კვირა, 05 თებერვალი, 2012 თბილისის დრო 13:52

ბლოგები / ნიკო ნერგაძე

მზაკვრული ქირქილი ბროწეულებზე

x
ტექსტის ზომა - +
ავტორი ნიკო ნერგაძე
ყველანაირი წესით დღევანდელი ბლოგი „თბილისი ოუფენ ეარ“ ფესტივალზე უნდა დამეწერა. წინა ჯერზე ვიკითხე და უმეტესობამ ეგ აარჩია. დავიწყე წერა. სათაურიც მოვუფიქრე: „ოუფენ ეარ კარგი იყო, ალტერვიზიისა რა მოგახსენოთ“. დიდი ვერაფერი შვილი სათაურია, მაგრამ რაც უნდა დამეწერა, იმის აზრს გადმოსცემს.

შუა წერაში ვიყავი, მაგრამ ხან რა ხდებოდა ქვეყანაში და ხან კიდევ რა... ვერ დავუდე გული ერთი თვის წინანდელ ამბავს. წავიკითხე რაც დავწერე და მოვკვდი მთქნარებით. ამიტომ მოკლედ გეტყვით და გადავალ მერე სხვა თემაზე. ფესტივალზე მეც და ვისაც ვიცნობ ყველანი ძალიან გავერთეთ. ატმოსფერო იყო მშვენიერი, განსაკუთრებით ბოლო ორ დღეს, იპოდრომზე. პირველ დღეს, შარდენზე, კი - ისე რა. მუსიკალური თვალსაზრისით ფესტივალს, ზოგადად, არა უშავდა. ძალიან კარგიც ცოტა იყო და ძალიან ცუდიც - ჯგუფების უმეტესობა „კარგსა“ და „საშუალოს“ შორის მერყეობდა. გადმოგცემთ ჩემი რამდენიმე მეგობრის შთაბეჭდილებას - თავი „ნამდვილ“ ფესტივალზე მეგონა, ევროპაში რომ არის ხოლმე, ისეთზეო. ჰოდა, ეგრე. მომავალ წელს ცოტა უკეთესს თუ გაკეთებენ (სამივე დღეს იპოდრომზე ჩაატარებენ, რამდენიმე ცნობილ ჯგუფს ჩამოიყვანენ, უკეთესი ჟღერადობა იქნება...) უკვე ძალიან კარგი იქნება.

ახლა, „ალტერვიზიას“ რაც შეეხება. გაუთვითცნობიერებლებისთვის - „თბილისის ღია ცის ქვეშ“ და „ალტერვიზია“ ერთი და იმავე ღონისძიების ორი სახელია. „ალტერვიზია“ იმიტომ, რომ პარალელურად ევროვიზიის კონკურსი მიდიოდა და მაგის ერთგვარი ალტერნატივააო. რომ, აი, ჩვენ თავისუფალი მუსიკალური სულის ღონისძიება მოვაწყვეთ, იქ, მოსკოვში კი უსულო, პოლიტიზებული დადგესო. ევროვიზია კი არის ზუსტად ეგეთი, ყოველთვისაც იყო, მაგრამ ვერ გავიგე, რანაირად გამოვიდა ეს ჩვენი ფესტივალი მაგის ალტერნატივა. ვინმეს არჩევანი ჰქონდა ამ ორს შორის? ქართულ არხებს ევროვიზია მაინც არ უჩვენებიათ და ევროპელს, ვისაც კონკურსის ნახვა უნდოდა, „თბილისის ღია ცის ქვეშ“ ვერაფერს გადააფიქრებინებდა. თავად ფესტივალის ორგანიზატორები ამბობდნენ, ეს „ალტერვიზია“ ერთგვარი მარკეტინგული ხრიკია უცხოური მედიის ყურადღების მისაქცევადო. ეს კი აღარ უთქვამთ, მაგრამ ეჭვი მაქვს, ევროპულ მედიასთან ერთად საქართველოს კულტურის სამინისტროც იყო ამ მარკეტინგის სამიზნე - ფულის დიდი ნაწილი სამინისტრომ გადაიხადა. ძალიანაც კარგი ქნა - სხვა დროს მეტი დახარჯონ და „გოგოლ ბორდელო“ ჩამოიყვანონ. არ უნდა მაგას, როგორც ჩემი კოლეგები იტყოდნენ, იდეოლოგიური საფანელი.

ახლა, სათაურს რაც შეეხება. ამ ბლოგის შუა ვერწერაში ვიყავი, როდესაც „კურიერს“ ვუყურე. პირველი, რაც თვალში მომხვდა, იყო ინფორმაციის საოცარი ნაკლებობა მტკვარში გადამხტარი ადამიანების შესახებ. ვისაც ბოლო დროს „კურიერისთვის“ ან „ქრონიკისთვის“ შეუხედავს, იცის, რომ ამის გარეშე გადაცემა ვერ ჩაივლის. ხომ არსებობს თემები: პოლიტიკა, ეკონომიკა, კულტურა და ფელგენჰაუერის წინასწარმეტყველებები. ასეთივე თემაა მათთვის მტკვარში გადამხტარნი.

(„ხმაურია პოლიციის სამმართველოსთან“ - შევარდა ჟურნალისტების ოთახში „ქრონიკის“ პროდიუსერი. „რომელი წახვალთ? აქვეა, მანქანით ერთი წუთიც არ უნდა“.

„ორნი კი ვართ, მაგრამ ვერ წავალთ“ - წყნარად უპასუხა ჟურნალისტმა.

„კი, მაგრამ რატომ“?

„მტკვარში რომ ჩახტეს ვინმე“?)

„ქრონიკას“ შევეშვათ და ისევ „კურიერს“ მოვუბრუნდეთ. 15 ივნისის ცხრასაათიან გამოშვებაზეა ლაპარაკი. ანუ, სინამდვილეში ცხრასაათიანი კი არა ერთსაათიანია, უბრალოდ ცხრაზე გადის. ჰა! ჰა!

ჰოდა, გაგიკეთეთ ჩარტი იმის საჩვენებლად, თუ რა დრო დაუთმო „კურიერმა“ რამდენიმე თემას. ამ მარტივი, მახინჯი ცხრილის გაკეთებას მოვანდომე საათნახევარზე მეტი. რატომ? იმიტომ, რომ მე ვარ დებილი. ჯერ Excel-ში ვეწვალე, მერე აღმოვაჩინე, რომ იქიდან ჩარტის ექსპორტი jpeg ფაილად შეუძლებელია, ამის აღმოჩენას მოვანდომე ნახევარი საათი და შემდეგ... თუმცა, თქვენ რა შუაში ხართ. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო იმდენი ვეწვალე რომ მივეჩვიე და სახელიც დავარქვი. გაიცანით - ბუსუნა!


(1. არეულობები ირანში 2. ამინდის პროგნოზი 3. დარბევა სამმართველოსთან 4. ბროწეულის ტელეფონი 5. პრეზიდენტის გამოსვლა)






აქვე უნდა ვთქვა, რომ ეს ზუსტი ცხრილი არ არის. ანუ, სიუჟეტის სიგრძე არ გამიზომავს. სუბიექტურად რამდენი დროც გავიდა, ისე ჩავსვი. მაშ, რა საჭირო იყო Excel-ში წვალება? რატომ პირდაპირ არ დავხატე? იმიტომ, რომ მე ვარ დებილი. მაგრამ, არა! არ ვნანობ. მარტივად რომ გამეკეთებინა, ბუსუნაც ხომ არ მეყოლებოდა.

