პარასკევი, 10 თებერვალი, 2012 თბილისის დრო 09:11

საზოგადოება / საქართველო

შავი ძაფით გაკერილი პირი

დევნილებმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერეს და შიმშილობა დაიწყეს.
ტექსტის ზომა - +
ათამდე ადამიანი მეორე დღეა დევნილთა სამინისტროს წინ შიმშილობს, აქედან ოთხს პირი აქვს აკერილი. სამინისტროში ხელმძღვანელი თანამდებობის პირები შვებულებაში არიან.

მუყაო აგურებზე დასაჯდომად, ძველი მონჯღრეული ხის სკამი, რამდენიმე ადამიანი, შავი ძაფით ტუჩებშეკრული, ტუჩებზე სიწითლეგაჩენილი, ჩაწითლებული თვალები… მოშორებით დავდექი, მიკროფონი ამოვიღე და ვდგავარ, ჯგუფს გამოეყო და ჩემკენ ნელი ნაბიჯით წამოვიდა დაახლოებით 80 წლის ქალბატონი. „რაღაც მინდა, შვილო, გითხრა.“ დიახ, საუბარი დაიწყო. მივხვდი, რომ უნდა ჩამეწერა.

„გადამიწვეს სახლ-კარი, მომიკლეს მეუღლე, მომიკლეს ჩემი აღზრდილი ძმის შვილი. მე ვარ ოთხმოცდაორი წლის მოხუცი, ყოფილი მასწავლებელი, და გთხოვთ, დამეხმაროთ რამეში. მეტი რა ვთქვა, მითხარით.“

ყოფილი გერმანულის მასწავლებელი მადლობას მიხდის და ჯგუფს უბრუნდება. დაახლოებით ათკაციან მოშიმშილეთა ჯგუფში ოთხს პირი აქვს აკერილი. ეზოს, სადაც ეს ადამიანები დგანან, დევნილთა სამინისტროს შენობა გადმოჰყურებს - საბჭოთა, მართკუთხა, ძველი კარ-ფანჯრით, დაცვით - მეორე სართულზე, ცვეთისგან გაშავებული სახელურებით და ქვის კიბეებით, საბუთების მიმღები განყოფილებით, რამდენიმე კარგად ნახმარი ტელეფონით. დაფაზე ვკითხულობ:

„დევნილთა საკითხების დეპარტამენტი“

„უკაცრავად, არავინაა?“ - „შესვენებაა…“

„მე რადიო თავისუფლებიდან ვარ, გასაუბრება მინდა, რამდენ ხანში… ხელმძღვანელი თანამდებობის პირი არავინ არაა? თქვენს დეპარტამენტში თუ, საერთოდ, სამინისტროში?“

მთლიანად სამინისტროში ხელმძღვანელობა - თითქმის ყველა -შვებულებაშია. მიმღები განყოფილება მუშაობს. ხალხი წერილებს წერს, განცხადებას ბატონ კობა სუბელიანის სახელზე…

„გთხოვთ ერთჯერად დახმარებას ქირის გადასახდელად…“

„წერილებს ოთხმოცდაცამეტი წლიდან ვწერ. პასუხია: დაგაკმაყოფილებთ, დაგაკმაყოფილებთ…“
„ჰო, განცხადება შეიტანეთო. სუბელიანი იყო ჩემს ოჯახში. ჰოდა, იმან მითხრა, განცხადება დაწერე და ყურადღებას მოგაქცევთო. დავწერე ერთი-ორჯერ. ყურადღება არაფერია. ახლა ვსინჯავ კიდევ, რა ვიცი…“

დევნილებმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერეს და შიმშილობა დაიწყეს.
ზევით დაცვა არ მიშვებს. დევნილები ამას არც ცდილობენ. უბრალოდ, განცხადებას წერენ და მიდიან. დაფებზე გამოკრულია, ალბათ, ორმოცდაათამდე სხვადასხვა ფორმა, რომელიც უნდა შეავსონ სხვადასხვა სათხოვარისთვის... და, რა თქმა უნდა, ლეგენდარული ტელეფონი, რომელიც შედეგებს არ იძლევა.

