სამშაბათი, 02 სექტემბერი, 2014 თბილისის დრო 08:13

ბლოგები / კობა ლიკლიკაძე

დავიბენი, ჩემო პატრიარქო!

x
წინასწარ ვიცი, რომ ამ ბლოგისთვის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდიც გამაკრიტიკებს და ის ხალხიც, ვინც პატრიარქისადმი ცნობილ „შეკითხვებს“ მოაწერა ხელი. მაგრამ მავანმა სულაც ანათემას რომ გადამცეს, სათქმელს მაინც ვიტყვი, რადგან  მჯერა, რომ იგი მხოლოდ ჩემს გულისნადებს არ გამოხატავს.

თქვენო უწმინდესობავ, საქართველოს პატრიარქო! მეც, ისევე როგორც ბევრი ჩემი თანამემამულე, რომლებიც სამშობლოს გარეთ ვიმყოფებით, ამ დღეებში განსაკუთრებით მოუთმენლად ველოდით თქვენს მიმართვას. ვის, თუ არა თქვენ, შეგიძლიათ დაარწმუნოთ აფორიაქებული ხალხი, თანაუგრძნოთ, დააწყნაროთ და თუნდაც მცირე ხნით შეარიგოთ ის. მართალია, ჯიუტი ქართული ხასიათის გამო, ეს ყოველთვის არ გამოდის. 1989 წლის 9 აპრილის ღამეს მეც იმ სტუდენტებს შორის ვიყავი, ვინც, თქვენი დალოცვის მიუხედავად, არ წავიდა ქაშუეთში, რუსთაველის მოედანზე დარჩა და დღემდე ნანობს ამ სიჯიუტეს.

ამიტომ, ახლა სამშობლოში რომ ვიყო, აუცილებლად დავუჯერებდი თქვენს მოწოდებას და ორი მშფოთვარე დღის შემდეგ, რაც პატიმართა წამებისა და გაუპატიურების საზარელი კადრების გავრცელებას მოჰყვა, წავიდოდი სახლში, დაველოდებოდი არჩევნებს და შევეცდებოდი, სხვებიც დამეყოლიებინა. 

მაგრამ ვხვდები და თვალს ვერ დავიბრმავებ, რომ პარასკევს, სამების ამბიონიდან წარმოთქმულმა თქვენმა ქადაგებამ, სამწუხაროდ, კი არ დააშოშმინა აღელვებული ადამიანები, არამედ მათში გარკვეული უიმედობა გააჩინა. ბევრი მათგანი, ვისაც უცხოეთსა თუ საქართველოში (ინტერნეტისა და ტელეფონის საშუალებით) ველაპარაკე, გაოგნებულია და ვერაფრით აუხსნია, რის თქმა გსურდათ ამ ფრაზით: „მსგავსი რამ სხვა ქვეყნებშიც ხდება, მაგრამ ხელისუფლებას და ხალხს ეს სამარცხვინო მოქმედება საქვეყნოდ არ გამოაქვთ და ყველაფერს აკეთებენ, რომ ეს არ განმეორდეს.“

ეკლესიის საქმებში ჩახედულთა უმრავლესობას კი, ღმერთო შეგცოდე, ეჭვი არ ეპარება, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის მწყემსმთავარს ქადაგების წინასწარ მომზადებულ ტექსტში რამდენიმე ციტატა ხელისუფლების წევრებმა ჩაუწერეს, რათა ამით ნიადაგი შეამზადონ შემდგომი რეპრესიებისათვის. მავანი ვარაუდობს, რომ პატრიარქის ციტატას - „ზოგიერთები სარგებლობენ შექმნილი მდგომარეობით და საქართველოში არასტაბილური მდგომარეობის შემოტანა სურთ“, - ქვეყნის მესვეურთა პიარტექნოლოგები თან დაურთავენ იმ „მამხილებელ კადრებსაც“, რომელთა გამომზეურებასაც ხელისუფლება მალე აპირებს.

მომიტევეთ, პატრიარქო, მაგრამ ამ ხალხის ასეთი შეშფოთება უსაფუძვლო რომ არ არის, უკვე აჩვენა 21 სექტემბრის მოვლენებმა. სწორედ თქვენი ქადაგების შემდეგ დაუბრუნდა ციხის სკანდალის გამო ნირშეცვლილ პრეზიდენტს ძველებური რიხი და მიხეილ სააკაშვილმა კვლავ დაიწყო საუბარი თავისი ხელისუფლების მიღწევებზე და ამ მიღწევების მოწინააღმდეგეებზე. მართალია, მღრღნელები, მუმიები, დინოზავრები და მტრის ფეხის მლოკველები ამჯერად არ უხსენებია, მაგრამ თბილისში, იუსტიციის სახლის გახსნისას, მან რამდენიმეჯერ გაიმეორა, „საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებს რუსული ფული, საერთაშორისო ქართული მაფია და გავრცელებული ვიდეოკადრები მათ მიერ დაგეგმილი დესტაბილიზაციის გეგმის მხოლოდ მცირე ნაწილიაო“. არადა ეს იმ დროს, როდესაც მღელვარება თითქოს ჩაცხრა. ამიტომ, რაღა გასაკვირია, თუ ამის პარალელურად კვლავ გამოვიდნენ ქუჩებში სტუდენტები, მოხდა მცირე შეხლა-შემოხლა ახალგაზრდებსა და პოლიციას შორის, ხოლო ამ მოვლენის ამსახველი სატელევიზიო სიუჟეტები სახელისუფლო ტელევიზიების ეთერში კვლავ იწყებოდა საბჭოთა პერიოდისთვის დამახასიათებელ სტილში ჩამოყალიბებული ფრაზით: „მიუხედავად პატრიარქის მოწოდებისა, სტუდენტების ერთი ნაწილი კვლავ გამოვიდა ქუჩებში...“

სანამ ამ ბლოგს რედაქტორს გავუგზავნიდი, კიდევ ერთხელ მოვუსმინე თქვენს ქადაგებას და მორიდებით შეგკადრებთ: თქვენო უწმინდესობავ, იგი ნამდვილად ტოვებს ამბივალენტურის შთაბეჭდილებას. ამიტომ, დავიბენი, ჩემო პატრიარქო და, შორს მყოფს, უმწეობის გრძნობა დამეუფლა.

Tags: სააკაშვილი,ეკლესია,პატრიარქი,ილია მეორე,პატიმართა წამება,ქადაგება



ყურადღება!
რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები: გვერდი გვერდების რაოდენობა 4
ავტორი: გურამ მუჩაიძე საიდან გვწერთ: თბილისიდან
28.09.2012 17:15
გასაუბრება ზურაბ გურულთან და... : Zurab Guruli

ახლა ვკითხულობდი, ვიღაც რუსმა კლოუნმა ბეზრუკოვმა რაღაც წაილუღლუღა ქართულად და მერე საკუთარი ჰალსტუხი დააგემოვნა რუსთაველის თეატრში სპექტაკლის დროსო. აჟივჟივებულია ტფილისური "ბომონდი", დაინგრა ტაშით დარბაზიო :))
ისე, ობიექტურობისათვის, შემდეგ სპექტაკლში თუ უკანალში ცოცხს გაირჭობს და მისი პრეზიდენტივით წეროებს ჩაუდგება სათავეში, მეც დავუკრავ ტაშს :)

Guram Muchaidze 1. არ ავყვეთ ბილწსიტყვაობის ტალღას; 2. წყენის მყისიერად გამოხატვა სიბრძნის ნიშანი ნამდვილად არ არის. 3. ხსენებული "თეატრალური ბომონდი" (რა გვიჭირდა, რომ ის მხოლოდ თეატრალური იყოს) რუსის მონობიდან მოდის და რუსისავე მონობაში ჰგიებს უკუნისამდე. 4. უნამუსო რუსი სტუმრის, ბეზრუკოვის საქციელის კომენტარი ვთხოვოთ მონობის დამამხობელ პრეზიდენტს აბრაამ ლინკოლნს: "უნამუსო ადამიანი მაგონებს კაცს, რომელმაც დახოცა საკუთარი მშობლები და სასამართლოს შეწყალებას სთხოვს იმიტომ, რომ ობოლია", რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ დესპოტურ რუსეთს მალე დააქცევს ბეზრუკოვისთანა ლაზღანდარების დასი და თავშესაფრისთვის ისევ გულმოწყალე საქართველოს სთხოვს შეწყალებას. აქ პასუხი მკაფიო და ცალსახა უნდა იყოს, რათა უკვე მერამდენედ არ ვაქციოთ საქართველო ლინკოლნისეული უნამუსოების თავშესაფარად - საკუთარი უნამუსოებიც გვეყოფა. 5. სწორ ეროვნულ ორიენტირად ამჟამად მოჩანს ორი გზა: ა) მინიმიმალისტური: გავიზიაროთ ამერიკელების რუზველტისდროინდელი გამოცდილება და სანამ საქართველო ომის მდგომარეობაშია რუს აგრესორთან, არ შევცვალოთ საპრეზიდენტო გუნდის საგარეო ორიენტაცია; ბ) მაქსიმალისტური: თავის დროზე 16 წლის დავითს ვენდეთ და ენდე; ამიტომ ვენდოთ 9 აპრილის მისტერიის შემდეგ არამონობაში დაბადებულ ქართველებს - დიდი დავითის საქმის მემკვიდრეებს და ქვეყნისათვის თავდადებაში სულმნათი მერაბის მოპბაძავთ - ისინი მეფედ ახლად ნაკურთხ დავით აღმაშენებელზე 5 წლით უფროსები არიან, რაც გვაძლევს უფლებას - ერმა და ბერმა ერთობლივად გამოვითხოვოთ უფლისაგან (შესაძლოა ეკლესიის იერარქთგანაც, თუმცა 9 აპრილის გამოცდილების შემდეგ ვეჭვობ, რომ მათ შესწევთ მერაბისეული თავდადების ძალა; მხედველობაში მაქვს პატრიარქის მაშინდელი მოწოდება მომიტინგეებისადმი - ქაშვეთში გადადგილებულიყვნენ ლოცვისათვის, თუმცა კეთილი მწყემსის შეგონებას დააკლო მთავარი, კერძოდ ის, რომ თუ სამწყსო მის მოწოდებას არ დაემორჩილებოდა, თვითონ თავის ამალასთან ერთად გადაეღობებოდა მძიმედ შეიარაღებულ რუს მოძალადეთა ჯარს, ვინაიდან იესო ქრისტემ ბრძანა, რომ მე ვარ მწყემსი კეთილი და ჩემს სულს დავსდებ ცხვრებისთვისო და ჰყო; მოციქულმა პავლემ ბრძანა, რომ მობაძავ ჩემდა იყავით ისე, როგორც მე ვბაძავ ქრისტესო და ჰყო; ბუნებრივია, მათ მიბაძვას ვერ მოსთხოვ კგბ-ს მიერ დათრგუნული საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავრებს, მაგრამ სულმნათ მერაბს მაინც მიბაძონ ქვეყნისათვის თავდადებაში და ... ) ერის წინამძღოლებად მათგან ღვთივრჩეულების კურთხევა.