თქვენს ყურადღებას გავამახვილებ მეოთხე ხაზზე - სიუჟეტზე ბროწეულის ტელეფონის შესახებ.

http://www.youtube.com/watch?v=fj_apXG51fs

ვისაც ნახვა დაგეზარათ - სიუჟეტს თუ დავუჯერებთ, კანადაში შექმნეს ტელეფონი, რომელსაც Pomegranate, ანუ ქართულად „ბროწეული“ ჰქვია და რომელიც ბევრ საოცარ ფუნქციას ითავსებს - პარსავს, ყავას ადუღებს, თარგმნის 50 ენაზე და ვინ იცის, კიდევ რას არ აკეთებს.

ასეთ ხელსაწყოს კი უნდა მიუძღვნას საინფორმაცია გამოშვებამ ოთხწუთნახევარი, არა? კი, ირანშიც ხდებოდა რაღაცეები, მაგრამ მაგას 30 წამიც ეყოფა. ეს კიდევ თან ტელეფონია, თან ყავის მადუღარა, თან ტუჩის გარმონი... დაუჯერებელია!

დაუჯერებელი კი არა არდასაჯერებელია. ეს ტელეფონი არ არსებობს. გამოგონილია. არც სატესტო ეგზემპლარი არსებობს. არც არასოდეს უარსებია. კანადის რეგიონის, ნოვა სკოტიას სარეკლამო ტრიუკია - დახატეს ასეთი ტელეფონი და საიტი გაუკეთეს.

თუმცა, ეს ტყუილი კარგადაა შენიღბული და სიმართლის დადგენა, ანუ რომ ტელეფონი არ არსებობს და იქნებ არ ღირდეს ოთხწუთნახევარი მაგაზე ლაპარაკი, რთულია. ეგრე არაა?

თუ ვინმე ტელეფონით დაინტერესდა და საიტზე მეტის გაგება მოისურვა, ეწერება: ტელეფონი, რომელიც ყველაფერს აკეთებს არ არსებობს, მაგრამ აი, მხარეა კანადაში, ნოვა სკოტია, სადაც მართლა არის ყველაფერიო. სულ ერთი დაწკაპუნება უნდა.

ეგეც რომ არ იყოს, „გუგლში“ ძიებისას მეორე შედეგი „ვიკიპედიის“ ბმულია, რომელიც ასევე წერს ნოვა სკოტიას სარეკლამო კამპანიაზე.

მართალია, ვინც სიუჟეტი ნახეთ, შენიშნავდით, რომ შესავალში წამყვანმა კანადის რეგიონის სარეკლამო კამპანიაზე ილაპარაკა, ერთგვარად თქვა კიდევაც სიმართლე, მაგრამ მოდი, თავიდან შეხედეთ. მაგ ნათქვამიდან ვერავინ დაასკვნიდა, რომ ტელეფონი არ არსებობს. კი ამბობს დიანა ჯოჯუა: „თუმცა ეს მხოლოდ სარეკლამო ტრიუკია, რომელმაც გაამართლაო“, მაგრამ მაგას წინ უძღვის: „ეს უჩვეულო მოწყობილობა (...) დაკვეთით შეიქმნა“ და მერე, სიუჟეტშიც ვისმენთ: „ტელეფონი ჯერ გაყიდვაში არ არის. არსებობს მხოლოდ რამდენიმე სატესტო ვერსია“.

რა საჭირო იყო ამ, ერთი შეხედვით, უწყინარ შეცდომაზე ამდენის წერა? აი რატომ: ჯერ ერთი ამ ინფორმაციის შემოწმებას წინ არაფერი ედგა. მეორე - ახალი ამბავი ამას ძალიან ნაკლებად შეიძლება დაერქვას, იმიტომ, რომ ბროწეულის ტელეფონის საიტი გააკეთეს არა გუშინ, არა ორი კვირის წინ, არა ორი თვის წინ, არამედ შარშან! მესამე - 15 ივნისის საინფორმაციო გამოშვებაში, წესით, ამის დრო არ უნდა დარჩენოდათ. მარტო მე არ ვფიქრობ ასე. ბუსუნაც იმავე აზრზეა!

PS. ახლა ვნახე, როკოსაც დაუწერია ამაზე. ვიდეოც უკეთესი ხარისხით აუტვირთავს. დაუფასეთ.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: გიორგი საიდან გვწერთ: Idaho
01.07.2009 00:35
ნიკო, სადაა ახალი ბლოგი?

ავტორი: სოლომონ საიდან გვწერთ: თერნალი
28.06.2009 10:23
საერთოდ, მადლობა მინდა ვუთხრა "რუსთავი2"-ს ამ რეპორტაჟისათვის. დიდი მადლობა.
ჯერ ერთი, მართალია ესეც მორიგი დაბოლება იყო, მაგრამ ლამაზი, იმედიანი და ოპტიმიზმით აღსავსე დაბოლება, რომელმაც თინეიჯერების ტვინებში ბევრი ოცნებები აღძრა, ყავისმოყვარულები კი უბრალოდ "დაშოკა".
მეორეც, სასიამოვნოა იმის გააზრება, რომ აუდიტორიის დაბოლებით მარტო ქართული ნაცტელევიზიები არ არის დაკავებული.
და მესამეც, ამ 4 წუთში მაინც ხომ ავიცილეთ თავიდან იმის მოსმენა, როგორ მუხლჩაუხრელად იბრძვის მიხეილ სააკაშვილი ინვესტიციების მოსაზიდად, პარლამენტი - ჩვენი ფანტასტიური კანონმდებლობის კიდევ უფრო დასახვეწად (და განსაკუთრებით, მტრული ელემენტების ჯიბეებში ზედმეტი თეთრების მოხვედრის აღსაკვეთად), ხოლო ოპოზიცია იმ თავის "3დ" პროგრამაზე, რომლითაც რუსეთთან ერთად ჩაფიქრებული აქვთ ჩვენი მსოფლიოში ყველაზე რეფორმატორი და წინგაჭრილი ქვეყნის დაქცევა, დაწვა, დამონება.
ყველაფერ ამისათვის - მადლობა, როგორც ბ-ნი გიორგი ლაფერაშვილი იტყოდა, იმ უნიჭიერეს და უმამაცეს ადამიანებს, რომლებიც "რუსთავი2"-ზე იღწვიან ქართველი ხალხისთვის ბედნიერების განცდის ტვინებში ჩასაჭედად.
და თუ მათ წარმმართველ ძალას გავიხსენებთ - პირველ რიგში - "მადლობა [მშობლიურ] ნაცისტურ პარტიას!".

ავტორი: უშანგი საიდან გვწერთ: უშგული
25.06.2009 16:46
Профессионализм нашей милиции растет на глазах у изумленной публики!!!
ნაწილობრივ ვეთანხმები zurriuss-ს ვაი მაგათ პატრონს (რუსთავი 2-ს ვგულისხმობ)!!!

ავტორი: Tika საიდან გვწერთ: ......
25.06.2009 16:24
არარსებული კაცი ხარ!!! მაგრა ვიღადავე.

ავტორი: akaki საიდან გვწერთ: romi
25.06.2009 16:23
მეორე არხი თუ მართლაც ჩამოყალიბდა ისე როგორც ლაპარაკობენ და პროექტშია განსაზღვრული. დარწმუნებული ვარ საქართველოში ყველაზე რეიტინგული ტელევიზია გახდება. დღეს ხო პოლიტიკაა რეიტინგული, შესაბამისად მეორე არხიც მაგრად გაიქაჩება.

ავტორი: Miranda საიდან გვწერთ: Tbilisi
25.06.2009 11:35
ბუსუნა ახალბედაა და ვაპატიებ, მაგრამ შენი გამკვირვებია ნიკო, რამ გაგაკვირვა, რაა ასე იშვიათად უყურებ 9 საათიან "კურიეერს"? შენ გადამოწმებულ ინფორმაციას თუ აღმომიჩენ მანდ ეგ ნამდვილად მიღწევა იქნება... :))))))

ავტორი: nana საიდან გვწერთ: soxumi
24.06.2009 13:45
ტელევიზია როცა ცდილობს ჩვენს გაბრიყვებას, ჩვენც უნდა გავუწიოთ წინააღმდეგობა. მოვითხოვოთ აღწერონ საჭირო და აუცილებელი ინფორმაცია.

ავტორი: marta საიდან გვწერთ: saqartvelo
24.06.2009 12:08
მოდით ასე ვთქვათ - ტრიუკი ბროწეულზე, ტრიუკი - საზოგადოებაზე. რა გინდა ამართლებს. ხალხს იმ და მეორე დღეს ბროწეულა ტელეფონზე მეტი სალაპარაკო არ ქონდათ. მას კი ვისაც ხელი მიუწვდებოდა ინტერნეტზე საინფორმაციოს ტრიუკს კი მიხვდა, მაგრამ დანარჩენი საზოგადოება?
აქამდეც მინდოდა მეთქვა, რომ "ახლანდელ ჟურნალისტიკაში'', თუ არსებობს კი, ახალი ჟანრი უნდა დამკვიდრდეს - "წყალწაღებულნი", სადაც გაშუქდება მტკვარში გადამხტარ ადამიანთა ცხოვრება. მართალია სიუჟეტში თხრობა ოჯახურ დრამის პრობლემას არ გაცდება, მაგრამ ამას ხალხი უყურებს და... მერე სარეკლამო რგოლი, რომლის შემდეგ ისევ ახალი ტრიუკი და აი ბატონო აშენდა ქვეყანა! დაფშვნილი ბროწეულის კაკლებივით ბროწეულა ქვეყანაში ცხოვრება მიდისსსსსსსსსს.

ავტორი: akaki საიდან გვწერთ: romi
22.06.2009 04:49
ეხლა ვნახე ეგ ბროწეულის სიუჟეტი. ის ნოვა სკოტია ხო გვაგოიმებს, და ეს "რუსთავი 2" რაღას გვერჩის? არ ჰყოფნით რასაც აბოლებენ ხალხს? მაუსი ტრაქტორი უნდა გეგონოს მაგ ტელეფონის ეგეთი ფუნქციებით არსებობა რომ დაიჯერო. რა აბსურდია.

ავტორი: zurriuss საიდან გვწერთ: www.zurrius.wordpress.com
21.06.2009 23:46
ვაი ჩვენს პატრონს!... ესაა ჩემი კომენტარი.

ავტორი: Tazo საიდან გვწერთ: freelandia.wordpress.com
21.06.2009 21:53
სალომე:
ჯონდი შუაში კი არა - თავშია!
რა თქმა უნდა, "ჯონდიში" არ ვგულისხმობ კონკრეტულ პიროვნებას, ღმერთმა დამიფაროს! ჩემთვის სიტყვა "ჯონდი" გოიმების საერთო განსაზღვრებაა. ალბათ, გემახსოვრებათ "პლეიბოის" გამოსვლასთან დაკავშირებით გამართული სკანდალური ტოქ-შოუები, ეს სიტყვაც იქიდან დამამახსოვრდა.

ავტორი: kavkasiologi
21.06.2009 15:59
aqbi/ს.
Yes!
თაზოს,
შარი და დისბალანსია და აღარ გამოსდის ეს ხალხს... დისტანცია, იუმორი... ერთი ისედაც არ გვქონდა, მეორეს თავი აღარ გვაქვს.

ავტორი: სალომე
21.06.2009 15:45
თაზო-ს: საქართველოში რისი დეფიციტიც არ არის ეს პრობლემების სარკაზმით/იუმორით აღქმაა. რაც შეეხება ფლეიბოი-ს ჩავარდნას, რა შუაშია ჯონდი?! ვერ გაამართლა იმიტომ რომ ღირდა საკმაოდ ძვირი, მაშინ როდესაც .ge - ინტერნეტ სივრცე სავსეა უფასო ეროტიკა/პორნოგრაფია/გარყვნილება/ცნობილი ქართველების შიშველი ფოტოებით. ...და საერთოდ ის მარაზმი სკანდალი და დისკუსიაც თვითონ რუსთავი2-ის გამოწვეული იყო, რომელიც ხარისხიანი არც არასდროს ყოფილა და ყოველთვის სკანდალური დასავლური ტელევიზიების პროვინციული ასლი იყო დუტა სხირტლაძეებით, ნანიკოებით, აღელვებულ/სკანდალური ტონით და გრამატიკული შეცდომებით.

ავტორი: თაზო საიდან გვწერთ: freelandia.wordpress.com
21.06.2009 12:58
რა სჭირს ამ ხალხს ვერ ვხვდები. ცოტა იუმორით შეხედეთ ამ ქვეყანას, ცხოვრება გაცილებით მშვენიერია (სადო მაზო მაუწყებლის ვერსიისგან განსხვავებით), ვიდრე თქვენ აღიქვამთ. რა შუაშია პლეიბოის ჩავარდნა, კურიერზე ფიქრში ჩაძინება, მაესტროს შედარება რ2-თან და მსგავსი ნიშნისმოგებითი საუბარი. შეხედეთ იუმორს იუმორით.
ირონია და სარკაზმი აშკარად აკლია დღეს ქართულ მედიას. მადლობა ღმერთს, ეს უკანასკნელი, ბლოგებზე მეტ-ნაკლებად გამოჩნდა ბოლო დროს. ჰო და, გაფიცებთ ჯონდის, ამასაც ნუ დაგვიკარგავთ.
და ბოლოს, პლეიბოიმ საქართველოში იმიტომ ვერ გაამართლა, რომ ჩვენთან ძალიან ბევრი, ძალიან ბევრი ჯონდი ცხოვრობს.

ავტორი: aqbi საიდან გვწერთ: tbilisi
21.06.2009 12:29
მაგარ შარში ვართ, თან არა მარტო გამარჯვებულები, დამარცხებულები, ჩარეცხილები და ამის ან იმისტები, არამედ ყველა, საქართველოს თითოეული მოქალაქე განურჩევლად ეროვნების, სქესის, აღმსარებლობის და ა.შ. კუთვნილებისა. არ ვიცი რამდენად სწორია ჩემი მოსაზრება, უბრალოდ შეგრძნება მაქვს, ასეთი სადაც არ უნდა ვიყო და რასაც არ უნდა ვაკეთებდე ამ "შარს" ვხედავ.

ავტორი: ano საიდან გვწერთ: tbilisi
19.06.2009 15:30
არ მესმის რატო სთხოვთ რუსთავი2 ს ამდენს. იმ ყველაფრის მერე რასაც ის საერთოდ აჩვენებს და უშვებს გიკვირთ ბროწეულის სიუჟეტის ხანგრძლივობა? მადლობა გვაქ ალბათ სათქმელი ეგ სიუჟეტი სადმე შუაში რომ არ იქნა გაშვებული. თუმცა ყველაფრის შემდეგ მე მაინც ვცდილობ რუსთავი ორელებს რამე გამართლება მოვუძებნო. მაინც მჯერა რომ უმეტესობა მათი ჟურნალისტებისა არის მათდა უნებურად გარეული ამ საქმეში. როცა ხალხი საუბრობს რა ქნან ოჯახები აქვთ, შვილები ყავთ, კრედიტები აქვთ აღებული ბანკებიდან და ვერ მიატოვებენ სამსახურებსო, ზოგიერთებისგან ირონიული დამოკიდებულება მოყვება ხოლმე ამ აზრს. ძალიან ძნელია ასეთ დროს მართლა ადგე და სახლში დაჯდე უსაქმოდ. ყველაფერი მიატოვო და უშემოსავლოდ გააგრძელო ცხოვრება, მაშინ როცა თან კარგ ცხოვრებას დროს ტარებას მოგზაურობას ხარ შეჩვეული. ზოგი კრედიტების გამო ახალ პროფესიას იძენს, პარლამენტარი ხდება და შენ სტაბილური სამუშაო როგორ გინდა მიატოვო. ძნელია იდეალებისთვის ამაზე უარის თქმა. - ბოლოს ირონიით თუმცა მაინც სიმართლით მარა მართლა ძნელია. თან... აი მაგალითად 1ლი არხის სამოთხის ვაშლების წამყვანმა რუსუდანმა, გვარი არ მახსოვს, დატოვა ტელევიზია და მერე ამით რა?ყველაფერი ისევ ისე გრძელდება და ის მართლა უმუშევარია. სამაგიეროდ თავის თავთან მართალია. ისევ თუმცა, მარა მართლა თუმცა, თავის თავთან სიმართლეც აღარ შველის არაფერს. ნიკა ქავთარაძემ ასეთი მაგალითი მოიყვანა: მე რო იმედში ვმუშაობდი მაშინ ბადრის სახელის ხსენებას ვერავინ ბედავდაო მარა ჩვენ ჩვეულებრივ ვხუმრობდით ბადრიზე ჩვენს გადაცემაშიო. ამის გამო არავის დაუხურავს ჩვენი გადაცემაო. იმიტომ რომ ის რეიტინგული იყო და შემოსავლიანიო. ანუ დღევანდელი ჟურნალისტებიც ყველანი ერთად თუ თავიანთ პროფესიას დაუბრუნდებიან და ხალხის მხარდაჭერა ექნებათ, მათ უსამსახურობა არ დაემუქრებათ. ნუთუ ხალხის და სიმართლის სამსახურში ყოფნა სამსახურს არ ნიშნავს. ისევ მატერიალურთან მივდივართ, თუ ბანკი სახლის გაყიდვით გემუქრება? ასეთ შემთხვევაში ჩემი აზრით გამოსავლია თუ სათქმელს ობიექტურად ვერ გადმოსცემ ამას სუბიექტურსაც ნუ გახდი. ხალხი და მაყურებელი აუცილებლად მიხვდება რომ ეს არც ობიექტური აზრია მარა არც შენი სუბიექტური დამოკიდებულებაა, არამედ შეკვეთილია და პროტესტი შენ მიმართ არ გაუჩდება. არა მგონია რუსთავი ორში და პირველ არხში ამასაც ითხოვდნენ რომ ტყუილს და მოგონილს შენი აზრიც და დამოკიდებულებაც მიუმატო. ისევ თუმცა, მაგრამ იქნებ მართლა ასე ფიქრობთ, და ის მართლაც სუბიექტურია. ასეთ შემთხვევაში ნუ გეწყინებათ ხალხის შეფასება როცა ისინი თქვენგან მოითხოვენ მეტ დასაბუთებასა და მეტ არგუმენტებს.

ავტორი: beqa საიდან გვწერთ: Kutaisi
18.06.2009 23:49
ადამიანებო, რა დღეშია ,,რუსთავი-2"? ამათ ხმა როგორ ამოეღებათ? რომელ პლეიბოიზე ლაპარაკობენ და საერთოდ, როგორ უნდა მოვისმინო მე ან მით უმეტეს, რადიო ,,თავისუფლების" რომელიმე ჟურნალისტმა ანოტაციები მორალზე ,,რუსთავი-2-ის" ჟურნალისტისგან. არადა იას ბლოგი რუსუდან ნიკურაძემ დაიმხო თავზე, ეს ბლოგი გიორგი ლაფერაშვილმა წალეკა.

მორალზე როდესაც საუბრობთ, არ დაგავიწყდეთ, როგორ დაუნგრიეთ ცხოვრება ორ არასრულწლოვან გოგონას, ,,არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის" თაობაზე რეპორტაჟის მომზადებით. რომელი პლეიბოი ან ყვითელი გაზეთი იკარებდა ასეთ სამარცხვინო საქციელს?

იეჰოვას მოწმე არასრულწლოვანი გოგონას ისტორია? როდესაც შვილის სიცოცხლის გადასარჩენად მშობლებმა გადაწყვეტილება მიიღეს თავის რწმენის საწინააღმდეგოდ ემოქმედათ და სისხლი გადაესხათ მისთვის, სწორედ თქვენმა ჟურნალისტებმა მშობლებისაგან მონსტრები შექმნეს. როდესაც აცხადებდით ანა ცარელაშვილის სახელს, არ დაფიქრდით იმაზე თუ როგორ იგრძნობდა თავს ეს ბავშვი სკოლაში ან ყოველდღიურ გარემოში. ერთხელ არ დაფიქრდით იმაზე, რომ იეჰოვას მოწმე მშობლების შვილი თითით საჩვენებელი გახდებოდა და ეს სტიგმა მას მთელ ცხოვრება გაჰყვებოდა.

ნორმალურ სახელმწიფოში არასრულწლოვანის კონფიდენციალობის დამრღვევს ან ციხეში ჩასვამენ ან სოლიდურ ჯარიმას დააკისრებენ (ამის მაგალითი საფრანგეთია). იმის ნაცვლად რომ პირადად თქვენ, ბატონო გიორგი, პასუხისმგებლობა გეგრძნოთ ორი გურული ბავშვის ან ანა ცარელაშვილის მიმართ და საერთოდ წასულიყავით ჟურნალისტიკიდან, ხმას იღებთ და პლეიბოის მორალზე საუბრობთ. რამდენი ბავშვისათვის აპირებთ კიდევ ცხოვრების დანგრევას?

დარბეულ ,,იბერიაში" და ბადრის ,,იმედში" ვმუშაობდიო, ცოტა სასაცილოა. მართლა გგონიათ, რომ სკლეროზი გვაქვს? ,,იბერიიდან" რევოლუციამდე ადრე წამოხვედით. ,,იმედში" მაშინ მუშაობდით, როდესაც ბადრი პატარკაციშვილს თბილი ურთიერთობა ჰქონდა ხელისუფლებასთან. ,,რუსთავი-2-ზე" მაშინ გადახვედით, როდესაც ეს ტელევიზია ნათია ლაზაშვილმა, ნანა ლეჟავამ, თამარ რუხაძემ დატოვეს. ეს ის პერიოდია, როდესაც ბადრის ხელისუფლებასთან დაეძაბა ურთიერთობა. ერთი სიტყვით გაასწარით ოპოზიციურ ტელევიზიას და სწორადაც მოიქეცით. ამით თავიდან აიცილეთ რევოლუციის შემდეგ ,,იბერიის" დახურვასთან დაკავშირებული უმუშევრობის პრობლემა, შვიდი ნოემბრის უსიამოვნებები და ,,იმედის" ერთწლიანი პაუზა. როგორც ჩანს, ისეთი ინსტინქტი გაქვთ გამომუშავებული, რომელიც რამდენიმე წლით ადრე გკარნახობთ, რომ სამსახური უნდა გამოიცვალოთ.


ავტორი: ნიკო ნერგაძე
18.06.2009 17:09
1
@ლაფერას
ჯერ ერთი, კიდევ უფრო ადრიდან, რადიო 106-იდან გიცნობ. მეორეც, რა შემატყვე რომ ვინმეს ნაცნობობა ცუდ ტონად მიმაჩნია - ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, არც ეგეთი დიდი წარმოდგენა მაქვს საკუთარ თავზე. რუსთავი 2-ში ბევრი მეგობარი მყავს და „ბროწეულის სიუჟეტის“ ავტორიც ასეთად მიმაჩნია. მე რაც მინახავს, კულტურაზე სიუჟეტებს და, ზოგადად, „ლაით“ სიუჟეტებს ყველაზე კარგად მაია აკეთებს ხოლმე. ასევე, სულ არ მგონია რომ ეს პოსტი პოლიტიკაზე დავწერე და არც ის მიხარია, რომ ჩვენი მკითხველის დიდი ნაწილიც და თქვენი ტელევიზიის მაყურებლებისაც ყველაფერს პოლიტიკას უკავშირებენ. ბაბუაწვერების ფესტივალზე რომ დაწერო, ვიღაცა მაინც ან პრეზიდენტს გალანძღავს და ან ოპოზიციას. 
ამის მიუხედავად, ვერ მივხვდი, ეს თვითგვემა და თავდაცვით პოზაში ჩადგომა რა საჭირო იყო. ტყუილი დავწერე რამე?
2
@გიორგი ხარაშვილი
მადლობა გიორგი. ან კი შენ რატომ არ უნდა მახსოვდე. იმ კაცს ვგევარ, „მემენტოში“ რომაა?
@ნინა „NYC”
მოდი გიმღერებ: Do you really want to hurt me? do you really want to make me cry? ეხლა მთელი დღ ეს სიმღერა აგეკიდებათ :)

ავტორი: სალომე
18.06.2009 15:42
სტატიის კითხვა რომ დავიწყე ცოტა გავბრაზდი, იმიტომ რომ ეს სტატიაც დიპლომატიურად რომ ვთქვა წინა სტატიას წააგავს :)არადა მართლა მაინტერესებდა რა ხდებოდა ოუფენ ეარზე, სტუდენტური ფილმების ფესტივალზე, რა ხდება ზოგადად თბილისში, რითი ცხოვრობს ხალხი...
მაგრამ სტაატის ბოლოს მივხვდი რატომ გავს ნიკოს სტატიები ერთმანეთს, რატომ არ წერს ამ ყველაფერზე, რატომ ჩნდება ყველა კომენტარში აგრესია, ყველა სტატიის სათაურში სახალხო პარტია, უცნობი ...
ალბათ მართლა ბროწეულზე ქირქილს წააგავს ამ სიტუაციაში ფესტივალებზე წერა...
არადა როგორც მომბეზრდა სულ "ქვეყანა თავზე გვენგრევა"-ს განწყობის ქვეშ ცხოვრება. უსამართლობის უსუსურობის, არასტაბილურობის განცდა...

ავტორი: გიორგი ლაფერაშვილი საიდან გვწერთ: ვაჟა-ფშაველას 45
18.06.2009 15:32
კავკასიოლოგს: მადლობა გამოხმაურებისთვის - თქვენნაირ ადამიანებს ვგულისხმობდი, როცა ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანების ნაკლებობაზე ვსაუბრობდი გულდაწყვეტით. ამ ქვეყანაში რაც უფრო მეტი ადამიანი თქვენნაირი გულღია ადამიანი იქნება, მით უფრო მალე გვეშველება.

და ანდროს, რომელიც თურმე მიცნობს მეც და ჩემს ოჯახსაც. და რომლისთვისაც ჩემი პროფესია უძველესია... ნერვული უჯრედები მალე კვდება და არც აღდგება.. ასე რომ ძალიან ნუ ინერვიულებთ ჩემს ხელფასზე. მერწმუნეთ ის გაცილებით უფრო ცოტაა, ვიდრე ის თანხა, რითიც სიმართლისთვის მებრძოლებმა საკუთარი კრედიტები დაფარეს, სახლები აიშენეს ლამაზ კურორტებზე და შვილების საზღვარგარეთ წასვლაც დააფინანსეს. და კიდევ უფრო ცოტა, ვიდრე ის თანხა, რასაც ზოგიერთი ოპოზიციური "ტელევიზიონშიკი" ამ მთავრობას გაჩუმების სანაცვლოდ თხოვდა. ამ ხელფასით ვერც მარგალიტის მძივებს იყიდი და ვერც ბოლო გამოშვების ლექსუსს. ვერც სეიშელებზე დაპატიჟებ ძმას, ქართული ხმების ფონზე, პლაჟზე წამოწოლილმა ლექსების ახალი კრებული რომ დაწეროს ილიასა და საქართველოზე. ადვილია სხვის უბედურებაზე კარიერა გაიკეთო, გულზე მჯიღი ირტყა და რაც იცი და არ იცი, ყველაფერი ჩემნაირებს გადააბრალო, მაგრამ არა უშავს, ისეთიც არის, რაც თქვენ არ იცით, და რასაც გოგა ხაინდრავა დამაბრალებს, კიდევ ერთხელ რომ დაბრუნდება ხელისუფლებაში. მაგრამ "თქვენგან" განსხვავებით, "ჩვენ" -უძველესი პროფესიის მსახურები, ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ, ახალ მთვარეზე, არ ვიკრიბებით რუსთაველის გამზირზე ახალი იდოლის საძიებლად.
გისურვებთ კარგი დრო გაგეტარებინოთ ქვეყანაში, რომლის სიყვარულის უფლებაც თურმე ექსკლუზიურად თქვენია.
ისე ერთ რამეში გეთანხმები: ჟურნალისტიკაში მართლა მოუსყიდველობაა მთავარი. და მე მეამაყება, რომ სწორედ ასეთ ადამიანებთან ვმუშაობ.

