Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რისკის სტრატეგიის გენერალი


გუშინ გაგა ნიჟარაძის ერთ ძველ სტატიას ვკითხულობდი, „ფიქრები ქართულ მენტალიტეტზე“ ჰქვია. ჩვეულებრივ ვკითხულობდი, რაიმე განსაკუთრებული წინათგრძნობის გარეშე. ჰოდა, ამ ნება–ნება კითხვაში ამოვიკითხე ერთი წინადადება, რომელმაც გონება გამინათა და ზოგიერთ უპასუხო კითხვაზე პასუხი ერთბაშად მაპოვნინა.

„არსებობს ორი ტიპის ცხოვრების სტრატეგია: ერთი არის რისკზე ორიენტირებული, მეორე – მარცხის თავიდან აცილებაზე.“

აბა, თუ მიხვდებით, რა კითხვებზე მივიღე პასუხი ამ ერთი წინადადების წაკითხვის შემდეგ? რაზე და – როგორ მოხდა „ვარდების რევოლუცია“; როგორ ჩამოიცილა მიხეილ სააკაშვილმა გზიდან ორი ყველაზე გამოცდილი პოლიტიკოსი – ედუარდ შევარდნაძე და ზურაბ ჟვანია; როგორ „მსუბუქად“ გაუშვა მან საქართველოდან ასლან აბაშიძე, რომელიც ბევრს უძლეველი ეგონა; როგორ დაარბია საკუთარი მოსახლეობა და ტელეკომპანია „იმედი“; როგორ დანიშნა და მოიგო არჩევნები 2008 წლის 5 იანვარს და 21 მაისს; როგორ დაანგრია მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი და ცნობილი რესტორნებიც მიაყოლა; როგორ ჩააბარა საპასუხისმგებლო თანამდებობები გამოუცდელ ახალგაზრდებს და როგორ დატოვა პერსპექტივის გარეშე გამოცდილი პროფესიონალები; როგორ შეიძულა დიალოგი და როგორ დაავიწროვა ორ–სამ კაცამდე გადაწყვეტილების მიმღებ პირთა წრე; როგორ თამამად შევიდა ომში რუსეთთან და როგორ წარბშეუხრელად გამოაცხადა მოგვიანებით, რომ საქართველო ტერიტორიების დაბრუნებასთან ასე ახლოს არასოდეს ყოფილა, როგორც ომის შემდეგ; როგორ დაერია „კანონიერ ქურდებს“, რაც ბევრს წარმოუდგენლად ეჩვენებოდა; როგორ დაიქვემდებარა ყველა არჩევითი სტრუქტურა და როგორ მოირგო კონსტიტუცია...

დილამდე შეიძლება გავაგრძელო იმ კარგი თუ ცუდი საქმეების ჩამოთვლა, რომლებსაც სათოფეზე არ მიეკარებოდა მშვიდობიანი, მარცხის არიდებაზე ორიენტირებული ლიდერი. თანამედროვე ქვეყნების პრეზიდენტებს ხომ სწორედ ამ ნიშნით ირჩევენ – ვინ შექმნის უსაფრთხო გარემოს და ვინ დაიცავს ქვეყანას კატაკლიზმებისგან.

ჩვენი პრეზიდენტის ცხოვრების წესი კი აშკარად და უეჭველად რისკზეა ორიენტირებული. ამით განვსხვავდებით სხვა სახელმწიფოებისგან.

თუ სწორად მახსოვს, სამხედრო ანალიტიკოსებმა დათვალეს, რომ უსაფრთხო სტრატეგიის მიმდევარი მოჭადრაკე თეთრი ფიგურებით ყოველი ასი საჭადრაკო პარტიიდან 5-ს იგებს, 3-ს აგებს, 92-ს კი – ყაიმით ამთავრებს. რისკის სტრატეგიით მოთამაშე „თეთრები“ ყოველი ასი პარტიიდან 40-ს იგებენ, 20-ს აგებენ, ყაიმის ალბათობა კი 40 პარტიამდე დადის. გამოდის, რომ რისკის სტრატეგია გამარჯვების ალბათობას „თეთრებისთვის“ რვაჯერ, „შავებისთვის“ კი შვიდჯერ ზრდის, – ყაიმების შემცირების ხარჯზე. ასე რომ, იმ ადამიანისთვის, ვისთვისაც ყაიმი მეტისმეტად მოსაწყენია, რისკის სტრატეგია მაშველი რგოლივითაა.

გაგას უნდა ვკითხო, ადამიანი საფრთხიან ან უსაფრთხო ცხოვრებისეულ სტრატეგიას გააზრებულად ირჩევს, აღზრდის შედეგად იძენს თუ მემკვიდრეობით ღებულობს. ის კი ვიცი, რომ მე, მაგალითად, რისკი არ მიყვარს და სავარაუდო მარცხის თავიდან აცილებაზე ზრუნვა ნორმად მიმაჩნია. ისიც ვიცი, რომ რაც უფრო ახლოს ვარ წონასწორობის მდგომარეობასთან, მით მეტად პროგნოზირებადი (ესე იგი, მეტად საიმედო) და ნაკლებად საინტერესო ვარ.

რისკის სტრატეგია კი წონასწორობას უხეშად და შეუქცევადად არღვევს. სრული გამარჯვება ან სრული მარცხი! – ეს არის ყველაზე კომფორტული მდგომარეობა რისკზე ორიენტირებული ადამიანებისთვის. მახსოვს, ერთხელ პრეზიდენტმა თქვა: ყოველთვის მინანია, როცა უკან დამიხევია და არასოდეს მინანია, როცა არაფერი დამითმია და წინ წავსულვარო. მაშინ გამიკვირდა, – პრეზიდენტისთვის ძალიან შეუსაბამოდ მომეჩვენა ასეთი აღიარება. ახლა კი მესმის, რამდენად გულწრფელი იყო მიხეილ სააკაშვილი, როდესაც არავის არაფერს უთმობდა და ქვეყნის შიგნით თუ გარეთ მტრებს იმრავლებდა.

რისკის სტრატეგიაში მთავარი მართლაც ლიდერი და მისი პირადი პასუხისმგებლობაა. მოგების შემთხვევაში ის ყველაფერს იგებს, წაგების შემთხვევაში კი – ყველაფერს აგებს. „ვარდების რევოლუცია“ გავიხსენოთ: მისი მოგებით მიხეილ სააკაშვილმა მოიგო არა მხოლოდ პრეზიდენტის პოსტი, არამედ, მთელი სახელისუფლო ვერტიკალი და ჰორიზონტალი (მთავრობა და პარლამენტი); წაგების შემთხვევაში კი, შესაძლოა, პასუხი არა მხოლოდ პოლიტიკური კარიერით, არამედ, უცხოეთში გადასახლებით და, იქნებ, სიცოცხლითაც ეგო.

ძვირფასო კომენტატორებო! დღევანელი ბლოგი მიხეილ სააკაშვილის გასაკრიტიკებლად არ დამიწერია. ბოლო ორი კვირაა, იმას ვცდილობ, თქვენი დახმარებით ავხსნა, რა და რატომ ხდება ჩვენს ქვეყანაში. ახლა გეკითხებით, რას მოგვიტანს რისკის სტრატეგია, რომელიც ჩვენი პრეზიდენტისთვის უალტერნატოვოა? ჩემი აზრით, ამიერიდან ვერც თვითონ შეიცვლება და ვერც სტრატეგიის შინაარსს შეიცვლის. არც დიალოგს შეიყვარებს და არც საფრთხის შემცირებაზე იზრუნებს. სულ პირიქით! ყველაფერი, რაც ჩვენს ქვეყანაში მოხდება, სწორედ მისი ცხოვრებისეული სტრატეგიით იქნება განპირობებული. არადა, სტატისტიკის თანახმად, რისკიან თამაშში „თეთრებსაც“ და „შავებსაც“ მოგების და წაგების შანსი თითქმის თანაბარი აქვთ. ოღონდ, თამაშის წესია სასტიკი: მოგებული სრულად მოიგებს, წაგებული სრულად წააგებს, ყაიმის მოლოდინი კი ნაკლებად უნდა გვქოდეს.

გაგამ გაიხაროს, მგონი, რაღაც მთავარი გავიგე! მხოლოდ ის ვერ გამიგია, ამ ჩვენს საერთო სამშობლოში „თეთრები“ და „შავები“ ვინ არიან?

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG