პარასკევი, 10 თებერვალი, 2012 თბილისის დრო 06:49

რუბრიკები / ბიბლიოთეკა

ორჰან ფამუქის მეოთხე წიგნი ქართულ ენაზე

ორჰან ფამუქი, თურქი ნობელიანტი მწერალი

მულტიმედია

აუდიო
პოდკასტი
გამოიწერეთGoogle reader
ტექსტის ზომა - +
ბოლო 2 წლის მანძილზე თურქი ნობელიანტი მწერლის, ორჰან ფამუქის 4 წიგნი გამოვიდა ქართულ ენაზე. მათ შორისაა სულ ახლახანს გამოცემული “მე წითელი მქვია”, მწერლის ყველაზე ცნობილი რომანი.

შედარებით ახალი თაობის თანამედროვე მწერლებს შორის ფამუქი მემგონი ერთადერთია, ვისი 4 წიგნიც ითარგმნა ქართულ ენაზე. ამ მხრივ ფამუქმა მიშელ უელბეკსაც გადაუსწრო. ქართული ფამუქი ჩვენი თანამედროვე ლიტერატურის ერთ-ერთი ნათელი წერტილია, თუკი გავითვალისწინებთ სავალალო მდგომარეობას და წარმოუდგენლად ნელ ტემპებს, რა ტემპებითაც ითარგმნება კლასიკა და უახლესი მწერლობა. ფამუქი ამ მხრივ ნამდვილად გამონაკლისია. მას ყველაზე მეტად გაუმართლა ჩვენში, თუმცა უფრო მეტად გაუმართლა ქართველ მკითხველსაც, იმის გამო, რომ საქართველოში აღმოსავლეთმცოდნეობის კარგი სკოლა არსებობს და ჩვენი თურქოლოგები კლასიკაზე უფრო ბარაქიანად უახლესი ლიტერატურის ნიმუშებს თარგმნიან. აღმოსავლეთმცოდნეს, მთარგმნელისა და პოეტის გიორგი ლობჟანიძის აზრით, საქართველოში არავინ დალოდებია, სანამ ფამუქს მსოფლიო აღიარებდა, მას ნობელის პრემიამდეც კარგად იცნობდნენ ჩვენში:

“რაც შეეხება ქართულ თარგმანებს... ქართული აღმოსავლეთმცოდნეობა არ დალოდებია იმას, რომ ფამუქი მსოფლიოში ეღიარებიათ და გამოჩენისთანავე დაიწყო მისი შემოქმედების შესწავლა. ჩვენი თურქოლოგები – თამუნა ალფენიძე, ქეთევან ტომარაძე, ნანა ჯანაშია და ლია ჩლაიძე აქტიურად შეისწავლიდნენ და თარგმნიდნენ მის ნაწარმოებებს”.

თავად ფამუქი, მისი პირადი ცხოვრებით, შეხედულებებით და წერის მანერით, ცალკე თემაა. XX საუკუნის 80-იანი წლების თურქეთში არავინ ელოდა ასეთი მწერლის გამოჩენას, მწერლისა, რომელიც გულახდილიც იყო და თამაშობდა კიდევაც კულტურული მეტაფორებით. ფამუქში, შეიძლება ითქვას აღმოსავლური და დასავლური ლიტერატურული ტრადიციის შერწყმა მოხდა:

“საერთოდ ძალიან უცნაური იყო ფამუქის გამოჩენა თურქულ ლიტერატურაში და კონკრეტულად იმ სახის მწერლის გამოჩენა, როგორიც ფამუქია. საკმაოდ ღარიბია თურქული ლიტერატურა, განსხვავებით სხვა აღმოსავლური ლიტერატურებისგან და მას პრაქტიკულად თანამედროვე ლიტერატურა ისეთი დონის ჰქონდა, რომ ნაკლებ სავარაუდო იყო ამ მასშტაბის მწერლის გამოჩენა. თვითონ თურქეთში ფამუქის მიუღებლობა მემგონი სწორედ ამითაც არის განპირობებული, რომ იგი პიროვნული აქტით შემდგარი მწერალი უფროა და დიდად გაუსწრო დროს და თავის თანამედროვე თურქულ ლიტერატურას. თავის მხრივ მისი პოლიტიკური შეხედულებებიც ამძაფრებს პროტესტს და ხშირად გამიზნული ხასიათის არის ხოლმე, რათა დასავლური საზოგადოების ყურადღება მიექცია”.

ჩემი პირველი ფამუქი რუსულად თარგმნილი “შავი წიგნი” იყო, ზუსტად არ მახსოვს, დაახლოებით 2002-2003 წელს წავიკითხე. შემდეგ ამას “მე წითელი მქვია” მოჰყვა, ასევე ფამუქის შედარებით ადრეული წიგნები, “თეთრი ციხესიმგრე” (1985), “ჯევდეთ ბეი და მისი ვაჟიშვილები” (1979), ყველაზე ახალი გამოცემებიც, “თოვლი” (2002) და “სტამბოლი – მოგონებების ქალაქი” (2003). ფამუქისთვის გამოყოფილი ჩემი თარო ყოველწლიურად იზრდება, მას სულ ბოლოს ქართულად დაბეჭდილი “მე წითელი მქვია”-ც შეემატა, თუმცა ქართული ფამუქიადა შედარებით ადრე დაიწყო, რამდენიმე წლის წინ და თავდაპირველად მთარგმნელები ფამუქის ნაკლებად ცნობილ ნაწარმოებებზე სინჯავდნენ ძალებს:

“როდესაც თარგმანზე ვლაპარაკობთ, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ არჩევანი, ანუ რას ვირჩევთ, და ფამუქის შემთხვევაში ქართველმა მთარგმნელებმა რატომღაც სამწუხაროდ მისი მეორეხარისხოვანი ნაწარმოებები აირჩიეს თავიდან. თუნდაც იგივე “ორმაგი სახე”, ქეთევან ტომარაძის მიერ თარგმნილი “თეთრი ციხესიმაგრე”, ნანა ჯანაშიას “ჯევდეთ ბეი და მისი ვაჟიშვილები” არ იყო ამ მწერლის საუკეთესო ნაწარმოებები და მხოლოდ ბოლოს რაც ითარგმნა, ლია ჩლაიძის მიერ შესრულებული “მე წითელი მქვია”, ითვლება, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ნაწარმოებია ფამუქისა. ჩემზე სწორედ ეს თარგმანი ახდენს განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას. აქ იგრძნობა სწორედ ქართული მთარგმნელობითი სკოლის ძალიან მაღალი დონე და ის კლასი, რომლის ქვემოთაც დონე არ უნდა დაეშვას.

“მე წითელი მქვია”-ში მოთხრობილი ამბავი იმ დროისაა, როცა სტამბული შედარებით პატარა და ღარიბული, მაგრამ სამაგიეროდ, უფრო ბედნიერი ქალაქი იყო, როცა ფადიშაჰები მოცალეობისას წიგნების კითხვასა და მინიატურების ჭვრეტაში ატარებდნენ დროს. ერთ-ერთი ასეთი ფადიშაჰის მიერ შეკვეთილი წიგნის გარშემო ტრიალებს რომანის მთელი სიუჟეტი და ყველა მთხრობელი სწორედ ამ წიგნის შექმნასთან დაკავშირებულმა მოვლენებმა გააერთიანა. მთხრობელი კი ბევრია წიგნში: ყარა, ენიშთე ეფენდი, შექურე, ენიშთე ეფენდის მოსწავლეები - ქელებექი, ლეილექი და ზეითინი, ებრაელი ქალი ესთერი, ოსტატი ოსმანი, ძაღლი - ყავახანაში დაკიდებული ნახატიდან, ოქროს მონეტა, ხე, ცხენი, სიკვდილი, შაითანი, ორი დერვიში (ასევე მინიატურებიდან) და რაც მთავარია - თავად წითელი ფერი, რომანის მთავარი ხმა:

