Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დევნილი ახალგაზრდების ინტეგრაციის პრობლემა


ახალგაზრდული ფორუმი „შიდა ქართლში მცხოვრები ახალგაზრდები მშვიდობიანი თანაცხოვრებისათვის“
ახალგაზრდული ფორუმი „შიდა ქართლში მცხოვრები ახალგაზრდები მშვიდობიანი თანაცხოვრებისათვის“
გორში გაიმართა ახალგაზრდული ფორუმი სახელწოდებით „შიდა ქართლში მცხოვრები ახალგაზრდები მშვიდობიანი თანაცხოვრებისათვის“.

რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების პრობლემებზე და მათ ეფექტურად გადაჭრის გზებზე ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და პრობლემების შესახებ დისკუსია გამართეს ახალგაზრდების პრობლემებზე მომუშავე ორგანიზაციების, სახელმწიფო სტრუქტურებისა და საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლებმა.

ფორუმში აქტიურად მონაწილეობდნენ დევნილი ახალგაზრდები, რომლებმაც გულისტკივილით აღნიშნეს, რომ ადგილობრივ თემთან ინტეგრაციის პროცესი ძალიან ნელა და ხშირად, მტკივნეულადაც კი მიმდინარეობს. არის შემთხვევები, როდესაც დევნილ ბავშვებს, რომლებსაც ფსიქოლოგიური დახმარება სჭირდებათ, აგრესიულებად და ძნელად აღსაზრდელებად მოიხსენიებენ.

დევნილი ნინო ჭულუხაძე ვერხვების დასახლებაში ცხოვრობს. მისი თქმით, დევნილ ახალგაზრდებს ნაკლები ყურადღება ექცევათ, მათთვის ფსიქოლოგიური ტრამვის მოხსნაზეც არავინ ფიქრობს.

დევნილი დალი გიუნაშვილი, რომელიც გერმანელების მიერ აშენებულ დასახლებაში ცხოვრობს, მიიჩნევს, რომ ყველაზე დიდი პრობლემა ახალგაზრდების დასაქმებაა. მისი თქმით, ბევრს ჰგონია, რომ დასახლებას, სადაც ლამაზი სახლები დგას, მეტი აღარაფერი სჭირდება.

ფსიქოლოგ ელენე მაკარიძის აზრით, დევნილ ახალგაზრდებში პოსტტრამვული სტრესი არსებობს და მისი დიაგნოსტირება კი არა, არამედ მოხსნაა აუცილებელი. მისი თქმით, აუცილებელია ფსიქო-სარეაბილიტაციო ცენტრის მოწყობა, სადაც პირველ რიგში ახალგაზრდებს დაეხმარებიან.

ახალგაზრდული ფორუმის ჩატარების ინიციატორი იყო არასამთავრობო ორგანიზაცია ”მეგობრობის ხიდი - ქართლოსი”. ორგანიზაციის ხელმძღვანელის მეგი ბიბილურის თქმით, ფორუმის მიზანი იყო არსებული პრობლემების გამოვლენა და ახალგაზრდების უფრო მეტად გააქტიურება.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ ანალოგიური ფორუმების მოწყობა მომავალშიც უნდა გაგრძელდეს, რათა უფრო თვალსაჩინო გახდეს ახალგაზრდული პრობლემები და შემდეგ ამ პრობლემების მოსაგვარებლად სპეციალური პროექტები მომზადდეს.
XS
SM
MD
LG