Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ევროვიზია“ ნაგავია, მაგრამ საჭირო ნაგავია


„ევროვიზიას“ მუსიკასთან იმდენივე აქვს საერთო, რამდენიც სპორტთან აქვს იმ უცნაურ სანახაობას, „ევროსპორტზე“ რომ გადის. აი, ლამბერები მორებს სწრაფად რომ ხერხავენ.

The Best of Ace of Base უკეთესი ალბომია, ვიდრე The Best of Eurovision. ალბათ. არც ერთი მომისმენია, არც მეორე. მაგრამ, თუ მომისაჯეს ამ ორიდან რომელიმეს არჩევა, არც დავფიქრდები. ეპი ნეიშან, ვილივინინა ეპი ნეიშაან. აუ, ბოდიში. ძალიან ვწუხვარ, რომ ეს სიმღერა აგეკიდა. (ჰაჰა. სინამდვილეში სულ არ ვწუხვარ. ღირსი ხარ. იცი შენ, რატომაც.)

წარმოდგენა არა მაქვს, როგორ შეიძლება ვინმე „ღირსეულად წარდგეს“ „ევროვიზიაზე“. ასევე არ მესმის, როგორ არჩევენ იქ, რომელი უკეთესი სიმღერაა და რომელი - უარესი. დიდწილად ყველა ერთი ნაგავი არაა?

არა, მართლა. „ევროვიზია“ რომ მთავრდება, მაგ სიმღერებს ვინმე უსმენს? შეგიძლია, მაგალითად რუსლანას ის სიმღერა წაიღიღინო, რითაც გაიმარჯვა? იცი, ვინ არის ემილი დე ფორესტი? მეც არ ვიცოდი. Eurovision winner 2013 დავგუგლე და ამომიგდო. არც შარშანდელი კონჩიტა ემახსოვრებოდა ვინმეს, დასამახსოვრებელი გარეგნობა რომ არ ჰქონდეს.

(რადგან კონჩიტა ვახსენეთ, კი არ არის აქ მაგის ადგილი, მაგრამ რავი, ტექსტში ადგილი მაქვს, რადგან პირველი ნაწილი, სადაც „ევროვიზიის“ მუსიკალურ მხარეზე ჩემი აზრი მინდოდა მეთქვა, უკვე დავწერე, მაგაზე სათქმელი აღარაფერი მაქვს და ბოლოშიც სულ ორი აბზაცი მაქვს მისაწერი, ასე რომ, თან ტექსტი ცოტა უნდა მოვასუქო, რომ ფეისბუკის სტატუსზე უფრო გრძელი გამოვიდეს და თან დიდი ხანია, მაინტერესებს ეგ და კი, შეიძლება რაღაცა არ მესმის, მაგრამ, მაინც. ანუ, ეგრეა ეხლა, რომ ყველა უკვე შევთანხმდით, რომ ადამიანის აბრევიატურით მოხსენიება კარგი პონტია? მესმის, რომ მოძრაობასთან დაკავშირებით ტერმინი „ლგბტ“ შეიძლება გამართლებული იყოს, მაგამ ადამიანთან არ ტეხავს? ანუ, რიტორიკულ შეკითხვას კი არა ვსვამ, მართლა მაინტერესებს. „ლგბტ პიროვნება“ ან „ლგბტ თემის წარმომადგენელი“ ჯობია „გეის“? ან ერთი ადამიანი როგორ იქნება თან ლ, თან გ, თან ბ და თან ტ? ალბათ, ტექნიკურად შესაძლებელია, მაგრამ არაა მარტივი. თან, რავი, ყველა ერთი თემის წევრია? უფრო ადვილი არაა, აბრევიატურა გძულდეს, ვიდრე ადამიანი? თუმცა, ეგეცაა, რომ ზოგი მიუშვი და ყველაფერს შეიძულებს. მივუბრუნდეთ ისევ საქმეს.)

ნინა სუბლატი ვენაში გამართული პრესკონფერენციის წინ (12 მაისი, 2015)
ნინა სუბლატი ვენაში გამართული პრესკონფერენციის წინ (12 მაისი, 2015)

ჰოდა, სულ ვფიქრობდი, რა ჭირად გვინდა „ევროვიზია“-მეთქი. იქნებ, არ ღირდეს მაგ ცირკში ფულის ყრა? მერე, ამ ერთი კვირის წინ დამარტყა თავში. დარწმუნებული ვარ, შენ ამაზე დიდი ხნით ადრე გიფიქრია და „ვა, საღოლ, ნიკო, ეს რა მაგარი რამე მოგიფიქრებიაო“ - დამცინავად მეტყვი. ამაზე მხოლოდ ერთი პასუხი მაქვს - ეპი ნეიშან, ვილივინინა ეპი ნეიშაან, ო ზი პიპლ ანდერსტენდ, პარარარა პარარა. სითუეიშეენ, პარარარა რაღაცაეიშეენ... ეგეც შენ, დამპალო. იმის ღირსიც კი არ ხარ, რომ ტექსტი მოვძებნო და ისე დაგიწერო. იარე ეხლა ამსიმღერააკიდებულმა.

ჰოდა, იმისდა მიუხედავად, როგორი მდარეა „ევროვიზია“, საქართველოსთვის ამ კონკურსში მონაწილეობა ძალიან საჭირო რამაა. მარტო იმიტომ, რომ, 122 მილიონზე მეტი ადამიანი უყურებს. ძირითადად, ევროპაში. რატომ უყურებენ, არა აქვს მნიშნელობა. მთავარია, რომ უყურებენ. ამიტომ საჭიროა რომ გერმანელ ბიურგერს, რუს ობივატელს, ჰოლანდიელ ამ სიტყვების ჰოლანდიური სინონიმი რაცაა იმას, ავსტრიელს, ნორვეგიელს, პოლონელს, ყველას, კიდევ ერთხელ მოეჩხიროს თვალში Georgia. მით უმეტეს კონკურსში, რომლის სათაურშიც Euro ურევია. თუ წარმატებულად გამოვედით, ხომ ძალიან კარგი, მაგრამ, თუ არ გამოვედით, მაგასაც არა უშავს. მთავარია, სასტავში ვიყოთ გარეულები. დიდ შედეგს, ცხადია, ეგ არ გამოიღებს, მაგრამ ევროპასთან ინტეგრაციის საქმეში ჩვენთვის ხომ ყველა მისხალი მნიშვნელოვანია!

ისე კი, მაგას რომ თავი დავანებოთ, ცხადია, „ევროვიზიაზე“ ნინა სუბლატისკენ ვარ. არ ვიცი, იქ ვინმეს ჯობია თუ არა, იმიტომ რომ არ მიყურებია და რომც მენახა, მაინც ვერ გავარჩევდი. მაგრამ მთელი გულით ვგულშემატკივრობ. თუ გაიმარჯვებს, ისევე გამეხარდება, როგორც ოლიმპიური ოქრო მიხარია ხოლმე. როგორც წესი, სულ არ ვიცი, თუ რა ხდება შეჯიბრში 66 კილოგრამამდე წონითი კატეგორიის ძიუდოისტებს შორის. ერთადერთი ასეთი ორთაბრძოლა მაქვს ნანახი, სამი წლის წინ. წარმოდგენა არ მქონდა, რა ხდებოდა ეკრანზე. მაგრამ მერე რა? შავდათუაშვილის სადღეგრძელო არ დამილევია, რო? მოიგოს და სუბლატისასაც დავლევ.

  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG