Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მანანა ამბალია - მედდა


13 მარტი, კვირა
უცნაური გრძნობით გავიღვიძე. სადარდებელი ახლა უკვე თითქოს აღარაფერი მაქვს, ყველაფერი უნდა მიხაროდეს, მე კი ცუდად ვარ. როგორც ჩანს, გამოვიფიტე.

ჩემები უკვე მალტაში არინ. უკან დარჩა გაურკვევლობით და ცრემლით სავსე დღეები. უკან დარჩა სასოწარკვეთა და ბედს მინდობილი პატარა იმედი...

ახლა იოლად შემიძლია შვილთან და ქმართან დაკავშირება. ისევ იმას ვეკითხები: ,,ივერიკო, როგორ შეძელით წამოსვლა, როგორ მოხდა ეს ყველაფერი?“

- უფალმა შანსი მომცა და მე გამოვიყენეო - მეუბნება.

ღმერთო, მადლობა რომ ჩემს ,,ზღვის ლომს“ მიეცი თავისი ვაჟკაცობის დამტკიცების შესაძლებლობა. გმადლობთ ადამიანებო, ასე გულთან ახლოს რომ მიიტანეთ ჩემი ტკივილი.

გუშინ ისევ დამირეკა თეა აბსარიძემ. ე.ი. რაღაც ახალი ამბავია და უნდა მითხრას.

თავისუფლების დღიურები - მანანა ამბალია
please wait

No media source currently available

0:00 0:13:21 0:00


- გისმენ, თეა!

ის ემოციურად ტიკტიკებს. „იცი, მანჩო? ახლა დამირეკეს და უნდათ, რომ ამ კვირაში ,,თავისუფლების დღიურები“ შენ აწარმოო.

რეკავს ქალბატონი მარინა ვაშაყმაძე. მესმის მგრძნობიარე, ტკბილი და თბილი სიტყვები. თანაგრძნობა და მადლობა. მიკვირს გულში... პირიქით, მადლობა ყველას, ვისაც ასეთი თანაგრძნობა შეუძლია. ვთანხმდები და მხოლოდ მერე ვფიქრობ, როგორ დავთანხმდი... შემიძლია კი, აღვწერო ყველაფერი ის, რაც გადავიტანე.

ტელევიზორს ვრთავ. ევრონიუსი - ჩემი ერთადერთი იმედი ამ დღეებში. ლიბია... ყოველ ნახევარ საათში ახალი ინფორმაცია. ლიბიის ყველა ქალაქი ზეპირად ვიცი. რა ბედნიერებაა, რომ მისურატა ჩემი ოჯახისთვის უკვე ისტორიად იქცა.

ახლა კი იაპონია... ეს რა საშინელებაა. უფალო, შენ უშველე ყველა ადამიანს.

ღამის პირველი საათია. ჩვენებისგან დამამშვიდებელი ამბები მოდის. ოღონდ არც ვიცი უკვე, მამშვიდებს, თუ არა. არ მეძინება.

დღიურებს ვიწყებ... მთელი განვლილი ცხოვრება ნისლივით იშლება, და თითქოს ვწონი, მეტი რა იყო - ტკივილი თუ სიხარული...

აი, ირაკლი სკოლას ამთავრებს. მერე ეროვნული გამოცდები. მთელი ოჯახი განცდებში ვართ. მერე სიხარული... ირაკლი სტუდენტია.

2009 წლის ივლისი იყო, ივერის შემოთავაზება რომ მოუვიდა. „ვასილიოს ნ“-ის მფლობელმა დაურეკა და გემზე კაპიტნობა შესთავაზა. უნდა წავიდეს!

გიორგიმ უნივერსიტეტი დაამთავრა. ჩვენი საზრუნავი ახლა ირაკლია. ოთხი თვე გავიდა... გიორგი ჯიჯღინებს, სამსახური დამაწყებინეთო. არ გამოგვივიდა. ”მამიკომ წამიყვანოს, რა იქნებაო”. კატეგორიული უარი მიიღო მამისგან. ჩემი შვილი მეზღვაური არ იქნებაო...

გიორგის არ ესმის, რომ ეს სარისკო პროფესიაა და დიდი მოთმინება და ვაჟკაცობა მართებს. მამა-შვილი ერთ გემზე არ შეიძლება - ამბობს ჩემი მეუღლე. ,,ფორს-მაჟორულ სიტუაციაში რომ მოვხვდეთ, არ მინდა, ჩემმა რომელიმე გადაწყვეტილებამ ისარი შვილისკენ გადახაროს. ამას თავს ვერ ვაპატიებო“, - მეუბნება. ისევ მე! დაუსრულებელი ახსნა იმისა, რომ ის სახლშია მისი მამა, სამსახურში კი, მკაცრი უფროსია, რომელსაც უნდა დაემორჩილოს. - ხომ იცი, შვილი ტკბილი და მწარეა-მეთქი, გარკვეულ სიტუაციაში მოხვედრილმა, შენი იქ ყოფნის გამო შეიძლება სწორი გადაწყვეტილება ვერ მიიღოს, რამე რომ მოგივიდეს, მოკვდება-მეთქი. გიორგი დუმს და მერე ამბობს: ,,ყველაფერს ავიტან, წავალ მამიკოსთან...“

ივერი 4 თვის წასული იყო. ახლა გიორგი გაფრინდა რომ ეკიპაჟს შეერთებოდა.

და ისევ ფიქრი. უძილობა. როგორ ჩაფრინდება... მერე სიხარული - ,,ჩავედი დედიკო, გემზე ვარ.“

მშვიდობიანად გევლოთ!

14 მარტი, ორშაბათი
რა ძნელი ყოფილა მარტოობა. ვიცი, ეს დროებითია, მაგრამ გული მტკივა. სამი უძვირფასესი ადამიანი სახლში არ მყავს. ღმერთის ნაბოძები ორი სიხარული - ჩემი სიცოცხლის აზრი - შვილები და მეუღლე.

ხშირად მებადება ასეთი აზრი და ვგიჟდები ამაზე - ვინ უფრო მიყვარს. ორივე სიცოცხლეზე მეტად მიყვარს. ჩემი მეუღლე - ადამიანი, რომელიც ავსებს ჩემს ცხოვრებას, ვისაც ვენდობი და ვინც მენდობა. ღმერთმა მაჩუქა ცხოვრების ასეთი მეგზური. და შვილები, საუკეთესო შვილები მთელ ქვეყანაზე.

ახლა მახსენდება: პატარა რომ ვიყავი, პირჯვარს ვიწერდი და წმინდა გიორგის მივმართავდი თხოვნით. ეს ჩემთვის არავის უსწავლებია. არ ვიცოდი, ვინ იყო ღმერთი. ნეტავ რას ითხოვდა უზრუნველი, მშობლებისაგან განებივრებული პატარა გოგო? არ მახსოვს, მაგრამ ახლა მგონია, რომ ეს ზუსტად ამ დღეების უცნაური წინათგრძნობა იყო...

15 მარტი, სამშაბათი
ზარი ირაკლისთან: “შენ მალამო ხარ, დედიკო. არაფერზე იდარდო. შენ გევალება სწავლა და წესიერება…”

მახსენდება გიორგის პირველი სმს-ი და საუბრები. მიზიარებდა ზღვაში ყოფნის ემოციებს, განცდებს. ,,მამიკოს დავუმეგობრდი, დე... ახლა ვხვდები მის ხასიათს. როგორი ყოფილა… ,,დავუძმაკაცდი“ - უხარია!

მე კი არ მიკვირს. თითქმის არ იცნობდნენ ერთმანეთს. ჩემი შვილები ისე დაიზარდნენ, ივერი სულ ზღვაში იყო. მისი პროფესიის გამო, ბევრ რამეს მოაკლდა, ვერ ისიმოვნა შვილებთან ურთიერთობით.

ახლაც მახსოვს ის სმს-ი - ,,დავიტვირთეთ, და გეზი ლიბიისკენ ავიღეთ“. ისევ ნერვები, ისევ ლოცვა - “წმინდაო ნიკოლოზ, მოგზაურების მფარველო, შენ დაიფარე ყველა მეზღვაური, შინ ჯანმრთელი და უვნებელი დააბრუნე.”

მერე კი ასეთი შეტყობინება: ,,ღელვაში მოვხვდით. საბერძნეთის ერთ-ერთ კუნძულს შევაფარეთ თავი.“ დრო გადის, მათზე არაფერი ვიცი. ისევ განცდები... თუნდაც პატარა სმს-ი მეყოფოდა. ვიცი, ივერიკო ამას მოახერხებს.

სატელეფონო ზარი: ”ლიბიაში ჩავედით. ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ველოდებით ტვირთის მფლობელს.”

ძლიერ ღელვაში ტვირთის 18% დასველებიათ. ტვირთის მფლობელსა და გემის მფლობელს შორის დავა არ მთავრდება. მხოლოდ დაპირებები...