ავტორი: ანონიმი
28.09.2012 17:06
რა დროს პატრიარქებია როცა დემოკრატიულ საზოგადოებაში ყველაზე პოპულარულია დრუიდების მისტერიები და ანტიკური ხანის დიონისიური ორგიები რომლებიც ტარდება განსაკუთრებით თავგამოდებული დემოკრატების ეშანჟისტურ დახურულ კლუბებში,ნეოშამანიზმი და ა.შ მათ ბუდიზმიც კი ვეღარ უწევს კონკურენციას. ამასობაში ვინც ჯერ არ გამაჰმადიანებულა და არ გაუვლია ინიციაცია პაკისტანის თალიბანთა ბანაკებში ისინი ყოველწლიურად ზეიმობენ ხოლმე ნაბუნიობას სტოუნჰენჯთან! არის კიდევ ბროკენის მთაზე კუდიანთა ყოველწლიური შეკრებები.საიენტოლოგიის ეკლესიის პოპულარობა კლებულობს მაგრამ ის ისევ ბორგავს.და ა.შ. ასე რომ ქართველ დემოკრატებს დიდი არჩევანი გაქვთ და აბა ჰე!

ავტორი: ზურაბ საიდან გვწერთ: თბილისი
27.09.2012 23:36
ავტორი: ნუცა საიდან გვწერთ: თბილისი
27.09.2012 13:51
ბნელა, როცა პატრიარქა ეუბნები, სად იყავი 1991-92-შიო. "ზვიადისტების" ეს საერთო გამნოყენების ფრაზა ვერ ჯდება ადამიანური განცდების ჩარჩოებში. სწორედ ამ აზროვნების პროდუქტია ხერხეულიძე. ზვიადის შვილი არა ყავს გამომწყვდეული? რა აზრები (უფრო სწორედ, უაზრობა) შეგეყარათ და გაწუხებთ?
------
ნუცა, უცნაური ლოგიკა გაქვთ. თქვენი აზრით „ზვიადისტებს“ ადამიანური განცდები არ შეიძლება ჰქონდეთ? ადამიანები არ არიან? ან რა შუაშია აქ ზვიადის შვილი? იგი გასამართლდა კონკრეტული დანაშაულისთვის და იხდის სასჯელს. მაშინ კი, როცა შიოლაშვილმა პირში წყალი ჩაიგუბა სახლებიდან გამოჰყავდათ ხალხი ყოველგვარი სანქციის, ბრალის წაყენების და სასამართლოს გარეშე. ძნელია სხვაობის დანახვა?!
და კიდევ, ეს „...ისტები“ რა საჭიროა? რა ვერ გადაჩვიეთ იარლიყების მიკვრას ერთი მეზობელი ქვეყნის საიდუმლო სამსახურის აზროვნების პროდუქტები?!...

ავტორი: GERMANE
27.09.2012 18:11
ავტორი: ნუცა საიდან გვწერთ: თბილისი
27.09.2012 13:51 "

ნუცა, ვერ გაგიგეთ.

საქმე ეხება არა რაღაც "წლებს" ან "ზვიადისტებს", არამედ სავსებით ქრიატიანულ და რელიგიურ აზროვნებას - კერძოდ იმას, რომ "ეკლესია" ნიშნავს მორწმუნეთა ერთობას, შეკრებას და არ ნიშნავს "შენობას", გინდაც ეს შენობა სულ წმინდანების ჩუქურთმებით და ოქროს ჯვარებით მორთო.
ეკლესია იქაა, სადაც მორწმუნე და მლოცველი ხალხი დგას.

რაც შეეხება უნეტარესსა და უწმინდესს - მოდით და ამ პიროვნებაში ის დავინახოთ, რისი არ დანახვაც შეუძლებელია. როგორც რომის პაპი იოანე-პავლე იყო ბოლო თვეებში ავადმყოფობისაგან სასოებაწართმეული და ფიზიკურად დაუძლურებული, ისევეა ჩვენი პატრიარქიც. ამიტომაც ვთხოვ ყველას, რომ მოასვენეთ ეს ავადმყოფობისაგან ასე გაწვალებული მოხუცი ადამიანი და მიეცით უბრალო ადამიანად არსებობის უფლება. ნურც იმას მოთხოვთ - ამა და ამ საკითხზე თქვენი აზრი გვითხარიო და ნურც გაგაწბილებთ, რომ ამ მოხუცმა საკუთარი ფიზიკური მდგომარეობის შესაბამისი პასუხი რომ გაგცეთ.

რაც შეეხება 1989-92 წლებში - აი ამ დროს კი იგი მართლაც გაცილებით უფრო ჯანსაღი იყო და ავკარგის გარჩევის შეგრძნება მართლაც რომ ჰქონდა.
თუმცა ამაზე ახლა იმას, რაც სახეზეა, რასაც ხალხს საპატრიარქოს შოუმასტერები წარუდგენენ, პასუხს მართლაც ვერ მოთხოვ.

ავტორი: ნუცა საიდან გვწერთ: თბილისი
27.09.2012 13:51
ბნელა, როცა პატრიარქა ეუბნები, სად იყავი 1991-92-შიო. "ზვიადისტების" ეს საერთო გამნოყენების ფრაზა ვერ ჯდება ადამიანური განცდების ჩარჩოებში. სწორედ ამ აზროვნების პროდუქტია ხერხეულიძე. ზვიადის შვილი არა ყავს გამომწყვდეული? რა აზრები (უფრო სწორედ, უაზრობა) შეგეყარათ და გაწუხებთ?

ავტორი: ხათუნა საიდან გვწერთ: ვენეციიდან
27.09.2012 12:49
კობა დიდი მადლობა სამწუხაროდ ბევრნი ვართ დაბნეულები რომ დაგვტოვა ჩვენმა პატრიარქმა
მაპატიე ციკო მაგრამ ვერ მივიღებთ მეორე დღეს გაკეთებულ ახსნა-განმარტებას ისე უნდა გველაპარაკონ რომ კითხვები არ დარჩეს
რამდენჯერ მინატრია კატეგორიული ყოფილიყო ჩემი პატრიარქი
ვიცოდითო მაგრამ ვერ ვამბობდითო, აღსარების საიდუმლოს ვერ გავცემდითო, მათი ხორციელი შვილები რომ ყოფილიყვნენ ხომ შეაკვდებოდნენ
თუ ამით ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას შეძლებდნენ გაეწირათ მათი სული ჯოჯოხეთისათვის და ერი გაეერთიანებინათ ამ არგასაგონი წამებისაგან
დავიბენი ძალიან დავიბენი

ავტორი: ramij საიდან გვწერთ: tbilisi
26.09.2012 18:56
ჯანსუღ ჩარკვიანი „კვირის პალიტრაში“ (N39) წერს: “არასდროს მინახავს მსგავსი სისასტიკე (საუბარია საპატიმროებზე)... არ დაიჯეროთ, რომ „ამნაირობა“ წარსულში ხდებოდა. ტყუილია!“
კომუნისტურ ციხეებში პატიმრების გასაუპატიურებლად კაცები რომ ყავდათ (მგონი ცირეკიძე და მისთანანი) და გასაუპატიურებელთა სიას ქურდები რომ ადგენდნენ, ბატონ ჯანსუღს არ გაუგია თურმე. ამ სიაში მოსახვედრად სრულიად საკმარისი იყო სასამართლოზე განსასჯელის საწინააღმდეგო ჩვენება ჰქონოდა პატიმარს მიცემული. ქურდები მას „პეტუხების“ ყაზარმაში გაამწესებდნენ და მას ვეღარაფერი იხსნიდა „გაპეტუხებისაგან“ ანუ გაუპატიურებისაგან.
ყველაზე ამაზრზენი ამ ისტორიაში ის იყო, რომ მაშინ ამაზე საზოგადოებაში აღშფოთებით არავინ ლაპარაკობდა, ეს ყველას ჩვეულებრივ რამედ მიაჩნდა. უფრო მეტიც, საუბარი იყო ქურდულ სამართლიანობაზე. მაშინაც პოეტს ეძახდნენ ბატონ ჯანსუღს.
პირველად ხმა ამ უმსგავსობის წინააღმდეგ ზვიად გამსახურდიამ და ეროვნულმა მოძრაობამ აღიმაღლა. მაშინ ზვიადს ებრძოდა ბატონი ჯანსუღი, მაშინ არ გახსენებია პატიმრები. ახლა იმის ნაცვლად, ჩუმად იყოს, ყოფნის სინდისი, რომ ამ თემაზე ილაპარაკოს. მას გონია მისი კონფორმიზმი ხალხს არ ახსოვს.
თუ კაცობის ნატამალი გაბარიათ, დამეთანხმეთ და მოინანიეთ საჯაროდ, რადგან ის რაც მთელმა საქართველომ იცოდა, არ შეიძლება არ გცოდნოდათ. ერთი წამით მხოლოდ იმისი დაშვება შემიძლია, რომ დაგავიწყდათ და მაშინ ბოდიშის მოხდა უშველის საქმეს.

ავტორი: GERMANE
26.09.2012 10:35
ავტორი: ამბროსიე
26.09.2012 00:02

ავტორი: GERMANE
25.09.2012 00:33

რა აგრესიული ხარ გერმანე?...ურწმუნო კაცს არ ჯერავს ლოცვის ძალა!!! "

ამბროსი, მე ლოცვის ძალა მწამს და მჯერა.
მე არ მჯერა მღვდლის, პატრიარქის თუ ვინმე სხვა პირის ძალისა, რომელმაც რატომღაც "უფალი გაიგო" და იცის ღმერთს რა უნდა და რატომ.
ურწმუნოც არა ვარ - მე მწამს მრწამსის და შემოქმედის არსებობის.
ოღონდ არ მწამს იმის, რომ ვინმემ ამ შემოქმედის შესახებ მეტი იცოდეს, ვიდრე მე ან შენ ან ახალდაბადებულმა ბავშვმა - იქნებ ამ უკანასკნელმა მეტი იცოდეს და ვერ გვეუბნებოდეს.

აგრესია კი? აგრესია სტრუქტურისტულ რელიგიურ წყობებში იკითხე - არ გამოტოვო არცერთი, არც ქრისტიანობა, არც მუსულმანი, არც სიონისტი და არც ჰინდუისტი.

ავტორი: ზურაბ საიდან გვწერთ: თბილისი
26.09.2012 01:02
ეჰ... ჩემო კობა, რუსული ნოსტალგია გეტყობა შენ... თორემ შენს სტუდენტობა არც ისე დიდი დრო გვაშორებს, რომ არ გახსოვდეს, სად მოუწოდა პატრიარქმა ხალხს აქციის შეწყვეტა... ან მეხსიერების პრობლემები გაქვს, ან გვატყუებ... იქნებ ისევ იქა ხარ, რუსთაველის მოედანზე?.. მაშინ გაგვატარე, ვისაც ბევრი რამ გვახსოვს და არ გვიკვირს პატრიარქისგან ორმაგი სტანდარტები... ჩვენს პატრიარქს რატომღაც მხოლოდ კრიმინალების მიმართ გამოჩენილი სისასტიკე უჩუყებს გულს, თორემ, რაღაც ვერ ვიხსენებ აღშფოთება გამოეთქვას 1992 წლის 3 იანვარს, როცა მისი მეგობრის კრიმინალურმა ბანდებმა დღისით-მზისით თბილისში მშვიდობიანი მიტინგი დაცხრილეს (მსხვერპლთა რაოდენობა თვითონ მოიძიე, ჟურნალისტი ხარ მაინც). არც 1992 წლის 7 იანვარს ამოუღია ხმა, როცა ასევე მშვიდობიანი დემონსტრაცია დაიხვრიტა და არც 1992 წლის 2 თებერვალს. იქნებ მხოლოდ პატიმრების ბედი ადარდებს? მაშ რატომ სდუმდა 1993 წლის ოქტომბერ-ნოემბერში, როცა ათასობით უდანაშაულო ხალხი წაიყვანეს კომენდატურაში და საპატიმროებში სახლებიდან(!) კომენდანტის საათის დარღვევის ბრალდებით და სასტიკად აწამებდნენ?!.. ალბათ იმიტომ, რომ მათ დაკავებას პოლიტიკური სარჩული ედო და კრიმინალებთან არაფერი ჰქონდათ საერთო...

ავტორი: ამბროსიე
26.09.2012 00:02
ავტორი: GERMANE
25.09.2012 00:33

რა აგრესიული ხარ გერმანე?...ურწმუნო კაცს არ ჯერავს ლოცვის ძალა!!!

ავტორი: ანონიმი
25.09.2012 19:47
რა გითხრათ იცით? ქრისტიანობა ბევრი სხვა რელიგიისგან განსხვავებით არ მოითხოვს ცოცხალი თუ მოკლული მტრის თავის ტვინის და გულის შეჭმას! ქრისტიანობა არც იაკობინელთა ბელადი რობესპიერია რომ მოითხოვოს მის მიერ სამშობლოს მტრებად გამოცხადებულებისთვის მუცლის გამოფატრვა! ქრისტიანობა ცოტა სხვა რამეა. ის ქადაგებს მტრების სიყვარულსაც. ეს უმაღლესი პილოტაჟია და ხშირად მეც ვერ ვაკეთებ ამას,ვაღიარებ მაგრამ 1985 წლიდან ყოველ დღე სიძულვილის ფრქვევა ცოტა მეტისმეტია. ხოდა დანარჩენი მერე. იცოცხლეთ და გაგიმარჯოთ ამ შხამიანი მკვლელი თანამედროვეობის ჯინაზე მაინც!

ავტორი: ციკო საიდან გვწერთ: თბილისი
25.09.2012 13:38
ნამდვილად არ მინდა, ვინმემ შეურაცხყოფილად იგრძნოს თავი ჩემი კომენტარის წაკითხვის შემდეგ, ისედაც საკმარისად ვჭამთ ერთმანეთს ცალ-ცალკე თუ ერთად აღებულნი და მაქსიმალურდა შევეცდები, "დაუკრეფავში" არ გადავიდე, მაგრამ ერთი აუცილებლად უნდა აღინიშნოს: ის ფაქტი, რომ საპატრიარქოზე ზეწოლის განხორციელების მცდელობა ხშირია, მაგას, მგონი, გულწრფელად ვეღარავინ უარყოფს, მაგრამ გამოწვეული აჟიოტაჟის გამო, 22 სექტემბერს საპატრიარქომ განმარტა უწმინდესის მიერ წარმოთქმული სიტყვები და ითქვა, რომ ფრაზაში („მსგავსი რამ სხვა ქვეყნებშიც ხდება, მაგრამ ხელისუფლებას და ხალხს ეს სამარცხვინო მოქმედება საქვეყნოდ არ გამოაქვთ და ყველაფერს აკეთებენ, რომ ეს არ განმეორდეს.“) იგულისხმებოდა არა ის, რომ ასეთი ფაქტები ჩვეულებრივი მოვლენაა სადმე და ჩვენ ეს არ უნდა გაგვეპროტესტებინა, პირიქით - ის იგულისმებოდა, რომ სხვაგან როდესაც ასეთი ფაქტი ხდება სწრაფად ხდება რეაგირება და სისტემურ ხასიათს, რასაც ადგილი ჩვენს შემთხვევაში ჰქონდა, ვერ იღებს...
ახლა ამასთან დაკავშირებით ჩემს აზრს მოგახსენებთ: დღეს უწმინდესმა ხალხს ამბიონიდან რომ რაიმე რადიკალური მოუწოდოს, ეს იქნება როგორც მისი სიცოცხლისათვის დიდი საფრთხე, ასევე იმ თითოეული ადამიანისათვის რომელიც დღეს სრულიად მშვიდობიანი ფორმით აპროტესტებს არსებულს და მაინც "სამართალდამცავების" ხელში ხვდება, რომლების "უკიდურესად დემოკრატიულად" - ცოცხებით სცემენ მათ... სწორედ ამიტომ, რატომღაც ვფიქრობ, რომ უწმინდესმა ამ მიმართვით, ერთი მხრივ, დაგმო არსებული რეალობა და რადგან მრევლს არ ეყო სიბრძნე აღსაქმელად, მოგვიანებით ქადაგება განიმარტა და, მეორე მხრივ, ეს იყო მშვიდობის შენარჩუნების მცდელობა განსდაკუთრებით წინასაარჩევნოდ და ესოდენ საჭიროა დღეს განსაკუთრებით, მოახლოებული არჩევნების გამო...

ავტორი: ანონიმი
25.09.2012 02:22
ეგაა არქაული,ბნელი ძალის,ჰომოსექსუალების და ლესბოსელების,ყომარბაზების და ყველა მამაძაღლის მტერთა პატრიარქი. ჯობია ქართული დემოკრატიის პატრიარქ შევარდნაძეს კითხოთ რჩევა. ის ეხლა მიშიკოს და გრიშიკოს ჰააგაში გაასამართლებს,ნობელის პრემიასაც ბარემ მიიღებს და როცა თეთრ ტანკზე ან ბომბდამშენზე ამხედრებული დაბრუნდება სულ ყველაფერი მთლა ოკ იქნება.

ავტორი: GERMANE
25.09.2012 00:33
ამოვიდა რა ყელში ეს სიბნელე.

ჯერ ერთი - არავისაც არ ტკივა "ერის ტკივილი ტკივა" სხვანაერად, როგორც ეს მე და შენ.
პატრიარქი არის ჩვეულებრივი ადამიანი.

მეორეც - ენა-მამული-სარწმუნოება, აი ეს იდეა ილიამ კი თქვა ერთხელ და გარკვეულ ასპექტში, მაგრამ არაა იმ საქართველოს საძირკველი, რომლის აშენებაც გვინდა - ოს-აფხაზ-სომეხ-აზერბაიჯანლებ-ქისტ- და სხვებთან ერთად, და თან ნახევარმილიონიან ქართველ მუსულმანიანად.

