Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საიდუმლო ფონდები და ელიტური კორუფცია საქართველოში


მარცხნიდან: რადიო თავისუფლების თანამშრომელი კობა ლიკლიკაძე, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს უფროსი ანალიტიკოსი მარიამ გაბედავა და სგს-ს აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური
მარცხნიდან: რადიო თავისუფლების თანამშრომელი კობა ლიკლიკაძე, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს უფროსი ანალიტიკოსი მარიამ გაბედავა და სგს-ს აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ გასული წლის დეკემბერში გამოაქვეყნა კვლევა, სახელწოდებით „გლობალური კორუფციის ბარომეტრი“. ამ კვლევის თანახმად, საქართველოს ერთ-ერთი მოწინავე პოზიცია უკავია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, თუმცა კვლევა მხოლოდ და მხოლოდ თბილისის მასშტაბით ჩატარდა და იგი ბიუროკრატიის დაბალ ფენებში კორუფციის დონის დადგენას ისახავდა მიზნად. რაც შეეხება „კორუფციის აღქმის ინდექსს“, საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ამ მხრივ საქართველომ უარესი შედეგი აჩვენა და ორი ადგილით უკან დაიხია. ამ ერთი შეხედვით ურთიერთგამომრიცხავი რეალობის განმარტება ვთხოვეთ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელ დირექტორს ეკა გიგაურს და ამავე ორგანიზაციის უფროს ანალიტიკოს მარიამ გაბედავას, რომლებიც 23 მარტს სტუმრად იმყოფებოდნენ რადიო თავისუფლების პრაღის სათავო ოფისში.

ყველაფერი თავის ადგილზეა: საქართველომ მართლაც მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს ბიუროკრატიის ქვედა დონეებზე კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, მაგრამ ე.წ. „ელიტური კორუფციის“ აღქმა კვლავაც მაღალია, საუბრის დასაწყისშივე აღნიშნა ეკა გიგაურმა. მისი თქმით, „კორუფციის აღქმის ინდექსთან“ დაკავშირებულ გაუგებრობას საქართველოში ასაზრდოებს საკითხის ცალმხრივი გაშუქება და რეალური პრობლემის მიჩქმალვა ხელისუფლების კონტროლირებადი ნაციონალური ტელევიზიების მხრიდან. „ჩვენი კვლევებიდან იღებენ, რაც პოზიტიურია, დანარჩენი კი იგნორირებულიაო“, აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი.

ბევრი ნაციონალური ტელევიზიის, იმავე „იმედისა“ და „რუსთავი 2“-ის მფლობელებს საზოგადოება არ იცნობს ...
„აი, მაგალითად, როდესაც ჩვენ გამოვაქვეყნეთ „გლობალური კორუფციის ბარომეტრი“, ტელევიზიებმა, ფაქტობრივად, არ თქვეს, რომ ნდობის ხარისხი არის, მაგალითად, ძალიან დაბალი იგივე სასამართლო სისტემის მიმართ; დაბალია იგივე ტელევიზებისა და მედიის მიმართ. ეს არ ითქვა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუ რატომ არის ძალიან დაბალი. ანუ ადამიანები თვლიან, რომ ეს ინსტიტუციები ვერ ასრულებენ თავის როლს, ვერ მონაწილეობენ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს უნდა თქმულიყო, ალბათ, იმ რაღაც დადებით შედეგებთან ერთად.“

ჩრდილოვანი მსხვილი ბიზნესი და „ოფშორელი“ ტელემფლობელები

„ელიტური კორუფციის“ აღქმას აძლიერებს ბიზნესგარემოსა და საბიუჯეტო ორგანოების ხარჯების გაუმჭვირვალობა. საერთაშორისო თუ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას უჭირს არა მხოლოდ პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და თბილისის მერის ფონდების ხარჯთაღრიცხვის მონიტორინგი, არამედ მსხვილი ბიზნესმენების, ინვესტორებისა და იმ კომპანიების დადგენა, რომლებიც დარეგისტრირებულნი არიან ე.წ. „ოფშორული ზონებიდან“. საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის ცნობების თანახმად, ინვესტიციების ძალიან დიდი რაოდენობა შემოდის სწორედ ამ ოფშორული ზონებიდან, რაც ძალიან ბევრ ეჭვს წარმოშობს, ამბობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ უფროსი ანალიტიკოსი მარიამ გაბედავა:

„ბევრი ნაციონალური ტელევიზიის, იმავე „იმედისა“ და „რუსთავი 2“-ის მფლობელებს საზოგადოება არ იცნობს. ამ მედიაკომპანიებს ფლობს ასევე რაღაც ოფშორულ ზონებში, ვირჯინიის კუნძულებზე თუ სადღაც დარეგისტრირებული კომპანია, რომელიც შესაძლოა იყოს, უბრალოდ, საფოსტო ყუთი. და არავინ არ იცის, თუ ვინ დგას ამის უკან. და ეს უნდა იყოს ამოსავალი წერტილი, როცა ვიცი კონკრეტულად ადამიანი, რომელიც არის მეპატრონე წილის, ამ კომპანიისა, რომელსაც წილი, თუ მთლიანად ტელეკომპანიას ფლობს, მერე შეიძლება ჰქონდეს. როცა ეს ინფორმაცია არ არის ცნობილი და ხელმიუწვდომელია, ეს უკვე აჩენს ძალიან დიდ ეჭვებს.“

„მედიაკლუბის“ ზეწოლამ, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების თანადგომამ და საპარლამენტო უმრავლესობის მზადყოფნამ ის შედეგი გამოიღო, რომ საქართველოს პარლამენტმა, ბოლოს და ბოლოს, დაიწყო იმ საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა, რომელიც დაავალდებულებს ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებულ იდუმალ მედიამფლობელებს გამოააშკარაონ საკუთარი ვინაობა. მაგრამ პარლამენტში ამ საკანონმდებლო ცვლილების განხილვა საკმაოდ დუნედ მიდის, ამბობს ეკა გიგაური:

გაუარესება 2010 წელს ის იყო, რომ უკვე სასამართლომ თვითონ ჩათვალა თავი ამ კანონზე მაღლა და უკვე სასამართლოც არ გვაძლევს იმ ინფორმაციას, რომელიც მას გააჩნია ...
„ახლა მინდა, რომ ჩვენს მსმენელს ეს განვუმარტო. ჩვენ ყოველთვის ვაფიქსირებთ იმ აზრს, რომ ის, რომ ამ თემაზე საუბარი დაიწყო, ეს არის ძალიან კარგი. ის, რომ რაღაც მომენტში რაღაც სახის ინიციატივები მმართველი პარტიიდან წამოვიდა, ესეც არის ძალიან კარგი, მაგრამ თუკი ის ცვლილებები არ შევა კანონმდებლობაში, რომ მედია გამჭვირვალე გახდეს, მაშინ ამ ლაპარაკს ნამდვილად აზრი არ აქვს და ესეც რაღაც პიარისათვის იქნება მხოლოდ და მხოლოდ.“

ასეთი სკეპტიციზმისათვის მიზეზი ნამდვილად არსებობს. იმ დროს, როდესაც ხელისუფლება თავს იწონებს ბიუროკრატიის დაბალ დონეზე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში მიღწეული შედეგებით, კორუფციის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები საქართველოში კიდევ უფრო დიდ წინააღმდეგობას აწყდებიან, როდესაც საქმე ეხება სისტემური კორუფციის, ანუ ხელისუფლების მაღალ ეშელონებში არსებული კორუფციის კვლევას. მაღალბიუჯეტიანი, გავლენიანი სამინისტროები და სახელმწიფო უწყებები ხელოვნურად ასაიდუმლოებენ საჯარო ინფორმაციას, ხოლო უკანასკნელი ინსტანცია, სასამართლო ხელისუფლება, რომელიც დამცველი და გარანტი იყო საჯარო ინფორმაციის შესახებ საქართველოს კანონით მინიჭებული სამოქალაქო უფლებისა, თავადაც კარჩაკეტილ უწყებად იქცაო, ამბობს მარიამ გაბედავა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ უფროსი ანალიტიკოსი:

„გაუარესება 2010 წელს ის იყო, რომ უკვე სასამართლომ თვითონ ჩათვალა თავი ამ კანონზე მაღლა და უკვე სასამართლოც არ გვაძლევს იმ ინფორმაციას, რომელიც მას გააჩნია. ანუ არ გვაძლევს საქმეს, არ გვაძლევს ინფორმაციას საქმეებზე, არ გვაძლევს ინფორმაციას სტატისტიკაზე. აქ არის საუბარი კონკრეტულ საქმეებზე, მაგალითად, როცა ვითხოვთ საჯარო ინფორმაციას, როგორიც არის სასამართლო გადაწყვეტილებები.“

ყველაზე კარჩაკეტილი უწყებების ოთხეული

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ხშირად ხუმრობით ამბობენ, რომ საქართველოში ყველა სახელმწიფო უწყება ერთიმეორეს ეჯიბრება კარჩაკეტილობაში. თუმცა პირველ ოთხეულში, ძალოვანი უწყებებისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის გარდა, აღმოჩნდა განათლების სამინისტრო და თბილისის მერია. ყველაზე უფრო მეტად კი სახელმწიფო უწყებებს არ ეთმობათ ინფორმაცია ხარჯების შესახებ. მარიამ გაბედავა ამბობს:

საზოგადოებას არავითარი ინფორმაცია არა აქვს, თუ რა ვალდებულება აიღო სახელმწიფომ, რა პირობებით გაიყიდა ესა თუ ის ობიექტი და სისტემა ...
„ასევე საინტერესო საკითხი, რაც წამოიჭრა და მნიშვნელოვანი იყო გასულ წელს, ეს იყო საჯარო მოხელეების ანაზღაურების საკითხი. აქ საუბარი იყო არა ხელფასებზე, რაც უფრო მეტად რეგულირდება კანონით, არამედ პრემიებზე, რომელსაც იცნობს ქართული კანონმდებლობა, არის მოცემული საჯარო სამსახურის კოდექსში, მაგრამ არ არის განმარტებული, თუ რას ნიშნავს ეს. ანუ რა შემთხვევაში უნდა მიეცეს ადამიანს ფინანსური წახალისება. რა თქმა უნდა, იგულისხმება, რომ კარგი მუშაობისათვის, მაგრამ რას ნიშნავს ეს, ვინ აფასებს ამას და რა კრიტერიუმებით, არასად არ არის მოცემული.“

როგორც იტყვიან, საერთოდ ცხრაკლიტულით არის დაბეჭდილი ინფორმაცია სამხედრო აღჭურვილობისა და ტექნიკის შესყიდვაზე და ამ ინფორმაციის მიღებაზე არასამთავრობო ორგანიზაციებს საქართველოში ოცნებაც კი არ შეუძლიათ. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება დაედოს გრიფი „საიდუმლო“ პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის მიერ გაწეულ ხარჯებს და ვერავინ ვერასოდეს გაიგებს, თუ როგორ იხარჯება ე.წ. საგანგებო ფონდები, რომელიც, ბიუჯეტის შემცირების მიუხედავად, წელს საგრძნობლად გაიზარდა. ასევე საიდუმლოა მსხვილი სახელმწიფო შესყიდვების, ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული პროექტების კუთხით გაფორმებული ხელშეკრულებები.

„ანუ საზოგადოებას არავითარი ინფორმაცია არა აქვს, თუ რა ვალდებულება აიღო სახელმწიფომ, რა პირობებით გაიყიდა ესა თუ ის ობიექტი და სისტემა, საზოგადოებას არავითარი ინფორმაცია არა აქვს, თუ როგორ სრულდება დადებული ხელშეკრულების პირობები. ასრულებს თუ არა კომპანია დაკისრებულ მოვალეობას და იღებს თუ არა ამისთვის სანქციას, ესეც ძალიან ხშირ შემთხვევაში არის დამალული და, ჩვენი აზრით, ეს არის ნამდვილად მიუღებელი. ისევ ვიმეორებთ, რომ როცა ინფორმაცია დამალული არის, პირველ რიგში, ამის გამო ჩნდება კითხვა, რატომ იმალება ეს ინფორმაცია. თუ არაფერი არ არის დასამალი, მაშინ რატომ გახდა ასეთი დიდი პრობლემა ამდენი წლის განმავლობაში ასეთი ინფორმაციის განსაჯაროება.“

ეს არის რიტორიკული შეკითხვა, რომელზე პასუხის გაცემას არ ცდილობენ ჩემი თანამოსაუბრეები. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ და სხვა მისი თანამოაზრე არასამთავრობო ორგანიზაციები ცდილობენ არა მხოლოდ ის თქვან, რა არ კეთდება, არამედ - რა გაკეთდა და რა უნდა გაკეთდეს მომავალში საჯარო ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. მოხელეების შემოსავლებთან დაკავშირებით სახელმწიფომ გადადგა გარკვეული ნაბიჯი და შემოიღო შემოსავლების დეკლარაციების ელექტრონული სისტემა, რასაც დადებითად აფასებენ ჩემი თანამოსაუბრეები. თუმცა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს დეკლარირებული ინფორმაციის გადამოწმების მექანიზმებიც, - ამბობს ეკა გიგაური, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი.

„და ეს არის ძალიან დიდი პრობლემა. ეს ხალხი კი ავსებს ამ ყველაფერს [დეკლარაციებს], მაგრამ მერე რამდენად მართებულია ეს ინფორმაცია, მონიტორინგის არავითარი საშუალება არ არსებობს. კი, გამჭვირვალობისკენ არის გადადგმული ნაბიჯი, რადგან ეს არის ელექტრონული სისტემა და საჯარო, მაგრამ, იმავდროულად, ვერავინ ვერ ამოწმებს ამ ყველაფერს. დავამატებდი კიდევ იმას, რომ ამ ელექტრონულ პლატფორმაზე მაინც დაიშვა გამონაკლისები იმავე შინაგან საქმეთა სამინისტროზე და თავდაცვის სამინისტროზე.“

კიდევ ერთი მიმართულება, რომელიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ საქმიანობის ყურადღების ცენტრშია, საქართველოსათვის 2008 წლის ომის შემდეგომ გამოყოფილი საერთაშორისო საფინანსო დახმარების ხარჯვის მონიტორინგია. ლაპარაკია მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და იძულებით ადგილნაცვალ პირთა განსახლების პროგრამაზე, რასაც საქართველოში განსაკუთრებით დიდი ხმაური მოჰყვა. ეკა გიგაურის თქმით, მათ მიერ ჩატარებულმა შემოწმებამ ცხადყო, რომ ის, რასაც ხელისუფლება დევნილთა ყოფითი პირობების გაუმჯობესებას უწოდებს, სინამდვილეში სულაც არ არის ასე, რის გამოც რეგიონებში განსახლებული იძულებით ადგილნაცვალი პირები, უმრავლეს შემთხვევაში, კვლავ თბილისში დაბრუნდნენ ლუკმაპურისა და დღიური სამუშაოს საძებნელად.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG