შაბათი, 11 თებერვალი, 2012 თბილისის დრო 04:37

საზოგადოება / საქართველო

18 წელი აფხაზეთის ომის დაწყებიდან

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
14 აგვისტოს აფხაზები და ქართველები ომის დაწყების მორიგ წლისთავს აღნიშნავენ. 18 წლის წინ დაწყებულმა ომმა 13 თვეს გასტანა და უმძიმესი შედეგებით დასრულდა: დაიღუპა 16 ათასამდე ადამიანი, სამასი ათასი კი დევნილად იქცა. როგორ დაიწყო საქართველოს უახლოესი ისტორიის ყველაზე სისხლისმღვრელი კონფლიქტი და რატომ ვერ მოხერხდა მისი თავიდან აცილება ან დროულად შეჩერება?

1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვარი თბილისიდან მივლინებით გაგზავნილმა მილიციელთა რაზმმა გადაკვეთა. რადიო თავისუფლების არქივში შემონახულია ინტერვიუ ომის დაწყების დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრ თენგიზ სიგუასთან, რომელიც ქართველ მილიციელთა აფხაზეთში გაგზავნას ასეთ ახსნას უძებნის:

„საქართველოს რკინიგზაზე და, ძირითადად, აფხაზეთის მონაკვეთზე იყო ტვირთების განუკითხავი ძარცვა. აგვისტოს დასაწყისისთვის დათვლილი იყო 12 მილიარდის ზარალი, საიდანაც დაახლოებით 4 მილიონის ღირებულების ტვირთი ეკუთვნოდა სომხეთს.“

თავდაპირველი ჩანაფიქრით, რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთზე წესრიგის აღდგენაში ქართველ მილიციელებთან ერთად მონაწილეობა უნდა მიეღოთ გაძარცული ტვირთების ადრესატი ქვეყნების - სომხეთისა და აზერბაიჯანის -სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებსაც, თუმცა ეს იდეა, როგორც თავდაცვის მინისტრის მაშინდელი პირველი მოადგილე, გენერალ-მაიორი ავთანდილ ცქიტიშვილი იხსენებს, ვერ განხორციელდა. შედეგად, სამხედრო საბჭომ წესრიგის აღდგენა მხოლოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალებით გადაწყვიტა. ავთანდილ ცქიტიშვილი მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის, რომან გვენცაძის, სატელევიზიო გამოსვლას იხსენებს:

„საქართველოს მილიცია ყველა ღონეს იხმარსო, წელს ზევით გაშიშვლდება, შიშვლები შევვარდებით და ამ ბანდფორმირებებს კარგ დღეს არ დავაყრითო. მართლაც, მძიმე ტექნიკის გარეშე, ვოლგებით და მსგავსი ტრანსპორტით მოხდა მათი შესვლა, მაგრამ ოჩამჩირესთან მოხდა პირველი შეტაკება, მილიციელებს წინ აღუდგა აფხაზეთის ეროვნული გვარდიის ნაწილები და მილიციელებისგან დაკომპლექტებული ეს მოწინავე რაზმი მთლიანად იქნა განადგურებული.“

მილიციელთა რაზმის განადგურებას საქართველოს სამხედრო საბჭომ თავდაცვის სამინისტროს შენაერთების აფხაზეთის ტერიტორიაზე შეყვანით უპასუხა. ნიშანდობლივია, რომ თავდაცვის მაშინდელმა მინისტრმა თენგიზ კიტოვანმა მძიმე ტექნიკა და სხვა სახის შეიარაღება ერთი დღით ადრე ახალციხის სამხედრო ნაწილიდან მიიღო, ანუ იმ ნაწილიდან, რომელსაც ჯერ კიდევ საბჭოთა არმია აკონტროლებდა. კიტოვანისგან განსხვავებით, აფხაზეთში შესვლის წინააღმდეგი იყო გენერალ-მაიორი გიორგი ყარყარაშვილი, რომელიც ომის დაწყების წინ ბაზალეთის ტბაზე იმყოფებოდა და ცხინვალში ჩატარებული საბრძოლო ოპერაციის გამო გადაყენებული იყო თანამდებობიდან.