“”მე მქვია წითელი” იმით არის მნიშვნელოვანი ნაწარმოები, რომ ძალიან ბევრ პრობლემას, რომელიც საქართველოსათვისაც არის მტკივნეული, ფამუქი შემოქმედებითად სვამს და ამუშავებს. მათ შორის, დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის ურთიერთობის ურთულესი პრობლემა, რომელზეც მთელი ლიტერატურაა შექმნილი და ცალკე ამ ლიტერატურის კვლევა ძალიან შორს წაგვიყვანს. ფამუქი ძალზე ორიგინალურად განიხილავს ამ საკითხს თავის წიგნში და იმდენად ფაქიზ შტრიხებს გვთავაზობს აღმოსავლელი კაცის ქცევისას და ამ ქცევის აღქმისას დასავლეთის მიერ, რომ ძალიან იშვიათად მეგულება მსოფლიო ლიტერატურაში ამ ტიპის ნაწარმოები, რომელიც ამ პრობლემას ამ სიღრმით განიხილავს. გარდა ამისა ეს ნაწარმოები ენობრივადაა ძალიან საინტერესო, რაც ქართულ თარგმანშიცაა შენარჩუნებული. როგორც მკითხველმა იცის, თვითონ წიგნი აგებული პერსონაჟთა მონათხრობზე, ნაამბობებზე, რომელიც, თავისთავად, არ არის ახალი ხერხი, ლიტერატურული თვალსაზრისით, თუნდაც ქართულ ლიტერატურაში რომ გავიხსენოთ, დათა თუთაშხია ამის ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო მაგალითია, მაგრამ სათარგმნელად ეს ძალიან რთულია, იმიტომ, რომ ყველა პერსონაჟს მეტყველების თავისი დამახასიათებელი მანერა აქვს, რაც თურქულ ორიგინალში არის, როგორც მე მითხრეს, და ქართულშიც გადმოტანილია შესაბამისად, ლია ჩლაიძის მიერ. გარდა ამისა, იქ არის უამრავი დეტალი, პროფესიული თვალსაზრისით, რომელიც უბრალოდ ბრწყინვალედ არის შესრულებული და მე ვფიქრობ, რომ ჩვენი კითხველი ამას ადეკვატურად დააფასებს”.

ჩვენ კი იმედი დავიტოვოთ, რომ ახლო მომავალში თავად ავტორსაც გავიცნობთ პირადად. საქართველოში უკვე ყველა პირობა არსებობს საიმისოდ, რომ თურქი ნობელიანტი ვისტუმროთ. თანაც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ორჰან ფამუქს თბილისზეც აქვს დაწერილი რამდენიმე ძალიან თბილი სიტყვა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: guu საიდან გვწერთ: Tbilisi
23.08.2010 16:38
მე რამდენადაც ვიცი, უბიწოების მუზეუმი ჯერ არ არის ქართულად ნათარგმნი, სამწუხაროდ.

ავტორი: solomon საიდან გვწერთ: პეკინის ქუჩიდან
15.08.2010 19:34
"მსოფლიო ლიტერატურის შედევრებისა და ბესტსელერების" პირველ ტომში მითითებული იყო, რომ ამ სერიაში უნდა გამოსულიყო ფამუქის "მე წითელი მქვია" და უელბეკის "პლატფორმა" ... მათ ნაცვლად, მე–2 და მე3 ტომებად გამოვიდა ჰესე და მურაკამი, რომლების გვიან იყო დაგეგმილი. რა არის ეს ბაკურ სულაკაურის მხრიდან თუ არა მანიპუალცია და მკითხველის უპატივისმცემლობა. იმიტომ, რომ ჯერ 20–25 ლარად უნდა გაყიდოს ეს თავის გამოცემა? ვინ აიძულებდა აღნიშნული სერიით ფამუქისა და უელბეკის დაპირებას? ეს არის მისი მენეჯმენტის პრინცპები? ქართული შარლატანობაა...

ავტორი: ანონიმი
13.08.2010 11:57
უპირველეს ყოვლისა, "ჯევდეთ ბეი და მისი ვაჟიშვილები" საყურადღებოა იმით, რომ ფამუქის პირველი რომანია და დიდი იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში ქართველ მკითხველს შესაძლებლობა ექნება, არა მარტო მწერლის ყველა ნაწარმოებს გაეცნოს, არამედ მისი შემოქმედების განვითარებასაც მიადევნოს თვალი. გარდა ამისა, ეს არის მწერლის ერთადერთი რომანი, რომელმაც აღიარება და პოპულარობა მოიპოვა თურქეთში, რადგან საყოველთაოდ ცნობილია, რომ თურქული საზოგადოება (იშვიათი გამონაკლისების გარდა) ფამუქის მწერლობას, რბილად რომ ვთქვათ, ეჭვის თვალით უყურებს. დასასრულ, შემიძლია კიდევ ერთხელ გავიმეორო ის, რაც ჩემს კოლეგას, თამარ ალფენიძეს აქვს აღნიშნული თავის კომენტარში - როცა ჩვენ ფამუქის თარგმნას ვიწყებდით, მისი ნაწარმოებები, რიგი მიზეზების გამო, აბსოლუტურად ხელმიუწვდომელი იყო.
და მაინც დიდი მადლობა ბ-ნ გ.ლობჟანიძეს, ჩვენს მიერ გაწეული შრომის თუნდაც გაკვრით ხსენებისათვის.

ავტორი: დათო საიდან გვწერთ: სახლიდან
10.08.2010 03:17
ეს ის შემთხვევაა, როცა რუსულად ადრე წაკითხულ წიგნს ხელახლა დავუბრუნდი და ძალიან კმაყოფილი დავრჩი. ბრწყინვალე თარგმანია და ტფუ, ტფუ, ტფუ, რუსულზე ბევრად უკეთესი. ნამდვილი სიამოვნებაა. ჩიტი ბრდღვნად ღირს :)

ავტორი: Tamar Alpenidze საიდან გვწერთ: მთარგმნელი
10.08.2010 01:00
სასიამოვნოა,რომ ამჯერად მაინც არ გამოტოვეს ჩემი თარგმანი, მართალია წიგნის სახელი არასწორადაა მითითებული, უნდა იყოს "ორმაგი სახის " მაგივრად "ფარული სახე", რომელიც პირველად ჟურნალში 2000 წელს დაიბეჭდა. იმ დროისთვის ალბათ ყველას ახსოვს, თუ რა ვითარება იყო ჩვენს ქვეყანაში. ო. ფამუქის ეს ყველაზე პატარა ნაწარმოები ზუსტად 2 წელი იბეჭდებოდა (ითარგმნა 1998 წელს), ეს იყო სწორედ მიზეზიც სათრგმნი წიგნის შერჩევისა. გამოსაცემად იყო რთული დიდი წიგნის თარგმნა. საქართველოში ო. ფამუქის მხოლოდ 2 წიგნი გვქონდა ყველა თურქოლოგს, ერთად აღებულს. წიგნის გამოცემის ერთადერთი პრობლემა ფინანსებია, ასე რომ ყოველი თარგმანი, სწორედ ამ მიზეზით ირჩევა და ითარგმნება ხოლმე. მოკლედ, ო. ფამუქის წიგნების მთარგმნელობას დიდი ისტორია აქვს და ამ კომენტარში არ დაეტევა. დიდი მადლობა ჩემს კოლეგასა და მეგობარს, გიორგი ლობჟანიძეს ჩემი თარგმანის ხსენებისთვის, რომელსაც აქამდე არავინ ასახელებდა, რატომღაც.

ავტორი: უცხო საიდან გვწერთ: goridan
04.08.2010 16:24
ფამუქი ძალიან საინთერესო მწერალია, თანაც დროჟამზე ამაღლებული,ოღონდ ყიდვა ჭირს.......

ავტორი: ანონიმი
03.08.2010 20:31
საერტოდ წიგნები ძალიან ძვირი ღირს:((((

ავტორი: levani საიდან გვწერთ: Tbilisi
02.08.2010 19:05
სანტა ესპერანსაში 25 ლარი გადავიხადე

ავტორი: lamazi, Tmiani საიდან გვწერთ: kvariaTi
02.08.2010 07:56
20 ლარი რა, ბნელა?! თვალებს ავიტკიებ და რუსულად წავიკითხავ, ან ნახმარ ინგლისურ თარგმანს გამოვიწერ ცენტებად. ქართულად რომ ითრაგმნა მშვენიერია, მაგრამ ამ ფასად წიგნს ორ შემთხვევაში იყიდი: ან სხვა ენებზე გიჭირს კითხვა, ან პროფესიული ინტერესი გაქვს. არ ვიცი, რას ფიქრობენ გამომცემლები, ძალიან უსინდისოები კი არიან.

ავტორი: ირმა
02.08.2010 00:01
კარგია რომ გამოვიდა,კარგიტიპია ფამუქი.რა ღირს ნეტავ?



და უბიწოების მუზეუმი არ არის ნათარგმნი?

In Response

ავტორი: მალხაზ ხარბედია
02.08.2010 00:45
20 ლარი ღირს.

ყველაზე პოპულარული