მესამეც - არსებობს ერთი ღმერთი და ის არც არავის უნახავს და არც არავის გასაუბრებია. ის არც ქრისტიანია და არც ბუდისტი. ის შემოქმედია და მასზე იმდენი იცის მღვდელმა ამბროსიმ ან გინდაც პატრიარქმა, როგორც ერთი წლის ბავშვმა. ქადაგების ტრიბუნიდან მდგარ პიროვნებაზე უვიცი არავინ მგონია, რომელიც მეუბნება ღმერთი ასეთიაო და ისეთიაო. უფლის არსებას ვერავინ გაიაზრებს - ამდენი გონი არ გვიბოძა უფალმა გასაგები მიზეზების გამო და ამიტომაც ნებისმიერ მღვდელს, რომელიც მიხსნის თუ რა სურს უფალს ჩემგან, რას მიიჩნევს ცოდვად და რას აღსარების ღირსად - აი ასეთ პიროვნებას, რა დიდი რელიგიური პოსტიც არ უნდა ეჭიროს, უბრალოდ ჩამოყალიბებულ აროგანტად ვთვლი.

და ბოლოს, ყველა იმას, ვისაც ვინმე მოკვდავი მოხუცი ჭაღარა სათნო და ჩუმი კაცები წმინდანების მაგვარნი ჰგონია - აი ეს ჭაღარა კაცი რომ ცხრა აპრილს მომიტინგეებთან დარჩენილიყო და იმ შეთავაზების მერე, სალოცავში წავიდეთო, თავად ექმნა სალოცავი იქ სადაც ხალხი იდგა, რუსის ჯარი ნიჩაბს კიარა, ბუზსაც ვერ ააფრენდა. ეს ფაქტია. და გინდაც ქრისტიანულადაც რომ მივუდგეთ - რაა ეკლესია? ეკლესია არის მორწმუნე ხალხი და სად იდგა მაშინ მორმუნე ხალხი? რუსთაველზე. და სად იყო მაშინ ნამდვილი და ჭეშმარიტი ეკლესია? რუსთაველზე. ამიტომაც დიდმა მორწმუნემ ეს უნდა იგრძნოს. ის შენობა - ჩუქურთმ-მოოქროვილი უფალმა იესომ გადააჯილაგა. უფლის სახლი 9 აპრილს იყო რუსთაველის პროსპექტი და ამ სახლს მაშინდელმა მღვდელმთავრებმა გვერდი აუარეს.
ვისი რჩევით - არვიცი. ეს კი ასე იყო. აი ესაა ფაქტი.
ვისაც ყური აქვს მოისმინს და ვისაც კითხვა შეუძლია წაიკითხავს.
ამოვიდა რა ყელში ეს კერპებზე თაყვანისცემა.

ავტორი: ლიი
24.09.2012 23:55
ავტორი: ანონიმი
24.09.2012 11:50 იცით, ეს უკიდურესად მოწიწებითი, აღმატებული ტონიც ცოტა არ იყოს გამაღიზიანებელია. შეცდომა, შეცდომაა, ვინც არ უნდა დაუშვას
---------------------------
შემიძლია დაგეთანხმოთ, თუმცა ეს საკამათო თემაა. ამ შემთხვევაში ავტორი პირადად მიმართავს პატრიარქს. ალბათ, ეს მისი პირადი დამოკიდებულებაცაა პატრიარქისადმი და ამვდროულად, ფორმა, როგორადაც საერთოდ მიმართავენ მას.

თქვენ რომ შეხვდეთ, მაგალითად, ესპანეთის დედოფალს, სულ რომ არ გაგაჩნდეთ მისდამი დამოკიდებულება, უნდა ემთხვიოთ ხელზე, თქვენი მიმართვის ფორმაც უნდა იყოს პროტოკოლით გათვალისწინებული.

პატრიარქს კი, ერისთვის იმდენი აქვს გაკეთებული, ჯერ მარტო ეს იწვევს ღრმა მოწიწებას.
სამწუხაროდ ლინკი, სადაც, მგონი, ახსნილი უნდა იყოს, რა იგულისხმა პატრიარქმა, ჯერ ვერ წავიკითხე. ისე კი ვფიქრობ, რომ ის სიტუაციის განეიტრალებას შეეცადა, რათა ამ ვაჟკაც ახალგაზრდებს არაფერი უხიმანდრონ.

ავტორი: კოტე საიდან გვწერთ: გერმანია
24.09.2012 14:14
ამბობენ მოცარტი ჯერ სულ პატარა ბავშვი ყოფილა, როცა ერთ კონცერტზე ცხარე ცრემლით დაუწყია ტირილი. კითხვაზე „რა მოხდა?“ - უპასუხია „არ გესმით რას შვება მეორე ვიოლინო? “
მჯერა, რომ ნებისმიერი ადამიანი დაჯილდოებულია იმ ნიჭით, რომ დააფიქსიროს ნებისმიერი სიყალბე, თავად თუ არ წავიდა საკუთარ სინდისთან სამარცხვინო გარიგებაზე ბატონო კობა.
კიდევ ერთ ისტორიას შეგახსენებთ. ტყეში სათამაშოდ გასულ ბავშვებს სოფელში გასაოცარი ამბავი მოუტანიათ. თურმე მათ უღრან ტყეში თეთრწვერა მოხუცი უნახავთ, რომელსაც არც შველი, არც კურდღელი არ უფრთხოდა, ჩიტები კი პირდაპირ თავზე ასხდებოდნენ. - წმინდანი უნახავთო – დაასკვნეს მოხუცებმა და სასწრაფოდ გაგზავნეს დელეგაცია თხოვნით, რათა წმინდანს სოფლისთვის რჩევები მიეცა. პასუხად ასეთი ბრალდებები იხილეს;

თქვენი სიხარულის ქვებსაც არ შურთ,
თქვენი სიყვარული – სიძულვილია,
თქვენი თანადგომა – განზედგომა,
თქვენი თანაგრძნობა – სრული გულგრილობა...

მულტიკულტურალიზმი, მულტიკონფესიონალიზმი, საჯაროობა და ა.შ. გვაჩვენებს, რომ ფარისევლები ერთნაირად გულისამრევი არიან, იქნება ეს მრევლი, ლიბერტარიანელი თუ შუაშისტი.

ეჭვი არ მეპარებოდა,რომ აი ანთაძეს ამ თემაზე ვერავინ დაასწრებდა წერილის გაშანშალებას. ასევე არ მეპარება ეჭვი, რომ ახლა სალომე ასათიანის რიგი დადგება. აუცილებლად შეგვატყობინებს, რა კეთილია და როგორ შეტკივა გული მოყვასზე..

ფუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუ

ავტორი: გიორგი–ახალი საიდან გვწერთ: georgia
24.09.2012 12:32
იხილეთ ბმული. უწმინდეს სტუიდენტებისთვის ასეთი რამ არ უთქვამს. ტელევიზიამ მისცა სხვა ინტერპრეტაციები. წინასწარ იყვნენ მომზადებულები. იქნება ამასაც მიაქციოთ ყურადღება. და უწმინდეს ასე უმოწყალოდ ნუ გაკიცხავთ. მე პირადად არ არ მესიამოვნებოდა, რომ უწმინდეს რომელიმე პოლიტიკური ძალის მიმართ კრიტიკა რომ გამოეთქვა. თავად ფაქტზე რა რეაქციაც ჰქონდა ყველამ კარგად დაინახეთ. იქნება ჩავუფიქრდეთ ჩვენს თავებს და მივცეთ ადამიანებს უფლება, საკუთრი აზრი და დამოკიდებულება, თავისი პასუხისმგებლობით გამოხატონ.

https://www.facebook.com/photo.php?fbid=468797146476741&set=a.468776359812153.107378.134602053229587&type=1&theater&notif_t=photo_comment

ავტორი: ანონიმი
24.09.2012 11:50
იცით, ეს უკიდურესად მოწიწებითი, აღმატებული ტონიც ცოტა არ იყოს გამაღიზიანებელია. შეცდომა, შეცდომაა, ვინც არ უნდა დაუშვას

ავტორი: me
24.09.2012 01:09
http://internet.ge/?l=GE&m=3&sm=0&ID=11870 ეს დაბნეულებს:)

ავტორი: ლიი
24.09.2012 00:22
ბატონო კობა,
პირდაპირ შედარებად არ გამოდგება, მაგრამ მაიც მახსენდება რომის პაპის ბენედიქტ XVI-ის ერთი გამოსვლა, სადაც მან, თუ არ ვცდები, მე-16 საუკუნის ერთ-ერთი მხედართმთავრის სიტყვები გაიხსენა მუსულმანების შესახებ, სადაც ის მათ ძალიან ნეგატიურად მოიხსენიებს. და ეს იმ დროს, როცა ტერაქტებს ვეღარ აუდის მთელი დასავლეთი და ბობმბი ბომბზე სკდება...შოკში იყო მთელი ქრისტიანული სამყარო. არ იცოდნენ როგორ გაემრათლებინათ პაპის სიტყვები. რადიკალი მუსულმანები საერთოდ გადადგნენ ჭკუიდან.... შემდეგ პაპმა ახსნა, რას გულსიხმობდა და ერებიც დაშოშმინდნენ! როგორც ჩანს, შეცდომა ყველას მოსდეის.

პატრიარქს არაფერი უთქვამს ნეგატიურად, მაგრამ, რადგანაც მისი მიმართვა კითხვებს მაინც აჩენს, ჩვენც თქვენთან ერთად მოწიწებით ვთხოვდით, იქნებ უფრო მკაფიოდ განმარტოს, რას გულისხმობდა.

_______________
კობა, თუ ნებას მომცემთ აქვე სოლომონის ახალი ბლოგის ლინკს დავდებ.

http://solomonternaleli.wordpress.com/2012/09/

გმადლობთ

ავტორი: Kkk საიდან გვწერთ: Bastiliidan
23.09.2012 23:50
ვისოცკი მახსენდება:" ნეტ ი ვ ცერკვი ნი ვსე ტაკ, ნე ვსე ტაკ, კაკ ნადო". ჩემდა თავად კი მეუფეები კალისტრატე, გრიგოლი, აბრაამი, პოლიტიზებული და ფულზე დახარბებული სინოდის სხვა წევრები, ეკლესიის სირცხვილია

ავტორი: qarbe საიდან გვწერთ: tbilisi
23.09.2012 22:42
მეც დავიბენი, ოღონდ თქვენგან განსხვავებით... თქვენ პატრიარქის ქმედებაში ხელისუფლების ზეწოლას ხედავთ, მე კი საპატრიარქოს განცხადებაში, ფოთის ტაძრის კურთხევის გადადებასა და ყველა საეკლესიო დღესასწაულების გადადებაში ოპოზიციის ზეწოლას, რას ნიშნავს ვერ გავიგე, ამ დღეებში ღმერთი არ შევაწუხოთ თუ ვის ცალია ეხლა ღმერთისათვის აგერ პატიმრები რა დღეში გვყოლია...

ავტორი: keti საიდან გვწერთ: batumi
23.09.2012 21:20
პატრიარქი გულისხმობს შემდეგს, რომ მსგავს შემთხვევაში ხელისუფლებამ გახმაურების გარეშე სათანადოდ უნდა მოიქცეს და სამართლინი გადაწყვეტილებები მიიღოსო...თქვენ როგორც ჩანს არასათანადო დამოკიდებულება გაქვთ პატრიარქის მიმართ ...თორემ მის სიტყვებს სწორი კონტექსტით მიიღებდით...სწორედ ღირსების დაცვით უნდა ემოქმედა ჩვენს ,,ვაი ხელისუფლებას", ასე საჯაროდ კი არ უნდა შეერცხვინა თავიც და ქვეყანაც...პატრიარქი არის ის ადამიანი, რომელიც საქართველოს გულია, სულია და ავტორიტეტი...თქვენ ძალიან გაკადნიერებულხართ, რომ ასეთი ხმამაღალი გამოსვლის უფლება მიგიციათ თავისთვის, თქვენს წერილს ხომ ეხლა უამრავი ადამიანი კითხულობს...ცდომილების შემთხვევაში თქვენ მზად ხართ დაუდგეთ იმ ცოდვას რასაც ქვია ღირსეული სასულიერო პირისადმი ცილისწამება და უპატივცემულობა...თქვენი სტატია ამას მოწმობს...პატრიარქის თანადგომა უფალმა ნუ მოგვიშალოს კიდევ მრავალ წელს...ისაა ჩვენი ძალა, იმედი, ავტორიტეტი, ეკლესიის ღირსეული მამამთავარი და ასე ერთი ხელის მოსმით ნუ გაგვითელავთ მის ავტორიტეტს, კარგად გამოიძიეთ, დაფიქრდით...საზოგადოება არავის ვაპატიებთ მის აუგად ხსენებას...ღმერთმა შეგინდოთ და მოგცეთ ძალა გაუმკლავდეთ ამ ყველაფერს...მხოლოდ და მხოლოდ დიდი სიყვარულით და ქრისტიანული გულისტკივილით ქეთი...

ავტორი: ლალი საიდან გვწერთ: მადრიდი
23.09.2012 20:42
ძალიან აღელვებული და აღშფოთებული შორეული კუთხიდავ ვადევნებ მომხდარ ამბებს ყურადღებას. დღევანდელ დროში ძალიან ადვილია ინფორმაციის გავრცელება და ყველაფრის ასახვა კადრების საშუალებით, დამერწმუნეთ არც დამჭირვებია სოციალურ ქსელებში შეხედვა, როდესაც ეს სამარცხვინო კადრები და სამწუხაროდ ყველა ჩვენთაგანის დიდი ტკივილი ესპანეთის ტელევიზიამ პირდაპირ ეთერში გადმოცა. მაპატიეთ, მაგრამ ყოველივე ამ კადრების ყურების შემდეგ მე შემრცხვა ვყოფილიყავი ქართველი. რატომ? ყოველთვის თავს იმით ვიჩენდი უცხო ქვეყნებში რომ მე საქართველოს შვილი ვიყავი და მუდამ მის დიდებას ვქადაგებდი, მაგრამ ისეთი შემთხვევები და მოვლენები როგორის ამ დღეებში მოხდა და სამწუხაროდ დღემდე ხდება ადამიანს ყველაფრის სიყვარულის უნარს გაკარგვინებს.
ბევრჯერ შევეკითხე ჩემს თავს და ყველა გარსემო მყოფ ემიგრანტებს: ნუთუ ამ ყველაფრის შესახებ ეკლესიამ და მთავრობან 2011 წელს არაფერი იცოდნენ? და პასუხი ყველა ჩვენთაგანის იყო კი! ისინი ყოველთვის ფლობენ ინფორმაციას და სწორედ პატრიარქის სიტყვებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა ჩემი და ბევრი ჩემივე მოაზრე ადამიანების აზრი. კი! მათმა ყოველთვის ყველაფერი იციან და ყოველთვის დუმნან, რადგან იციან, რომ საქართველოში ხალხი ბრმაა და მხოლოდ ხედავენ იმას რასაც ეკლესია უდებს გზა და გზა.
პატარაობიდან ჩამესმოდა ყურში და ოჯახშიც ძალიან მკაცრად და მართლმადიდებლურად გავიზარდე, მუდან ყველა წიგნზე პირველი ბიბლია იყო და ყველაფერზე წინ ეკლესია, " საქართველოს სარწმუნოება გადაარჩენს" სწორედ ეს სიტყვები მესმოდა მუდამ და მემინდა ვკითხო ყველა თქვენთაგან:
სადამდე მოგიყვანათ სარწმუნოებამ?
სადამდე გაანთავისუფლა სარწმუნოებამ საქართველო ჯალათებისგან?
სადამდე უნდა გჯეროდეთ არარსებული სარწმუნოების?
სარწმუნოება კი არ გადაარჩენს საქართველოს არამედ დაღუპავს საბოლოოდ, რადგან დღეს ისევე როგორც არა არსებობს კათოლიკური ეკლესია ასევე არ არსებობს მართლმადიდებლური ეკლესია, რაც ამ ორთაგანს დარჩა ეს ძვირფასი, ძალიან ძვირად ღირებული მოხატული ხატები და ლამაძი ტაძრები აქვთ, მოძღვრები, რომელთა უმრავლესობა ძალიან კარგი ცხოვრებით ტკბება მანან სანამ ჩვენ თავისუფლებას გვიკრძალავენ თვითონ ყველაზე ძვირად ღირებული თავისუფლებით ტკბებიან.
ხალხო!!! დროა თვალები გაახალოთ და იბრძოლოთ დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის, აი მაშინ უკვე როცა მიაღწევთ მიზანს უკვე ვერავინ შელახავს თქვენს უფლებებს.

პატივისცემით
ლალი.

ავტორი: miseenabyme საიდან გვწერთ: planeta venera
23.09.2012 19:20
ქალბატონო რუსკა, თუ სისხლისღვრაზე ვსაუბრობთ, მაშინ უნდა მოგახსენოთ, რომ პატრიარქის ქადაგებამ ხალხი უფრო დააბნია და გაამწარა, ამიტომ გახდა საჭირო საპატრიარქოს ჩარევა, რათა უწმინდესის რადიკალური და შეუვალი პოზიცია დაეფიქსირებინა. მაინტერესებს, მოხდა რამე სისხლისღვრა ეხლა, ამ ახსნა-განმარტების შემდეგ, თუ პირიქით, უფრო განიმუხტა სიტუაცია? არ ჯობდა ერთხელ ეთქვათ და გასაგებად? ამდენი მითქმა- მოთქმა და დაბნეულობა ხომ არ მოყვებოდა? გამწარებულ ადამიანს ადამიანურად რომ უთანაგრძნო და უთხრა ძალადობა დასაჯელიაო, ამისთვის სისხლისღვრას ვინ დაიწყებდა? ამიტომ ვართ არაელიტარული ქართველები უმადურები და 3 კი არა 30000 ახალაია ამიტომ გვჭირდება? აფერუმ ჯერ თქვენს ქალობას და მერე ქართველობას, დედაც თუ ხართ მით უმეტეს, ფაშიზმი სხვა კი არაფერია, ასე ხმამაღლა მაინც რომ ქადაგებთ, არ გეშინიათ?
P.S. როცა პატრიარქი გერმანიიდან დაბრუნდა, გარკვევით გაკეთდა განცხადება მის ჯანმრთელობაზე. ახლა კი საუბრობენ, რომ ის ავად არის, შეზღუდულად და შერჩევით აწვდიან ინფორმაციებს და შესაბამისად დასკვნის გაკეთებაც ძნელია. ამიტომ ცოტა უხერხულ სიტუაციაში აყენებთ ხალხსაც და ქვეყანასაც. ქვეყნის იმიჯზე უნდა ინერვიულოს ყველა პასუხისმგებელმა პირმა, რომელთაც პრეტენზია აქვთ მმართველობაზე და პირდაპირ თუ ირიბად აქვთ შეხება საშინაო და საგარეო პოლიტიკასთან. ვისაც აქვს მეტი ინფორმაცია, ვიდრე ხალხს, ვინც საჯარო პირია და აქვს მისია მასებთან ურთიერთობის. მე მგონი ამის გამო იხდის ქართველი ერი საკუთარი ჯიბიდან და ამის გამო იდებს ზურგზე შთამომავლებისთვის ვალებს. ამის გამო აგზავნიან შრომით წელში გაწყვეტილი ქართველები უცხოეთიდან დანაზოგს და ეს ხალხია გაზულუქებულ ელიტას რომ ქვეყანას უნახავს და სტატუსს ანიჭებს.

ავტორი: მედეა საიდან გვწერთ: აშშ
23.09.2012 18:50
მაპატიოს ღმერთმა და პირველი შემთხვევა არ არი პატრიარქისგან ამგვარი რამ .სულ ცოტა ხნის წინ "აღფრთოვანებული" ბრძანდებოდა ბაგრატის ტაძრის "უბადლო" რესტავრაციით და დიდი მადლიერება გამოხატა პრეზიდენტის მიმართ! აბსოლუტურად იგივეს ფიქრობს საზოგადოების უმრავლესობა, რასაც წერს ბატონი კობა.რაც ითქვა , ისე უნდა გაიგო, ქვეტექცტებში არ უნდა გვჭირდებოდეს ძიება, თუ რა ვიგულისხმოთ.

ავტორი: malkhaz chugoshvili საიდან გვწერთ: tbilisi
23.09.2012 18:16
ბატონო კობა, თუ შეგიძლიათ, მოდით ახლოს, მოდით სამშობლოში, მოდით თქვნი წინაპრების ეკლესიაში და ნახავთ რომ ახლოდან ყველაფეი სხვანაირად ჩანს, რომ ახლოდან ყველაფერი ნათელია და გასაგები გონიერი ადამიანისთვის

ავტორი: ნინო საიდან გვწერთ: თბილისი
23.09.2012 17:08
ძალიან მარტივია. პატრიარქს ხომ ყველაფერი "სტკივა". ხო და ეს შეურაწყოფილი ადამიანების ემოციები, ყოველ დღე ეთერით გადმოცემული, ჩვენ უბრალო მძიმე ცოდვილებს გვიჭერს ყელში და გვახრჩობს. წარმოდიგინეთ ის როგორ გრძნობს და განიცდის. ხო და ამაშია საქმე, ბატონო კობა.

ავტორი: giorgi საიდან გვწერთ: Tbilisi
23.09.2012 15:38
ბატონო კობა, მოგესალმებით.
გულდასმით წავიკითხე თქვენი სტატია და ძალინ მომეწონა. მინდა მოგახსენოთ, რომ ავად თუ კარგად მეც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წევრი გახლავართ და ჩემთვის ახლოა თქვენი მდგომარეობა. ახლოა იმიტომ, რომ აგვსტოს მოვლენების დროს მეც საზღვრებს გარეთ გახლდით და ამდენ ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციაში ვეძებდი მისი უწმინდესობის განცხადებას, ქადაგებას, რომ გარკვეულწილად რეალურთან მიახლოებული წარმოდგენა მქონოდა მაშინდელ ვითარებაზე. ამავდროულად, ახლოა იმიტომ რომ ჩემ გარშემო მრავალია ადამიანი რომელიც მსგავს სიტუაციაში ხშირად ჩავარდნილა და ხშირად გასჩენია მსგავს შეკითხვები. ამასთანავე, არ შემიძლია არ ავღნიშნო ჩემი პატივისცემა თქვენდამი, რაც კიდევ უფრო განმტკიცდა დღეს, რადგან თქვენი ნააზრევი, თუგინდ კითხვა, საოცარი მოკრძალებით გამოხატეთ, ეს კი თქვენ პიროვნულ კულტურაზე მიუთითებს. თქვენი შეშფოთება ერთის მხრივ გამართლებული და ყურადსაღებია ალბათ, მაგრამ ხომ იცით "კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდაო". ჩვენმა ერმა მგონია ჯერ ვე შეიგნო, რომ პატრიარქი არაა პოლიტიკური ფიგურა, ის პირველ რიგში სასულიერო პირია, ერის სულიერი მამა და მისთვის ყველა შვილია, მას ყველა თანაბრად ტკივა. მოგეხსენებათ საპატრიარქომ გააკეთა უწმინდესის ქადაგების გარკვეული ახსნა, რაშიც მე პირადად საკმაოდ რადიკალური და შეუვალი პოზიცია დავინახე, მაგრამ ზოგიერთისათვის ესეც არაა საკმარისი. მე ვერ მოვყვები უწმინდესის სიტყვების ინტერპრეტაციას და ალბათ ეს მარტივად რომ ითქვას არაკორექტულიც კი იქნებოდა, მაგრამ ერთია გასათვალისწინებელი, რომ მან უფრო მეტი ინფორმაცია იცის ვიდრე საზოგადოებამ, ის უფრო მეტს ხედავს ვიდრე ჩვენ და ესაა ვფქრობ გასათვალისწინებელი. თქვენ ახსენეთ 9 აპრილი და ის თუ როგორ არ დაუჯერეს უწმინდესს მაშინ, მაგრამ მე ვფიქრობ რომ ჩვენ ისევ ის ქართველი ერი ვართ, რომელსაც გვიჭირს მორჩილება, რადგან ჩვენი მოქმედება ხშირად ემოციებზეა დაფუძნებული და ემოცია კი გონიერებას ასუსტებს. შეიძლება ვცდები მაგრამ ასე მგონია. ასე, რომ ძალიან დიდ ფილოსოფიაში რომ არ გადავვარდე, მინდა ჩემი მოსაზრება გაგაცნოთ რომ აქ გამოჩნდა ის რომ მისი უწმინდესობა მუდამ საქართველოსა და ქართველი ხალხის ერთგულია და უნდა მისი კეთილდღეობა და ამისათვის საკუთარ თავსაც და ავტორიტეტსაც არად ჩააგდებს... შეიძება აბდაუბდა დავწერე მაგრამ ვიმედოვნებ მიმიხვდებით სათქმელს...

ავტორი: რუსკა კერვალიშვილი საიდან გვწერთ: თბილისი
23.09.2012 15:06
ფანატიზმისგან ძალიან შორს ვარ, მაგრამ ვფიქრობ, რომ უწმინდესი არის ერთ-ერთი იმ ადამიანთა შორის, რომელთაც უფალი ყოველთვის გვიგზავნიდა ქვეყნის აღმაშენებლად, სამწყსოს სულიერად განსამტკიცებლად თუ ერის მართალ მამად... ნუ შეგვეშლება კიდევ ერთხელ და ნუ ვიტყვით რომ „ის სიავეს ქართლისას ამბობს“ , რადგან ჩვენგან განსხვავებით მას მხოლოდ ღმერთის ეშინია!!! თუ მისი განცხადება ვერ გავიგეთ ან არასწორად გავიგეთ ეს სამწუხაროდ ჩვენი პრობლემაა... რას ველოდით ორი მთავარი პოლიტიკური ძალის ბრძოლის ველად გადაქცეულ სივრცეში მისგან? ღია, ცალსახა, პირდაპირ პოზიციას, რომელიც საზოგადოების რომელიმე ნაწილს წააქეზებდა და გააღრმავებდა იმ ნაპრალს, რომელიც უკვე ჰყოფს ორად ქართველებს? ეს რა კომენტარებს აკეთებს ხალხი იმის მაგივრად რომ მადლობას წირავდეს უფალს და იხსენებდეს რამდენჯერ გადაგვარჩინა უწმინდესმა სისხლის ღვრასა და დაპირისპირებას... არჩევნებამდე მშვიდობიანად მისვლისა და გაყალბების თავიდან აცილებისკენ მოგვიწოდებს და რას ნიშნავს ეს? ნუთუ ვინმე იტყვის რომ პატრიარქი ვინმეზე ნაკლებად შეზარა ამ კადრებმა და უსამართლობამ? როგორც ჩანს ასეც ფიქრობენ და ალბათ ამიტომაც წერენ რომ დააბნია მისმა განცხადებამ საზოგადოება... პატრიარქი „სამარცხვინო მოქმედების საქვეყნოდ გამოტანის“ ხსენებისას იმაზე კი არ ღელავს ევროპა რას იტყვის ან ამერიკა, არამედ იმას განიცდის, რომ არავინ დაფიქრებულა, ამ კადრების ხშირად ტრიალით რომ კიდევ უფრო ვტკენთ და ღირსებას ვულახავთ ნაწამებ პატიმრებს... როგორ შეიძლება პატრიარქს ენერვიულა საერთაშორისო საზოგადოების თვალში ქვეყნის „იმიჯზე“ როცა მათ არც კი იციან რომ ეს ყველაფერი ხდება ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში? ნუთუ ვერ ვგრძნობთ რომ მის სიტყვებში გამოიხატება მწუხარება, გამოწვეული იმ ფაქტით, რომ კადრების საჯაროდ გამოქვეყნების გარეშე ხელისუფლებამ ვერ შეძლო ამ სამარცხვინო ქმედებებისს აღმოჩენა და მითუმეტეს მათი აღმოფხვრა... რა გვინდოდა კიდე რომ ეთქვა??? რა უმადურები ვყოფილვართ... უკაცრავად, მაგრამ 3 კი არა 30000 ახალაიას ღირსები ვართ! მათი განცხადებები და ქმედებები ხოა მკაფიო და გასაგები?!

ავტორი: ანონიმი
23.09.2012 13:42
რამ დაგაბნია? http://live.ge/r-37435

ავტორი: miseenabyme საიდან გვწერთ: planeta venera
23.09.2012 12:20
ისე, პატრიარქს თუ საქართველოს იმიჯი ასე აინტერესებდა, იქნებ მანამდე ემოქმედა ვიდრე არსებული მთავრობა ცირკის არენაზე ხარაკირს გაიკეთებდა და საქართველოსაც მხოლოდ სუიციდის არჩევანს დაუტოვებდა. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ კიდევ ვერ გაგიაზრებიათ თუ რა მოხდა და ეს მაძლევს იმის საბაბს რომ ვიფიქრო : ნუთუ ქართული სცენარით მოხდა ეს ყოველივე? ნუთუ ასე იოლია, რამოდენიმე წელში ადამიანი ისე შეცვალო, რომ მტერი მოყვარედ მიიჩნიოს და მიწოდებულ იარაღზე მხოლოდ საკუთარი ანაბეჭდი დატოვოს. მერამდენედ დაგვემართა და ჭკუა ვერ ვისწავლეთ, სულ სხვის დაკრულზე როგორ ვცეკვავთ? ნუთუ ჩვენში ანალიზის უნარი აღარავის დარჩა? ნუთუ არ შეიძლება პომპეზურობას თავი დავანებოთ და მხოლოდ ვიშრომოთ? ნუთუ არ შეიძლება ეკლესია სახელმწიფო საქმეებში არ ერეოდეს და მხოლოდ ერის სულიერი ცხოვრებით იყოს დაკავებული? წლების განმავლობაში სააკაშვილი ტრაბახობდა, რომ მან ღირსება დაუბრუნა ერს, ამას გულისხმობდა ალბათ. დიდი მადლობა პრეზიდენტო და პატრიარქო, ჩვენი ღირსების დაბრუნებისთვის!

ავტორი: ramaz shanize საიდან გვწერთ: saqartvelo
23.09.2012 12:10
თქვენი გაურკვევლობა ალბათ ისევ თქვენ თავში უნდა ეძებოთ, რა თქვა პატრიარქმა გაურკვეველი. პატრიარქი მართალია. მან დაგმო მომხდარი ფაქტი, მას არ სურს ქართველების დაპირისპირება. პატრიარქმა უკეთ იცის რა უნდა გააკეთოს და რა არა

ავტორი: vakeli საიდან გვწერთ: tbilisi
23.09.2012 12:09
ძალიან მაგარი სტატიაა. ჩემი სათქმელი თქვი.
მე ისეთი გზავნილების #### დამატებითი განმარტებები რომ დასჭირდება.
ფაქტი ჯიუტია: 22 სექტემბერს პატრიარქმა მაღალი გამოიყვანა კომიდან. ის განცხადება სწორედაც რომ ყველამ ისე გაიგო, როგორც ეწერა. იმიტომ იყო მიხომ რომ ზუსტად იგივე თქვა იუსტიციის სახლის გახსნაზე, ხოლო იმედი, რუსთავი, პირველი და რეალ ტივი ორი დღე შეუსვენებლად იმეორებდნენ პატრიარქის ქადაგებას. სწორედაც ყველამ ყველაფერი სწორედ გაიგეს და ......მადლობა პატრიარქს არა მარტო მიხოს გადარჩენისთვის, არამედ იმ შემდეგი დაჭერებისთვის რაც მაგ ქადაგებას მოყვა. მაქამდე მასეთი რაღაცეები შეჩერდა და ვერ ბედავდნენ.
ხვალ თუ ხელისუფლებამ სისხლი დაღვარა,ასევე მადლობა პატრიარქს. კობა, მაგარი ხარ)))

ავტორი: ლიბერალი
23.09.2012 11:33
თქვენი პატრიარქი არაა ეს ადამიანი,საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქია და ხოდა თუ დაიბენით და არ მოგწონთ მიბრძანდით,გელით ეზიდთა და ალავიტთა სხვათა შორის ძაანაც საინტერესო რელიგიები. დიდი სიამოვნებით მიგიღებენ.

ავტორი: mia საიდან გვწერთ: germania
23.09.2012 11:33
რატომ უნდა იყოს ეკლესია უშეცდომო? შეცდომას ყველა უშვებს. გააჩნია რა რეზულტატია ბოლოს. ეკლესია რომ უსუსურია ბევრი ქართული სიცოცხლის გადარჩენაში, ეს ჩვენ საუბედუროდ ბევრჯერ შევნიშნეთ. თუ სულიერი პირებიც დააშინეს და არ ათქმევინეს იმ პატიმრის მოძღვრებს სიმართლე?ეს კომუნისტების დროს იყო ასე, ახლა ხო სხვა დროა. მეცოდება დაჰიპნოტიზირებული ქართველი ერი.სულიერს პასუხისმგებლობა აკისრია, როცა მორალზე და ეთიკაზეცაა ლაპარაკი. მაშინ შველის ლოცვა, ისე არა.

ავტორი: sopo საიდან გვწერთ: moskovi
23.09.2012 11:27
ბატონო კობა, მეც, როგორც ათასობით ჩვენი თანამემამულე, შორიდან ვაკვირდები საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და ცხადია ძალიან მტკივა გული, მაწუხებს იმ უსუსურობის გრძნობა, რაცას ვგრძნობთ მეც,ალბათ თქვენც და ჩვენი თანამემამულეები... პატრაირქში მაინც ნუ შეგვეპარებათ ეჭვი, მავანს სწორედ რომ ეს უნდა...ქედს ვიხრი უწმინდესის წინაშე და მწამს რომ მიუხედავად იმ რეპრესიებისა და იმ წნეხისა, რაც პატრიარქის მიმართ ხდება, ის მაინც ქართველი ხალხის მწყემსად და მათთვის მლოცველად დარჩება, ათასობით ჩემი თანამემამულე დამეთანხმება, რომ რუსეთის და არა მარტო რუსეთის ციხეებშიც ხდება მსგავსი წამების ფაქტები, ამაზე არაერთი ვიდეომასალა, ტელე თუ ფოტო რეპორტაჟია მომზადებული, "სიკვდილის შუქურა" ასე შეარქვეს აქ ერთერთ ციხეს...პატრიარქმაც ალბათ სწორედ ეს იგულისხმა... დაუშვებელია ის, რაც საქართველოში დღეს ხდება, დაუშვებელია ის, რომ "დემოკრატიულ"ქვეყანაში მსგავსი რაღაცეები ხდება, მაგრამ ეს გუშინ და დღეს არ დაწყებულა, ამაშიც დამეთანხმეთ, მძულს და ვაძაგებ მერაბიშვილს, იმიტომ რომ მისი სკოლაა ეგ ყველაფერი, ახლა მამა აბრამის ბატკნად რომ მოაქსვ თავი, ახლაიების კლანს, მკვლელების ბანდას, რომლებსაც ეს პირსისხლიანი სამეული, მამა და ძმები ახალაიები ხელძღვანელობენ, ადეიშვილი, კოდუა და ხსვა მავანნი, სია ძალიან დიდია რა თქმა უნდა ბატონი პრეზიდენტის მეთაურობით... მაგრამ არანაკლებ სიძულვისლ ვგრძნობ იმ ადამიანების მიმართ, ვინც ეს კადრები პოლიტიკური მიზნებისათვის გამოიყენა, ამ ხალხს არც საქართველოს ტკივილი სტკივა, არც იმ პატიმართა ბედი ანაღვლებთ, და არც ზოგადად ხალხი... მათ სჭირდებათ მასა, რომ ეს ხელისუფლება ჩაანაცვლონ და დამერწმუნეთ არც ისინი იქნებიან მამულის, ენის და სარწმუნოებისთვის დღედაღამ მღაღადებელნი... დღეს საქართველოს არა ჰყავს პატრონი, ყვარყვარეები ბატონობენ საქართველოზე...ნუ დაგავიწყდებათ, რომ ამ ვიდეორგოლების გამოსვლის შემდეგ ერთ ერთმა ახალაიამ "მოინახულა"უწმინდესი... ძალიან გთხოვთ, ჩემო ქართველებო, სარწმუნოებას ოდითგანვე გადაურჩენია საქართველო "პირისაგან მიწისა აღგვას", სწორედ რომ სარწმუნოებამ გადაარჩინა და მოიყვანა დღემდე საქართველო, და ნუ ჩავახშობთ იმ ერთადერთ შუქურას, ამ ერთადერთ იმედს, დავუდგეთ პატრიარს რწმენით, რათა ლოცვით გაგვაძლიეროს და დაგვათმენინოს ის უდიდესი განსაცდელი, რომელიც ქართველებს დაგვატყდა თავს...პატივისცემით, თქვენი თანამემამულე...

ავტორი: ლალა საიდან გვწერთ: თბილისი
23.09.2012 11:22
"....კომუნისტების დროს ეკლესია იდევნებოდა,მე მაშინ პატარა ვიყავი და ვერ წარმოვიდგენდი რომ ეკლესიას დაუდგებოდა ასეთი ოქროს ხანა..." ეს არის ერთერთი სასულიერო პირის ქადაგებიდან.
"იყო დაკმაყოფილებული ნიშნავს იყო თანახმა".ეხლა კი აგიხსნით.ასეთი რა კავშირები აქვს ეკლესიას კრიმინალური რეჯიმის წარმომადგენლებთან?რატომ ბედავენ ასე ღიად და დაუფარავად მივარდნებს საპატრიარქოში?მოგეხსენებათ მსგავსი ვიზიტების შინაარსიც ცნობილი ხდება საზოგადოებისათვის.ჩემი აზრით,ადამიანი თუ სისტემა ხდება მართული მხოლოდ მაშინ როცა არის დამოკიდებული,დამოკიდებულება კი ხომ არ არის გამოწვეული რაღაც კომპრომატებით,რაც,მაგალიტად გაიჟღერა ლეჟავას ჟურნალისტურ გამოძიებაში?პირდაპირ გეტყვით ხელისუფლებას აქვს მასალა სასულიერო პირებზე რითაც ახდენს ზეგავლენას პატრიარქზე!ამის გაჟღერება კი გამოიწვევს ეკლესიის დისკრედიტაციას.პატრიარქის სიტყვები ამის დამამტკიცებელია:„მსგავსი რამ სხვა ქვეყნებშიც ხდება, მაგრამ ხელისუფლებას და ხალხს ეს სამარცხვინო მოქმედება საქვეყნოდ არ გამოაქვთ და ყველაფერს აკეთებენ, რომ ეს არ განმეორდეს.“
მე ვეთანხმები კობას დროულ გამოხმაურებას.ეკლესიის უფრო მკვეთრი პოზიცია შეამცირებდა უსამართლობას.ფარისევლობა არის ძალიან ცუდი, ბატონებო.სიმართლის თქმა არ ნიშნავს ღმერთის უარყოფას.
7 ნოემბერს ჩვენმა "ბომონდმა"პრეზიდენტთან ვიზიტის დროს ხელი მოაწერა ამ "სიკვდილის მანქანის" შექმნას,ეხლა ვინც ასეთი შემზარავი კადრების შემდეგ კიდევ მხარს ულამაზებს სააკაშვილს ხელს აწერს მერაბიშვილის მიერ შემთხვევით წამოცდენილ,მაგრამ რეალურ გეგმას რომელიც ითვალისწინებს კლასის გაქრობას ვინც მათ ეწინააღმდეგება.მადლობა ღმერთს!ბოლო დღეების მოვლენები მაძლებს უფლებას ვიყო განწყობილი უფრო ოპტიმისტურად.

ავტორი: თამარი
23.09.2012 11:15
ავტორი: თამუნა საიდან გვწერთ: "ქართული ოცნება"

ქართული უნდა ისწავლო ქართულად რომ იოცნებო...რად უნდა თარჯიმანი პატრიარქის ნათქვამს?რა არის მანდ გაუგებარი?გამოდიხარ და თარგმნი ღმერთის არ გეშინია?

ავტორი: Jarji საიდან გვწერთ: Gvardia
23.09.2012 09:34
კაი მთმელს კაი გამგონე უნდა. ჩემთვის კობას ბლოგი უფრო გასაგებია, ვიდრე პატრიარქის და სინოდის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები. ვერ გავიგე, როდის არის პარრიარქი მართალი, როცა გმობდა ქართველია მიერ ქართველის მოკვლას მაშინ, თუ როცა ხმას არ იღებდა, როცა თბილისის ომში ქართველები ქართველებს ხოცავდნენ? როდის უნდა დავუჯეროთ მას, როცა ლოცულობს აფხაზებისა და ოსებისათვისა, თუ როცა ჩუმადაა სააკაშვილმა მძინარე ცხინვალს ბომბები დააყარა? და რომელი მისი პოზიცია იყო გულწრფელი, როდესაც ბაგრატის ტაძრის რეკონსტრუქცი აღდგომას შეადარა, თუ მაშინ, როცა მის რექონსტრუქციის შეწყვეტას მოითხოვდა? არადაბნეულებო და ღრმადმორწმუნენო ამაზე რას იტყვით?

ავტორი: ემიგრანტი საიდან გვწერთ: ესპანეთი
23.09.2012 05:48
"ყოველივე, რაც გამომჟღავნდება, ნათელია!" (ეფესელთა 5-14)

ავტორი: nia საიდან გვწერთ: tbilisi
23.09.2012 04:20
კობა, თქვენ თვითონ აღიარეთ, რომ ნანობთ 1989 წლის 9 აპრილს, რომ არ დაუჯერეთ პატრიარქს და ეხლაც იგივე შეცდომას უშვებთ, რომელსაც ალბათ 20 წლის შემდეგ აღიარებთ. გონიერი ადამიანი სხვის შეცდომებზე სწავლობს, უგნურნი თავის შეცდომებზეო და თქვენ ვერც საკუთარ შეცდომებზე სწავლობთ, როგორც ჩანს.

ავტორი: თამუნა საიდან გვწერთ: "ქართული ოცნება"
23.09.2012 01:38
მივესალმები სტატიის ავტორს და ვეტყვი რომ შეშფოთების საფუძველი არ არსებობს, რადგან დღესვე საპატრიარქომ განმარტება გააკეთა აღნიშნული ქადაგების, სადაც ნათქვამია რომ პატრიარქის ქადაგების ზემო აღნიშნული ნაწილი საზოგადოების უმეტესობამ სწორად ვერ გაიგო.პატრიარქი არ გულისხმობდა აქციების შეწყვეტას,უბრალოდ მან სტუდენტებს მოუწოდა რომ მშვიდად მიიყვანონ საქმე ბოლომდე ასევე არ გულისხმობდა აღნიშნულ ფრაზაში რომ თითქოს ეს ყველა ქვეყანაში ხდება და ნორმალურია.პირიქიტ გულისტკივილი გამოხატა.იხილეთ საპატრიარქოს საგანგებო განმარტება ამ ქადაგებისა პატივისცემით თამარ გუნია "ქართული ოცნება"

ავტორი: მართალი საიდან გვწერთ: თბილისი
23.09.2012 01:34
გასაკვირია...თან დასანანი...როცა პატრიარქის ნათქვამი/გამოთქმული აზრი არ მოეწონათ იმწუთში ზურგი აქციეს დაივიწყეს ადრე ნათქვამი საქებარი სიტყვები, როგორ იფიცებდნენ გვიყვარსო პატრიარქი...ეჰჰჰ

მეორე რა არ იცოდა ხალხმა რა ხდებოდა ციხეებში მოყოლებული კომუნისტებიდან, ცალკე "ძაღლები" აფუჭებდნენ ცალკე კი "შავები", ვინმემ ხმა ამოიღეთ როდისმე ! ამდენი რომ გამოსულიყო თავის დროზე...

ყველაზე ამაზზენი კი ის არის "ივანოვი" რომ იყენებს ამას...
გეგონება ციდან მოწყვეტილი ვარსკვლავია,გინდა ახალი ოპოზიციური"მხსნელი"...
თუ ვინმეს ჯერა რომ მის ლუზერ თანაპარტიელებს-ბევრი ედიკას დროინდელს გული შეტკივა მაგ ხალხზე სასტიკად ცდება...რა მაგათ დროს არ ხდებოდა ეგ ამბავი ჰა...
პატიმარს და საერთოდ ქვეყანას მაშინ ეშველება როცა ხალხი გახდება ღირსეული...ფარისევლობა მეფობს დღეს ქვეყანაში...დახარბდა ხალხი ივანოვის ფულს...ჩაიხადეს კიკუებმა...პრინციპში რა გასაკვირია-პირველად როცა ზვიადი გაწირეს, მეორედ პატარკაციშვილს დროს ეხლა ივანოვს მიუშვირეს უკანალი...(მძიმე და სამწუხარო რეალობაა) !

ვინც ეროვნულს ებრძოდა 1988 წლიდან მოყოლებული რავა ყველა /პუტინის ოცნებას/ მიეკედლა !

ავტორი: Atheisti საიდან გვწერთ: Misaqcieli
23.09.2012 01:28
ილია მეორის მიმართვა ეკლექტური და ამბივალენტური რომ იყო, იმიტომ მოუწია საპატრიარქოს შაბათს დაზუსტების შეტანა. თან ვინც ამბობს, რომ ეკლესიას არ აქვს კავშირი პოლიტიკურ ხელისუფლებასთან, იმას არც ეკლესიაზე აქვს ქარმოდგენდა და არც პოლიტიკაზე

ავტორი: გიორგი
23.09.2012 01:08
აი ილია: http://www.youtube.com/watch?v=OTgyjjHEkjk

ავტორი: ანონიმი
23.09.2012 00:09
შორენასთვის უნდა მიგეწერათ ის ''გაგიიასნებდათ'' .... ''

ავტორი: ანონიმი
22.09.2012 23:21
უმწეობის გრძნობა დამეუფლა

ეტყობა დიდი ხანია ეს დაგეუფლად და წაკიტხულს და მოსმენილს ვერ იგებთ. ეს ნამდვილი უმწეობაა.

ავტორი: RICO საიდან გვწერთ: Tbilisi
22.09.2012 23:15
ამ საიტზე გოგი გვახარიას და მისი ათეისტი დაძმების არაერთი ბლოგი წამიკითხავს მუდამ მათი მოწინაარღმდეგე ვიყავი რადგან ისინი თავად ქრისტიანობის წინააღმდეგ ილაშქრებენ და ამისთვის სიძულვილის ენას არ იშურებენ

რაც შეეხება ბატონ კობას, ყოჩაღ თქვენს ვაჟკაცობას, ერის სათქმელი უთხარით პატრიარქს, იმედია გადამწყვეტ მომენტში, (კიდევ დარჩა რამდენიმე დღე და არავინ იცის რა მოხდება) ის და ეკლესია ხალხის გვერდზე დადგება!! მართლა მაქვს ამის იმედი

ავტორი: nini საიდან გვწერთ: saxlidan
22.09.2012 23:08
ბატონო რამაზ გამეზარდაშვილი, პედოფილიას თუ დასავლეთში არ აჩვენებენ საჯაროდ, ძალიან ცუდი, რადგან შედეგებს ვერ მიაღწიეს, მიუხედავად იმისა, რომ ამ პრობლემაზე უამრავი რამ იწერება და ბევრი ფილმიც კეთდება (საკმარისია გავიხსენოთ "ცუდი აღზრდა"). როგორც ჩანს დრო მოვიდა გაშმაგების, რადგან ბოროტი ძალიან მძლავრობს და ერთეული მოაზროვნე ადამიანები ვეღარ უმკლავდებიან. ფსიქიკას რაც შეეხება, ის დიდი ხანია დაგვიზიანდა კოლექტიურად და რადგან ხმას დიდად არავინ იღებდა, შოკურიც ამიტომ დაგვჭირდა. რას იზამ, სანამ ცხვირწინ არ აუფრიალებენ, ეტყობა ვერ ხედავენ.
ისე მგონია, ეს მასშტაბური ამბავი დასავლეთში რომ მომხდარიყო, უარესი მოხდებოდა.
კომენტარები: გვერდი გვერდების რაოდენობა 4

ბლოგერები

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული