე იმ საფრთხეებს, რაც მაშინ იყო, ვეღარ ვხედავ. დასავლეთ-აღმოსავლეთის ენერგეტიკული დერეფანი უკვე არსებობს. ასევე, ჩვენ გვყავს ორი მომწოდებელი და არ ვართ რუსულ გაზზე დამოკიდებული და აქედან გამომდინარე ის საფრთზხეები რაც 203 წელს არსებობდა აღარ არის”, - თქვა მან.

ლიანა ჯერვალიძე იქვე აღნიშნავს, რომ, მიუხედავად ამისა, წინააღმდეგია ჩრდილოეთ-სამხრეთის ეგრეთ წოდებული მაგისტრალური მილსადენი მთლიანად გაიყიდოს და მოითხოვს, პრივატიზაციის შემთხვევაში, სახელმწიფოს საკუთრებაში მილსადენის 51 პროცენტი მაინც დარჩეს.

გამომდინარე ახალი რეალობიდან, რაზეც ექსპერტი ლიანა ჯერვალიძე საუბრობდა, საქართველოს მთავრობამ მილსადენის სტრატეგიული ობიექტების სიიდან ამოღების გადაწყვეტილება მიიღო. შეგახსენებთ: ამ ჩამონათვალში არც არასდროს ყოფილა სხვა, საქართველოსთვის უფრო მნიშვნელოვანი, მილსადენები - ბაქო-თბილისი-სუფსის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენები და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი.

საქართველოს ენერგოუსაფრთხოების საკითხი მოკლევადიან პერსპექტივაში გადაწყვეტილია ...
შეცვლილი რეალობიდან გამომდინარე, მაგისტრალური გაზსადენის არასაპრივატიზაციო ობიექტების ნუსხიდან ამოღების ერთ-ერთი ავტორი, საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლაშა თორდია მიიჩნევს, რომ მაგისტრალური გაზსადენის პრივატიზებაში საფრთხეს ვერ ხედავს:

”არ მინდა ჩამთვალოთ, რომ რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში პოლიტიკურად რაიმენაირად კეთილგანწყობილი ვარ... მაგრამ ჩემი პირადი აზრი თუ გაინტერესებთ, არანაირ პრობლემას არც ეგ არ შექმნის.”

საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ თუ მაგისტრალური გაზსადენის პრივატიზება გადაწყდა, აქციების 49 პროცენტზე მეტს არ გაასხვისებენ.

გაზსადენის აქციების მცირე რაოდენობის გასხვისების წინააღმდეგი არ არის, თუმცა ოპონენტების მოსაზრებებს არ ეთანხმება ექსპერტი გია ხუხაშვილი:

”მაგისტრალური გაზსადენის გადაცემა თავისთავად მეყსეულად კი არ იწვევს რაიმე უარყოფით შედეგებს, არამედ ეს გახდება მექანიზმი რუსეთის ხელში საქართველოს გეოპოლიტიკური აქტიურობის ტორპედირებისთვის.”

თუმცა ოპტიმისტები მიიჩნევენ, რომ ვითარება იცვლება და ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენი იმ მნიშვნელობის მატარებელი აღარაა, რაც მას დაახლოებით ხუთი წლის წინ ჰქონდა, როდესაც საქართველოს გაზმომარაგების ერთადერთ საშუალებას წარმოადგენდა. ახლა საქართველოს ჰყავს გაზის ორი მომწოდებელი, აზერბაიჯანის კომპანია ”სოკარისა” და ბაქო-თბილისი-ერზერუმის მილსადენის კონსორციუმის სახით. ამ და სხვა ცვლილებების გათვალისწინებით, ექსპერტი ლიანა ჯერვალიძე აცხადებს, რომ საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოება უზრუნველყოფილია:

ლიანა ჯერვალიძე, ექსპერტი
”საქართველოს ენერგოუსაფრთხოების საკითხი მოკლევადიან პერსპექტივაში გადაწყვეტილია. გრძელვადიან პერსპექტივაზე მუშაობა მიდის. საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოება ეფუძნება ადგილობრივ წარმოებას.”

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ენერგეტიკული უსაფრთხოების პრობლემების გადაწყვეტამ საქართველოს მთავრობას უფრო თამამი ნაბიჯების გადადგმისკენ უბიძგა. თავდაპირველად საქართველომ რუსეთიდან მომავალ გაზსადენზე დამოკიდებულება შეამცირა, შემდეგ მომწოდებლების დივერსიფიცირება მოახდინა, ენერგიის ადგილობრივი წარმოება აღადგინა და, ბოლოს, მისი ექსპორტი დაიწყო.
XS
SM
MD
LG