ავტორი: andro საიდან გვწერთ: tbilisi
18.06.2009 10:46
გიორგი ლაფერაშვილს
(ერთ დროს - "გამარჯვებული ხალხის ტელევიზია" და ახლა - ვირჯინიის კონძულებზე დარეგისტრირებული ნაცების ტელევიზია - "რუსთავი2"-დან),
გიორგი, გიცნობ პირადად და შენს ოჯახსაც.
უნდა გითხრა, რომ წელიწადნახევარი იქნება, "კურიერს" პრაქტიკულად არ ვუყურებთ ჩემს ოჯახში. ძალიან იშვიათად ვუყურებთ მხოლოდ იმისთვის, რომ არ დაგვავიწყდეს, როგორი არ უნდა იყოს ტელევიზია!
როგორი მიკერძოებული, როგორი მთავრობის თვალებში შემციცინე, როგორი ყალბი და როგორი "ყველაფერი დაინგრა, საქართველო ჰყვავის!" ლოზუნგით მომუშავე - არ უნდა იყოს ტელევიზია და ჟურნალისტი.
სირცხვილია, რომ ლაპარაკობ ისე, თითქოს ის 2 თქვენი თანამშრომელი არც კი დაღუპულიყოს! სირცხვილია, რომ არ ლაპარაკობთ იმაზე, ვისი იყო ის სამშენებლო ფირმა (კეზერაშვილის ცოლის!), რომ სახლს, რომელიც "ზნიიეპის" საპროექტო ინსტიტუტს ეკუთვნოდა (ეს ინსტიტუტი კი მთელს ამიერკავკასიაში სერიოზულ შენობებს აპროექტებდა თავად), ისე გამოაცალეს თქვენს მიერ დაქირავებული ფირმის დილეტანტებმა საყრდენი კოლონები, რომ აბსოლუტურად არც კი დაფიქრებულან - ამას რა მოჰყვებოდა. რომ რაც სასწრაფოდ ისე მიასუფთავეს ის ნანგრევები, სწორედ იმისთვის, რომ დამოუკიდებელ ექსპერტებს აღარ შეძლებოდათ იმ დანაშაულის ავტორების დადგენა. რომ სწორედ ეს იყო დანაშაულის ადგილზე გიგი უგულავას და მიხეილ სააკაშვილის სასწრაფოდ გაჩენის მიზეზი. ერთხელ მაინც შეახსენეთ მიხეილ სააკაშვილს, რომ ორი თვე გავიდა გამოძიებისთვის მიცემული 10 დღე?
როცა ამაზე არ ლაპარაკობთ გიორგი, საკუთარი დაღუპული თანამშრომლების ოჯახებთანაც კი რომ არ გრცხვენიათ თქვენი სიჩუმის, ვინმეს იმას დააჯერებთ, რომ სიმართლე და სამართალი ჩირად მაინც გიღირთ?
ეტყობა ძალიან კარგ ხელფასს გიხდიან ამ სიჩუმეში. ამ მთავრობის რეცხვა-გათეთრებაში. მაგრამ იმდენი კი უნდა გესმოდეს - პატარა აღარა ხარ, რომ იმაში, რასაც აკეთებ, სასახელო და საამაყო არაფერია.
უძველეს საქმიანობას კი ემსახურები, მაგრამ არა იმას, რაც პირობითად გქვიათ.
რეიტინგი? კარგი რა? რეიტინგი გაქვთ იქ, სადაც "მაესტროს" და "კავკასიას" არ აჩვენებს.
ჟურნალისტიკაში მთავარი სიმართლეა და მოუსყიდველობა. როცა ეს არ გაქვს, თვალების ფახული, მაგარი სტუდია და გასაგიჟებელი ტექნიკა მხოლოდ მკვდრისთვის გაკეთებული გრიმის როლს თამაშობს.
ძალიან ვწუხვარ, ამ სიტყვების თქმა რომ მომიწია შენთვის. გაფასებდი ერთ დროს.

ავტორი: კავკასიოლოგი
18.06.2009 05:44
გიორგი ლაფერაშვილს
გიორგი,
რა თქმა უნდა ვუყურებთ კურიერს. მე მგონი, ნიკომ რაც დაწერა, არ უნდა მიიღოთ მტკივნეულად. ჩვენ ყველანი ისეთ დღეში ვართ, ყველგან ყველაფერი გვტკივა. ვართ ძალიან ცუდ დღეში. ნიკო ალბათ თავს იწყევლის, ბლოგი, რომ აქვს დასაწერი. ეს ოხერი ინტერნეტიც როგორ გავრცელდა, რომ სულ უფრო მეტი ადამიანები ემატებიან. აი, ნახეთ, აქ 3 ბლოგია, გოგი აპოლიტიკურ ელიტარულ (კინო-) ხელოვნებას მისდევს, და ერთი თუ ხუთი სიტყვით, მაინც მასში პოლიტიკა გამოსჭვივის. ნიკო ცდილობს ეს ყველაფერი აბსურდულ ჟანრში გადაიტანოს, იასთან კი ნამდვილი ომია. დარწმუნებული ვარ, რომ ძალისხმევას არ იშურებთ კურიერის კარგი გამოშვებისათვის, საქმე უბრალოდ იმაშია, რომ კარგი არა-ფერი არ ხდება საქართველოში და კურიერი, როგორ უნდა იყოს კარგი? ამ ბლოგებშიც ირკვევა, ისედაც ვიცით რამდენი თავის საქმის ერთგულიც და ჯერ კიდევ ადამიანად გადარჩენილები არსებობენ. მთელი საქართველო დისბალანსია. ნუ მიიღებთ პირადად ნიკოს ამ წერილს. მე ეს წერილი არ აღმიქვია, როგორც კურიერის კრიტიკა, არამედ, როგორც იმ აბსურდულობის აღწერა, რაც ჩვენს თავს არის. კურიერი სწორედაც, რომ ყველაზე რეიტინგულია, ამიტომაც ჰქონდა ნიკოს ჩართული.
როცა საქართველოს რაიმე ეშველება, კურიერი ფანტასტიკური გადაცემა იქნება. ჯერჯერობით,ცუდად ვართ, ცუდად ვიქცევით, ნერვებიც გვღალატობს. ივარჯიშოს ნიკომ აბსურდული ჩანახატების წერაში. არაფერიც არ უშავს. აბა, აქუ არ გვაჩვენებს ფანტასტიკურ ბროწეულის ტელეფონებს. გამუდმებით ექსპერტები უსხედან და მაგაზე რა უნდა დაწერო? თუ საკანზე დაწეროს? ამის ხსენებაც არ ღირს, მე მგონი. მაგ ბიჭმა ერთი კვირის მერე თვითონვე, თავისივე ხელით (პირით) დაასამარა თავისი პროექტი. (რა იმედი მქონდა, რომ შეინარჩუნებდნენ რაიმე ფორმას) თვით ბროწეულის ტელეფონი სწორედაც შესანიშნავი სიუჟეტია, რომელითაც მე ეხლა ფეხმარდ კურდღლებს გადავურეკავ, რომ ცოტა ლეღვის მინდვრებში სალაღობოდ გავიქრიალოთ.
არ ინერვიულოთ, ძალიან გთხოვთ!

ავტორი: გიორგი ხარაშვილი საიდან გვწერთ: Idaho
18.06.2009 02:42
მაგრად მეცინება!
თუ პოლიტიკაზე არ დაწერე, კომენტარებში გამხნევებენ და წარმატებებს გისურვებენ. თუ დაწერე, რომ მიტინგების დარბევის დღეს რუსთავი 2 რაღაც 2 თვის წინ გამოსულ სახუმარო რეკლამას აჩვენებს, მაშინვე აგრესიულები ხდებიან და ფლეიბოის გიხსენებენ, რაც ალბათ ქართული სულის წასაწყმედად გამოგზავნილი ეშმაკის მანქანა ჰგონიათ.
NYC-დან როგორ ადგენთ გრეჩიხა კაიფშია თუ პახმელიაზე?
ნიკო ჯიგარი ხარ! თავისუფლების ახალგაზრდულ პროგრამას წლებია ვუსმენ და უმეტესად მომწონს ხოლმე.
თუ გაგახსენდი კაია, თუ არა და სხვა დროს შეგახსენებ თავს, ჩვენ ერთმანეთს ერთი 15–20 წელია ვიცნობთ.
Good luck!

ავტორი: კიდევ ერთი მქადაგებელი საიდან გვწერთ: შემაღლებული ადგილიდან
18.06.2009 02:41
ოჰოოი! ცოდვილნოოო, რა დროს ბროწეულის ტელეფონებია. გადაშენების პირას ვართ ქართველები. ხრამში ვიჩეხებით. მასონები გვავიწროვებენ და მაკდონალდსები ხინკლებს გვართმევენ. ოჰჰჰოოი!

ავტორი: Nina საიდან გვწერთ: NYC
17.06.2009 20:25
იმაზე რატომ არაფერს წერთ, ის კაცის არამსგავსი გრეჩიხა 24/7 განგრეულ კაიფში პირდაპირ ეთერში რომ გყავთ და ბავშვები უყურებენ. თქვენი შვილები. მაგაზე "კვლევებს" რატომ არ ატარებთ, ბ-ნო ნიკო და არ ინტერესდებით, როგორ ვნებს მსგავსი გადაცემები მოზარდთა ფსიქიკას? რატომ არ გადარდებთ ის სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც გვექნება საქართველოში 20 წლის შემდეგ? რომ დღევანდელი მოზარდები 20 წლის შემდეგ ამ იდეოლოგიით აღზრდილები ისევე იდგებიან ქუჩაში და იყვირებენ, "გრიშა გადადექი"!
იცით რატომ? მაგაში ფულს არავინ გიხდით და იმიტომ. თან თქვენ ხომ დღევანდელი კვერცხი გირჩევნიათ ხვალინდელ ქათამს. დღეს თქვენ იყოთ კარგად, და ხვალ თუნდაც ქვა ქვაზე არ დარჩენილა.
მოგარჭობთ ვოვა ბიძია რეზინის ჩექმას ცხვირზე ერთ დღესაც და იმას წაუყენეთ პრეტენზიები! (...)

ავტორი: nina საიდან გვწერთ: NYC
17.06.2009 20:09
ვნახოთ, ვნახოთ, როგორ გაუშვებთ ჩემს პოსტს და როგორი ლიბერალები ბრძანდებით და თუ ისწავლეთ განსხვავებული აზრის მოსმენა...
(...)სხვა საქმე არაფერი გაქვთ, ამ ისედაც გამოშტერებულ ხალხს რომ აბოლებთ?

ავტორი: nina საიდან გვწერთ: NYC
17.06.2009 20:07
თქვენ სერიოზულად გაქვთ გარეკილი... უსაქმურობისგან გჭირთ ეს სენი. ერთი კარგი სახრე უნდა გადაგიჭიროთ და ყანაში გაგრეკოთ მიშამ. მეტი არაფერი გეშველებათ. ყანაააა!!! ნიკო, თქვენ ბროწეულის ტელეფონი არ გიშველით, თქვენ (...) თოხი იშოვეთ და ყანისაკენ ჰერი, ჰერი... :):):)
გონება-შეზღუდული უსაქმურების ზეიმია საქართველოში! ძალიან მეცოდებით.
ეჰ, წავედი, წავედი... სამსახურში მაგვიანდება!

ავტორი: გიორგი ლაფერაშვილი საიდან გვწერთ: ვაჟა-ფშაველას 45
17.06.2009 20:03
კი, მე ვმუშაობ კურიერში.
კი, მე ვიცნობ ნიკო ნერგაძეს. თუმცა თვითონ შეიძლება აღარ ახსოვდეს - "პლეიბოის" ფუძემდებლისა და კიდევ უფრო მანამდე ალტერნატიული მუსიკის ქალაქში ცნობილი პრომოუტერისთვის შესაძლოა აღარ იყოს კარგი ტონი არა-ეროსის რუსთავი ორელის ნაცნობობა. ოღონდ ნიკოს ისიც ემახსოვრება, ჯერ დარბეულ ”იბერიაში” რომ ვმუშაობდი და მერე ბადრის ”იმედში”, ასე, რომ მწარე კომენტარებისგან ჩემი და ამ ხელისუფლების ურთიერთობის შესახებ თავის შეკავების შესახებ, ალბათ თქვენც მოგიწოდებთ..
ეხლა რაც შეეხება ბროწეულს - და ზოგადად იმას, ვინ როგორ ვაკეთებთ ჩვენ საქმეს. მე დამავიწყდა, თუ ამ საინფორმაციო გამოშვებას, რომელიც ზოგჯერ განგების თუ ზევსის ძალით, ამ ქვეყანაში ჯერაც ნომერ პირველად რჩება, ის მაყურებელი უყურებს, რომელის ქვეყანაშიც ”პლეიბოი” არარენტაბელური აღმოჩნდა? და სადაც ”მწვანე ტალღის” მუსიკას მხოლოდ რამდენიმე ასეული ერთგული მსმენელი ჰყავს? თუმცა ეს იმ ნიკო ნერგაძეს რომ ეთქვა,რომელსაც მე ადრე ვიცნობდი, გამეცინებოდა კიდეც. მაგრამ ეხლა რადიო ”თავისუფლების” ვებ-გვერდზე ვარ, და საერთოდ არ მეცინება. მარტო იმიტომ კი არა, რომ კურიერში ვმუშაობ... იმიტომ, რომ ამ ვებ-გვერდის აქტიური მკითხველების უმეტესობა, იმის მაგივრად, ცხოვრება რომ გაიხალისოს, ”პლეიბოი” იკითხოს, ”მწვანე ტალღას” უსმინოს, და საკუთარი თავის სიამოვნებაზე იფიქროს, ყოველ საღამოს ტელევიზორთან ჯდება და უყურებს იმ ”კურიერს”, რომელიც თურმე, ძალიან დაბალი დონეა... და მარტო იმიტომ იძინებს, მეორე საღამოს რომ ისევ ”კურიერი” ნახოს... და მერე, ბლოგებზე კომენტარების დატოვებისას ის დრო გამოიტიროს, როდესაც ჟურნალისტები მარტო იმას გაიძახდნენ, ყველანი რუსთაველზეოოო...
პატივისცემით, და კიდევ იმის იმედით, რომ ყველა გამაქილიკებთ და ხვალ საღამოს ისევ ”კურიერს” ნახავთ,
გიორგი ლაფერაშვილი.

ავტორი: qeti
17.06.2009 18:42
ნიკო, შენი წერილით გავიგე ამ ეფემერული ტელეფონის შესახებ. სახალისოა. გეთანხმები, მაგრამ "რუსთავი-2"-ზე ხომ მსჯელობაც აღარ ღირს...

ავტორი: sheni fani საიდან გვწერთ: Tbilisi
17.06.2009 18:01
ნიკო, კარგი კარგი ნამუშევარია ეგ შენი ბუსუნა, დროის სუბიექტური საზომი! :)
რაც მთავარია კარგი წერილია.. იუმორი გადაარჩენს ქართულ მედიას! (იმედი ვიქონიოთ, ისინიც კითხულობენ ხოლმე შენს ბლოგებს)

ავტორი: Enver Mania საიდან გვწერთ: კოხორის იქითა სოფელი
17.06.2009 11:39
მართალი ხარ ნიკო! სწორი შენიშვნაა, ბროწეულის ტელეფონზე ახალი ამბების საინფორმაციო გამოშვებაში ამხელა სიუჟეტის გაკეთება, და ჟურნალისტის ძალიან სუსტი და ცუდი კომენტარი, განსაკუთრებით ფინალი, მე ვერ გავიგე რა იგულისხმა. მაგრამ ეს მარტო "კურიერის" ბრალი კი არაა და მარტო იმ ჟურნალისტების, მთელი ქვეყანაა დებილი. სამწუხაროდ.
ესაა ჩემი კომენტარი.

ავტორი: დაკვირვებული საიდან გვწერთ: თბილისი
17.06.2009 09:13
როგორი მარტივია.. უნდათ რომ ხალხმა სხვა რამეზე იფიქროს და არა ჭეშმარიტებაზე და რეალობაზე.. ისე მეც დამითვლია, გალში ქართველების ცხოვრებას (რაც გმირობად მიმაჩნია) რამდენიმე წამში, გარბენით აშუქებდნენ და რაღაც იდიოტობებს, ვიღაცამ რომ დედამთილის ბიძაშვილი მოკლა 4-5 წუთი დეტალურად გვიყვებიან ხოლმე..

ავტორი: Keti საიდან გვწერთ: Tbilisi
17.06.2009 02:57

raper mikvars nichieri da mzakvari khalkhi!
gmertma xeli mogimartos :) vicine da visimavne

ავტორი: სნობი ქართველი საიდან გვწერთ: Virtual Georgia
17.06.2009 00:57
აუ, ეგეთი ტელეფონი სად იყიდება მითხარით რა!
მზად ვარ ყველაფერი გავყიდო, ეგ ბროწეული დავითრიო და ყველას აიფონები გაგიბანძოთ!

ავტორი: Rocko საიდან გვწერთ: ღვთ.მშ.წილხვ.ქვ.
17.06.2009 00:52
@ამბრი
მემგონი ართულებ... კორექტულობაც არ გაწყენდა. ისეთი ტემპებით მიდის ნახტომები დღეს ტექნოლოგიებში, რომ ამ სფეროში ნაკლებად გარკვეული ადამიანისთვის შეიძლება სულაც არ იყოს დაუჯერებელი ყავის მოდუღებაც კი.
@ნიკო
:)) კარგი იყო. სხვა სიუჟეტები არ მინახავს გუშინდელ კურიერში, მაგრამ ეს ბროწეულფონის ამბავი რომ დიდხანს გაეწელათ, მეც დავაფიქსირე :D
ეროსის კურიერი მენატრება მე :(
P.S. გმადლობ დაფასებისა და ბექლინკისთვის :))

ავტორი: კავკასიოლოგი
17.06.2009 00:20
ნიკო, იფ, იფ! მარცვალ-მარცვალ ყოჩაღ! ძაან მაგარია! წინა ბლოგიც ძაან მომეწონა. გააგრძელე, არ დაგეზაროს.
მაგ სიუჟეტისათვის ექსპერტი არ ყოლიათ ხო მოწვეული? ა, თუ ექპერტები იქეთ ყავთ ხოლმე?!

ავტორი: ამბრი საიდან გვწერთ: არაბი
16.06.2009 22:17
ნიკო, სხვას საყვედურობ ბროწეულზე დროის კარგვის გამო და თვითონ იგივეს აკეთებ? კომენტარებმა კი ჩამაფიქრა. საკითხავია, ბროწეულის არსებობას რომ დაიჯერებს (რომ ტელეფონი პარსავს, ყავას ადუღებს...), ის მოქალაქე უნდა სარგებლობდეს თუ არა აქტიური საარჩევნო უფლებით? მერე დაიწყებენ, რას გვიშვება ეს შევარდნაძე, სააკაშვილი და ა.შ.

ავტორი: Larry King საიდან გვწერთ: CNN
16.06.2009 22:01
შენი P.S.-იც კაი "ნოვა სკოტიას" სარეკლამო კამპანიას გავს:
"მაგრამ აი" საიტია ინტერნეტში, rocko.ge, "სადაც მართლა არის ყველაფერი. სულ ერთი დაწკაპუნება უნდა"
ჯუსტ კიდინგ :)
პ.ს. ყველაზე საკაიფო ბლოგი გაქ ამ საიტზე. და ისედაც. რისფექთ!!!

ავტორი: qristina. საიდან გვწერთ: arvici
16.06.2009 21:59
ბუსუნას ვეთანხმები... ისე მე მაგ ბროწეულტელეფონის საიტი რამდენიმე თვის წინ ვნახე...მართალია იმას ვერ მივხვდი, რომ არ არსებობდა:( (იმიტო რომ მე ვარ დებილი?!)მაგრამ არც მაინდამაინც აღვფრთოვანებულვარ... კარგი ბლოგია:)

ავტორი: ანონიმი
16.06.2009 21:18
ბევრი ვიფიქრე, თუ ცოტა, გადავწყვიტე გამოვტყდე, რომ მე ვარ დებილი, და თან ამას წყალი აღარ გაუვა:-)))საქმე იმაშია, რომ ბროწეულის ტელეფონში ეჭვის შეტანა არათუ არ მიცდია, პირიქით, ფიქრიც კი დავიწყე ვისთვის დამებარებინა, როგორ მომეპოვებინა და e.t.c. მოკლედ ახლა მე გავაშანშალებ სტატიას სათაურით "მე ვარ დებილი"! სხვა რაღა დამრჩენია :-) ესაა ჩემი კომენტარი :-)

ავტორი: ია საიდან გვწერთ: თბილისი
16.06.2009 21:14
ნიკო, დიდი სიამოვნებით წავიკითხე შენი პოსტი :-) გუშინ მეც ვუყურე ბროწეულის გაშუქებას, და შურით მოვკვდი, მეც მინდა თქო :-) ნუ მაგის გარდა მინდა კიდე ტელეპორტიც, რომ არსებობდეს, და ნუ რა ვიცი კიდე დროის მანქანა...
მოკლედ დიდი მადლობა :-)

ავტორი: MAIKO საიდან გვწერთ: TIFLISI
16.06.2009 20:19
(((-:არა, მაინც როგორი გემრიელი ბლოგია?! პირდაპირ "ვინეგრედივითაა" რასაც გინდა, იმას ამოიღებ და შეჭამ.
ასე რომ, ჯოხების, ქვების, კვერცხებისა და სიტყვების სროლისაგან გადაღლილებო, გირჩევთ, ეს სტატია წაიკითხოთ, განწყობას მაინც აიმაღლებთ. (-:
გარწმუნებთ, ბროწეულის ოყნები ნაღდად აღარ დაგჭირდებათ. (-:
პ.ს. ნიკო, ძალიან მაგარი იყო, გმადლობ!

ავტორი: საიდან გვწერთ: გერმანია
16.06.2009 19:57
"ჰოდა, ეგრე. მომავალ წელს ცოტა უკეთესს თუ გაკეთებენ"... შენ პირს შაქარიო, რომ იტყვიან. მომავალ წელს, იმედია, კიდევ იარსებებს საქართველო როგორც სახელმწიფო და მერე ქბნ. ჯოჯუამ თუ უნდა ნახევარი საათი დაუთმოს სიუჟეტს "ვანიკოს მარყუჟი - დანადგარი, რომელიც თითის ფრჩხილზე ეტევა და მყისიერად გიასმაგებს სინდისს, ნამუსს და პროფესიონალიზმს"

ყველაზე პოპულარული