„იქ დავრეკე. მითხრეს, ამასთან დარეკეო. მე ვუთხარი, მითხრეს, თქვენთან დამერეკა-მეთქი. მოკლედ, სრული ქაოსია.“

ისევ ეზოში ჩავდივარ. ჩვენ განცხადებების ეტაპი გავიარეთო, მეუბნება რამაზ არონია - ის, ვინც პირი პირველმა აიკერა და ევროკავშირის შენობასთან დადგა.

„იქიდან ევროკავშირის ელჩმა გამოგვყარა და მოგვიყვანა აქ, შევიდა და ელაპარაკა და გამოვიდა და მითხრა, ყველაფერი კარგად იქნებაო, მაგრამ მოატყუეს თვითონ ელჩიც, იმიტომ რომ ესენი გვთავაზობენ ორას ლარს და გაჩერდითო, რა…“

არ სჯერათ სამინისტროსი, მინისტრის, სხვა თანამშრომლების, სისტემის, სახელმწიფოსი, უარს ამბობენ თანამშრომლობაზე, სხვა დევნილებს მოუწოდებენ სამინისტროს კარებზე აყუდებულ ტრანსპარანტზე წარწერით: „დევნილებო, დროა გამოვფხიზლდეთ, რას გვიშვრება სუბელიანი…“ ეს განყენებული ჯგუფი აფხაზეთიდან დევნილია, ისნის სამხედრო ჰოსპიტლის შენობიდან გამოშვებულები. მათთან ჯერ აფხაზეთის მთავრობიდან მოდიან თეთრი ფურცლებით შეიარაღებულები: უნდა აღგწეროთო.

ნახე, ოპოზიციამ ვერ მოიყვანა „რუსთავი ორი“ და ჩვენ მოვიყვანეთო, მეუბნება რამაზი… კამერა კადრებს არჩევს, ინტერვიუერს ეძებს. გამოჩნდნენ სხვა კამერებიც…შენც საკრებულოს ხალხს ელოდებიო? - მეკითხებიან ჟურნალისტები… არ ვიცოდი…მალე ეზოში შავი მანქანა ჩერდება და თეთრპერანგიანი საკრებულოს წევრი გადმოდის. დევნილები ეგებებიან, კამერები ჩართულია. გინახავთ მსგავსი კადრები, ბევრი…

„ყველა აფხაზეთიდან დევნილი ვართ. სად წავიდეთ? აი, აგვისტოს ომის დევნილები დააკმაყოფილეს. ჩვენ, რახანც შევარდნაძის დევნილები ვართ, ყურადღებას არ გვაქცევენ.“

იქვე, ეზოში, 2 წლის ალექანდრე - დევნილი ჰქვია, მაგრამ ისე თბილისშია დაბადებული. დედა მეუბნება, გულზე ოპერაცია აქვსო გადატანილი - მშვიდი სახით და ნელი, ჯერ კიდევ თავდაუჯერებელი სვლით, ეზოში ხრეშის ქვებს კრეფს და მიწაზე ალაგებს.

„დე, რას აკეთებ? სახლს აშენებს… ვინ უნდა იცხოვროს ამ სახლში?“ – „მე.“

ალექსანდრეს ოჯახს, ისევე როგორც სხვა მოშიმშილეთ, ფოცხოეწერი შესთავაზეს, რასაც დევნილები გადასახლებას ეძახიან… მიზეზი? უკაცრიელია… არა სკოლა, არა საავადმყოფო, არა საბავშვო ბაღი… მოშიმშილეთა უმრავლესობას შვილები თბილისში გაუჩნდათ, სოციალური კავშირები აქვთ აქ, აქ სწავლობენ, მუშაობენ… სამინისტროს კარებზე ინგლისურად ტრანსპარანტია აყუდებული: ”ჩვენ მოვითხოვთ თავშესაფარს თბილისის ნებისმიერ გარეუბანში.”
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: poki საიდან გვწერთ: chvengan
08.09.2010 16:23
წარმოიდგინეტ ხალხნო როგორ დგეში არის ეს ხალხი! თითქმის მთელს ცხოვრებას ქუჩაში ატარებენ, ვერ გაურკვევიატ სად ცხოვრობენ, სად აქვთ სახლი, სადაც საერთოდ უნდა ცხოვრობდნენ, როგორც ჩვეულებრივი, ამ ქვეყნის მოქალაქეები. მართლა რთული ცარმოსადგენია ასე "უმისამართოდ" ცხოვრობდე სადგაც და გქონდეს მხოლოდ იძულებიტ გადაადგილებული პირის სთათუსი!!!

ავტორი: ანონიმი
31.08.2010 00:30

ავტორი: natalie საიდან გვწერთ: netherlands
30.08.2010 00:12
მე ვადანასაულებ ჩემო კარგო და არა მარტო აქ, პირად საუბრებშიც კი. თუ ვერ ხვდებით მიზეზს, მკითხეთ და აგიხსნით...................

ავტორი: natalie საიდან გვწერთ: netherlands
30.08.2010 00:12
კარგი სტატიაა, მადლობა ავტორს.
ვიღაცას უთქვამს ხმას რომ აძლევდნენ რა ეგონათო...ამაზე საშინელი ირონია ჯერ არ მსმენია. ნუთუ ერთი გრამი შებრალება აღარ არსებობს, ნუთუ ადამიანობა ამოიწურა ჩვენს საზოგადოებაში...მესმის რომძნელია ამდენი გაუბედურებული ადამიანის ისე მოწყოვა როგორც გაუხარდებათ, მაგრამ სუბარის სამინისტროს ხელმძღვანელობა ასეთ დროს როგორ აღომჩნდა შვებულებაში, ასე ყველა ერთად სად გადაიკარგა. მე არ მესმის რატომ უკვირს ვინმეს მათი თუ მისცეს კიდეც ხმა მიშასაა თუ გრიშას... ნეტავ თვითონ რას იზამდა ის ხალხი ვინც დევნილებს ადანაშაულებს...

ავტორი: ანონიმი
27.08.2010 23:42
ავტორი: გოგოლა საიდან გვწერთ: საკაიეთი
27.08.2010 21:32
ის თუ იცით ჩემო კარგო, რომ ეს ხალხი 1995 წლის არჩევნებიდან ყოველთვის :ტყუვდება:? არავინ არ ტყუვდება, არ დაიჯერო. თავისი მოკლე ჭკუით ხეირს ნახულობდნენ და აჰა.......
ან რითი უნდა დაეხმარო? 350 000-დან მგონი 500 000-ზეა ასული მათი რაოდენობა. მათი ერთხელ გაერთიანება საკმარისია, რომ ნებისმიერი ხელისუფალი იქით დაუწყებს ხვეწნას. მაგრამ ნათქვამია---როგორიცაა საზოგადოება, ისეთ ხელისუფლებას იმსახურებსო.

ავტორი: გოგოლა საიდან გვწერთ: საკაიეთი
27.08.2010 21:32
ანონიმი
27.08.2010 20:18

მე თვისობრივად საერთოდ სხვა რამეზე ვსაუბრობდი... ერთობის, სამოქალაქო აზროვნების და ელემენტარული ადამიანობის არქონაზე ერთმანეთის მიმართ. კარგი ბატონო, ვთქვათ და შეცდა ესა თუ ის დევნილი, დაიჯერა, მისცა ხმა ამ დამპალ ხელისუფლებას და მოტყუვდა ადამიანი... პირველ რიგში ის გამწარდა და გაუბედურდა ხო ამ მოტყუებით? და ამის გამო ჩვენ რა ვქნათ ეხლა ეს ხალხი საერთოდ არ შევიცოდოთ თუ ერეტიკოსებად გამოვაცხადოთ რადგან თავის დროზე მათ დაუჭირეს მხარი? ესეიგი მე თუ ეს ხელისუფლება მეზიზღება, მაშინ ყველა ის გაუბედურებული ადამიანი ვინაც მას ოდესმე ხმა მისცა არ უნდა მეცოდებოდეს რადგან "ჩემიანი" არაა... გენიალური ლოგიკაა... ბანაკები, ჩემია–შენიაობა...
თუ მე ეს ხელისუფლება არ მომწონს, მიტომ არ მომწონს რომ ასეთ ხალხს, რომლებმაც პოლიტიკური, ბიზნეს და პირადი სარგებელის გარეშე მხარი დაუჭირა მათ, ატყუებს და მსგავს ვითარებაში აგდებს... ხალხი კი მეცოდება და ჩემს თავზე მომდის ბრაზი ნეტა რა ვქნა რით დავეხმაროთქო.... ამას ჩემს თავზე კი არ ვამბობ, არამედ ზოგადად მინდა რომ ასეთი იყოს ჩვენი მიდგომა

