Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2013 წლის ბიუჯეტი გაირღვა, მაგრამ მაინც შესრულდა


გასულ კვირაში საქართველოს პარლამენტმა 2013 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში მოისმინა და, ოპოზიციის მწვავე კრიტიკის მიუხედავად, დაამტკიცა კიდეც. ამ პროცედურამდეც ცნობილი იყო, რომ წინა წლის ბიუჯეტი დაახლოებით 700 მილიონი ლარით გაირღვა, მაგრამ საპარლამენტო მოსმენაზე მთავრობას კიდევ ერთხელ უსაყვედურეს შეუსრულებელი ვალდებულებების გამო.

გასული წლის ბიუჯეტს რომ 700 მილიონზე მეტი ლარი დააკლდა, ეს ფაქტი აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენებაშიც და მთავრობაც არ უარყოფს, რომ გასული წლის ბიუჯეტს გარკვეული პრობლემები ახასიათებდა. მმართველი პოლიტიკური ძალა ცდილობს აქცენტი წლევანდელი ბიუჯეტის მიმდინარეობაზე გადაიტანოს და ძველი ჩავარდნები ოპოზიციას გადააბრალოს. ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ყურადღებას ბიუჯეტის სოციალურ ბენეფიტებზე ამახვილებს:

”ოპოზიცია მხოლოდ ერთი მხრიდან უყურებს ბიუჯეტს, ხშირად მანიპულირებს ციფრებით. მინდა გითხრათ, რომ, მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტის შესრულებაში იყო გარკვეული პრობლემები, გასულ წელს მნიშვნელოვანი გარღვევა მოხდა სოციალური თვალსაზრისით: გაიზარდა პენსიები, გაიზარდა დახმარებები, გაიზარდა ჯანდაცვის ბიუჯეტი, განათლების ბიუჯეტი, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სხვადასხვა სფეროების დაფინანსება”.

ნოდარ ხადური
ნოდარ ხადური

ნოდარ ხადური ერთადერთი არ არის, ვინც ბიუჯეტის ჩავარდნასა თუ ეკონომიკურ პრობლემებში ამჟამინდელ ოპოზიციას, ”ნაციონალურ მოძრაობას”, ადანაშაულებს. ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ ბიუჯეტის შეუსრულებლობის მთავარ მიზეზად პოლიტიკური არასტაბილურობა და ყოფილი პრეზიდენტის განცხადებები დაასახელა:

”კლების მიზეზი იყო ზოგადი პოლიტიკური ვითარება. რა თქმა უნდა, ინვესტირება იყო დაბალი. იცით, რომ ბიზნესი არის ფრთხილი და როდესაც პრეზიდენტი გამოდის და ამბობს, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ ქურდები, ყაჩაღები, მოღალატეები, რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდ დარტყმას აყენებს ზოგად პოლიტიკურ სურათს ქვეყნისას და ეს აისახება საზღვრის გარეთაც და ინვესტირება ამიტომ ნაკლებია. მაგრამ ახლა, ვფიქრობ, დავასრულეთ იმისათვის ბრძოლა, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილური პოლიტიკური ვითარება”.

ასე ქვეყანა არ შენდება, ასე ქვეყანა ჩერდება. ეს 703 მილიონი არის კონკრეტულ სოფლებში დაგეგმილი და განსახორციელებელი პროექტები, რომლებიც არ შესრულდება. საგადასახადო შემოსავლები 633 მლნ ლარით შემცირდა...
ზურაბ მელიქიშვილი

ამ მოსაზრებას ბევრი ოპონენტი ჰყავს, რადგან 2013 წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას არ იყო ძნელი პოლიტიკური ვითარების გათვალისწინება. მთავრობას ბიუჯეტის შედგენისას საფრთხეების გაანალიზებისკენ მოუწოდებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი ლაშა თორდია:

”როდესაც იგეგმება ბიუჯეტი, ამ შემთხვევაში ყველა საფრთხე თუ საშიშროება ფინანსთა სამინისტრომ და შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გაითვალისწინონ და რეალისტურად უნდა მოხდეს ბიუჯეტის დაგეგმარება და შემდეგ არ უნდა იყოს ისეთი პრობლემა, რომ, მაგალითად, ჩვენ მოველოდით 700 მილიონის შემოსულობის განხორციელებას ბიუჯეტში და ეს არ მოხდა. ეს პირდაპირ აისახება შემდგომ ცალკეული პროგრამების შესრულებაზე”.

ეკონომისტების ნაწილი გასული წლის საბიუჯეტო პრობლემებს ეკონომიკურ ვარდნაში ხედავს, რაც მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს უკავშირდება. სწორედ ამაზე მიუთითებს პოლიტიკური ოპოზიცია, ”ნაციონალური მოძრაობა”. მისი ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ მელიქიშვილის, განცხადებით, ეკონომიკაში შექმნილი პრობლემების გამო დროულად უნდა ატყდეს განგაში:

”ასე ქვეყანა არ შენდება, ასე ქვეყანა ჩერდება. ეს 703 მილიონი არის კონკრეტულ სოფლებში დაგეგმილი და განსახორციელებელი პროექტები, რომლებიც არ შესრულდება. საგადასახადო შემოსავლები 633 მლნ ლარით შემცირდა. წელს, უკვე პირველ კვარტალში, მიუხედავად იმისა, რომ მაინც თავმომწონედ დგას ეკონომიკური გუნდი, მინდა გითხრათ, რომ სახელმწიფო შემოსულობები 62 მლნ ლარით გაირღვა”.

საპარლამენტო უმცირესობის ამ განცხადების სისწორე შეამოწმა „საქართველოს რეფორმების ასოციაციის" პროექტმა ”ფაქტ ჩეკ ჯი-იმ” და დაადგინა, რომ ზურაბ მელიქიშვილმა სიმართლე ილაპარაკა.

მიხეილ მაჭავარიანი
მიხეილ მაჭავარიანი

ეკონომიკაში არსებული პრობლემებიდან გამომდინარე, რაც მიმდინარე წლის ბიუჯეტზეც აისახება, ”ნაციონალური მოძრაობა” ყურადღებას ამახვილებს მთავრობის ეკონომიკური გუნდის პასუხისმგებლობაზე. ოპოზიციური ძალის ერთ-ერთი ლიდერის, მიხეილ მაჭავარიანის, აზრით, სამთავრობო ცვლილებები სწორედ ამ მიმართულებით უნდა განხორციელებულიყო:

”როდესაც ბიუჯეტი ვერ სრულდება, როდესაც ეკონომიკა ფერხდება, როცა სამუშაო ადგილები მცირდება, ვინ უნდა აგოს პასუხი თუ არა ეკონომიკურმა გუნდმა? თუ თქვენ ამიხსნით, რომ ეს ყველაფერი არის კულტურისა და ეკოლოგიის მინისტრის ბრალი, რომ ბიუჯეტი ვერ შეივსო და სამუშაო ადგილები შემცირდა, მაშინ მივიღებ თქვენს არგუმენტებს”.

მიუხედავად ოპოზიციის განცხადებებისა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტში ახალი მინისტრების წარდგენისას ეკონომიკური გუნდის შეცვლაზე არაფერი უთქვამს. მანამდე კი, სამიოდე დღით ადრე, საკანონმდებლო ორგანომ, რეგლამენტის შესაბამისად, - 71 ხმით, არც ერთის წინააღმდეგ, -მიიღო დადგენილება „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის თაობაზე“.

XS
SM
MD
LG