„ინფორმაციასაც კი ვერ ვღებულობდი, რა ხდებოდა, ვინ იღებდა სამხედრო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. 11-ში შემატყობინეს ღამე, რომ მიღებული იყო ამგვარი გადაწყვეტილება. ვუსაბუთებდი, ვუხსნიდი ყველას, მათ შორის სამხედრო პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, რომ ცხინვალმა დაგვანახვა, რომ ძალით ტერიტორიული მთლიანობის პრობლემას ვერ გადავჭრით. მოხდება კონფლიქტის ესკალაცია, მძიმე ტექნიკის გადაადგილებას მოჰყვება სამხედრო კონფლიქტის დაწყება, ხოლო ამას უპირობოდ მოჰყვება, ცხინვალის მსგავსად, რუსული ჯარის სამშვიდობოდ შემოყვანა“, უთხრა რადიო თავისუფლებას გიორგი ყარყარაშვილმა.

და, მართლაც, მოვლენები სწორედ ამგვარი სავალალო სცენარით განვითარდა. რკინიგზაზე წესრიგის დამყარების ვერსია, პირველ რიგში, არ მიიღო სოხუმში მყოფმა ხელისუფლებამ. აი, რა უთხრა რადიო თავისუფლებას დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ:

„ეს ყველაფერი ზღაპრებია... რკინიგზაზე იმ დროს ძარცვის ბევრი ფაქტი ხდებოდა, მაგრამ, ფაქტობრივად, ყველა მათგანს ადგილი ჰქონდა ზუგდიდის რაიონში. აფხაზეთის, უფრო ზუსტად კი, გალის რაიონის ტერიტორიაზე ძარცვის ერთი თუ ორი შემთხვევა აღირიცხა, ყველა დანარჩენი კი დასავლეთ საქართველოში ხდებოდა. ეს ყველასათვის კარგად ნაცნობი სტატისტიკაა, ასე რომ, რკინიგზა მხოლოდ საბაბი იყო. საბრძოლო შვეულმფრენებითა და ტანკებით რკინიგზას არავინ იცავს.“

ომის დაწყების პირველივე დღეებში სეპარატისტთა ლიდერებთან მოლაპარაკებების დაწყების მიზნით სოხუმში საქართველოს მაშინდელი პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა ჩავიდა, თუმცა, შეთანხმების მიუხედავად, ვლადისლავ არძინბასთან შეხვედრა ვერ მოხერხდა. გიორგი ყარყარაშვილის თქმით, პროცესები უმართავი გახდა. მთელი რიგი მიზეზების გამო ომის შეჩერება შეუძლებელი იყო:

„აღმოვჩნდით მიამიტები! ვერ გავითვალისწინეთ, რომ ომისთვის, ბრძოლის გარდა, დამახასიათებელია მზაკვრობა, სიტყვის გატეხა, ხელშეკრულების დარღვევა... მაგრამ ჩვენი პოლიტიკური ნება იყო დაფიქსირებული. სამაგიეროდ, ხუთჯერ-ექვსჯერ გვიმზაკვრეს და დაარღვიეს ხელშეკრულებები.“

არადა, ომის შეჩერებას იმედითა და სასოებით ელოდა ასობით ათასი ადამიანი როგორც სოხუმში, ასევე დანარჩენ აფხაზეთსა და საქართველოში, თუმცა სულ ტყუილად. შემზარავი აღმოჩნდა ომის ფინალიც: ათობით ათასი დაღუპული ორივე მხარეს, ასობით ათასი დევნილი, გადამწვარი აფხაზეთი და დაშლილი საქართველო. როგორ მოხდა ისე, რომ საქართველოს მაშინდელმა პოლიტიკურმა ელიტამ ვერ მოახერხა კატასტროფის თავიდან აცილება? ამ შეკითხვას მამუკა გიორგაძე, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი და 20 წლის წინანდელი მოვლენების აქტიური მოანწილე, ასე უპასუხებს:

„მოხდა ისე, რომ დამოუკიდებელი პოლიტიკური ელიტა ერთმანეთთან პოლიტიკურ და იდეოლოგიურ დავაში იყო ჩართული, ხოლო რუსეთიდან მართვადი პოლიტიკური ძალები იყვნენ ერთიანი ხელმძღვანელობის ქვეშ. შესაბამისად, მათი მოქმედებები იყო კოორდინირებული და მათ ჰქონდათ ხელისუფლების შენარჩუნების უდიდესი მოტივაცია. ამის გამო ვერ მოვახერხეთ წინააღმდეგობის გაწევა. გარდა ამისა, გამოუცდელი ქართული საზოგადოება წამოეგო პატრიოტული ჟღერადობის მოწოდებებზე და საღი აზრი გადავიდა მეორე პლანზე. ყოველივე ამის გამო შეუძლებელი გახდა დაწყებული პროცესის შეჩერება.“
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: leila საიდან გვწერთ: soxumidan
19.08.2010 16:28
„ეს ყველაფერი ზღაპრებია... რკინიგზაზე იმ დროს ძარცვის ბევრი ფაქტი ხდებოდა, მაგრამ, ფაქტობრივად, ყველა მათგანს ადგილი ჰქონდა ზუგდიდის რაიონში. აფხაზეთის, უფრო ზუსტად კი, გალის რაიონის ტერიტორიაზე ძარცვის ერთი თუ ორი შემთხვევა აღირიცხა, ყველა დანარჩენი კი დასავლეთ საქართველოში ხდებოდა" - ტყუის როგორც ჩვეულებრივ, შამბა, ყველა ხედავდა რაც ხდებოდა გუდაუთაში – აჩერებდნენ სატვირთო მატარებლებს და მთელი მოსახლეობა ძარცვაზე იყო გადასული. ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო იმ პერიოდში, იქ მცხოვრები ყველა მოწმე იყო ამის. თავად აპსუებმა მოიგონეს ანეგდოტი ამაზე – იმდენი ნაძარცვი დაგროვდა გუდაუთში, რომ ზღვის დონეზე დაბლა დაიწია ქალაქმაო. ისე, ამ შამბას რომ დაურეკეთ, რატომ იქაურ ქართველს არ დაელაპარაკეთ? ეს რა დაუმალავი უნდობლობის და ქედმაღლობის დემონსტრირებას აკეთებთ მერამდენედ?

ავტორი: Ambri საიდან გვწერთ: ArabeTi
14.08.2010 13:16
14 აგვისტოს, როგორც ჩვენი უპასუხისმგებლობისა და ზედაპირულობის სიმბოლო, დავიწყებას არ უნდა მიეცეს.

ავტორი: melanqolikosi
13.08.2010 21:33
მაინც მგონია რომ საქართველოში არ ყოფილა არავითარი სამოქალაქო ომი რომლის "ეპიზოდებიცაა" გადატრიალება და "ეთნოკონფლიქტები". იყო ომი რომლის მიზანიც იყო საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის არდაშვება. გასაგებია თუ ვის არ აწყობდა საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენა. ეს ომი დაიწყო აფხაზეთში და ცხინვალის არემარეში დემოკრატიული საქართველოს დროშის ხევით,თელვით,შემდეგ გაგრძელდა შეჯახებებით, ქართველთა და არა მარტო ქართველთა მშვიდობიან ქართველთა რბევებით და საპასუხო "სინაზით". ეს ხდებოდა საკმაოდ აქტიური ღრიალის ფონზე რომლის შინაარსიც ის იყო აფხაზეთის ქართველები არიან ბერიას მიერ ჩასახლებული და მეტისმეტად გამრავლებული ოხრები, რომ საზოგადოდ ქართველები ისტორიულად ოსიჭამიები არიან. მერე მოკლეს ვოვა ვეკუა რასაც მოყვა 9 აპრილი და "ა.შ.". ყველაფერ ამას წინ უსწრებდა საბჭოთა დემოკრატიის მედროშე სახაროვის პირით ისტორიული საქართველოს ნაშთის აბსოლუტური ბოროტება სტალინის მიერ შექმნილ ოხრობად გამოცხადება. ასე რომ საქართველოსთვის ბრძოლის ამ ეტაპის ქრონოლოგია სხვანაირია. ეს იყო არა აფხაზეთის ომი არამედ საქართველოს სახელმწიფოებრის იდეასთან ომის ქრონოლოგიურად ერთ-ერთი ბოლო "ეპიზოდი". ეს ომი კი ალბათ არგონავტებზე ადრე დაიწყო. ყოველ შემთხვევაში ზოგი ბერძნული მითის თანახმად ტროელებმა მშვენიერი ელენე მოიტაცეს მედეას გატაცებისთვის შურის საძიებლად.