ორშაბათი, 20 მაისი, 2013 თბილისის დრო 04:09

ბლოგები / ბიძინა მაყაშვილი

ზაფხული

x
ტექსტის ზომა - +
წელიწადის სხვა დროებთან შედარებით, ზაფხულისადმი განსაკუთრებით ნაზი გრძნობები არ გამაჩნია. თუ მაინცდამაინც, თბილად ჩაცმა არ მიყვარს და ზამთარს მირჩევნია. მაგრამ პატარა სისუსტეს მაინც ვიჩენ მის მიმართ.

არც ვიცი რა დავარქვა - ჩემს მიმართ გაწეული ერთგვარი საინფორმაციო ჰუმანიტარული დახმარეებაა, რომელიც ზაფხულში უფრო ინტენსიურია ხოლმე. იმის გამო, რომ ზაფხული შვებულებიბის პერიოდადაა მიჩნეული, ბევრ ისეთ ახლობელს ვხვდები ხოლმე თბილისში, რომლებიც დიდი ხნის უნახავი მყავს. ესენი ძირითადად არიან უცხოელები, რომლებიც თავის დროზე საქართველოში ცხოვრობდნენ და ქართველები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზებით საზღვარგარეთ გადავიდნენ საცხოვრებლად. სწორედ ამ ადამიანებს ვხვდები ხოლმე წელიწადში ერთხელ ან უფრო იშვიათად, მაგრამ აუცილებლად ზაფხულში. და სწორედ მათგან მიღებულ სიტყვიერ, ემოციურ, ბეჭდურ, თუ ციფრულ ინფორმაციას ვეძახი საზაფხულო ჰუმანიტარულ დახმარებას.

წლევანდელი დახმარება თბილისის შესახებ გაკეთებულ რამდენიმე დასკვნას, რამდენიმე ჟურნალს და გაზეთს, ერთ ლექციას, ორიოდე წიგნს, ერთ კომპაქტ-დისკს და რამდენიმე არაფრის მომტან ცნობას მოიცავს.

თბილისური დასკვნები ქართულ-ინგლისური წყვილის გაკეთებულია, რომელიც სამი წელია, არ ყოფილა საქართველოში. მათი თქმით, აშკარად თვალშისაცემია ქუჩაში რელიგიურად განწყობილი ადამიანების რიცხვის ზრდა. შევატყე, რომ მათ ჩემი რეპლიკა, - უფალთან ურთიერთობის ფორმას და ინტენსიობას ყველა ინდივიდუალურად ირჩევს და მთავარია, ამით სხვა არ შეაწუხო-მეთქი - არც თუ სავსებით გაიზიარეს, მაგრამ მეორე დასკვნაში მე მათ სავსებით დავეთანხმე.

მათი მეორე დასკვნის მიხედვით კი, ტელეეკრანი გაუმართლებლად უხვად აფრქვევს ყალბ პატრიოტიზმს. მეც ძალიან მაღიზიანებენ რომელიღაცა სოციალური რეკლამის ქართველი გმირები, რომლებიც ერთგვარი ტრაბახით აცხადებენ, რომ მათ უყვართ საქართველო. და კიდევ ქუჩაში დადგმული სტენდები ანალოგიური ტექსტით.

მესამე დასკვნას უფრო მეტი ავტორი ჰყავს. ეს ავტორები განიცდიან, რომ სიონის შემოგარენი ქუჩების კაფეებში იმდენი ხალხი აღარ დადის, როგორც ადრე. ისინი ამ კლებას მოსახლეობის ცხოვრების დონის დაცემას უკავშირებენ. ამ შემთხვევაში მე უფრო სხვა კლებას განვიცდი: ყველა ამ კაფეში, ერთის გარდა, ვისკის ულუფა 50 გრამიდან 40-მდე შეამცირეს. იმ ერთს კი ვერ დავასახელებ ბლოგში, რეკლამა რომ არ გამომივიდეს.

ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორმა, რუსეთის და საქართველოს სპეციალისტმა დონალდ რეიფილდმა ბრიტანეთ-რუსეთის საზოგადოებაში გააკეთა მოხსენება საქართველოს შესახებ. ჰოდა ამ მოხსენების გაშიფრულ-დაბეჭდილი ვერსია გამომიგზავნეს, მაგრამ ჯერ ჩემამდე ვერ მოაღწია, რადგან იმ ადამიანმა, ვინც ეს წერილი წამომიღო, გადაწყვიტა ჯერ თავის ახლობლებს გააცნოს. იმედია ჩემამდე მალე მოაღწევს და თუ რამე ყურადსაღები აღმოვაჩინე, აუცილებლად გაგიზიარებთ.

მაგრამ ამ არაფრისმთქმელ ცნობას რატომ გიზიარებთ, მე თვითონ არ ვიცი. ალბათ მხოლოდ იმიტომ, რომ ძალიან მსუბუქად საქართველოსთან არის დაკავშირებული. ინგლისელმა მეგობარმა შემატყობინა, რომ ჯორჯიო გომელსკი თურმე საქართველოში ყოფილა დაბადებული. აქამდე ვიცოდი, რომ საერთაშორისო მნიშვნელობის პიროვნებებიდან საქართველოში ქართველების გარდა, სომეხი ეროვნების ადმიანები იყვნენ დაბადებულნი, ახლა კი ეს არეალი გაფართოვდა. თუ რამდენად მნიშვნელოვანი პიროვნებაა გომელსკი, თავად განსაზღვრეთ, შეგახსენებთ, რომ ის იყო The Rolling Stones-ის პირველი მენეჯერი. შემდეგ გახდა Yardbirds-ის (ეს ჯგუფი ანტონიონის Blow Up-ში, კლუბის სცენებში უკრავს) მენეჯერი და პროდიუსერი და კიდევ რამდენიმე გავლენიანი ინგლისური როკ-ჯგუფის პროდიუსერი.

უფრო აზრიანია ზაფხულის მუსიკალური დახმარება თეთრკანიანი ამერიკელი ბლუზმენის სისიკ სტივის CD-ის სახით, რომელიც ჩემთვის აღმოჩენა გახდა. კანის ფერის ხაზგასმას რასიზმში ნუ ჩამომართმევთ - ბლუზი ხომ ისევე ეკუთვნით შავკანიან ამერიკელებს, როგორც შავი ხიზილალა კასპიის ზღვას. მისი ნამდვილი სახელი სტივენ ვოლდია და ნამდვილი მაწანწალა, მოხეტიალე ბლუზმენის ცხოვრებით ცხოვრობს - 80-იანი წლებიდან თავის ცოლთან, გიტარასთან და “როლანდის” ხმის გამაძლიერებელთან ერთად 59 (!) საცხოვრებელი ადგილი გამოიცვალა. თავის პირველი დისკი 63 წლისამ ჩაწერა. მე რომელიც მოვისმინე - I Started Out With Nothin’ And I Still Got Most Of It Left - მესამეა და ერთ სიმღერას ნიკ ქეივთან ერთად ასრულებს. 60-იან წლებში ჯენის ჯოპლინთან მეგობრობდა, 70-იანებში ჯონი მიჩელთან, 90-იანებში კი კურტ კობეინთან. მაგრამ მასში ყველაზე მეტად იმან მომხიბლა, რომ დღეს, როცა თითქმის ყველა მუსიკის ინტერნეტიდან ჩამოტვირთვაზეა გადასული და დისკებს აღარავინ ყიდულობს, ეს 70 წლის კაცი უშვებს გარეგნულად არაფრით გამორჩეულ დისკს, რომელსაც ბუკლეტიც კი არ ახლავს და რომლის მთავარი ღირსება მხოლოდ მუსიკაა.

და ისევ “როლინგსტოუნზთან” არის დაკავშირებული ზაფხულის კიდევ ერთი დახმარება. ჯგუფის გიტარისტმა, რონი ვუდმა გამოუშვა ავტობიოგრაფიული წიგნი Ronnie, რომელიც მისივე ნახატებით არის ილუსტრირებული. თუ გაითვალისწინებთ წიგნში აღწერილ ეპოქას, უამრავი არაორდინალური პიროვნებისგან შემდგარ საურთიერთო გარემოს, რონის იუმორს, რომელიც მარტო ტექსტიდან კი არა, ილუსტრაციებიდანაც მოდის, მიხვდებით, რომ საქმე ერთობ სასიამოვნო საფურცლავთან გაქვთ.

თვითონ რონის, მიუხედავად იმისა, რომ უკვე 34 წელია რაც “როლინგსტოუნზის” წევრია, ჯგუფში ახალმისულ ბიჭად თვლიან. მართალია, ის ჯგუფში ყველაზე ახალგაზრდაა, მაგრამ უკვე 62 წლისაა. ნეტავ ამით ვის დასცინიან მისი უფროსი მეგობრები? ალბათ თავიანთ თავს. მათ ხომ “ბითლზთან” ერთად დაიწყეს, რომელიც დღეს... თუმცა “ბითლზი” დამოუკიდებელი ბლოგის თემაა. “როლინგსტოუნზი” კი უკვე თითქმის 50 წელია რაც როკ-ენ-როლის სამსახურშია. დავიჯერო, რომ ეს მხოლოდ როკ-ენ-როლია? არა, ეს ბევრად მეტია.



ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ჯაკლინ საიდან გვწერთ: მონაკო
06.10.2009 01:40
ბიძინა, ეხლა დაწერე შემოდგომაზე, თუნდაც ზაფხულის შვებულების სიყვარული რომ მთავრდება, როგორ იხრჩვება ქალაქის ბუღში, ჭორში. არა უშავს, ამაზეც რომ იყოს, მაინც მოგვეწონება. (მე კვლავ ვიტირებ)

ავტორი: დალი კუპრავა საიდან გვწერთ: თბილისი
04.10.2009 23:27
:))) ... და ბიძინა მხოლოდ ბლოგერია ?!

ავტორი: ზაზა საიდან გვწერთ: თბილისი
03.10.2009 20:05
მაგარია ბიძო ფორმაში შედიხარ!:)

უფალთან ურთიერთობის ფორმას და ინტენსიობას :):):)

ავტორი: გერმანე
03.10.2009 01:17
ერთს კიდევ დავუმატებდი,
თუ რა შეიცვალა ჩემთვის, როგორც უცხოეთში მცხოვრებისთვის თბილისში ბოლო ორი წლის მანძილზე.

თუკი წინათ მეკითხებოდნენ, სად მუშაობ, ხელფასი და მანქანა და სახლი და ა. შ..

ახლა მკითხეს - მეორე შვილს როდის აჩუქებ საქართველოსო.
ვუთხარი, არამყავს საერთოდ დაგეგმილი მეთქი და საერთოდ მეთქი რატო საქართველოს, ეს ხომ უფრო გერმანიისთვის ნაჩუქარი არ იქნება მეთქი იმ ორკვირიანი შვებულებების გარდა თქო?
სუფრაზე ვიჯექით და უნდა გენახათ რა ხდებოდა, ერთ-ორს ისიც კი მოუვიდა აზრად, ახლავე სისხლის გადასხმის ინსტიტუტში წავსულიყავით (დილის 3 საათზე) და ისინი მე ცოტა თავიანთ ჭეშმარიტ ქართულ სისხლს გადამისხამდნენ.

აი მაშინ მომივიდა აზრად, ქართველებს, უცხოეთში მცხოვრებთ, ვიზა არ ჭირდებათ, მაგრამ, არ იქნება უპრიანი, ეს ხალხი პირდაპირ აეროპორტში დაჯდომის მერე რამდენიმე საათით კარანტინში გაიყვანონ და თითოეულს სულ მცირე 200მილიგრამი წმინდა ქართული სისხლი გადაუსხან - ეს ბიუჯეტსაც წაადგება, რადგან საფასური რათქმაუნდა მიმღებმა უნდა გადაიხადოს.

პატივისვემით გერმანე

ავტორი: zuchi
02.10.2009 17:42
მადლობა ბიძინა, რა კარგი ფილმი გამახსენე BLOW UP და Yardbirds-ი ლეგენდარული Jimmy Page-ით, ნახეთ რა ახალგაზრდაა:
http://www.youtube.com/watch?v=YHNL5_2LspE

თუ ვინმეს დააინტერესებს გომელსკი აქ ნახავთ:
http://en.wikipedia.org/wiki/Giorgio_Gomelsky

ავტორი: ბიძინა მაყაშვილი საიდან გვწერთ: tbilisi
02.10.2009 12:47
ძვირფასო melanqolikos,
თქვენმა შენიშვნამ უფრო ცხადად დამანახა, რომ ისინი გულისხმობდნენ ფარისევლებს, რადგან მათი სამიზნე მორწმუნენი კი არა, რწმენის გამოხატვის ფორმა იყო.
მადლობთ.

ძვირფასო rusa და ჯაკლინ,
მადლობთ ბმულებისთვის. როგორც მიკ ჯაგერი ამბობს, I know it's only rock'n'roll but I like it.

ავტორი: ucxo
02.10.2009 01:20
ვისიამოვნე სისიკ სტივის გახსენებაზე. გმადლობთ.

თითქმის ყველაფერი სწორად შეუნიშნავთ მოაგარაკეებს.

ავტორი: liliko საიდან გვწერთ: tbilisi
01.10.2009 23:49
"დასკვნაში მე მათ დავეთანხმეოო" - ეს დასკვნა მორიგი ბლოგისთვის ? : )
პ.ს. და ზაფხულობით უფრო ხშირად გვხვდებით ფეხითმოსიარულეთა შორის : )

ავტორი: alexander საიდან გვწერთ: www.bagrationi.wordpress.com
01.10.2009 23:05
ოხ როგორ მსიამოვნებს შენი პოსტები!

აგერ სისიკ სტივი ვიპოვე და კაცი გამოდგა :D

დავპოსტე პირწიგნაკზე უკვე :D

ავტორი: ჯაკლინ საიდან გვწერთ: მონაკო
01.10.2009 22:59
http://www.youtube.com/watch?v=DP2VyquMAaM

ეს! ეს! yeee!

ავტორი: rusa საიდან გვწერთ: tiflis
01.10.2009 22:20
http://www.youtube.com/watch?v=uqRgzK1nFUs
)))))))

ავტორი: ნიკა
01.10.2009 18:04
"სიონის შემოგარენი ქუჩების კაფეები" - კარგად ჟღერს, მომეწონა :)

ავტორი: melanqolikosi
01.10.2009 14:06
ძვირფასო ბატონო ბიძინა, თუ სწორედ მივვხვდი ზოგ ინგლისელს არ მოეწონა თბილისში მორწმუნეთა სიმრავლის ზრდა,მაგრამ იქნებ საჭირო იყოს უფრო კონკრეტულად განმარტება იმისა თუ რა არ მოეწონათ მათ. უფლისა და მოყვასის სიყვარულის მქადაგებელთა და ამ მცნებათა შესაბამისად ცხოვრების მსურველთა თუ ფარისეველთა, თვალთმაქცთა, მორწმუნეებად შენიღბულ ურწმუნოთა რაოდენობის ზრდა. საბჭოთა კავშირის არსებობის პირობებში ინგლისელებიც ეხმარებოდნენ იქ დევნილ მორწმუნეებს. ეხლა რამე შეიცვალა? თუ ეს დახმარებაც შორს გამიზნული ანგარებიანი ფარისევლობა იყო?
ჩემის ფიქრით ნამდვილ, გულწრფელად და ღრმად მორწმუნე ადამიანთა რაოდენობის ზრდა არ უნდა იყოს ასაკრძალი რამ. საზოგადოებრივ არსებობას ხელს უშლის თვალთმაქცობა და პირფერობა როდესაც მომღიმარე სახე მალავს დაღრეჯილ მკვლელს (ისევე როგორც ნიღაბახდილი "ალალი" მკვლელი),მაგრამ ის ვინც გულწრფელად ცდილობს უფლისა და მოყვასის სიყვარულის მცნებების მიხედვით ცოვრებას ვის რას უშლის?
იქნებ სასურველი იყოს ამაზე ლაპარაკიც თორემ დასავლურ დემოკრატიებზე ადამიანებს შეიძლება არასწორი წარმოდგენა შეექმნათ. უღრმესი პატივისცემით და მოწიწებით.

ყველაზე პოპულარული