ტელეფონის ზარი. გიო მთხოვს, სოფო ჭულუხაძის მობილურის ნომერს. სოფო ”რუსთავი 2”-ის კორესპონდენტია ფოთში. მეზღვაურებს უნდათ, მიმართვა გააკეთონ, რათა საქართველოში ყველამ გაიგოს, რა ხდება მათ თავს.

ისევ დარდიანი დღეები და უძილო ღამეები. ვგრძნობ, რომ განსაცდელში არიან. მედიასაშუალებებით გაკეთებული მიმართვა სერიოზული და დამაფიქრებელია. მაგრამ მალე ყველას დაავიწყდა მეზღვაურები. ერთადერთი, რითიც ვცოცხლობ, ირაკლიზე ზრუნვაა. მასაც ხომ ვჭირდები.

ივერის ზარები... სიზმრებს აყოლილი მეკითხება - ”მამაჩემი როგორაა? დაბადების დღე აქვს. გთხოვ, მიდი.” ვპასუხობ: ,,უკვე ვიყავი, ივერიკო. შენ როგორც გაგიხარდებოდა, ისე მოვიქეცი“. არადა, ვერ არის მამა კარგად. საკუთარ დაბადების დღეზე ინსულტი მოუვიდა მოხუცს.

შენ ეს იგრძენი ივერი, მაგრამ მე ხომ მთელი ცხოვრება უნდა ვიმსახიობო, პირველი დარტყმა რომ აგარიდო. ამ ამბავმა სამი თვის განმავლობაში თითქოს დამავიწყა თქვენი პრობლემები. არ მასვენებდა შიში იმისა, რომ ვერ ნახავდი მამას, რომელსაც ასე ენატრები.

ისევ ხატები, ისევ ლოცვა: ,,ღმერთო გადაარჩინე მოხუცი და მოასწარი მისი შვილის დაბრუნებას.” ვლოცულობდი, აკმარე-მეთქი მშობლებს 27 წლის ვაჟის ტრაგიკულად დაკარგვა... ზღვაში შეიტყო ძმის დაღუპვის ამბავი ივერიმ, მაშინაც შორეულ ნაოსნობაში იყო.

16 მარტი, ოთხშაბათი
ამ საშინელებაში ირაკლისათვის სულ ვეღარ ვიცლი. თუ ტელეფონით, თუ გულში ველაპარაკები: „აბა, შენ იცი დედიკო. ისწავლე. ჭკვიანად იყავი!“

მოკლედ, არანაირი დახმარება. უამრავი დაპირება. მეზღვაურები სტრესულ მდგომარეობაში იყვნენ. ისევ წინათგრძნობა. უამრავი ზარი. ტელევიზია. რადიო. ამ ხმებში ჩემმა გულმა ერთ-ერთი აირჩია - თეა აბსარიძე. პირველი ინტერვიუ რადიო ,,თავისუფლებას“. რეპორტაჟს ვუსმენ, ვკითხულობ სტატიას ვებგვერდზე და ვტირი. ვწერ პირველ კომენტარს. მადლობას ვეუბნები ყველას და ვითხოვ დახმარებას.

გიოს გავუმხილე ბაბუას ამბავი. მწერს: ,,დედიკო, არაფერი მოაკლო, გთხოვ. მიყვარხარ!“

ჩემი პასუხი: ,,არაფერს მოვაკლებ. მამას არ უთხრა, მაქაური პრობლემებიც ეყოფა.“

და გიოს პასუხი: ,,დედულია, მამიკოს არ უთხრა, მე რომ ვიცოდი ბაბუას ამბები.“

მეღიმება - ეს ჩვენი საიდუმლო იქნება!

გადის დღეები. კაპიტნის მოთხოვნა მედიასაშუალებებში ისმის. ,,ხალხს ნერვული აშლილობა ეწყება. ზოგიერთის მდგომარება უკონტროლო ხდება“, - ამბობს ის. ღმერთო, რამდენს უნდა გაუძლოს ამ კაცმა.

ვხსნი რადიო ,,თავისუფლების“ ვებგვერდს და რას ვხედავ! გემი. გიოს მიერ გადაღებული ფოტოები. დალეწილი საკომუნიკაციო მოწყობილობა და ხანძრის კვალი. გულში გამიელვა - ხომ შეიძლება ეს ტყუილი იყოს. სად შეეძლო გიოს გადაეღო ეს სურათები. გამიფთხილდნენ?! მე არაფერი გამაგებინეს!

სტატიის ქვეშ პირველ კომენტარს ვწერ და ვტირი. გიჟს ვგავარ, არავისთან მინდა საუბარი. ტელეფონები გამოვრთე. ვბრაზობ მეზღვაურზე, რომელმაც ეს ჩაიდინა. და თან ვფიქრობ, ისიც ხომ ადამიანია - ვერ გაუძლო ამდენს.

სიგიჟე რძელდება... მერე სმს-ი მათგან: ცოცხლები არიან!

ერთადერთი ადამიანი, რომელიც მეზღვაურებს ამ ხნის განმავლობაში ეხმიანებოდა, ვახტანგ ანდღულაძეა, საქართველოს კონსული იატალიაში. ძალიან გვეხმარება, დიდი მადლობა მას.

ისედაც რა საშინელება იყო, და ყველაფერი ასმაგად გართულდა, ლიბიაში არეულობა რომ დაიწყო. ტელევიზიით საოცრებებს ვისმენ, ვგიჟდები...

ისევ განუწყვეტლივ რეკავს ტელეფონი. ისევ პრესა და ტელევიზიები... მამაკაცის ხმა ყურმილში - ჟურნალისტია. და მეკითხება: ,,ქალბატონო მანანა, რა ხდება ლიბიაში?“. ისტერიულად ვყვირი: ,,მე მეკითხებით, რა ხდება ლიბიაში?..“

არათუ ზოგადად ლიბიაში, ისიც არ ვიცი, ჩემი ქმარ-შვილის თავზე რა ხდება. ვეღარ ვუკავშირდები - ავტომოპასუხე მპასუხობს. ისევ ევრონიუსის იმედზე ვარ. რუკაზე მისურატას ადგილმდებარეობას ვპოულობ. და ამ დროს სმს-შეტყობინება - ,,მანჩო, ვერ გირეკავთ, პორტი ჩაიკეტა. კარგად ვართ, არ ინერვიულოთ“.

მეზღვაურების ოჯახებში ვრეკავ. ვატყობინებ, რომ ყველანი კარგად არიან.

ევრონიუსის გარდა არავინ და არაფერი მინდა. ლიბიის ამბები დავიზეპირე. უკვე პატარა შენიშვნებს ვაკეთებ ქალღალდის ნაგლეჯზე, რამე არ გამომეპაროს. ბრძოლები მიმდინარეობს ბენღაზიში, რასლანუფში... ვიწერ, რომელია უფრო ახლოს და მესმის, რომ იბომბება მისურატა!

თითქოს დავმუნჯდი. არც არავის უცდია ჩემთან დალაპარაკება - მიყურებდნენ და სახეზე მეწერა ყველაფერი. ოთახში ვიკეტები და ვფიქრობ, რა მელოდება. და კიდევ ვფიქრობ საშინელებას, რომელიც ახლა შემიძლია გამოვთქვა: ვფიქრობ, რომლის სიცოცხლე მინდა უფრო მეტად - ქმრისა თუ შვილისა. ახლაც ცუდად ვხდები ამას რომ ვამბობ...

საშინლად იწელება ყოველი დღე... სოფო ჭულუხაძე მაძლევს საზღვაო დეპარტამენტის წარმომადგენლის, მამუკა ახალაძის ტელეფონის ნომერს. ეს ადამიანი ჩემი ახლობელი გახდა. მეხმიანება და მამშვიდებს, მაიმედებს.

აქამდე თითქოს უფრო შემართული ვიყავი. ახლა მოვდუნდი, მეტი არ შემიძლია.

გაუჩერებლად ვრეკავ... აი გავიდა ზარი: ,,როგორ წამოხვალთ?“

მიპასუხებს, რომ პორტში უკრაინელების გემი დგას და მათ გაჰყვება. ვერ ვმშვიდდები, მამუკა ახალაძესთან ვრეკავ: ,,ბატონო მამუკა, გთხოვთ, დაეხმაროთ რომ როგორმე დატოვონ ლიბია“...

დილის საინფორმაციომ შემაშფოთა. ,,მეზღვაურებმა უარი თქვეს ევაკუაციაზე.“ ენა ჩამივარდა. როგორ? მისურატაში ვერ ვრეკავ. სულ უფრო და უფრო იძაბება ვითარება.

მეორე დილით ძლივს მივწვდი ტელეფონით ივერის. ვეკითხები, რატომ თქვეს უარი ლიბიის დატოვებაზე. ივერი მიხსნის, რომ მართლაც შესთავაზეს ეგვიპტემდე ავტობუსით გამგზავრება, მაგრამ ეს თურმე სარისკოა. უკრაინას თავისი მოქალაქეებისათვის შეუთავაზებია ევაკუაცია. უარი უთქვამთ: ”все, или никто”.
ავტობუსით წასვლაზე რატომ თქვით-მეთქი უარი. მიპასუხებს, რომ გადაწყვეტილება ერთობლივი იყო და რომ ავტობუსით გასვლა უაზრობა იქნებოდა.

გიჟს ვგავარ. ღმერთო, ნუთუ განწირულები არიან? ისევ ევრონიუსი. რამდენჯერმე გაიჟღერა მისურატამ. ვგრძნობ რომ რაღაც ხდება. ვერ ვიძინებ და უცებ - სმს-ი: ,,დედულია, ლიბიიდან გამოვიქეცით გემით. ყველანი კარგად ვართ. მიყვარხარ. გკოცნი!“

ნუთუ გადავრჩით, ღმერთო! მადლობა ყველაფრისთვის...

17 მარტი, ხუთშაბათი
გათენდა. მგონი ახლა და ახლა მოვდივარ გონს. მგონი ნელ-ნელა ვლაგდები. უკვე მახსოვს, რომ სახლში მყავს მოხუცი დედა, რომელიც ამ ხნის განმავლობაში ჩემთან ერთად უხმოდ განიცდიდა.
დღეს სასიხარულო ცნობას ვიგებ: მალტაში ქართველი მეზღვაურების მოსანახულებლად ჩასულან საქართველოს ელჩი იტალიაში კოტე გაბაშვილი და კონსული ვახტანგ ანდღულაძე. საჭირო საბუთების შეგროვება დაიწყეს თურმე. სავარაუდოდ, გემს აუქციონზე გაყიდიან, მეზღვაურებს ხელფასები დაურიგდებათ და დაბრუნდებიან სახლებში. არც კი მჯერა უკვე...

მომდის სმს-ი: ,,დე, თეას დაუკავშირდი, იმეილი გამომიგზავნოს. აქაურმა ტელევიზიამ ინტერვიუ ჩამოგვართვა და ერთი პირობით დავთანხმდი. თუ ამ კადრებს რადიო თავისუფლებას გაუგზავნიან“...

დღეს ერთი ახლობელი ვინახულე. ძალიან ცუდადაა. გული მეტკინა.

18 მარტი, პარასკევი
ჩემი გოგიტაც 18-შია დაბადებული, ოღონდ დეკემბერს.

რა შორს ხარ ახლა ჩემგან, დედიკო. შენ ხარ ჩემი პირველი სიხარული, დე. სახელის არჩევაზე არც გვიფიქრია მე და მამიკოს. შენ რომ დაიბადე, მამა სტუდენტი იყო. რომელ დედას არ ახსოვს ის პირველი განცდა - ჩემი შვილი მყავს... დედა გავხდი.

მახსოვს - შემეშინდა. არანაირი სიყვარულის განცდა მაშინ არ მქონდა, ჯერ არ მყავდა შვილი ნანახი. დილამდე თვალებდაჭყეტილი ვფიქრობდი - ნეტავ როგორია? პირველი დანახვა და პირველი სიხარული... და თავისთავად, თითქოს გულის სიღრმიდან ამოსული სიტყვები - ”ჩემი გოგიტა!”. მას შემდეგ 25 წელი გავიდა.

ღმერთო, რატომ მახსენდება ეს ყველაფერი ახლა.

19 მარტი, შაბათი
ფოთში დილიდან წვიმს... არ მიყვარს წვიმა ფოთში, დანგრეულ ქუჩებში ტბები რომ დგება. გული მწყდება, ქალაქი ასეთ დღეში რომ არის. ძლივს მივაღწიე ბაზრამდე...

გახარებული ვარ, დღეს ჩემი ირაკლი ჩამოვიდა, ბათუმში სწავლობს. სახლში ფეხი შემოდგა თუ არა, ის თქვა, ფოთის სუნიც კი მსიამოვნებსო.

მოკლედ, სასიამოვნო საზრუნავი დამემატა. მეტი საზრუნავი მინდა...

მგონი, დიდხანს აღარ დამრჩა ლოდინი, მალე სრულად შეიკრიბება ჩემი ლამაზი ოჯახი.
XS
SM
MD
LG