ავტორი: ანონიმი
27.08.2010 20:18
ავტორი: გოგოლა საიდან გვწერთ: საკაიეთი
27.08.2010 18:46
საცოდაობაა გეთანხმები, მაგრამ იმაზე თუ გიფიქრია მათ მიერ მხარდაჭერილმა ხელისუფლებამ რამდენი გაამწარა და გააუბედურა?

ავტორი: გოგოლა საიდან გვწერთ: საკაიეთი
27.08.2010 18:46
http://itv.ge/?p=84033&cpage=1#comment-93272
ხალხო მე ყველაზე მეტად გულს მიკლავს ჩვენი საზოგადოების ნაწილის რეაქცია ამ ყველაფერზე - აბა რა ეგონათო, ხმას რომ მიშას აძლევდნენო, ეხლა მეტის ღირსები არიანო...
აი მათი ადამიანურობა, აი მათი შეგნება, სამოქალაქო აზროვნების ხარისხი... ეს ვართ სულ.
ასი პროცენტით მწამს რომ ყველა უბედურება რაც მოდის, ჩვენგან მოდის და ხალხის ბრალია, ჩვენ ვქმნით ამას...
უამრავი ფორუმი და სტატიის ქვეშ კომენტარი ვნახე, თითზე ჩამოსათვლელ ადამიანებს თუ შეეცოდათ ეს გაუბედურებული და მერამდენე გზის მოტყუებული დევნილები... ასე რა ჯანდაბამ გაგვაბოროტა და გაგვაცივა ერთმანეთის მიმართ?
მე მიცხოვრია ქვეყანაში სადაც არა თუ მხოლოდ შეცოდება, არამედ ასეთი ფაქტის გამო, სამოქალაქო მოძრაობები იქმნებოდა... ხალხი ქმნიდა ამას, შეგნებული და ადამიანური ხალხი...
მალადეც ჩვენ...

ავტორი: ანონიმი
27.08.2010 01:10
ავტორი: ნესტანი საიდან გვწერთ: თბილისიდან
26.08.2010 12:36
იქნებ ამიხსნათ საშინელი პათეტიკა რას ნიშნავს?!

ავტორი: გიორგი ჩხიეძე საიდან გვწერთ: თბილისი
26.08.2010 22:04
ალბათ გამიჭირდება დიდი კომენტარის დაწერა, როგორც წესი არ მახასიათებს ხოლმე. მარტივათ ვიტყვი ეს მოკლე სტატია მირჩევნია იმის აღსაქმელად რა ხდება დღეს დევნილებთან დაკავშირებით, ვიდრე ატობით სიუჟეტი ტუ სხვადსხვა გაზეთებში გაბნეული სტატიები. როგორც ყოველთვის - მადლობა რედიო თავისუფლება, მადლობა დავით, ძალიან კარგად წერ, ძალიან კარგი ჟურნალისტი ხარ და პატივს გცემ

ავტორი: nana საიდან გვწერთ: ...
26.08.2010 21:09
დათო, გენიალურია, ასეთი სიუჟეტი თავისუფლებაზეც კი დიდი ხანია არ მომისმენია

ავტორი: osman nuri საიდან გვწერთ: xulodan.
26.08.2010 13:57
პროგრესი სახეზეა და ინფორმაციებიც მეტი გამართულობით გამოირჩევა. მაგრამ შეცდომები მაინცაა გაპარული: "სამხრეთი ფილიპინებში, ისლამი სეპარატისტების აქტიურობის გამო, კრიმინალური ფონი გამწვავებულია". ჯერ ერთი სამხრეთ ფილიპინებში და არა სამხრეთი ფილიპინებში და რაც მთავარია,ისლამი არ შეიძლება იყოს სეპარატისტი და მითუმეტეს სეპარატისტები, აქ ალბათ, საუბარია ისლამის აღმსარებელ სეპარატისტებზე. ეს დამახინჯებული ინფორმაცია შეურაცხყოფს, ყველა ქართველი მუსლიმის რელიგიურ გრძნობებს, ამიტომ დაბეჯითებით, გთხოვთ, გაასწოროთ.

ავტორი: ნესტანი საიდან გვწერთ: თბილისიდან
26.08.2010 12:36
პრობლება ნამვილად სახეზეა: ჩვეული "ცისფერი მთები", დევნილების ნაწილის მდგომარეობა, რომელიც მართლა შეუძლებელია გულგრილად ნახო, მოისმინო ან წაიკითხო, თუმცა...
ალბათ, ყველას "თბილისის გარეუბანში" დასახლება შეუძლებელია. მდგომარეობა მარტლაც რთულია და ასეთ დროს გამოსავალი ოპტიმალურია და არა სასურველი...
და კიდევ... არ შემიძლია არ კავაკეტო კომენტარი 20 წლის რუსუდან გონგლაძის კომენტარზე... ასეთი საშინელი პათეტიკა დიდი ხანია არ წამიკითხავს (უკაცრავად, ქალბატონო რუსუდან)... კონკრეტულ ფრაზებზე შეუძლებელია კომენტარი... ძალიან ბევრი გამოვა...

ავტორი: melanqolikosi
26.08.2010 12:33
ქალბატონო ნინო,თუ დრო და დრო ეკლესიაში ( ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის რომელიმე შენობაში) წირვაზე დრო და დრო მაინც შეივლით ხოლმე გატყობინეთ რომ ეკლესია თქვენც ხართ და თანაც ხართ ეკლესიის არც თუ უმნიშვნელო ნაწილი. ასე რომ თუ რამეს ვერ ან არ აკეთებს ან ცუდად აკეთებს ეკლესია ამაზე პასუხისმგებლობას თქვენც იზიარებთ. გაგიმარჯოთ გრიგოლ ხანძთელის საყვარელ ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიასთან ერთად. არ გეგონოთ გრიგოლ ხანძთელი მკვდარი,ის ცოცხალია...

ავტორი: ელენე საიდან გვწერთ: თბილისი
26.08.2010 11:59
კაფკას ”ციხე-სიმაგრე” გამახსენდა. ეს არის ასე ნაქები სუბელიანი?! თუ დევნილებს არ მიხედავს, მაშინ საერთოდ რა საჭიროა ეს სამინისტრო, რომელზეც ალბათ ქვეყანა თანხაა გამოყოფილი ბიუჯეტიდან. კარგი, ეხლა ყველა შვებულებაშია, მაგრამ ეს ხომ ერთი და ორი დღის პრობლემა არ არის?!

ავტორი: ნინო საიდან გვწერთ: თბილისი
26.08.2010 10:54
მელანქოლიკოსის პოსტს ვეხმიანები. მეჩვენება რომ ჩევნი ეკლესია საეკლესიო მაღაზიათა ქსელის გაფართოებით უფროა დაკავებული ვიდრე შეჭირვებულთა დახმარებით. მეც რაღაც არ მახსენდება მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ ორგანიზებული და სისტემური დახმარება ლტოლვილების მიმართ. კათოლიკებისა და მაჰმადიანებისაგან განსხვავებით მართლმადიდებლური ეკლესიის დახმარებით მხოლოდ ერთი საავდამყოფო ფუნქციონირებს თბილისში (იქნებ ის სულაც ერთადერთია მთელ საქართველოში). ეს მაშინ, როცა ამდენი ხელმოკლე ოჯახი მოკლებულია სამედიცინო დახამარებას. ჩვენთან რატომღაც პრეტეზაია მხოლოდ სახელმწიფოს მიმართ აქვთ ასეთ საკითხებზე. თუმცა იმ ღირებულებებიდან გამომდინარე, რასაც რწმენა და ეკლესია ეფუძნება, ასეთი ტიპის საქმინობა სახელმწიფოს გარდა ეკლესიის ერთ-ერთი მთავარი საქმიანობაც უნდა იყოს (ჩემი ზრით). თუკი ხელმოკლე ოჯახებისათვის არსებობს ამდენი კათოლიკური კლინიკა კათოლიკურ ქვეყნებში, ამდენი ისლამური კლინიკა მაჰმადიანურ ქვეყნებში, რატომ არ უნდა არსებობდეს საქართველოშიც ერთზე მეტი საავადმყოფო, რომლიც ეკლესიის მიერ მობილიზებული შემოწირულობებით დაფინანსდება? ეკლესიის მშენებლობის მნიშვნელობა გასაგებია, მაგრამ იქნებ საავდმყოფოს აშენება უპოვართათვის უფრო მეტი მადლია? ერთ-ერთ მაჰმადიანურ ქვეყანაში ფუნქციონირებს უზარმაზარი კლინიკა ონკოლოგიური დაავადებებით დაავადებული ბავშვებისათვის. ამ კლინიკის აშენების, აღჭურვის და ფუნქციონირების ხარჯები იფარება მორწმუნეთა მიერ გაღებული შემოწირულობებით და ეს ორგანიზებულია მორწმუნეთა ჯგუფის მიერ. მსგავსი მაგალითი კათოლიკურ ქვეყნებშიც ბევრია. რატომ არ შეიძლება ჩვენი ეკლესიაც ასე მოქცეს?

ავტორი: melanqolikosi
26.08.2010 02:25
პოსტკათოლიკურ სამყაროში ასე გაჭირვებულ უცხოელ ლტოლვილებსაც კათოლიკური ეკლესია ანუ როგორც სასულიერო წოდება ისე მრევლი შველის ხოლმე. მოყვასს გაჭირვებაში ვერ მივატოვებთო. იქნებ საქართველოში აფხაზეთის დევნილი ქართული მართლმადიდებელი თემების ( და არა უბრალოდ "შევარდნაძის დევნილების") ყველაზე ცუდ დღეში მყოფ წარმომადგენლებს დახმარება გაუწიოს ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამაც?

ავტორი: ანონიმი
26.08.2010 00:32
მექსიკა და კოლუმბია ერთმანეთში მე ამერია ვაღიარებ, მაგრამ 72 არის კრებითი რიცხვითი სახელი და სწორია 72 ადამიანის გვამი და არა გვამები.
In Response

ავტორი: მოდერატორი
26.08.2010 00:33
არა, ბატონო!
სწორია:
72 ადამიანის გვამები;
ოთხი ქვეყნის პრეზიდენტები;
50 ორგანიზაციის წარმომადგენლები და ა.შ.

ავტორი: Izolda საიდან გვწერთ: Prague
25.08.2010 22:51
სამარცხვინოა, რომ დევნილები ამდენი წელია იტანჯებიან, და კვლავ დისკრიმინაციას განიცდიან ახლა.
ჩამოაყალიბეთ "დევნილთა პარტია" და იმოქმედეთ ერთად.
თქვენ ხომ ყველაზე მეტად გაწამებული ხალხი ხართ!

ავტორი: აღარ ვიცი რაც ვიცოდი ისიც დამავიწყდა
25.08.2010 22:44
არჩევნებში რა ნომერი შემოხაზეს?
ყველა საქციელს სათანადო შედეგი მოსდევს.
საუბედუროდ ...

ავტორი: osman nuri საიდან გვწერთ: xulodan
25.08.2010 22:24
ამ დროს ჩვენი სანაქებო პრეზიდენტი ერთი-ერთი მარკეტი სდახლში დგას, კანფეტებს ყიდის და პრემიერსა სოფლის მეურნეობის მინისტრს ეკონომიკის ანა-ბანას ასწავლის., ვაი, შენ ბედკრულო, საქართველო
ჩემი ხმა დარჩა ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა. სამხედროები კი დაწერეთ სწორად, მაგრამ გვამებმა რაღა დაგიშავეს, ან სად ამოიკითხეთ, რომ კოლუმბიის მთავრობა მხოლოდ 2006 წლიდან ებრძვის ნარკოკარტელებს, აი, ეს არის საინტერესო. თუ აქ მაინც მიპასუხებთ, ის 72 კაცი, რომელთა გვამები იპოვეს სამხედროებმა, რა პოლიტიკური ორიენტაციის ან ქურდული მენტალიტეტის მატარებლები იყვნენ ძალიან დამავალებთ.
აქ დაწერილი პოსტი თუ იმიტომ დამიბლოკეთ, რომ სინდისმა შეგაწუხათ, ძალიან გამეხარდება.
In Response

ავტორი: მოდერატორი
25.08.2010 23:28
ძვირფასო ოსმან ნური!
მართალია, თქვენი კომენტარის მეორე ნაწილი საერთოდ არ ეხება სტატიას სათაურით "შავი ძაფით გაკერილი პირი", ამჯერად მას მაინც სრულად ვაქვეყნებ. რამდენადაც ვხვდები, გულისხმობთ ახალი ამბების განყოფილებაში გამოქვეყნებულ ცნობას, რომელშიც საუბარია მექსიკაში 72 ადამიანის გვამების აღმოჩენაზე (სწორედ "გვამების", და არა "გვამის", როგორც თქვენ გვთავაზობთ). ჯერჯერობით არავინ იცის, ვინ არის ეს დახოცილი ხალხი, ასე რომ, ცნობისმოყვარეობას ვერ დაგიკმაყოფილებთ. როგორც კი შევიტყობთ, აუცილებლად გაცნობებთ.
და მერე: კოლუმბია რა შუაშია? ცნობაში საუბარი მექსიკაზეა.
რაც შეეხება პოსტების დაბლოკვას, არავინ არაფერს ბლოკავს, როცა არ ირღვევა ფორუმის წესები (გარდა იმ შემთხვევებისა, როცა კომენტარი არანაირად არ უკავშირდება სტატიას, რომელსაც ეს კომენტარი ერთვის).

ავტორი: ირინა საიდან გვწერთ: თბილისი
25.08.2010 22:24
დიდი მადლობა ამ რეპორტაჟისთვის, მედიის დიდ უმრავლესობას ეს თემა საერთოდ არ აინტერესებს და არც აწუხებს, სამწუხაროდ...მადლობა ავტორს..

ავტორი: steppen wolf საიდან გვწერთ: განადგურებული ქალაქი ზ
25.08.2010 21:55
ყველაზე ცუდი ჩემი აზრით ის არის, რომ დევნილების ამ პროტესტს არავითარი შედეგი არ მოყვება!

ავტორი: rusudan gongladze საიდან გვწერთ: tbilisi
25.08.2010 21:50
ძალიან მინდა კომენტარის დაწერა, მწვავე კომენტარის, რომ ამ ადმაიანებს, ძალიან დამცირებულ ადამიანებს ამ უმცირესის უმცირესით მაინც თანადგომა გამოვუცხადო...სიტყვები არ მყოფნის. ლამის ყოველღამე მრცხვენია, რომ მე საკუთარ სახლში თბილ ლოგინში ვიძინებ და იმდენად შეძლებული ვარ ძალიან ბევრი სოციალური პრობლემის მიუხედავად, რაც დღეს მთელი საქართველოს 99 პროცენტს გააჩნია, რომ ინტერნეტი მაინც მაქვს და შემიძლია კომენტარი დავწერო,დილას ჩაი დავლიო სუფთა ჭიქიდან და უნივერსიტეტის ეზომდე მისასვლელი გზის ფული გამოვნახო, ეს ხომ მინიმალურის მინიმალურია, მაგრამ უკვე ფუფუნებაა ამ ქვეყანაში. საშინელებაა, არ შემიძლია რამე კონკრეტული სახელი დავარქვა საქართველოს მდგომარეობას, არ ვიცი რა ვიღონო, მე 20 წლის სტუდენტმა ადამიანმა, უდიდესი პროტესტი მაღრჩობს და გამოსავალს ძალიან დიდ აჯანყებაში ვხედავ, სადაც იმდენი ხალხი გამოვა, რომ ვერც წყლის ჭავლი, ვერც ტყვია და ვერც ხელკეტი აუვა, მაგრამ არც ლიდერი არსებობს ამ ქვეყნად უკვე და აღარც პროტესტი ადამიანებში, თვალებში ნაცარს მაყრის ჩემი ფსევდოხელისუფლება ყოველდღე და ყოველთვე, მთელი ქვეყანა თურმე დამპალი ტურისტების მოსამსახურეებად უნდა ვიქცეთ და მათ ვურეცხოთ, მათ ვუზელოთ ფეხის გულები ხუთვარსკვლავიან სასტუმროებში,მათ მივართვათ ხინკალი და აჭარუნები ლანგრით, მერე სიამოვნების ამოგმინვით რომ გადაწვებიან სკამების საზურგეებზე და ქართველებს დამცინავი მზერით მარჯვენა ხელის ცერს აგვიწევენ, ტურისტებმა უნდა დააქუცმაცონ და გამოდეგენერატებული თვალებით, ჩემი ქვეყნის ლტოლვილებისა და არალტოლვილების ჯიბიდან ამოხეკილი კაპიკებით ნაგები სასტუმროს მოდერნიზებული ნომრის ღუნღულა ლოგინში განსაცდელ ორგაზმზე ფიქრით დაბნედილი გონებით უნდა ათვალიერონ უძველესი ტაძრები, ოფლით ნაგები სვანური კოშკები, თამარის ნატერფალი ვარძია, დავითის გელათი და მთელი ეს დალოცვილი , ღვთისმშობლის წილხვედრი მიწა ფეხით შებილწონ...ამისთვის იგება მხოლოდ გზები, ამისთვის იღებება ცირკის არენასავით ქალაქებში ფასადები, ამისთვის აყარეს და გააფარჩაკეს უძველესი სიღნაღი და ბოდიშის მაგივრად და უდიდესი სირცხვილის ,მორალური კატასტროფის მოყენების საპასუხოდ ჩემი ტუჩცანცარა პრეზიდენტი მიყვება ზღაპრებს და მირყვნის პირველკლასელ თაობასაც კი, რომელთაც აწი წერა-კითხვაც უნდა დაავიწყდეთ სათამაშო კომპიუტერების წყალობით, ქალიშვილობის ინსტიტუტს მინგრევენ, რომ საქართველოში ქალიშვილი 13 წლის გოგო, თითდაუკარებელი და სუფთა სანატრელი გახდეს და ყველას ყველაფრის სუნი ასდიოდეს, რომელი ერთი ჩამოვთვალო, მიწები დაყიდეს, ქვეყანა ბოლომდე გაძარცვეს და გვალპობენ ტურისტების ოფლის სუნში, სომხების კურორტად იქცა ზღვისპირეთი და ისედაც ციცქნა ქვეყანას უზარმაზარი ტერიტორიები დაუკარგეს და ხალხი ენითაუწერელ მდგომარეობამდე მიიყვანეს, გეტოებში გამოკეტეს, სამარცხვინოდ აქციეს და მისი წინამორბედის ნამოქმედარის მსხვერპლთ ადამიანებადაც აღარ თვლიან, სულიერ ტერაქტებს უწყობენ. არ ვიცი რა უნდა ვთქვა და რა გზით უნდა თანავიგრძნო ამ ხალხს, მხოლოდ პატიებას ვთხოვ, რომ მეტი ვერფარით ვახერხებ მათთვის სიტყვის თუ ძალის შეწევნას, გული მერევა მთელ სამყაროზე, რადგან ყველაფერი გახრწნამდე მივიდა და არსაიდან ჩანს გამოსავალი, რა არის ეს თუ არა ფაშიზმი და ცოცხლად დამარხვა ადმაიანებისა.

ავტორი: Green საიდან გვწერთ: USA
25.08.2010 21:02
სტატიის გულგრილად წაკითხვა შეუძლებელია. სამწუხაროა, რომ დიდ პოლიტიკას პატარა ადამიანების ინტერესები ეწირება ხოლმე.

ყველაზე პოპულარული