კვირა, 21 სექტემბერი, 2014 თბილისის დრო 20:05

რუბრიკები / თავისუფლების დღიურები

რუსუდან გოცირიძე - ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი

x
8 იანვარი, კვირა
კვირა ღვთისმსახურების დღეა. საკითხავებს გადავხედე (ლუკას 2:21-35). ამბავი ყრმა იესოს ტაძრად მიყვანებისა. ვკითხულობ და ვფიქრობ, ნუთუ მთელი სისრულით მიხვდა მოხუცი სიმონი, ვინ იყო იესო, როცა რვა დღის პატარა ხელში ეჭირა?

12 საათზე მსახურება იწყება. კინაღამ დავიგვიანე. ხალხს  დღეს ვაჩვენეთ მთავარეპისკოპოს მალხაზ სონღულაშვილის საშობაო ვიდეო და ეკრანზე პირველად დავინახეთ „მშვიდობის ბარძიმი“, რომელსაც მან ოკეანის გადაღმა მიაკვლია. წელს მალხაზიც და ბარძიმიც საქართველოს დაუბრუნდებიან.

ეკლესიაში მსახურების შემდეგ ეპისკოპოსების ოთახთან, როგორც წესი, დიდი რიგი დგას. კვირა ყველაზე გრძელი და მძიმე დღეა. ყველა თავისი ტკივილით და გაჭირვებით მოდის. დღეს ერთი კაცი მოვიდა. ცოლი ჰყავს კიბოთი ავად, რომელმაც შემოგვჩივლა: ისე მძიმედაა, შეიძლება, სახლში რომ მივალ, ცოცხალი აღარც კი დამხვდესო. 

დღეს პროფესორმა გურამ კუტალიამ მაჩუქა თავისი წიგნი „ბერი, რომელიც აუჯანყდა რომს“. ეს კაცი საუკეთესო ლუთეროლოგია საქართველოში.
თავისუფლების დღიურები - რუსუდან გოცირიძეi
|| 0:00:00
...
 
🔇
X
17.01.2012
თავისუფლების დღიურები - რუსუდან გოცირიძე

9 იანვარი, ორშაბათი
წლის ყველაზე მძიმე ორშაბათია. ძნელია წყვილ-წყვილად ნაზეიმები დღესასწაულების მერე სამსახურში წასვლა.

ოფისში სტუმრად მოვიდა ნინო ციხისთავი. ამ ადამიანს თითქმის ათი წელია ვიცნობ, მაგრამ ასეთი ბედნიერი და გახარებული ჯერ არ მინახავს. ყველას საჩუქრად მოგვართვა თავისი ახალი წიგნი - მისი ბაბუის, ლუკა ციხისთავის წერილების კრებული - „წერილები ოჯახს“. სახლში დაბრუნებულმა, წიგნი მათეს მივეცი. დარწმუნებული არ ვიყავი, რომ 12 წლის ბავშვისათვის 37 წელს რეპრესირებული ადამიანის ამბავი საინტერესო იქნებოდა. მაგრამ, ჩემდა გასაოცრად, მაშინვე აინთო ნათურა და თავი არ აუწევია. დროდადრო მე გამომძახებდა ხოლმე:  „დედი, სსრკ რას ნიშნავს?“ „...რეპრესია?“

ნანიკოს კომპიუტერის C დისკი გაქრა და უკვე მერამდენე დღეა, დადის ყურებჩამოყრილი. ასე ამბობს: ახლა მესმის, რას განიცდიდა ჰარი პოტერი, როცა ჯოხი გაუტყდაო.

ამაღამ აეროპორტში მივდივართ მე და ჩემი კოლეგა, ეპისკოპოსი ილია ოსეფაშვილი. ჩამოდის ბრიტანელი ლექტორი, რომელიც ძველი აღთქმის ჰერმენევტიკის შესავალს წაიკითხავს ელია წინასწარმეტყველის სკოლის სტუდენტებისათვის. მოგვწერა - ხის კელტური ჯვრით მიცნობთო, მაგრამ, ალბათ, აჯობებს, მისი სახელი ამოვბეჭდო. ყოველი შემთხვევისათვის... :-)

10 იანვარი, სამშაბათი
დილით ყველა მაღვიძარა დიდი წარმატებით გავთიშე პირველივე დაწკრიალებაზე, რის შედეგადაც ცოტა ხანში ცოფიანებივით დავრბოდით ოთახებში, რომ მიხოს სამსახურში არ დაეგვიანა. თავბრუდახვეულმა გავისტუმრე ქმარი, ეზოს კარი დავკეტე და ბილბოს „პედიგრი“ დავუყარე. ძალიან გამაიმუნდა ეს ძაღლი! მას შემდეგ, რაც საახალწლო სუფრის ნარჩენებს გაუგო გემო, ამ გამომშრალ კუბიკებს ვეღარ „ამუღამებს“.

ნათია ნადირაძემ დამირეკა. ჯავახიშვილის მეხუთე კორპუსში ერთად გატარებული სტუდენტობის ოთხი წლის წყალობით, საუკუნეც რომ არ ვნახო, ისეთივე ენთუზიაზმით ვქაქანებთ, როგორც 90-იან წლებში, ვაკიდან ნაძალადევამდე ფეხით სიარულის დროს. ორ წუთში ათასი რამე ვთქვით: ჩემმა ნასტუდენტარმა დამირეკა და ვერ გავიხსენე, რომელი იყოო. მე ხომ ან ძალიან „ბრაიტები“ ან ძალიან ჩლუნგები მამახსოვრდებიანო. ვენაცვალე, როგორი ბიბლიური მიდგომები აქვს ნადირაძეს! „ან ცხელი, ან ცივი, ხოლო ნელ-თბილებს ამოვანთხევ ჩემი პირიდან.“

როგორც წესი, დილით ერთი თავსატეხი მაქვს: სამი კატეგორიის შესამოსელიდან უნდა ამოვირჩიო: პასტორის საყელოიან პერანგს ვიცვამ, თუ რელიგიასთან დაკავშირებულ შეხვედრაზე მივდივარ დღის განმავლობაში. სრულად აღკაზმული ანაფორითა და პანაღიით გავდივარ, თუ მსახურება მაქვს ან რამე ოფიციალური ღონისძიებაა, სადაც ეკლესია უნდა წარმოვადგინო. რაკი დღეს არ მაქვს რელიგიურ-საზოგადოებრივი შეხვედრები, რიგითი მოკვდავივით გამოვეწყობი.

მე, ჩემი  კოლეგა ნანა ბერეკაშვილი და ქალბატონი მანანა კანდელაკი ერთი წიგნის რედაქტირებას ვაკეთებთ: „როგორ ვცხოვრობდით ერთად საბჭოთა  საქართველოში“. მე, რაღა თქმა უნდა, რელიგიის თავს ვამუშავებ. იმ თაობას წარმოვადგენ, რომელსაც არ ევალებოდა ლენინის ციტირება და მისი ნაშრომების შესწავლა. აქა-იქ, წყაროს გადასამოწმებლად, რამდენიმე მნიშვნელოვან დოკუმენტს გავეცანი. რას ერჩი, მშვენიერი მიდგომები ჰქონია ამ კაცს! ზუსტად ისეთი, სეკულარულ და დემოკრატიულ სახელმწიფოს რომ სჭირდება. 1918 წელს წერდა რელიგიისა და სახელმწიფოს გამიჯვნაზე და თან ადამიანის რწმენისა და რელიგიის თავისუფლებაზე. საეჭვო სიმპათიები გამიჩნდა ჩემი ბავშვობის ამ ნახევრად მითიური სახელის მიმართ.

ოფისში ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი პატარა სამზარეულოა, რომელიც, ვინ მოთვლის, რამდენი საინტერესო საუბრის მომსწრეა! ახლაც ვსხედვართ პასიური, აქტიური და ძალიან აქტიური მწეველები და გუშინდელ „ხოფერიას გადაცემას“ განვიხილავთ. დაუჯერებელი რამ ხდება ტელესივრცეში, სადაც გივი სიხარულიძე გვმოძღვრავს და ფასეულობებს გვკარნახობს, უსაქმურობისაგან გაბეზრებული ბანოვანი ქალბატონები გენდერულ როლებსა და კულტურა-ტრადიციებზე მსჯელობენ...

11 იანვარი, ოთხშაბათი
დღეს სტუმარი გარეჯში მიმყავს. მიხოს არ მოსწონს ჩემი ექსკურსიამძღოლობის იდეა. დარწმუნებულია, რომ დავიკარგებით და აზერბაიჯანიდან მოუწევს მერე ჩვენი „გამოსყიდვა“. დავურეკე აჩიკოს, ჩემს უერთგულეს „ჰაიკერს“, და წამოსვლა შევთავაზე. ფაქტობრივად, ჯერ ისევ ეძინა, როცა მანქანაში ჩავისვით და უკვე საგარეჯოში მიხვდა, სად მივდიოდით.

საოცრად კარგი ამინდი გამოგვივიდა! როგორც კი გადავედით  გარეჯას ქედზე, ბრიტანელი სტუმრის მობილურზე მესიჯი მოვიდა: Welcome to Azerbaijan!

მიყვარს აქაურობა. ორი წლის წინ ვიყავი ბოლოს. ახლა ბევრი ფრესკა თითქმის ჩამორეცხილი დამხვდა. ჩვენი იკონოგრაფიის სკოლის ხატმწერები სწორედ საბერეებისა და უდაბნოს ფრესკებს სწავლობენ. აქედანაა შთაგონებული ჩვენი ეკლესიის სიმბოლოც.

საღამოს ჩემი მეგობრების, ირმას და ავთოს სახლში ვართ მიწვეულები. ირმაც ხელდასხმული მსახურია ჩვენს ეკლესიაში. ყველაზე უკეთ ერთმანეთისა მიხოს და ავთოს ესმით ხოლმე. ;)
დღეს სტივენმა ოქსფორდიდან გამოტანებული კონვერტი გადმომცა. კონვერტს ჩემი სახელი ეწერა. მეცნო მალხაზის ხელწერა. კონვერტში საშობაო ღია ბარათი იდო, რომელზეც მამუკას დაწერილი ევქარისტიის ფრესკა იყო გამოსახული.

12 იანვარი, ხუთშაბათი
დღეს ფოსტაში გავედი. საშობაოდ გამოგზავნილმა ამანათმა ახლა ჩამოაღწია. მათეს სკეიტერისნახატიანი მაისური და Pink Floyd-ის პოსტერი ჩამოუვიდა, ნანოს, რაღა თქმა უნდა - „ბიტლების“ მაისური და მათივე პოსტერი და მედალიონი.

სამსახურში დღეს წიგნის იმ თავს ვამუშავებ, სადაც აღწერილია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ე.წ. რელიგიური თავისუფლების პერიოდი. ამ ცვლილებების სხვადასხვა ახსნა მომისმენია. გამოუსწორებელი სტალინისტები თვლიან, რომ ამ პერიოდში ღმერთისკენ მოტრიალდა სისხლისმსმელი ბელადი, და რელიგიებს თავისუფლება მისცა, რათა მორწმუნეების ლოცვა დახმარებოდა ომის მოგებაში. O sancta simplicitas! :-)

დღეს ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოსის რეზიდენციაში მივდივარ 4 საათისათვის. 20 იანვარს ეკუმენური ლოცვა გვაქვს და ამ და სხვა საკითხებზე გვაქვს მოსალაპარაკებელი. შეხვედრაზე ტაქსით მივედი. საბჭოს მოედანთან რომ ავუხვიეთ და მძღოლს ლუთერული ეკლესიის კარიბჭისაკენ მივანიშნე, კაცს სახე შეეცვალა. ეს კათოლიკური ეკლესია არ არისო? არა, ლუთერული ეკლესიაა-მეთქი. – ეგ რაღააო? – პროტესტანტული ეკლესიაა-მეთქი. – შენც ესეთი ხარო? – მკითხა და პასუხი რომ მოისმინა, სასწრაფოდ დამიბრუნა ხურდა და უკანმოუხედავად გაეცალა იქაურობას. ხშირად ვსარგებლობ ფილმ „შერეკილების“ უნიკალური ფრაზებით. ახლაც ერთ-ერთი მათგანი გამახსენდა:“ იბერიუს, მიამიტუს, კავკასიუს, აეროდინამიკუს ტემპერამენტუს!“

...მეუფე ჯუზეპე და მე თითქმის ერთდროულად მივედით. სომხური სამოციქულო ეკლესიიდან არავინ ჩანდა. მოგვიანებით ტერ ნარეკმა დარეკა – სუბნ ნშანი ჩამოინგრა და ამის გამო საგანგებო მდგომარობაა, ვერავინ მოვალთო. მძიმე სიჩუმე ჩამოვარდა. ნორაშენიც შავ დღეშია. არადა, ნორაშენს უნიკალური ხატწერა აქვს!
მიხო ზუსტად იქ დამიხვდა, სადაც სასოწარკვეთილმა ტაქსის მძღოლმა დამტოვა. მერე მაღაზიაში გავიარეთ - შეკვეთილი სათვალე უკვე დაემზადებინათ.

საღამოს სახლში ერთად ჩავუსხედით ნანიკოს და მათეს მოწყობილ კინოთეატრს და ბრიტანული კომედიური სერიალის - The Vicar of Dibley - საშობაო სერიას ვუყურეთ. გულიანადაც ვიცინეთ! ამ ფილმის ხუთი დისკი მალხაზმა მაჩუქა შარშან, სააღდგომოდ. ფილმი ინგლისის ერთ პატარა სოფელში მოღვაწე ქალ მღვდელზეა. ვინ მოთვლის, რამდენჯერ დამეხმარა ჯერალდინ გრეინჯერი (ფილმის მთავარი გმირი)!

13 იანვარი, პარასკევი
დღეს დეჟავიუს ტრადიციული დღეა. ტელევიზია იმეორებს საახალწლო პროგრამებს, სრული სიზუსტით.

10 საათზე ელიას სკოლის ლექციები იწყება. სტივენ დრეის ლექცია უნდა ვთარგმნო - „ძველი აღთქმის ჰერმენევტიკა“. მომზადებული ვიყავი ძალიან მოსაწყენი, ლინგვისტურად ჩახლართული, უინტერესო ლექციისათვის. მელანქოლიკი ბრიტანელი თეთრ დაფასთან დადგა მარკერმომარჯვებული და, პირველივე წინადადებიდან, საოცარი გარდასახვის მოწმენი გავხდით. ოთხი საათი ერთი ამოსუნთქვასავით გავიდა. სტივენი საუბრობდა რჯულზე, ძველი აღთქმის ტექსტების სტრუქტურაზე, ხაზავდა დიაგრამებს, ხატავდა, ანეგდოტებსაც კი ჰყვებოდა...

2-ზე შეხვედრა მაქვს „ევრაზიანეტის“ წარმომადგენელთან. ბაპტისტური ეკლესია აინტერესებთ რელიგიურ უმცირესობებზე რაღაც კვლევასთან დაკავშირებით. კითხვები ეხებოდა საქართველოში ჩვენი ეკლესიის ისტორიას, საზოგადოების ჩვენდამი დამოკიდებულებას, 2011 წლის ივლისის კანონს, რეფორმებს, ქალების მღვდლობას...

ბეთელის მოხუცებულთა სახლის ფლიგელში გავედი. აქ ჩემთვის ძალიან ძვირფასი ორი ადამიანი მეგულება: ნინო და 7 თვის ლურჯთვალება ლაშიკო. აქამდე არ ვიცოდი, რას ნიშნავდა არაღიარებული შვილი, ან სახლიდან გაგდებული ფეხმძიმე ქალი. არც იმას ვხვდებოდი, როგორ იოლად შეიძლება, ერთი შეხედვით, უწყინარი მოვლენები ვინმესთვის მტკივნეული იყოს. მაგალითად, საავადმყოფოს მიმღებში ერთი რიგითი ფორმულარის შესავსებად ბავშვის მამის სახელს გეკითხებიან. მერე რა, რომ მეტრიკაში ბავშვის მამა არ არის მითითებული? რაკი ანკეტაა, შესავსები უნდა შეავსონ...
საღამოს ფეისბუკში შევძვერი. ილორის ტაძარი გადაუღებავთ და სრულიად გადაუკეთებიათ... რა საშინელებაა, როცა ეკლესია რწმენის სივრცე კი არა, პოლიტიკური დაპირისპირების იარაღი ხდება!

შაბათი , 14 იანვარი
დღეს რუსთავის ეკლესიაში მაქვს მსახურება. ეკლესიის მნე არ იქნება ადგილზე, ასე რომ, ღუმელის გახურება მე და მიხოს მოგვიწევს.

დღეს ნათლისღების საკითხავი გვაქვს. იოანე ნათლისმცემელზე ფიქრისას, ისევ მოხუცი სიმონი გამახსენდა. მე მაინც მგონია, რომ ვერც სიმონი, ვერც იოანე, ვერც მარიამი, ვერც მოციქულები და, ზოგადად, მთელი საქრისტიანო, ზუსტად ვერ ვხვდებით, ვინ იყო იესო ნაზარეველი...

საღამოს საშობაო სპექტაკლს, „ფიფქებს“, იმეორებენ ჩვენი საკვირაო სკოლის უფროსი ჯგუფის ბავშვები. პირველად ეს პიესა 13 წლის წინ დავდგით. ეს არის ამბავი ორ ფიფქზე, რომლებიც საშობაო არდადეგებზე არიან ჩამოფრენილი. დადიან ადამიანთა ქალაქში და ხედავენ, რომ მათ სრულიად დავიწყებიათ, რას ზეიმობენ. ერთი კაცი კი, სახედარზე ამხედრებული, ფეხმძიმე ცოლით, დღესაც დადის ამ ქალაქის ქუჩებში და არავის აქვს მათთვის ადგილი. ნანიკო ერთ-ერთი ფიფქის როლს თამაშობს.

სპექტაკლი უკვე იწყებოდა, როცა რუსთავიდან დავბრუნდით. გვიან უკვე რადიო თავისუფლებაში მივალ.

გასრულდა ერთი რიგითი კვირა. ხვალ კვირის მსახურებაა.


ყურადღება!
რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: shen საიდან გვწერთ: patara didi adamiani
26.01.2012 00:15
დემოგრაფიას სხვა, ბევრად უფრო ღრმა სარჩული უდევს. ამორალობა და მორალი ისეთივე ანტაგონისტებია, როგორც მაგალითად, დეკონსტრუქცია და რეკონსტრუქცია, კონტექსტს გააჩნია, საბოლოოდ კი მთლიანის ორი პოლუსია.

ავტორი: me საიდან გვწერთ: patara qartveli var
25.01.2012 11:54
ევოლუცია არა დევოლუცია და რეგრესი უფრო ქვია იმას,რასაც ჩვენ დღეს ევოლუციას და პროგრესს ვუწოდებთ,ის ჩარჩოები რაშიც ჩაგვსვეს საჭიროა იმისთვის,რომ ჩვენს ფანტზიებს გასაქანი არ მივცეთ,რადგან ადამიანის გონება ისეთ ათას სისულელეს ფიქრობს და თუ არ დაუშალე და პირიქით მოუწონე,მის განხორციელებას ეცდება,მე არამგონია მოყვასის საკეთილდღეო იყოს ასეთი საკითხებისადმი ლიბერალური მიდგომა,როგორიცაა ჰომოსექსუალიზმი,რადგან ამ შემთხვევაში ასეთი ადამიანი თავის ფუნქციას ვერ შეასრულებს და ვერ გამრავლდება.იმისკენ თუ უბიძგებ ადამიანს,რომ რაც უნდა ის აკეთოს თუნდაც ეს ადამიანის მორალს ეწინააღმდეგებოდეს,ეს მისთვის დამღუპველი იქნება.

ავტორი: M. საიდან გვწერთ: Tbilissi
24.01.2012 18:40
P.P.S. ეს ქალბატონი და მისი ეკლესია გაცილებით მეტს აკეთებენ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ ვიდრე პრე-მოდერნული პიტეკანტროფი "ჭეშმარიტმადიდებელი" მამაოების ზონდერ-ბრიგადები ან "დერვიშების" მოდერნული ჰიპობით ახურუშებული ფანები ერთად აღებული, მაგრამ ფუქსავატ ქართველებს მაგდენი ტვინი არ გვაქვს რომ ეგ შევუშვათ ჩვენს ულტრაკონსერვატიზმითა და ულტრალიბერალიზმით დატლუებულ გონებაში. ვაი ჩვენს პატრონს, სად ჯანდაბაში და რა წუმპეში ვაგდივართ ყელამდე....

ავტორი: ანონიმი
23.01.2012 21:21
ეეხ,ჯობდა იმ ტაქსისტს ხურდა არ დაებრუნებინა და ისე წასულიყო. ოხერი ქართველების ლანძღვა უფრო შთამბეჭდავი იქნებოდა. იმასაც მეტი ფული შერჩებოდა და ესეც უფრო კმაყოფილი იქნებოდა.

ავტორი: miseenabyme საიდან გვწერთ: planeta venera
23.01.2012 17:05
ბატონო გია, გეთახმებით, ქრისტეს მოციქულებში ქალი არ ერია, მაგრამ მას უყვარდა ქალები, ქადაგების დროს ის ქალსაც და კაცსაც ერთნაირად მიმართავდა; როცა რწმენას აღვივებდა, არ ყოფდა საზოგადოებას რაიმე კასტებად. თუმცა ღვთისმშობელიც ერია იმ მოციქულებში, რომლებიც ქრისტემ ქადაგებისთვის და მოქცევისთვის გააგზავნა, სხვა საკითხია თუ რატომ აირჩია დედა ღვთისამ საფრანგეთი, საქართველოს ნაცვლად. ისე, შორს რომ არ წავიდეთ, ქართველებს წმინდა ნინო გვყავს.

ავტორი: miseenabyme საიდან გვწერთ: planeta venera
23.01.2012 04:36
"ქალების სალოცავიდან განდევნა ღვთის სახელით, სრულიად მიუღებელი "ტრადიციაა" - ეს სტატია შეგიძლიათ წაიკითხოთ presa.ge/new/?m=society&AID=7813
ბატონო კომენტატორო მაინც არ გეთანხმებით, რადგან ვთვლი, რომ საზოგადოებაში, სადაც ყოველი ადამიანი სრულფასოვან წევრად გრძნობს თავს, მარაზმი არ შეიძლება იყოს ქალის ეპისკოპოსობა. ვფიქრობ, ასეთი საზოგადოება მაინც შეიქმნება საქართველოში ადრე თუ გვიან, წინააღმდეგ შემთხვევაში სამუზეუმო ექსპონატად ვიქცევით ალბათ. პრინციპში რატომ უნდა იყოს სულიერი ცხოვრება ასე დამოკიდებული სქესზე ან ორიენტაციაზე, ღმერთი ხომ ყველასთვის ერთია, და ღმერთის ნებაა აგრეთვე ჰომო თუ ჰეტეროსექსუალის არსებობაც. ისე, მე მჯერა, რომ ადამიანის მენტალიტეტი პროგრსს განიცდის და მას თავისი, მკაცრად განსაზღვრული ( დროსა და სივრცეში) პრინციპები აქვს. ჩვენი ევოლუცია მაძლევს ამის საშუალებას რომ ვიფიქრო. კაცობრიობა მივა საბოლოოდ იქამდე, რომ იტყვის: ის ჰომოსექსუალი მირჩევნია ჩემს ტრადიციებს, იმიტომ, რომ ადამიანი ყველაზე ძვირფასია ამ ქვეყნად და ღმერთიც სხვას კი არაფერს გვიჩიჩინებს. ისე, "მოდერნისტული ფილისტერიზმი" რა შუაშია, როცა საქმე ევოლუციას ეხება, ის ჩვენ არც არაფერს გვეკითხება.

ავტორი: ანონიმი
23.01.2012 02:30
მმცნება კი არა ცნება ჰქვია იმას, ჭკვიანო!

ავტორი: gia საიდან გვწერთ: mamati
22.01.2012 22:25
უფალ იესო ქრისტეს ქალი მოციქულები არ ჰყოლია

ავტორი: კომეტატორი საიდან გვწერთ: ლაზ(ე)იკიდან
22.01.2012 13:49
რა შუაშია ქალთმოძულეობა? მატრიარქატი და ეკლესია? მე იმაზე გეუბნები რაც შეუთავსებელი მცნებებია! ვინ უარყოფს ქ-ნ რუსუდანის კაცთმოყვარულ ბუნება? მის კაი ქალობას?- მაგრამ ეს რა არის ეპისკოპოსად ქალის ყოფნის დამამტკიცებელი არგუმენტი? მართმადიდებლობა არ ცნობს ეპისკოპოსად ქალს, მასეთი დათმობებით აღიარებული ჰომოსექსუალი მღვდლებიც კი არიან ზოგ კონფესიებში- რა ვქნათ? მათი ჰუმანური მოქმედებისა და კარგი მოქალაქეობის, ვიღაცისადმი ადამიანური ზრუნვის გამოვლენისათვის-ჩვენც დავუშვათ? ასეთი დათმობებიდან სრულ მარაზმამდე მისვლას-არფერი უკლია.... არსებობენ ტრადიციები და ღირებულებები, რომლებიც ექსტრავაგანტურ ახირებებს არ ექვემდებარებიან... მე პატივს ვცემ ისლამსაც, კათოლიციზმსაც (პროტესტანტიზმს საც, იქვე კათოლიკურ ქვეყანაში და არა აქ საქართველოში, მართლმადიდებლებთან რას მიპროტესტებ?) ვერ ვეგუები უსაზღვრო ფანატიზმსა და უსაზღვრო მოდერნისტულ ფილისტერიზმს....კეკლუცა რეფორმატორებს,რომლებიც საკუთარ შეხედულებებს მოდურად იცვლიან...

ავტორი: miseenabyme საიდან გვწერთ: planeta venera
21.01.2012 19:03
კომენტატორო გოგიეთიდან, რა ღობე-ყორეს ვედები? თქვენი კომენტარი რომ ქალთმოძულეობას ამჟღავნებს უპირველესად, ეს გაუგებარია? დედათა მონასტრის წინამძღვარსა და ეპისკოპოსს შორის რომ დიდი სხვაობაა, ეს ხომ ორჯერ ორია და ძალიანაც კარგი! რა გეშინიათ ქალების? ისე ხომ არ დაგავიწყდათ, რომ პატრიარქატამდე ჯერ მატრიარქატი იყო. იქნებ სჯობს ქალებს მეტი ადგილი დავუთმოთ საზოგადოებაში, ხომ ხედავთ მამაკაცებმა დახოცეს ერთმანეთი, შემცირდნენ, გადაგვარდნენ. ომი ქალებმა მოიგონეს? დაისვენონ ბატონო ცოტა, ქალებისგან იქნებ ისწავლონ მშვიდობიანი თანაცხოვრება.
ნაცებს რატომ ლანძღავთ ასე? არასდროს არ ყოფილა იმდენი ქალი პოლიტიკურ და საზ. ცხოვრებაში, როგორც ახლა, ამიტომ არ გიყვართ ისინი ხომ?
შეგრცხვეთ, თამარის პატრონი მაინც არ იყოთ ასე აუგად რომ იხსენიებთ მატრიარქატს!

ავტორი: juansheri საიდან გვწერთ: didubedan
21.01.2012 15:57
საიდან ასკვნით და რომელ ისტორიას იმოწმებთ როცა ამბობთ კათოლიკური ეკლესიის როლზე ეკუმენიზმში მანც ვერ ვხვდები. ადვოკატად ნამდვილად არ გამოვდგები მაგრამ, ვატიკანის მეორე კრებამდე კათოლიკურ ეკლესიაზე დახურული ეკლასია არ არსებობდა, მაგ პერიოდამდე ეკუმენური მოძრაობის ნამდვილი ლიდერები მართლმადიდებლები იყვნენ, მსოფლიო საპატრიარქოს ხელმძღვანელობით. ნახეთ რას წერს წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძე 1927 წელს გამართულ ლოზანის კონფერენციაზე. ერთი რამ უნდა გვახსოვდეს, ეკუმენიზმი ეს არაა ზეეკლესია ან რაიმე სარწმუნოებრივი გაერთიანება, ეს მოძრაობა გახლავთ ფორუმი სადაც ეკლესიები თავიანთ პოზიციებს აფიქსირებენ და საერთო საკითხებში თანამშრომლობენ, მაგალითად სოციალურ და ბევრ სხვა სფეროში. ყველაფერს თავი გავანებოთ ელემენტარული საერთაშორისო ტრიბუნაა სადაც ყველა საკითხზე ჩვენ ეკლესიას პოზიციის დაფიქსირება შუძლია და შემთხვევითი არ არის რომ სწორედ უწმინდესი ილია II იყო მსოფლიო ეკლესიათა საბჭოს პრეზიდენტი 5 წლის განმავლობაში. დღეს ვითომ ,,ჭეშმარიტი " მართლმადიდებლები რომლებიც აზრზე არ არიან ეკუმენიზმის ისტორიის შესახებ, ფუნდამენტალისტურად განწყობილი გარკვეული სასულიერო პირების მიერ წაქეზებით ამ თემაზე უაზროდ აპელირებენ რაც როგორც მინიმუმ დასანანია. იმედია მალე გამოსწორდება ყველაფერი რაც განათლების მიღებასთანაა პირდაპირ კავშირში. ისე ალექს შეგახსენებ რომ კათოლიკური ეკლესია ყველაზე ახლოს დგას მართლმადიდებლურთან, დოქტრინალური თვალსაზრისით, შეგიძლია მიადევნო თვალი რომის პონტიფიკატის და მსოფლიო საპატრიარქოს ურტიერთობას.

ავტორი: ფარნავაზი საიდან გვწერთ: მცხეთა
21.01.2012 03:56
ქალბატონ ევას დავეთანხმებოდი იმაში, რომ ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში არამართლმადიდებლები არ უნდა იყვნენ, თუმცა სანამ ღვთისმშობლის წილხვედრი გახდებოდა მანამდე არმაზის წილხვედრი იყო ეს ქვეყანა, ასე რომ მე თუ მკითხავთ არც მართლმადიდებლები უნდა იყვნენ ამ ქვეყანაში. მხოლოდ არმაზის კულტის მიმდევრები... აი მაშინ გაბრწყინდება იბერია.

ავტორი: ფრიდრიხი
21.01.2012 03:48
რა საძაგლობაა. ეს ხალხი საკუთარი სიმახინჯის, აგრესიულობის, უკეთურების, სიბრიყვის შესანიღბად წამდაუწუმ ღმერთს იმოწმებს. შეეშვით ღმერთს, ის არ არსებობს. შეუძლებელია ღმერთი არსებობდეს და უშვებდეს იმას, რომ ადამიანები თავიანთი ამბიციებისთვის ასე უსინდისოდ ჭამენ ერთმანეთს.

ავტორი: mzia საიდან გვწერთ: tbilisi
21.01.2012 00:17
ქალი ეპისკოპოსი თანაც პროტესტანტი მართმადიდებლებისათვის ძნელი მისაღებია და მესმის მათი,მაგრამ მინდა გითხრათ ეს ადამიანი არის საოცრად სათნო, კეთილი,ენერგიული,ჭკვიანი.საკმარისია მასთან თუნდაც უბრალო საუბარი,რომ თქვენი წარმოდგენა სრულიად შეიცვალოს.და თქვენ მიხვდებით რუსუდანი არის ქრისტიანი ქალი ,მოყვარული თავისი ქვეყნის,ხალხის ოჯახის.მან შეიფარა სრულიად უცხო გოგონა და ზრუნავს მასზე.რაზეც საუბრობს.ის სამაგალითო ადამიანია ,თუმცა საზოგადოების ნაწილი მას ტაქსის მძღოლივით უყურებს.

ავტორი: M.
20.01.2012 22:54
გეთანხმებით ბატონო ჯუანშერ. ოცზე მეტი წელიწადია ერთსა და იმავეს ვისმენთ, როგორ შეიძლება ქალის ხელდასხმა, როგორ შეიძლება ქართველის არამართლმადიდებლობა, ბაპტიზმი და ეკუმენიზმი ეს ხომ ანტიქრისტეს რელიგიაა, ეს ხომ სექტაა და ა.შ., ზეპირად ვიცი ეს ფრაზები უკვე.... იგივე პარანოიდულ-შიზოფრენიული სლოგანები "სამშობლოს გვართმევენ", "სარწმუნოებას ყიდიან". აბსოლუტურად არაფერი შეცვლილა ჩვენს აზროვნებაში. სამარცხვინოა პირდაპირ რა პირით ლაპარაკობთ "მართლმადიდებლობაზე", ქართველობაზე და ქრისტიანულ ღირებულებებზე, ასეთ სიძულვილსა და გესლს რომ ანთხევთ?!
ერთადერთი ეკლესია, რომელიც წარმოადგენს ნიმუშს ნამდვილად ქრისტესმიერი სიყვარულის, გახსნილობის, სახარებისეული ღირებულებების და ყოველგვარი ქრისტიანული ღირსებებისა ესაა საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია, არადა როგორ არ სურთ ამის დანახვა. თამამად და ამაყად ვაცხადებ, მე „რენეგატმა ურჯულომ, არაქართველმა გადამთიელმა“ დიდი ხანია სრული შეგნებით და პასუხისმგებლობით მივიღე პროტესტანტული რწმენა, და ერთხელაც იქნება ღმერთი ამიხდენს დიდი ხნის ოცნებას, გავიცნო ქალბატონი რუსუდანი, მასთან ერთად ბატონი მალხაზ სონღულაშვილი და ამ პატარა თემის სხვა წევრები. ვერ გავიგე, ისინი არიან ურწმუნოები, ბასილ მკალავიშვილი და მმკ-ს წევრები მორწმუნეები?! ეს უკანასკნელნი არიან საამაყო ქართველები, რუსუდანი კი არასრულფასოვანი ქართველი?? რომელი „მამაო“ მოვა მის სითბოსა და ჰუმანურობასთან?! ბატონ ვასილ კობახიძის დღიურებში დავწერე, და აქაც გავიმეორებ იმავეს: ეს ადამიანები გაცილებით მაღლა დგანან მთელ იმ სამარცხვინო და უბადრუკ ამორალურ მასაზე, რომელსაც ქართული საზოგადოება ჰქვია.
ღმერთმა შეგინდოთ ეგ თქვენი გესლი და სიძულვილი, გინება-ფურთხება... აშკარაა მართლა არ იცით რას ლაპარაკობთ, საერთოდ არ გაქვთ გააზრებული ქრისტიანობის არსი, სწორად არ გესმით სახარებისეული სწავლება, ვერ მიმხვდარხართ რომ იმ ჩაკეტილობის მქადაგებელ და ბიბლიურ ციტატებზე გადარეულ ფუნდამეტალისტურ ფანატიზმს რომელსაც ახლა მისდევთ და მამაოები დაჟინებით ჩაგჩიჩინებენ, არავითარი კავშირი არ აქვს ნამდვილ რწმენასთან. სოციალურ პრობლემებსაც კი არ ხედავთ თქვენს გარშემო, თუნდაც როგორც რუსუდანმა აღნიშნა სახლიდან გაგდებულ ფეხმძიმე ქალს, არადა „ქრისტესმიერ სიყვარულს“ იჩემებთ... არ ვიცი რაა
ვისურვებდი, ღმერთმა შეუნდოს და თვალი აუხილოს ყველას, დაანახოს მისკენ მიმავალი ნამდვილი გზა. გულისამრევია უკვე იმის ყურება რამდენი ზიზღი და ბოღმაა ნაგავივით დაგროვილი ჩვენს ქვეყანაში და არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, ზიზღი ეთნიკური უმცირესობების მიმართ, ზიზღი რუსების თუ სომხების მიმართ, სხვა რელიგიის წარმომადგენლების მიმართ, ყველგან ხედავ ორად გაყოფილ ხალხს ე.წ. მემარჯვენეებს და მემარცხენეებს, ორთავეს თავისი თავი რომ ჰგონია მართალი, ვხედავ ომებს, ძალადობას ეშმაკმა იცის რა იდეალს ამოფარებულს. საკუთარ უტვინობას ვერ ვამჩნევთ და ვერც შევამჩნევთ კარგა ხანი. სწორია რუსუდან, დღესაც კი ვერ ხვდება კაცობრიობა რა მოიტანა იესომ. სამწუხარო რეალობაა.
P.S. ისე, რჩევა ადმინისტრატორებს: ჩემი აზრით რაც მალე ჩაკეტავთ ხოლმე ფორუმებს, მით უკეთესია, თქვენ როგორ ფიქრობთ? :) ნაკლები სისულელე დაიწერება.

ავტორი: ალექსა საიდან გვწერთ: ესპანეთი
20.01.2012 21:05
ჯუანშერს
ვიდრე ვინმეს უწიკნურობასა და უკითხურობაში დაადანაშაულებდე, სასურველი იქნებოდა თვითონ გადაგეხედა.

ეკუმენისტური მოძრაობა სათავეს იღებს 1908 წელს Spencer Jones და Paul Watson-ის ჩამოყალიბებული Church Unity Octave-დან. რომელიც. ვინ იყვნენ ისინი? ნამდვილ პროტესტანტულ პასტორებს წარმოადგენდნენ, თუ კათოლიკებს მიყიდული ცხვრის ტყავში გადაცმული მგლები იყვნენ? ამ მოძრაობის წარმოწყებიდან 9 თვის მერე ანგლიკანი „პასტორი“Paul Watson კათოლიკეთ „მოექცა“, რაც ცხადად მიანიშნებს იმაზე, რომ ის არც არასდროს ყოფილა ნამდვილი ანგლიკანი.

და თუ გადახედავთ ეკუმენიზმის მოკლე ისტორიას (თუ გაქვთ საშუალება გადახედოთ ვიკიპიედიის ესპანურ ვერსიას, საკმაოდ კარგადაა ჩამოყალიბებული) აშკარად დომინირებს კათოლიკური ეკლესია, ისტორიაშიც და ახლაც. რომელიც ცდილობს „შეარიგოს დოქტრინალური მიზეზით განდგომილი ძმები“, რაც ბიბლიური შეხედულებით სრულიად არასწორია.

ბიბლია ლაპარაკობს განდგომილებზე:
„ისინი ჩვენგან გამოვიდნენ, მაგრამ არ იყვნენ ჩვენგანნი, ვინაიდან ჩვენგანნი რომ ყოფილიყვნენ, ჩვენთანვე დარჩებოდნენ; მაგრამ გამოვიდნენ, რათა ცხადი გამხდარიაო, რომ ყველანი როდი არიან ჩვენგანნი.“

რაც შეეხება დოქტრინალური მიზეზით გაყოფებს - მე ყოვლად სამართლიანად მიმაჩნია. ვინაიდან ჭეშმარიტ ეკლესიას სწორედ დოქტრინა (ჭეშმარიტება) აერთიანებს და თუ ეკლესიაში არსებობს ორი აბსოლუტურად სხვადასხვა შეხედულების მქონე ადამიანები, არ მიმაჩნია აუცილებლად მათი ერთად ყოფნა. მაგრამ ზოგიერთი „პასტორი“ თვალს ხუჭავს ამ ფაქტზე, რათა არ დაკარგოს „მრევლი“ და ყალბ მშვიდობაზე ქადაგებს.

ევას
აქ საუბარია ეკლესიაზე, რომელმაც რამდენჯერმე შეიცვალა სახელიც და სახეც.
ესაა ბაპტისტური ეკლესია, შემდეგ უწოდეს თავიანთ თავს „ევანგელისტურ-ბაპტისტური“ შემდეგ „რეფორმირებული მართლმადიდებლები“ თუ რაღაც მსგავსი, ზუსტი დასახელება არ ვიცი, იქნებ თვითონ რუსუდანმა მოფინოს ნათელი.

მათი მოკლე ისტორია ისაა, რომ ძველ ბაპტისტურმა ეკლესიამ, გადაწყვიტა რა მშვიდობის მოტივით წასულიყო მრავალ კომპრომისზე კომუნისტურ ხელისუფლებასთან და დარეგისტრირებულიყო, უამრავი ეკლესია, რომელიც ერთიანდებოდა ამ თემში განუდგა, ვინაიდან მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა ის შემოთავაზებები, რასაც ხელისუფლება სთავაზობდა რეგისტრაციის სანაცვლოდ.
მათ ჩაატარეს მრავალი რეფორმა, რომელიც დიდად აისახა მათ გარეგნულ სახეზე. რაც წინა პოსტშიც აღვნიშნე. მე ზოგადად პროტესტანტული ეკლესიების წინააღმდეგ არაფერი არ მაქვს, მაგრამ პროტესტანტი, რომელიც მართლმადიდებლურად იმოსება ცოტა არ იყოს სიყალბეთ მიმაჩნია.

ვუბრუნდები რა ეკუმენიზმს. მე არაფერი არ მაქვს საწინააღმდეგო თუ ის გაითვალისწინებს სხვადასხვა აღმსარებლობის ქრისტიანების ერთობას. მაგრამ სამწუხარო ისაა, რომ ის არ მოიაზრებს ამ ერთობაში დისკუსიებს და განხილვებს თავიანთი შეხედულებისა რწმენის ამა თუ იმ საკითხზე.

რამდენჯერმე გახლდით საბანაკო სემინარებზე, რომელსაც ძირითადად „ბაპტისტური“ ეკლესიის წარმომადგენლები ხელმძღვანელობდნენ, და სადაც მონაწილეობას ღებულობდნენ სხვადასხვა კომფესიის წარმომადგენლები, რაც ჩემში აღფრთოვანებას იწვევდა, მაგრამ ის რაც ძალიან არ მომწონდა იყო, რომ იქ პირდაპირ აკრძალული იყო რწმენის საკითხების განხილვა სხვა ეკლესიის წევრებთან ერთად.E

ავტორი: juansheri საიდან გვწერთ: didubedan
20.01.2012 19:18
ძვირფას ალექსს შევახსენებ, რომ კათოლიკურ ეკლესიას მთელი ნახევარი საუკუნე დასჭირდა სანამ ეკუმენურ მოძრაობაში ჩაებმებოდა, 1962-65 წლის ვატიკანის მეორე მსოფლიო კრების შემდეგ. მანამდე, ანუ XIX საუკუნის ბოლოს და XX დასაწყისში, პროტესტანტულმა დენომინაციებმა და კონსტანტინოპოლის (მართლმადიდებმულმა) მსოფლიო საპატრიარქომ მისცეს ეკუმენიზმს ბიძგი, ასე რომ რაც არ ვიცით, იმ თემაზე კომენტარს სჯობს ჯერ უფრო მეტი წავიკიტხოთ.

ავტორი: eva საიდან გვწერთ: everest
20.01.2012 18:17
რა კონსპირაციული მინიშნებაა ეპისკოპოსობაზე?რომელ ეკლესიაზეა საუბარი?შემოესიენ გადამთიელი პროტესტანტები ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანას და თანამოაზრეებიც გაიჩინეს! ლუკმა-პურის სანაცვლოდ იყიდება წმინდა ნინოს ჯვარი კელტურზე?! იოლია სიბნელით გარემოცული მშიერი ხალხის გაბრიყვება! იეღოველებით რომ იყო სავსე ქვეყანა ამ ათეული წლის წინ დაგვავიწყდა ვითომ? ვეთანხმები ალექსა-ს, თუ მართლმადიდებლურის საფარველში დამალვა და თვალის ახვევა არ სურთ, ვერ დაწერა დღიურის ავტორმა რომელი მიმდინარეობის თუ სექტის ეპისკოპოსია? თუ მოერიდა, ტაქსისტივით არ დაემართოს მკითხველსო?

ავტორი: ადამიანი საიდან გვწერთ: სააქაო
20.01.2012 16:37
ხალხო, აგვიხსენით, რა სექტაზე თუ რელიგიურ მიმდინარეობაზე, რა ეპისკოპობაზე და ბარძიმზეა საუბარი! ალექსას კომანტარი არაა საკმარისი საკითხისთვის ნათელის მოსაფენად. ქნებ იეჰოვას მოწმეთა სექტაზეა საუბარი? გასაგებია, რომ პროტესტანტიზმი თავის დროზე კათოლიკური ეკლესიის ოპოზიციად ჩამოყალიბდა, მაგრამ ახლა აქ რა ხდება და რა ღვთისმსახურებას ატარებს ეპისკოპოსი რუსუდანი? ვინ აფინანსებს და რითი არსებობს მისი სამსახური? თურაშაულის პატრონი, ტყეში ეძებდა პანტასაო! მართლმადიდებლურ ქვეყანაში დაბადებულხარ, აქ ცხოვრობ, სტუმრები მართლმადიდებლურ ეკლესიაში დაგყავს ექსკურსიაზე და ამ რწმენას ანაცვალებ მე-16 საუკუნეში ევროპაში ნაქადაგარ მიმდინარეობას? დიდი ბოდიში კომენტარების ავტორებთან, მაგრამ არიან აზრზე რას აკომენტარებენ და რაზე უხდიან მადლობას დღიურის ავტორს? უნდა გაკვირვებოდა იმ ტაქსის მძღოლს, აბა არა? ღმერთი ერთია, უფალმა ხელი მოუმართოს ყველას, მაგრამ ცოტა უცნაურია ეს ყველაფერი და სხვაგვარი დაინტერესების ელფერი დაკრავს(იხილეთ ალექსას კომენტარში)."ვაჰ, სოფელო, რაშიგან ხარ, რას გვაბრუნებ, რა ზნე გჭირსა, ყოვლიმც შენი მონდობილი, ნიადაგმცა ჩემებრ სტირსა, სად წაიყვან სადაურსა, სად აღუფხვრი სადით ძირსა, მაგრამ ღმერთი არ გაწირავს კაცსა, შენგან განაწირსა! ", - ესაა ჩემი კომენტარი.

ავტორი: ალექსა საიდან გვწერთ: ესპანეთი
20.01.2012 15:04
მე ბევრს არ ვისაუბრებ ქალის ეპისკოპოსობაზე, მაგრამ ცოტას ვიტყვი ეკუმენიზმის შესახებ.

როგორც ჩანს, მას შემდეგ რაც რომმა ძალაუფლება ხელში აიღო, არაფრით არ უშვებს მას ხელიდან. როგორც კი რომის იმპერიამ ნგრევა დაიწყო, გამოაცხადეს „ქრისტიანობა“ სახელმწიფო რელიგიათ, ვინაიდან წარმოადგენდა რა პოტენციურ მმართველობის იარაღად სხვა სახელმწიფოებზე. რამაც საოცრად გაამართლა საუკუნეების განმავლობაში რომის პაპის ყველა მეფეზე მეტი ძალაუფლება ჰქონდა მსოფლიოში.

როგორც კი პროტესტანტულმა მოძრაობამ დაიწყო კათოლიკური ეკლესიის ძირის გამოთხრა, ამ მსოფლიოს უდიდესმა, უმდიდრესმა და უხუცესმა მაფიამ ამ ხალხის შემორიგება გადაწყვიტა და „ეკუმენიზმის“ სახელის ქვეშ გადაწყვიტა შემოერიგებინა ყველა ეკლესია. ყიდულობდა რა სხვადასხვა კონფესიების ხელმძვანელებ, წარმატებით აღწევდა და აღწევს დასახულ მიზანს. არავის დაავიწდეს, რომ ეკუმენიზმის სულისჩამდგმელი და მთავარი გამწევი ძალა სწორედ რომ კათოლიკური ეკლესიაა.

რაც შეეხება იმ ეკლესიას, რომლის ერთ-ერთ ეპისკოპოსსაც წარმოადგენს ქალბატონი რუსუდანი, ბოლოს მაშინ ვიყავი, როდესაც ევქარისტიის დროს ბარძიმი შემართა მთავარეპისკოპოსმა მალხაზიმ და თქვა რომ იმ დღეს ზიარება იქნებოდა რომის პაპის „იოანე პავლე მეორის“ სულის მოსახსენიებლად. რა თმქა უნდა არ მიმიღია ამ ღვთისგმობაში მონაწილეობა, პროტესტის ნიშნად დავტოვე დარბაზი და წამოვედი.

კიდევ იმას ვიტყვი, რომ მათი ეკლესია დაბეჯითებით ლანძღავს და აკრიტიკებს მართლმადიდებლურ ეკლესიას, თვითონ კი ცდილობს მისი სახე მიიღოს. მათი მღვდლები ანაფორას ატარებენ, წვერს უშვებენ, ჯვარს იკიდებენ და ა.შ. რისი ერთადერთი მიზანიცაა, რომ ხალხი შეცდომაში შეიყვანონ, იქნებ ვინმეს „შემთხვევით“ მართლმადიდებლური ეკლესია ეგონოს.
მოკლეთ ბევრს აღარ გავაგრძელებ. საკმარისზე მეტი ვთქვი.
თუმცა როგორც დღიური თუ რელიგიურ საკითხებს გვერძე გადავდებთ ძალიან საინტერესოთ დაწერილად მომეჩვენა.

ავტორი: ლელა საიდან გვწერთ: საქართველოდან
20.01.2012 12:48
ბატონ ავთოს თბილისიდან:
თქვენ ალბათ ის ავთო ხართ, რომელზეც ქ-ნი რუსუდანი თავის დღიურში წერს. რომ იცნობთ, უეჭველია, ამიტომაც გამოეხმაურეთ ჩემს კომენტარს. შურით ნამდვილად არ შემშურებია რუსუდანის, ცოტა გამიკვირდა და, რაღა დაგიმალოთ და, გულიც მეტკინა-მეც იმ დროს მიწევდა სტუდენტობა, რომელზეც დღიურშია საუბარი-საათობით ფეხით სიარული რომ იყო საჭირო უნივერსიტეტამდე. ისიც კარგად მახსოვს, რა რთული იყო მაშინ განსაკუთრებით მე-5 "კორპუსდამთავრებულისთვის" სპეციალობით მუშაობის დაწყება - ფიზიკურად არ იყო სამუშაო, თუ იყო, ათასი ჯურის უცხოელთან და ერთმა ღმერთმა უწყოდა, სად და ვისთან აღმოჩნდებოდი, ამ სამუშაოს თუ ბოლომდე მიყვებოდი... დიახ, ყველაფერი ფარდობითია და დღესაც რთულია ქართული ღირებულებების დაცვით ცხოვრება და შვილების გაზრდა(ეს ღირებულებებიც შედარებითია!). ალბათ, ეს ყოველთვის ასე იყო და იქნება. გისურვებთ წარმატებას! მთავარია, ადამიანმა იცხოვროს ღირსეულად და სიკეთე აკეთოს, არ აქვს მნიშვნელობა, სად იქნება და სად ილოცებს!(თუმცა, ქართველის შესაფერისად მაინც მართლმადიდებლობა უფრო მგონია.)

ავტორი: კომენტატორი საიდან გვწერთ: გოგიეთიდან
20.01.2012 10:25
miseeabume-ს"დედათა მონასტრისა წინამძღვარსა და ეპისკოპოსს შორის სხვაობას თუ ვერ ხედავ ,გაჩუმდი მაინც-უცოდინარობას ნუ აფრქვევ.. უცოდინარობაზე და ურწმუნოებაზე მიჯაჭვულობაა ჩვენი ქვეყნის უბედურება!"-შენ და შენნაირები პატრიარქსა და "მატრიარქს" შორისაც ვერ დაინახავთ განსხვავებას...მე ეს გითხარი, შენ კი ღობე ყორეს ედები, მთავარია რაღაც უპასუხო...სიმართლე არ განაღვლებს- ეს ნაცების ხელწერაა...

ავტორი: ნატო საიდან გვწერთ: თბილისი
20.01.2012 02:54
როგორი მშვიდი და თბილი დღიურია. ძალიან მესიამოვნა წაკითხვა.
დიდი მადლობა ქალბატონ რუსუდანს.

ავტორი: მეგი საიდან გვწერთ: თბილისი
20.01.2012 02:50
დიდი მადლობა საინტერესო დღიურისათვის :)
სამწუხაროა, რომ ზოგს მხოლოდ ნეგატიური კომენტარების გაკეთება შეუძლია და ისიც ავიწყდება, რომ პირველ რიგში, ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ და მერე ვჯგუფდებით აღმსარებლობების, ეროვნების და სხვათა მიხედვით.
გისურვებთ, მეტი პოზიტივი გქონოდეთ ცხოვრებაში, ყველას განურჩევლად. მერე უფრო გვეყვარებოდა ერთმანეთი და უკეთეს ქვეყანაში ვიცხოვრებდით :)

ავტორი: juansheri საიდან გვწერთ: didubedan
19.01.2012 23:04
ნორმალური დღიურია, აგრესიის გამომხატველი კომენტების ავტორებისა კი ვერ გამიგია. ბატონებო და ქალბატონებო ჩვენი საზოგადოების ძალა ჩვენს მშვიდობიან მრავალფეროვნებაშია. აღარ დავიწყებ ისტორიული პირებისა და ფაქტების მოხმობას, უბრალოდ ყველა თავისუფლად და ადამიანურად მოაზროვნე ქართველი იმსახურებს დიდ პატივისცემას, განურჩევლად მათი რელიგიური კუთვნილებისა, რაც შეეხება ეკუმენიზმს, ეკუმენიზმიდან ჩვენი ეკლესიის გარიყვა ფუნდამენტალისტებისა და რუსეთუმეების დამსახურებაა, რომ იცოდეთ ეკუმენიზმის სათავეებთან ყოველთვის იდგა ქართული სამოციქულო ეკლესია. მადლობთ!

ავტორი: miseenabyme საიდან გვწერთ: planeta venera
19.01.2012 16:28
Bატონო კომენტატორო გოგიეთიდან, e.metreveli -ის კომენტარი ძალიან მომეწონა იმისათვის, რომ გითხრათ: უცოდინრობაზე და ურწმუნოებაზე არ არის საქართველო აგებული, შემდეგ:
1. "ძნელია "მამო" დაუძახო ქალს" - ეს ხომ თქვენი სიტყვებია, არა?
2. "მღვდელი სულიერი მამაა ახლა დედაც ყოფილა" - ესეც ხომ თქვენი სიტყვებია, არა?
თქვენს ადგილზე ჯერ კარგად დავფიქრდებოდი, შემდეგ სათქმელს რიგიანად ჩამოვაყალიბებდი ისე, რომ ვინმესთვის გული არ მეტკინა. მაგრამ არა უშავს, ხდება ხოლმე, აჩქარებამ იცის და ფუნქციადაკარგულმა ტრადიციამ, მეც მომსვლია:)

ავტორი: e.metreveli
19.01.2012 15:22
დიდი მადლობა ქალბატონო რუსუდან, ასეთი თბილი და სასიამოვნო დღიურისთვის. ფარნავაზმა მცხეთიდან არმაზის კულტი ახსენა, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს იმ ფაქტს, რომ საქართველოში რელიგიათა მონაცვლეობას ან მშვიდობიან თანაცხოვრებას არ გამოუწვევია ერის გადაშენება, დეგრადაცია და სიკვდილი. ვფიქრობ პირიქით, ამით ჩვენს გენეტიკურ უნარს - სამყაროს ეპოქალურ და ტოლერანტულ აღქმას გავუსვით ხაზი.

ავტორი: კომენტეტორი საიდან გვწერთ: გოგიეთიდან
19.01.2012 15:07
"ავტორი: miseeabyme საიდან გვწერთ: planeta venera
18.01.2012 19:28
კომენტატორს გოგიეთიდან ვურჩევდი ხშირად სიარულს მცხეთის დედათა მონასტერში, რათა "დედაოს" წარმოთქმასა და გათავისებაში ივარჯიშოს; როგორც ჩანს მისი რწმენისათვის ასე მნიშველოვანია "მამაოს" წარმოთქმა, ეს კი ერთგვარი ფსიქოლოგიური მიჯაჭვულობაა და რწმენასთან არაფერ შუაშია.-დედათა მონასტერისა წინამძღვარსა და ეპისკოპოსს შორის სხვაობას თუ ვერ ხედავ ,გაჩუმდი მაინც-უცოდინარობას ნუ აფრქვევ.. უცოდინარობაზე და ურწმუნოებაზე მიჯაჭვულობაა ჩვენი ქვეყნის უბედურება! რომელსაც ნათიები, ბენოები, თათიები და სხვები უჭერენ მხარს----უმეტეს შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე, საზღვარგარეთის მყუდრო გარემოში დაუმსახურებლად "მოყუჩებულნი"...

ავტორი: NATIA
19.01.2012 02:34
ქალბატონო რუსუდან, გისურვებთ წარმატებას თქვენს საქმიანობაში !

ავტორი: ავთო საიდან გვწერთ: თბილისი
18.01.2012 23:17
ქალბატონო ლელა საქართველოდან!

ეპისკოპოს რუსუდანს დიდი ხანია ვიცნობ და დამიჯერეთ, რომ 90-ანებში, 80-იანებში და უფრო ადრეც იქ იყო, სადაც ახლა არის. "ნორმალური პირობები" ძალიან ფარდობითი ცნებაა მაგრამ შვილებს ნამდვილად არ აკლებს სითბოს, მზრუნველობას და სიყვარულს. მაგრამ ძალიანაც ნუ შეგშურდებათ - დარწმუნებული ვარ, რომ თქვენც არაერთი ღირსებით იქნებით შემკული.

ავტორი: M. საიდან გვწერთ: shenmar333@yahoo.com
18.01.2012 23:13
ძალიან საყვარელი და თბილი დღიურები იყო, გმადლობთ :)))) უდიდეს პატივს გცემთ და უზომოდ მიყვარხართ ქალბატონო რუსუდან... :) ნეტავ თქვენნაირი ადამიანები გვიმრავლოს ღმერთმა. მეამაყება რომ ქართველი ბრძანდებით და საქართველოში მოღვაწეობთ... თუმცა ჩემგან არ გესწავლებათ ასეთი რამეები თქვენნაირ გამოცდილ ქრისტიანებს, მაგრამ მაინც გეტყვით გესლიან და აგრესიულ დამოკიდებულებას ნუ მიაქცევთ დიდ ყურადღებას, არ ღირს ამ უბრალო რამის გამო ნერვების მოშლა. ;))

აბსოლუტურად ვეთანხმები ბენოს და tamari-ს.

ავტორი: ფარნავაზი საიდან გვწერთ: მცხეთა
18.01.2012 21:13
ვეთანხმები ყველას, ვინც უარყოფითად შეაფასა ეს დღიურები და ქალბატონი რუსუდანის მოღვაწეობა: მართალია! ჯერ იქიდან დავიწყოთ, რომ გაივსო ქვეყანა უცხოტომელებით: ჩინელები, აფრიკელები, სვანები... და ამ სხვა რელიგიებზე ხო არაფერს ვამბობ: იაღოეველები, მართლმადიდებლები, კათოლიკები, ბაპტისტები, ლუთერანები და ა.შ. არმაზის კულტი ყველამ დაივიწყა. ჩვენი მამა-პაპების რელიგია არავის ახსოვს უკვე. ეეხ...

ავტორი: miseeabyme საიდან გვწერთ: planeta venera
18.01.2012 19:28
კომენტატორს გოგიეთიდან ვურჩევდი ხშირად სიარულს მცხეთის დედათა მონასტერში, რათა "დედაოს" წარმოთქმასა და გათავისებაში ივარჯიშოს; როგორც ჩანს მისი რწმენისათვის ასე მნიშველოვანია "მამაოს" წარმოთქმა, ეს კი ერთგვარი ფსიქოლოგიური მიჯაჭვულობაა და რწმენასთან არაფერ შუაშია.

ავტორი: tamari
18.01.2012 18:58
დიდ მადლობა ასეთი საინტერესო და გულწრფელი ჩანაწერისთვის. ძალიან სასიხარულოა, რომ ქართულ სივრცეშიც არსებობს ასეთი ფენომენი, როგორიცაა ხელდასხმული ქალი.

ავტორი: რუსუდან საიდან გვწერთ: თბილისი
18.01.2012 17:28
,,მე მაინც მგონია, რომ ვერც სიმონი, ვერც იოანე, ვერც მარიამი, ვერც მოციქულები და, ზოგადად, მთელი საქრისტიანო, ზუსტად ვერ ვხვდებით, ვინ იყო იესო ნაზარეველი...'' - ღმერთი, ღ მ ე რ თ ი!!!!:)

ავტორი: ნინო საიდან გვწერთ: თბილისი
18.01.2012 17:09
გეთანხმებით ქალბატონო რუსუდან, ბევრი ვერ ხვდება ვინ იყო და ვინ არის იესო!! ლენინის დამოკიდებულებამ კი ძალიან გამაკვირვა, ალბათ იმიტომ რომ ვფიქრობ მას სხვა რამ ამოძრავებდა როცა ამას ამტკიცებდა, განა არაერთხელ გამოუყენებიათ და იყენებენ კიდევაც ქრისტიანობის სახელს ბოროტის სათქმელად/გასაკეტებლად?

ავტორი: ბენო
18.01.2012 17:05
ქალბატონი რუსუდანის გამხნევება და მისთვის მადლობის გადახდა დამავიწყდა :)
მე არცერთ კონფესიას არ ვეკუთვნი, მაგრამ ჩემი სიმპათიები მინდა დაგიდასტუროთ, როგორც უკიდურესად მძიმე გარემოში მოღვაწე და საკუთარი რწმენის ერთგულ ადამიანს.

ავტორი: ბენო
18.01.2012 16:57
ავტორი: ანონიმი
18.01.2012 13:00

გასაოცარია პირდაპირ, ქართველად დაიბადო და არ იყო მართლმადიდებელი? ამ მრწამსს ხომ ჩვენი წინაპრები სიცოცხლეს ანაცვალებდნენ. ძალიან მიკვირს და გაუგებარია რატომ იწვალებთ თავებს რაღაც აბდა-უბდათი?

აი ამის დამწერს ძალიან დიდი სიამოვნებით შევხვდებოდი და დაველაპარაკებოდი. ნუთუ მართლა გჯერათ, რაც დაწერეთ? ანუ ჩვენი წინაპრები რასაც აკეთებდნენ, იმის დღესაც კეთება აუცილებლად მიგაჩინიათ? რა ქრისტიანობაზე, რა სიყვარულზე, რა შემწყნარებლობაზეა საუბარი, როცა ადამიანისთვის ის ვერ გიპატიებიათ, რომ წინაპრების რელიგიას არ მიჰყვება?! გაკათოლიკებულ სულხან-საბა ორბელიანს რომ შეხვდეთ საიქიოში, რა პირით შეხედავთ სახეში? თუმცა თქვენ ალბათ მიგაჩნიათ, რომ არ შეხვდებით, რადგნ ის ჯოჯოხეთის კუპრში იწვის, თქვენ კი სამოთხის ევრორემონტიან აპარტამენტებში მოხვდებით, გარაჟში კი ჯვრიანი ნაკურთხი ჯიპი გეყენებათ. შევარცხვინე თქვენი ქრისტიანობა! არავის გაუკვირდეს, რომ ქვეყანაში, სადაც ასეთი მორწმუნეები დომინირებენ, ნაციონალიზმის უმახინჯესი ფორმები ღვიოდეს...

ავტორი: იბერიუს დეგენერატუს
18.01.2012 15:13
დიდი მადლობა

ავტორი: ლელა საიდან გვწერთ: საქართველო
18.01.2012 15:03
მე კი მგონია, რომ 90-იანი წლების გაჭირვებამ და უმუშევრობამ მიიყვანა რუსუდანი იქ, სადაც დღეს არის. სადაც დასაქმდა და ნორმალური პირობები ნახა, იქ დამკვიდრდა, ამით ასაზრდოებს ოჯახს და ნაწილობრივ არაქართულად, მაგრამ კარგ პირობებში ზრდის შვილებს! ყველაფერი შედარებითია! ნუ განვსჯით ...

ავტორი: ანონიმი
18.01.2012 13:00
გასაოცარია პირდაპირ, ქართველად დაიბადო და არ იყო მართლმადიდებელი? ამ მრწამსს ხომ ჩვენი წინაპრები სიცოცხლეს ანაცვალებდნენ. ძალიან მიკვირს და გაუგებარია რატომ იწვალებთ თავებს რაღაც აბდა-უბდათი?

ავტორი: ANNA საიდან გვწერთ: Tbilisi
18.01.2012 12:11
სრულიად ლოგიკურია ლენინისადმი სიმპათია, იმ მისიიდან გამომდინარე, რაც ბაპტიზმსა და მის "მოძღვარს" აკისრია საქართველოში - ეს ვითომ რელიგიური გაერთიანება, ისევე როგორც კომუნიზმის იდეოლოგია ევროპის წიაღში წარმოქმნილი სხვადასხვა ეტაპის ლიბერალური პოლიტიკური მოძღვრებებია, არსებითად ერთი მიზნებით.

ავტორი: bomjika საიდან გვწერთ: გორიდან
18.01.2012 10:44
თამარს: მართალი ბრძანდებით, თამარ - ყოველ შემთხვევაში, იმ ადამიანებს ნამდვილად არა (ჩემი ღრმა რწმენით), რომლებიც ტაძრებნის იატაკზე თავის რტყმევის რაოდენობით იკვეხნიან საუკეთესო მასპინძლობას გაჭირვებული კაცისა და მისი ცოლისა...

ავტორი: nia საიდან გვწერთ: ofisi
18.01.2012 10:43
ბევრად უფრო კარგად ქადაგებს ჩვენი, მართლმადიდებელი პატრიარქი.
უკაცრავად, მაგრამ ჩვენი რელიგიით ქალი ეპისკოპოსი მიუღებელია, აქედან გამომდინარე, ქალბატონის არც ერთი სიტყვის არ მჯერა, საწყისიშივე მცდარია იგი.
ნებისმიერი სექტა მიუღებელია და სულ არ არის ლიბერალიზმი ის, რომ სექტანტს ჰქონდეს იმის თქმის უფლება, ვითომ მართლმადიდებელ საქართველოში იესოს შობა აღარავის ახსოვდეს.
სოციალურ მძიმე ფონზე აპელირება ასევე დემაგოგიაა და რატომ არის ხალხი ასეთ დღეში იქნებ ასევე სექტანტ მთავრობას და ხელისუფლებას მოეკითხოს?!

ავტორი: კომენტატორი საიდან გვწერთ: გოგიეთიდან
18.01.2012 09:51
"ის ტაქსისტი კი შემებრალა - რა დღეში აქვს გონება, რომ ამ სათნო ქალის პროტესტანტობამ ასე დააფრთხო ..." ამ სიტყვების ავტორთან პრეტენზია არ მაქვს. ვთვლი,რომ უნდა დააფრთხოს, უნდა დაგვაფრთხოს კიდეც, რადგან პროტესტანტიზმი კათოლიკური ეკლესიისადმი პროტესტის ნიშნით წარმოიშვა, ისევე როგორც ლუთერანიზმი და მართლმადიდებლობასთან ისეთივე "კავშირი" აქვს როგორც კენიის ტომის სუახილის ენას ქართულ გრამატიკასთან! იგი (პროტესტანტიზმი) არაქართულია და იმის გამო, რომ მართლმადიდებლობისა და სამშობლოს დაცვა საუკუნეების განმავლობაში ერთი და იგივე მცნება და ქართველის კრედო იყო და ასეთადაც რჩება-ნებისმიერი არაქართული რელიგია უცხო სხეულად დარჩება-მით უმეტეს ძნელია "მამაო" დაუძახო ქალს... მღვდელი სულიერი მამაა ახლა დედაც ყოფილა...ეკუმენიზმი ხომ საერთოდ წარმოუდგენალად საზიანოა ჩვენი სახელმწიფოსათვის თუ რატომ ეს ცალკე კომენტარის თემაა

ავტორი: თამარ საიდან გვწერთ: თბილისი
18.01.2012 01:27
ეჰ, როგორ ერთი ერთზე გეთანხმები რუსუდან ამ საკითხში: "მგონია, რომ ვერც სიმონი, ვერც იოანე, ვერც მარიამი, ვერც მოციქულები და, ზოგადად, მთელი საქრისტიანო, ზუსტად ვერ ვხვდებით, ვინ იყო იესო ნაზარეველი...".
ისე, წელს პირველი წელია, როდესაც რატომღაც აღარ მომინდა ნაძვის ხის მორთვა და აღარც წითელ პალტოსა და ქუდში გამოწყობლი ჩემი ძველი საშობაო გნომი მიძებნია. შეიძლება ტვიტერზე გავრცელებულმა იესოს სანტასადმი "მიმართვამ" იმოქმედა - ჩემი დღეა და ყველას შენ აკერიხარ პირზეო...
"ერთი კაცი კი, სახედარზე ამხედრებული, ფეხმძიმე ცოლით, დღესაც დადის ამ ქალაქის ქუჩებში და არავის აქვს მათთვის ადგილი" -- ისინი არამარტო საშობაოდ არიან ნაკლებად კონკურენტუნარიანები თოვლის ბაბუსთან თუ სანტასთან შედარებით... მათთვის სხვა დროსაც, სხვა დღეებშიც ცოტას თუ აქვს ადგილი.

ავტორი: bomjika საიდან გვწერთ: გორიდან
18.01.2012 01:19
"მე მაინც მგონია, რომ ვერც სიმონი, ვერც იოანე, ვერც მარიამი, ვერც მოციქულები და, ზოგადად, მთელი საქრისტიანო, ზუსტად ვერ ვხვდებით, ვინ იყო იესო ნაზარეველი..." - უბრალოდ გენიალურია. შეიძლება ვიღაცას მანამდეც უთქვამს, მაგრამ დღევანდელობას და თავისუფლებას (უფრო სწორად, თავისუფლების ნაკლებობას) სრულიად ესადაგება. ვამაყობ. გამგები გაიგებს :)

ავტორი: ირაკლი საიდან გვწერთ: რუსთავი
17.01.2012 22:44
ბრძანებს ქალბატონი გოცირიძე:"იოანე ნათლისმცემელზე ფიქრისას,ისევ მოხუცი სიმონი გამახსენდა,მე მაინც მგონია რომ ვერც სიმონი,ვერც იოანე,ვერს მარიამი ვერც მოციქულები და ზოგადად მთელი საქრისტიანო,ზუსტად ვერ ვხვდებით ვინ იყო იესო ნაზარეველი." ეს რიტორიკულად დასმაა საკითხის თუ თავხედობა?

ავტორი: ავთო საიდან გვწერთ: თბილისი
17.01.2012 21:49
ბევრი წლის წინ ბაპტისტი ეპისკოპოსის - მალხაზის ქადაგებები, კასეტებზე ჩაწერილი, მოვისმინე და მალხაზს ვუთხარი, რომ ძალიან მომეწონა, რომ არავითარი პრობლემა არ ყოფილა რწმენის საკითხში, საჭიროა მხოლოდ ეს ქადაგებები მოასმენინოთ ბევრ ადამიანს და სრული ჰარმოანია დაისადგურებს-მეთქი. (O sancta simplicitas! :-), როგორც ნათქვამია.

ის ტაქსისტი კი შემებრალა - რა დღეში აქვს გონება, რომ ამ სათნო ქალის პროტესტანტობამ ასე დააფრთხო ...

სხვა მასალები

აუდიო ათმილიონიანი დახმარება და ექსპრეზიდენტის დაყადაღებული ქონება

უკრაინა, საქართველო და მოლდავეთი ამერიკის შეერთებული შტატების NATO-ს არაწევრი მთავარი მოკავშირის სტატუსს მიიღებენ - ამას ითვალისწინებს უკრაინის თავისუფლების მხარდამჭერი აქტი.
გაგრძელება

აუდიო მედიაკონფერენცია ბათუმში

რა პრობლემებისა და გამოწვევების წინაშე დგას მედია საქართველოში? – ამის შესახებ იმსჯელეს დღეს ბათუმში გამართულ მედიაკონფერენციაზე.
გაგრძელება

აუდიო სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

"კავკასიური გზაჯვარედინის" თემაა სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და მისი გავლენა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებზე.
გაგრძელება

აუდიო ყოფილი პრეზიდენტის დაყადაღებული ქონება

ბიუჯეტიდან თანხის გაფლანგვაში დადანაშაულებული ყოფილი პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების ქონებას ყადაღა დაედო. დასავლეთი ამ თემას უწინდებურად მკაცრად ეხმაურება.
გაგრძელება

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული