Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არასამთავრობოთა ახალი კოალიცია - „ევროპული საქართველოსთვის“


”თავისუფლების ინსტიტუტის” წარმომადგენელი, ლევან რამიშვილი, კოალიციის პრეზენტაციაზე
”თავისუფლების ინსტიტუტის” წარმომადგენელი, ლევან რამიშვილი, კოალიციის პრეზენტაციაზე
თბილისში შეიქმნა არასამთავრობო ორგანიზაციათა ახალი კოალიცია - “ევროპული საქართველოსთვის” - და მასში ევროპული ფასეულობების მხარდამჭერი 52 არასამთავრობო ორგანიზაცია გაერთიანდა. სამოქალაქო სექტორის ნაწილი ქართული საზოგადოებისათვის კარგად ცნობილია, ნაწილი ახლა იწყებს მოღვაწეობას.

კოალიციის პრეზენტაცია თბილისში ევროპარლამენტის მიერ საქართველო-ევროკავშირს შორის გამარტივებული სავიზო რეჟიმის შესახებ შეთანხმების დამტკიცების ფაქტს დაემთხვა. ამ შეთანხმების თანახმად, გამარტივდება ის მექანიზმები და შემცირდება იმ დოკუმენტების ჩამონათვალი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის მოკლევადიანი ვიზების მისაღებად სჭირდებათ. ახალ კოალიციაში აცხადებენ, რომ მათი მოკავშირეა ყველა, ვინც ევროპასთან ინტეგრაციის მომხრეა და ოპონენტია ყველა, ვინც ამ გზაზე უარს ამბობს და შესაბამის ღირებულებებს უარყოფს.

სტრატეგიისა და განვითარების ინსტიტუტი, თავისუფლების ინსტიტუტი, სამოქალაქო განათლების ფონდი, ახალი ეკონომიკური სკოლა, ალპე... - სულ 52 არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლებმაც 15 დეკემბერს ხელი მოაწერეს მანიფესტს „თავისუფალი ევროპისათვის“. მანიფესტში ნათქვამია:

”ჩვენ ვქმნით კოალიციას „ევროპული საქართველოსთვის“, რათა ჩვენი ქვეყანა გახდეს ნატოსა და ევროპულ ერთა ოჯახის თანასწორუფლებიანი წევრი. ჩვენ ვდგავართ იქ, სადაც იდგნენ თავისუფლებისმოყვარე ევროპული აზრის ფუძემდებლები - კუდენჰოვ კალერგი და ჭავჭავაძე, ჩერჩილი და ადენაუერი, შუმანი და ერჰარდი, მანი და მონე, მიზესი და ჰაიეკი, ვალენსა და ჰაველი, ტეტჩერი და მამარდაშვილი“.

”ჩვენ გვინდა, ნამდვილი ევროპული ღირებულებების პოპულარიზაცია საქართველოში. ეს არის ადამიანის თავისუფლება, მცირე მთავრობა... ჩვენ გვსურს, რომ მონაწილეობა მივიღოთ ზოგადად პოლიტიკის განსაზღვრაში, საკანონმდებლო ინიციატივებით წარვდგეთ და ა.შ”, - აცხადებს ახალი ეკონომიკური სკოლის ვიცე-პრეზიდენტი გია ჯანდიერი.

რატომ ისწრაფვის საქართველო ევროპისაკენ და რა არის ის ღირებულებები, რომლებიც მანიფესტის ხელმომწერ ორგანიზაციებს აერთიანებს?

”ჩვენ გვჭირდება, რომ კიდევ ერთხელ შევახსენოთ საზოგადოებას საქართველო. რაც ეს ქვეყანა საერთოდ არსებობს, ის ყოველთვის იყო დიდი ევროპული ცივილიზაციის ნაწილი - ხან მეტად, ხანაც ნაკლებად ინტეგრირებული იმ სამყაროში. ამიტომ არის საჭირო, რომ ამ საკითხებზე დიალოგი მხოლოდ ევროგაერთიანებასთან კი არ მიმდინარეობდეს, არამედ ჩვენი საზოგადოების შიგნითაც, რომ საბოლოოდ გავიაზროთ, რისკენ მივისწრაფვით”, - ამბობს ”თავასუფლების ინსტიტუტის” წევრი ლევან რამიშვილი.

კოალიციაში შევიდნენ შედარებით უცნობი ორგანიზაციებიც, რომელთა ევროპული ხედვაც მანიფესტის ძირითად პრინციპებს ემთხვევა. ერთ-ერთია „ახალი ხედვა - საქართველო“, რომლის წარმომადგენელი, გიგა ნასარიძე, ამბობს, რომ დიდ ევროპულ სახლს მალე საქართველოც შეუერთდება.

დირექტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი თეა თუთბერიძე კი გვეუბნება, რომ 52 არასამთავრობო ორგანიზაციის კოალიციად ქცევის მთავარი მიზეზი არის მათი რწმენა, რომ საქართველოს ადგილი და მომავალი მხოლოდ ევროპაშია:

”აქ არიან ის ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ საქართველომ უნდა აიღოს კურსი არა რუსეთისკენ, არამედ ევროპისაკენ და რომ ჩვენს ქვეყანას მომავალი არ ექნება იქ, სადაც ამ ქვეყნის პოლიტიკური ელიტის გარკვეული ნაწილი მიექაჩება. გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩვენ შევიკრიბებით და უკვე სამუშაო ჯგუფი იმუშავებს იმაზე, თუ რა უნდა შევთავაზოთ როგორც საზოგადოებას, ისე ხელისუფლებას”.

სამოქალაქო სექტორში ასეთი მკვეთრად პროევროპული კოალიციის გაჩენას მიესალმება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თორნიკე გორდაძეც:

”ეს ფაქტი ხელს შეუწყობს სამოქალაქო სექტორში ევროპაზე მსჯელობის გამოცოცხლებას. ჩვენ კი მათთან, როგორც ყველა სხვა ორგანიზაციასთან, ვისაც კი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები აინტერესებს, გვექნება იდეების ურთიერთგაცვლა და თანამშრომლობა”.

კოალიციას „ევროპული საქართველოსთვის“ ჯერჯერობით კონკრეტული სამოქმედო გეგმა არ წარმოუდგენია.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG