Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფემიციდი


გუშინ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში „ბრიტანული საბჭოების“ ლექტორს ყოფილმა ქმარმა სამი ტყვია ესროლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. ლექტორი, მარიკა წივწივაძე, საავადმყოფოში გარდაიცვალა. არ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს მხოლოდ ამ ოჯახის ტრაგედიაა; ეს ტრაგედია ეწერება უფრო დიდი მოვლენების ჯაჭვში და შემაშინებელ სოციოლოგიურ განზომილებას იღებს. ათეულობით მოკლული ქალი ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე საკმარისია იმაში დასარწმუნებლად, რომ ეს ტენდენციაა, რომლის გასაგებადაც არა ცალკეული შემთხვევების, არამედ საზოგადოების ანალიზი გვჭირდება.

რა ხდება? ჩემი აზრით, საქმე გვაქვს საზოგადოებრივ მოძრაობასთან, რომელიც ცდილობს, ბოლო ოცდახუთი წლის განმავლობაში გაჩენილი თავისუფალი სივრცე დახუროს.

საქმე ისაა, რომ საქართველო გახსნის პროცესშია. ის ჯერ არ გამხდარა ღია საზოგადოება, მაგრამ დიახ, ძველი წესრიგი დაიმსხვრა. ძველი წესრიგის ერთ-ერთი მთავარი იდეა იყო ის, რომ ქალი მამაკაცს ექვემდებარება და ემორჩილება. ასე იყო შუა საუკუნეებშიც, ასე იყო რუსეთის იმპერიაშიც, ასე იყო საბჭოთა კავშირშიც (დეკლარირებულად არა, მაგრამ რეალურად - ნამდვილად). და, აი, დღეს ასპარეზზე გამოდიან ქალები, რომლებსაც თავად უნდათ თავიანთი ცხოვრების მოწყობა. მათ ეს გამოსდით, ისინი არიან წარმატებულები, არ სურთ, ერთხელ დაშვებულ შეცდომაზე მთელი ცხოვრება აგონ პასუხი.

და ამას მოჰყვება მამაკაცების რეაქცია, რომელიც ძალადობრივია იმიტომ, რომ სხვა ინსტრუმენტი არსენალში აღარ დარჩა. ძველი სიმბოლური წესრიგი, დარწმუნების ტექნიკებითა და შერცხვენის პრაქტიკებით, დაიმსხვრა. შიშველი ძალადობა ბოლო გზაა, რათა არარსებული უპირატესობა დაამტკიცო.

არიან ისინი, ვინც ამბობს, რომ მთავარი პრობლემა გახსნა და გაღება იყო. მათ სურთ ძველი წესრიგის დაბრუნება, მათ სურთ პატრიარქალური სისტემის აღდგენა, სადაც ქალის დაქვემდებარება იმდენად ბუნებრივი რამ იყო, რომ მას ვერც კი ამჩნევდნენ. იდეოლოგია ხომ სწორედ ესაა - ხელოვნური ფენომენის ნატურალიზაცია. სამწუხაროა, რომ ეს ადამიანები ვერ ან არ ხვდებიან - ნატურალიზაცია შეუძლებელია. აღარასოდეს დადგება დრო, როდესაც ქალების დაქვემდებარება ბუნებრივი ფენომენი იქნება. დახურვა არ გამოვა. შეუძლებელია, თავისუფლების ჯინი ბოთლში დააბრუნო. შეუძლებელია, ჩაგვრის ქვეშ მყოფი ადამიანები - რომლებიც, როგორც ქალების შემთხვევა გვაჩვენებს, სულაც არ იყვნენ უმცირესობაში - სიმბოლური საშუალებებით დაარწმუნო იმაში, რომ ისინი ძველ, დაქვემდებარებულ ადგილზე უნდა დაბრუნდნენ.

მაგრამ ეს სულაც არაა ოპტიმისტური პროგნოზი. შესაძლებელია, მივიღოთ მდგომარეობა, როდესაც ვერც თავისუფლება გაიმარჯვებს და ვერც ძალადობა, როდესაც იქნება მუდმივი მკვლელობები იმ ადამიანებისა, ვისაც სოციალური ბმულის გაწყვეტა სურს. ნამდვილი დახურული საზოგადოება ვეღარ აღდგება, მაგრამ ქაოსი, დაკავშირებული მუდმივ ძალადობასთან, შესაძლებელია.

ილიაუნიში ჩვენ ეს პრობლემები ვიცით - წლევანდელი წლიდან ყველა სტუდენტი, რომელმაც ჩვენს უნივერსიტეტში ჩააბარა, პლატონის, მაკიაველის და ლოკის ტექსტებთან ერთად გაივლის მერი უოლსტონკრაფტის 1792 წელს გამოქვეყნებულ ტექსტს, რომელიც ქალების უფლებებს ეძღვნება. ეს ტექსტი ჩვენს სასწავლო გეგმაში დებატების გარეშე არ შეგვიტანია, იყვნენ ისინი, ვინც ამას მხარს არ უჭერდა - სასწავლო გეგმაში ჩამატებული ყოველი ტექსტი ხომ რომელიღაც სხვა ტექსტის ხარჯზე ისწავლება. უოლსტონკრაფტს შეეწირა, მაგალითად, რუსოს კლასიკური წიგნი აღზრდის შესახებ, რომელსაც უზარმაზარი გავლენა აქვს მოხდენილი ევროპული აზროვნების ისტორიაზე. მაგრამ საბოლოოდ გაიმარჯვა აზრმა, რომ ქალების უფლებების პრობლემა ფუნდამენტურია არა უბრალოდ თანამედროვე მსოფლიოში, არამედ განსაკუთრებით დღევანდელ საქართველოში. ამიტომაც წლევანდელი სასწავლო წლიდან ოთხი ათასამდე პირველკურსელი, რომელიც ილიაუნიში მოხვდა, ამ პრობლემატიკაზე პირველივე სემესტრში შეიქმნის წარმოდგენას. ეს ცოტა არაა.

მაგრამ ეს არაა საკმარისი. საჭიროა ბევრად უფრო მეტი მუშაობა, მეტი წიგნი, მეტი ლექცია, მეტი საუბარი, მეტი შეხვედრა.

სამწუხაროდ, ამ ტრაგედიას კიდევ ერთი ძალიან ცუდი შედეგი აქვს. ის გვიბიძგებს იქითკენ, რომ არსებული ღია სივრცეებიც დავხუროთ. ილიაუნი, რომელიც ღია იყო ყველასთვის, ვისაც საჯარო ლექციებსა და კონფერენციებზე დასწრება სურდა, ილიაუნი, სადაც ბოლო წლებში ჩემი და ჩემი კოლეგების კურსებზე დამსწრეთა ლამის ნახევარი სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებზე მოდიოდა, იმის გამო, რაც გუშინ მოხდა, შეიძლება, უსაფრთხოების მოთხოვნების გამკაცრების მიზნით, უცხოთათვის დაიკეტოს. ეს უკვე რეალური ღია სივრცის ჩაკეტვის მაგალითი იქნება, რაც მხოლოდ დააზიანებს იმ იდეების გავრცელების საქმეს, რომელთა საფუძველზეც თავისუფლების სფერო უნდა შექმნას.

ძნელია იდეებით დაიცვა თავი, როცა ტყვიებით გებრძვიან.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG