პარასკევი, 10 თებერვალი, 2012 თბილისის დრო 06:38

ბლოგები / მალხაზ ხარბედია

სელინჯერი ზეციურ ჭვავის ყანაში!

x
ტექსტის ზომა - +
რამდენიმე წუთის წინ გავიგე, რომ სელინჯერი გარდაცვლილა.

ახალი ბლოგი უკვე თითქმის დამთავრებული მქონდა, როცა ერთ-ერთ საიტზე გადავაწყდი ამ ამბავს. შევედი Facebook-ზე. ფრენდებს უკვე აეჭრელებინათ კედელი, ცოტა ხანს მეც ჩავერთე ამ ამბავში. ზოგი წუხდა, ზოგი ხუმრობდა, სხვები ამბობდნენ: “ღმერთმა აცხონოს”, ნაწილი კი იმაზე დარდობდა, რომ მის არქივს კიდევ 50 წელს არ გახსნიდნენ და ვერ ვნახავდით მთელი ამ განდეგილობის მანძილზე დაწერილს, ჩანიშნულს თუ დაჩხაპნილს.

ფორუმზეც დიდი ამბები იყო! ერთმა ისიც თქვა, მოდით ყველამ ავატარებად სელინჯერის ფოტოები დავიყენოთო. რაზეც მეორე შეეხუმრა, მაგას ჭვავის ყანის ფოტო ჯობიაო.

იანვარი ყველაზე გაუმაძღარი თვე გამოდგა. იანვარს ყველაზე მეტი დიდი მწერალი გადაყვა, შეეწირა: ჯეიმს ჯოისი, ანდრეი პლატონოვი, ტომას ელიოტი, ალბერ კამიუ... მარტო დღევანდელ დღეს, 28 იანვარს, უილიამ ბატლერ იეიტსის, იოსიფ ბროდსკისა და ასტრიდ ლინდგრენის გარდაცვალების დღეა. სხვებიც არიან იანვრის მსხვერპლნი.

დღეს ვერაფრით ვერ დავარქვი სახელი ჩემს განცდას, რომელიც ამ ამბის გაგების შემდეგ დამეუფლა. ეს არ იყო წუხილი, არც “უი, საწყალი!” გამივლია გულში და არც “რა კაცი წაიქცა!”. სელინჯერი ხომ ისედაც დიდი ხნის წინ წავიდა. ეს იყო ერთადერთი ადამიანი, რომელმაც თავისი ბიოგრაფია მოგვისპო გულებში, რათა უფრო მნიშვნელოვანისთვის მიგვეძღვნა გულიც და ფიქრიც. გვენაღვლა, გვესევდიანა, გვეოცნება.
სელინჯერის ქალიშვილის, მარგარეტის მემუარების გარეკანი

ჩვენ ვხედავდით, როგორ ჭაღარავდებოდა და ბერდებოდა ჯონ აპდაიკი, კურტ ვონეგუტი და სხვები, და მათი გარდაცვალების შემდეგ ვამბობდით: “გუშინ ვნახე, იცინოდა!”: ისინი “New York Times”-ის საიტზე გამოდებულ ვიდეოზე იცინოდნენ, “CNN”-ზე იცინოდნენ, “Guardian”-ის ბლოგზე იცინოდნენ. სელინჯერზე ვერ იტყოდი, “გუშინ ვნახე, იცინოდა”. ეს კაცი ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის მანძილზე არავის თვალით არ უნახავს, მით უმეტეს - გაცინებული.

დღეს ვფიქრობდი და აღმოვაჩინე, რომ “ჰარი პოტერის” ავტორის შემდეგ, სელინჯერი მეორე მწერალი იყო, რომელიც Yahoo-სა და Google-ის საძიებლებში პირველ ადგილზე აღმოჩნდა. სამწუხაროდ, მხოლოდ სიკვდილის შემდეგ.

ყველაზე გულდასაწყვეტი მაინც ისაა, რომ 50 წლის განმავლობაში არ გახსნიან სელინჯერის არქივს და ისე წავალთ ამ ქვეყნიდან, ვერასდროს გავიგებთ, რითი ცხოვრობდა ეს ადამიანი, თანამედროვე კულტურის ყველაზე გამოუცნობი გმირი.
მისი არქივის გახსნის დროს გაგანია გლობალური დათბობა იქნება, ალბათ... თუმცა, ერთი ვარიანტიც არსებობს, ყველანაირი 50-წლიანი ლოდინის გარეშე. 2012 წელს, როცა უკვე გარდაუვალი იქნება კომეტის დედამიწასთან შეჯახება, ალბათ ყველა დალუქული არქივიც დაკარგავს აზრს, მათ შორის სელინჯერისაც. და დედამიწის გაქრობამდე რამდენიმე საათით ადრე გამოვა ბარაკ ობამა და პირდაპირ ეთერში წაიკითხავს მის უკანასკნელ მოთხრობას.

P.S.: დარწმუნებული ვარ, ამ დღეებში ძალიან ბევრი მოიკითხავს მაღაზიებში სელინჯერს. ასე რომ, თამრიკო ლებანიძე, ჩამოყარე ახალი ტირაჟი!
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ზურა საიდან გვწერთ: თბილისი
04.02.2010 23:08
ცინიზმი კარგ ტონად ითვლება ჩვენ საზოგადოებაში ბატონი მალხაზიც ბლოგის ბოლოში კარგი ტონით დაგვემშვიდობა:)

ავტორი: st surgeon საიდან გვწერთ: bagrationi.wordpress.com
04.02.2010 15:07
ჩემი ძმაკაცი იყო! ღმერთმა გაანათლოს

ავტორი: atex საიდან გვწერთ: tbilisi
02.02.2010 23:26
მალხაზ, სად წაიკითხეთ,რომ 50 წლის შემდეგ გამოქვეყნდება სელინჯერის ხელნაწერები. მე ვერსად მოვიძიე ეს ინფორმაცია. საერთოდ იცის კი ვინმემ, რა წერია ანდერძში?

ავტორი: დიმიტრი საიდან გვწერთ: Boerum Hill
02.02.2010 20:14
ბ-ნო მალხაზ, იქნებ ქართულ თარგმანებზე გვითხრათ ერთი-ორი სიტყვა. ჭუმბურიძის თარგმანი ჭელიძის თარგმანისგან ძალიან განსხვავდება თუ არა, თქვენ რომელი გირჩევნიათ. მე ჭუმბურიძის თარგმანი წაკითხული არ მაქვს და მირჩევთ თუ არა წაკითხვას.... ბლაბლაბლა გისმენთ:)
In Response

ავტორი: Shivoni
04.02.2010 20:53
ჩაარლი როუზთან მოწვეული იყო კრიტიკოსი და მწერალი ადამ გოფნიკი, რომელმაც დაადასტურა ხელნაწერების არსებობა, თუმცაღა არაფერი უთქვამს ანდერძის შესახებ. ისიც აღნიშნა, რომ სელინჯერის ნაწარმოებებს ახალი თაობა არ კითხულობს ისეთი აღფრთოვანებით, როგორც ძველი თაობა კითხულობდა. სელინჯერს რომ წერისათვის თავი არ დაუნებებია, ეს ცხადია,-
აღნიშნა გოფნიკმა. ამის შესახებ თავადაც ხშირად უთქვამს. მიუხედავად ყველაფრისა, მე ძალიან კარგად მესმის, რატომ არჩია, ჩრდილში დარჩენილიყო, ან თავისი ნაწერები აღარ გამოექვეყნებინა (გოფნიკი).
In Response

ავტორი: მალხაზ ხარბედია
02.02.2010 21:39
დიმიტრი, რაღაც ნაკლი, რა თქმა უნდა ორივე თარგმანს აქვს, ამაში ჩაღრმავება შორს წაგვიყვანდა, თუმცა ვახტანგ ჭელიძის თარგმანი უკვე კლასიკაა და მიმაჩნია, რომ ეს თარგმანი ჯერ არც ისეა მოძველებული, როგორც ბევრს ჰგონია (გია ჭუმბურიძის ახალი თარგმანის მოლოდინში მეც ასე მეგონა). მართალია გია ჭუმბურიძე ძალიან ეცადა კიდევ უფრო დაეახლოვებინა სასაუბრო ენისთვის და ამით გაეცოცხლებინა ტექსტი, მაგრამ ბევრ რამეში საპირისპირო შედეგი მიიღო. კარგია, როცა "ამეებ"–ი, "რამეები", "ხოაზზეხარ" და ა.შ. გხვდება, იმიტომ რომ ტემპია, უშუალობა და რამე :) მაგრამ როცა პირველივე გვერდზე შევხვდი ფრაზას "დიბის ხომ უკვე ველაყბე და იმაზე მეტი თქვენ რა უნდა გითხრათ...", მივხვდი, რომ წიგნში კიდევ არაერთხელ გამეორდებოდა ასეთი შეუსაბამობები, ხაიებს რო ეძახიან ჟარგონზე (საერთოდ დედამიწის ზურგზე გეგულებათ ვინმე, ვინც პირველ პირში იტყვის, "ველაყბე"?). თუმცა არის წიგნში რამდენიმე კარგად თარგმნილი ეპიზოდი, სადაც ყველაფერი თავის ადგილზეა. ვახტანგ ჭელიძის თარგმანი ესაა ქართველი სამოციანელების ენაზე თარგმნილი ომის შემდგომი ამერიკა, ჭუმბურიძისა კიდე 70–80–იანელების. თუ მაინცდამაინც, მეორე წიგნი 2006–ში გამოვიდა და უფრო თანამედროვე და მოქნილი უნდა ყოფილიყო თარგმანი, დღეს "ჩემის ტრულაილათი" და "შუხურით" შორს ვერ წახვალ :)

ავტორი: Shivoni
02.02.2010 18:23
იმედია, გია ჭუმბურიძის თარგმანი ვახტანგ ჭელიძის თარგმანისაგან ძააააალიან განსხვავდება! სათური მაინცა და მაინც არ მომწონს, მგონი, ისევ ძველი ჯობდა!

ავტორი: ანონიმი
02.02.2010 01:41
თებერვალის 22 -ში ჯულიეტა მაზინას დაბადების დღეა.
ამ ეპიზოდში გენიალური მომენტია - შუქი მიდის . .

ავტორი: nato საიდან გვწერთ: vake
01.02.2010 22:14
გადავიკითხე ყველა კომენტარი: მართლაც ყველა ბლოგელი საინტერესოდ გამოხატავს თავის ემოციას. ჩემი ემოცია კი არის ის, რომ გამიჩნდა სურვილი გადავიკითხო მისი მოთხრობები, რომლებიც მიმვიწყებია და მხოლოდ მუსიკალური ჰანგებივით მაგონდება... მადლობთ მალხაზ, რომ სელინჯერის წასვლაზე დაგვაფიქრე! რაც შეეხება იმას, რომ 50 წელი ვერ იხილავს მკითხველი მის ნაწარმოებებს - ეს ალბათ ზუსტად ის დროა, რა დროითაც ის უსწრებდა საზოგადოებას; თუმცა ასე მგონია, მაინც ახლანდელი, მკითხველი უფრო გაუგებდა - მერე ალაბათ 3 განზომილებაში თუ აჩვენებ რამეს, თორე ვიღას ეხსომება წიგნების კითხვა?!

ავტორი: manana საიდან გვწერთ: Tbilisi
01.02.2010 19:17
მალხაზ, თამრიკო ლებანიძეს რომელი ავტორის მიერ თარგმნილი წიგნის ტირაჟის ჩამოყრას სთხოვთ?
In Response

ავტორი: მალხაზ ხარბედია
01.02.2010 21:57
სელინჯერის "კლდის პირზე, ჭვავის ყანაში" (გია ჭუმბურიძის თარგმანი), 2006.

ავტორი: Anonim
31.01.2010 16:21
უილიამ გოლდინგი გამახსენა,
თუმცა ნაწარმოებები ერთმანეთს ნაკლებად უგავთ.
სელინჯერის "თამაში ჭვავის ყანაში" ჩემი აზრით ტოვებს ავტობიოგრაფიულობის შთაბეჭდილებას, სასტიკი გულახდილობით აღწერილს. როგორც გააკეთა მაგალითად ნეტარმა ავგუსტინემ.
რომანი უნდა გამოექვეყნებინა, რადგან მწერლობაში გადაწყვიტა მოესინჯა ძალები, ფულიც ჭირდებოდა ალბათ, სხვა რომ არაფერი. მაგრამ გამოქვეყნებისთანავე მძაფრად განიცადა როგორც ჩანს, როგორც ადამიანმა ვინც აღსარება ჩააბარა ერთდროულად რამოდენიმე მღვდელს. გაშიშვლდა ასე ვთქვათ სხვების წინაშე. რაც ვეღარც "გადახარშა" სიცოცხლის ბოლომდე.
რაღაც ამისმაგვარი მარგარეტ მიტჩელსაც დაემართა.

ავტორი: anabell საიდან გვწერთ: თბილისი
31.01.2010 14:33
ზოგი წიგნი კაცივით ამომდგომია მხარში სირთულეების დროს, "თამაში ჭვავის ყანაში" მათ შორისაა. მადლიერი ვარ სელინჯერის:)

ავტორი: ანონიმი
31.01.2010 03:15
არ ვიცი მე მეჩვენება თუ ნამეტანი ბევრი მოვაყოლეთ მის სიკვდილს ?

ავტორი: Shivoni
31.01.2010 01:16
ურთულესი შინაგანი ცხოვრება ქონდა და ეს ნაწილობრივ გამოწვეული იყო იმ ფიზიკური ყოფიდან და ეპოქიდან, რომლითაც და რომელშიც მოუწია ცხოვრება. იყო მდიდარი ებრაელის შვილი, გაიზარდა პარკ ავენიუზე. ყავდა ნახევრად ირლანდიელი და ნახევრად შოტლანდიელი დედა. თავისი შერეული (პირობითად ვიტყვი) გენეტიკის გამო, იყო გაურკვევლობაში. მამის მიმართ ამბოხის გრძნობა, როგორც ჰოლდენს, ბავშვობიდანვე ქონდა (მამამისს უნდოდა, მისი საქმე გაეგრძელებიან - ანუ, ჩაბმულიყო კოშერული ხორცის ყიდვა-გაყიდვის ბიზნესში). არ ვიცი, რა ურთიერთობა ქონდა დედასთან. მამის საქმიანობის მიმართ პროტესტი გამოხატა იმით, რომ მოგვიანებით ვეგეტარიანელი გახდა. ყოველ შემთხვევაში, მისი ერთი-ორი ბიიოგრაფის (საშინლად ეწინააღმდეგებოდა ბიოგრაფიების წერას, ერთ-ერთი ბიოგრაფიის ავტორი მისივე გაუცხოვებული ქალიშვილი იყო) მიხედვით ასე იყო. ახალგაზრდობაში რაღაც სამხედრო სასწავლებლის დამთვრების შემდეგ, იყო ”სტაციონირებული” ინგლისში, სადაც (მეორე მსოფლიო ომის პერიოდი იყო) სხვა დანარჩენთან ერთად, აწარმოებდა გერმანელი ტყვეების დაკითხვას (წარმომიდგენია, რა პირობებში უხდებოდა მუშაობა და რისი შესრულება უწევდა!) მისი ქალიშვილისათვის ერთხელ უთქვამს, ძალიან ძნელია, დაივიწყო ადამიანის დამწვარი ხორცის სუნი, არაფრით არ გამოგივა ცხვირიდან... (ცუდად ვთარგმნე!).
ერთი მნიშვნელოვანი რამის აღნიშვნა დამავიწყდა - ერთ-ერთ კოლეჯში სწავლობდა, არ მახსოვს, სად, მგონი ნიუ იორკის უნივერსიტეტში, მეგობრები იხსენიებდნენ, როგორც მასხარას, რომელიც ბევრს ხუმრობდა, მაგრამ სინამდვილეში მარტოსული იყო! როგორი დამთხვევაა, რამდენი დიდი მწერალი იყო ასე! ერთ-ერთმა კირტიკოსმა მასზე თქვა - ” გარედან მისი მოთხრობები ხშირად სასაციოლოა; შიგნიდან ისინი გულისმომკვლელია (”inside they are about heartbreak") და გადამდები; იმიტომ რომ უმანკოა” .
ომის დროს პარიზში შეხვდა ჰემინგუეს, რომელსაც თაყვანს სცემდა და წააკითხა თავისი ადრინდელი მოთხრობა, რომელიც თავის დროზე ”ნიუ იორკ თაიმსმა” არ დაუბეჭდა.

1951 წელს დაწერა ”თამაში ჭვავის ყანაში”, ამბობენ, წარმატებამ და პრესის აურზაურმა შეაშინაო. თავადაც თქვა მის თითქმის ერთადერთ ინტერვიუში, ... See More
წიგნის წერა ძალიან მიყვარს, მსიამოვნებს, მაგრამ გამოცემა და მასთნ დაკავშირებული ამბები
მაშინებსო.

ყავდა 3 ცოლი, ვერცერთთან, რა თქმა უნდა, ვერ აეწყო. მეორე ცოლთან გაუცხოვებული შვილები (გოგო და ბიჭი). მესამე ცოლი მასზე 40 წლით უმცროსი იყო. ისე ძალიან უყვარდა მასზე გაცილებით ახალგაზრდა ქალები. მისი გარდაცვალების შემდეგ, მისმა აგენტმა თქვა, სელინჯერი არ ურთიერთობდა საზოგადოებასთან, რადგან არ თვლიდა თავს მის ნაწილადო. აბა როგორ ჩათვლიდა, მისი მოქმედებები ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა საზოგადოების მიერ კომფორტისათვის შექმნილ ყველა კანონს. ამიტომაც იყო მარტო, თავის გამანადგურებელ მოგონებებთან (მისი ქალიშვილი წერდა, მძიმე შთაბეჭდილებებმა მძიმე დეპრესია დაუტოვა, მე და დედაჩემს საშინლად გვექცეოდა და იძულებული გავხდით, სახლიდან წავსულიყავითო), კანონსაწინააღმდეგო ქმედებებთან (არა სამართლებრივი თვალსაზრისით, რა თქმა უნდა) და ახალგაზრდა ქალებთან!
რამდენიმე პატარა მოთხრობა აქვს დაწერილი, არ ვიცი, ქართულად არის თუ არა ნათარგმნი. სიენენ-ზე თქვეს, მისი არქივში 15 დამთვრებული ნაწარმოებიაო !!! მაგრამ ბოდიში, ანდერძში ჩაუწერია, ჩემი სიკვდილიდან 50 წლის მერე გამოაქვეყნეთო! ჩემი აზრით, ამაზე დიდი იგნორირება და სიძულვილი
თავისი დროის მიმართ, სხვა დროს არ გამოუხატავს, მაშინაც კი, 57 წელი განდეგილივით რომ ცხოვრობდა!
In Response

ავტორი: Nia
31.01.2010 02:40
მადლობთ, საინტერესო წასაკითხი იყო :)
ახლა გამახსენდა, ჩარლი ჩაპლინის ქალიშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში გაიხსენა, როგორ მწარედ სჯიდა მას მამა, რომლის გმირები თავისი უბრალოების და სათნოების გამო ასე ძალიან გვიყვარს.

დიდი ადამიანების შემოქმედებას ძალიან ხშირად სამწუხაროდ ბევრი საერთო არ აქვს მათ ქმედებასთან; პირიქითაც - ისინი ზოგჯერ სრულიად ეწინააღმდეგებიან კიდეც ერთმანეთს.

რაც შეეხება სელიჯერის ანდერძს, ნუ, რას ვიზამთ, კაცობრიობამ იმდენ წასაკითხი დაგვიტოვა, რომ ერთი ცხოვრება ამას მაინც არ ყოფნის და სელინჯერმა, როგორც ჩანს, თანამედროვეები კიდევ უფრო აღარ დაგვამძიმა იმის შეგნებით, რომ ყველაფრის წაკითხვას ვერ ვასწრებთ.

ავტორი: მანანა საიდან გვწერთ: ბოსტონი
30.01.2010 07:21
სელინჯერის არქივს რომ კიდევ 50 წელი ვერ გახსნიან, ძალიან მეწყინა, რატომღაც სასწაულებს ველოდი, მაგრამ რას ვიზამთ, იმედი ვიქონიოთ, რომ ჩვენი შვილები და შვილიშვილები გახდებიან ამ სასწაულის მომსწრე. რაც შეეხება კომეტას 2012 წელს, არ დაიჯეროთ, მსგავსი არაფერი მოხდება, ამის პირობას გაძლევთ (ობამამ გამიმხილა საიდუმლოდ :). ძალიან კარგი ბლოგი იყო, მადლობა.

ავტორი: atex საიდან გვწერთ: tbilisi
30.01.2010 00:07
ასე მგონია, ჩემი ახლობელი გარდაიცვალა,სადღაც შორს რომ ცხოვრობდა... როგორ არ მოეწონებოდა ეს რიარია, მისმა სიკვდილმა რომ გამოიწვია...

ავტორი: Nino Dzotsenidze საიდან გვწერთ: Neshville
29.01.2010 21:48
კაცია და გუნებაო, არის ასეთი ქართული გამონათქვამი. არ უნდოდა ამ კაცს ამ საზოგადოების ნაწილად ყოფნა. ქონდა ალბათ მიზეზი და შეიძლება მიზეზებიც. მარტო იმიტომ რომ მწერალი იყო და ხალხისთვის წერდა ხომ არ ნიშნავს იმას რომ აუცილებლად და მხოლოდ ჩვენი ნებართვით მიეღო გადაწყვეტილებები! უნდოდა, წავიდა, განუდგა! გულზე ხელი დაიდეთ და მითხარით, თქვენ არასოდეს გქონიათ განდგომის სურვილი? ნება და საშუალება შეიძლება გღალატობდეთ, თორემ ამ ორომტრიალისგან წასვლის სურვილი ბევრ ადამიანს აქვს! ამ კაცს კი ეყო ნებაც და საშუალებაც. სულ რომ არც არაფერი დაეწერა და ისე ეცხოვრა ეს წლები, ამის უფლებაც ქონდა. მეც ამ საზოგადოების ნაწილი ვარ და მეშინია ხოლმე რომ ძალიან მომხმარებელი ვხდები სხვისი ნიჭის მიმართ!
In Response

ავტორი: სოლომონი საიდან გვწერთ: თერნალი
31.01.2010 10:06
100%-ით ვეთანხმები ამ კომენტარს და ვაღიარებ, რომმართლაც ძალიან მომხმარებელი ვარ ასეთი ნიჭიერი ხალხის ნიჭის მიმართ. მინდოდა, რომ კიდევ ეწერა, არადა, არ უნდოდა ამ კაცს წერა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ჰოლდენ კოლფილდობაზე მეოცნებეს უნდოდა მასთან გასაუბრება...

იმით ვინუგეშებ თავს, რომ რაც მალხაზმა ჩამოთვალა, კარგ სასტავშია წასული... პირადა, ჯენის ჯოპლინსაც დავამატებდი... აგერ ა,
http://www.youtube.com/watch?v=mzNEgcqWDG4&feature=related

მალხაზ, გმადლობთ

ავტორი: Ika საიდან გვწერთ: Tbilisi
29.01.2010 20:56
"და დედამიწის გაქრობამდე რამდენიმე საათით ადრე გამოვა ბარაკ ობამა და პირდაპირ ეთერში წაიკითხავს მის უკანასკნელ მოთხრობას"

სარკაზმი, იმედია : )
In Response

ავტორი: მალხაზ ხარბედია
29.01.2010 21:00
რა თქმა უნდა :)

ავტორი: Shivoni
29.01.2010 18:56
სელინჯერი 1953 წლიდან განდეგილივით ცხოვრობდა პატარა ქალაქში, რომლის სახელი (ქორნიში), ალბათ, არც არავინ იცოდა. მეზობლებიც კი ვერ ხედავდნენ. არავის ურეკავდა და არასოდეს პასუხობდა თაყვანისმცემლების წერილებს. არადა მისი გმირი, ჰოლდენი, ამბობდა, ყველაზე ძალიან ის წიგნი მაღელვებს, რომელის წაკითხვის შემდეგ სურვილი გიჩნდება, მისი ავტორი შენი საუკეთესო მეგობარი იყოს და ნებისმიერ დროს შეგეძლოს მასთან დარეკვა და გასაუბრებაო.

ავტორი: g.o.
29.01.2010 15:44
როგორც გავიგე 1953 წლიდან სელინჯერი გასულია მომსახურეობის ზონიდან. ასე რომ, ახლავე შეგვიძლია მოვითხოვოთ არქივის გახსნა. :) მითუმეტეს რომ დრო არ ითმენს - კომეტა გზაშია :))
ბოლო აბზაცი განსაკუთრებით კარგი იყო.

ავტორი: cnobismoyvare
29.01.2010 14:55
ჯერომ სელინჯერის ლიტერატურული აგენტის განცხადება :

" ჯერომ სელინჯერი ცხოვრობდა ამქვეყნად,მაგრამ არ თვლიდა თავს მის ნაწილად." ბევრი რამით სამაგალითო ცხოვრება.
მადლობთ მასზე კარგი წერილისთვის.

ავტორი: sophie საიდან გვწერთ: Tbilisi
29.01.2010 13:35
17 წლის ვიყავი უნივერსიტეტში პირველი კურსის პირველ ლექციაზე რო მივედი და თამაზ ჯოლოგუამ გვითხრა ამერიკელი მწერალი სელინჯერიო. მაშინ პირველად წავიკითხე, იმის მერე მრავალჯერ, და დღემდე ვკითხულობ. უფრო სწორად სულ ჩემთანაა ჰოლდენ კოლფილდი, ჩემს გულშია, ჩემი განუყრელი მეგობარია. ასეთი რამ რო შეძლო მწერალმა იმაზე სიტყვა "გარდაცვალების" თქმა, კომიკურად ჟღერს.
მე მაინც იმედი მაქვს რომ მისი დახურული არქივების გახსნას მოვესწრები, თუ არადა ჩემი შვილი ხომ წაიკითხავს აუცილებლად!
In Response

ავტორი: კაპიტანი საიდან გვწერთ: სხვადასხვა
29.01.2010 14:23
წავიკითხავთ! :)

ავტორი: ameli საიდან გვწერთ: Tbilisi
29.01.2010 13:03
მე კი, ერთი პერიოდი, ადრე, სულ ადრე, ვწუხდი, რატომ არ მქონდა, მწვანე თვალები და წითელი ტუჩები...
ვინ იცის, რამდენ საინტერესოს იპოვიან საწერი მაგიდის უჯრაში, ხელს შეუშლის არ გახსნათო თუ რა.

ავტორი: ქეთი გზირიშვილი საიდან გვწერთ: თბილისი
29.01.2010 12:28
მართლაც, მასზე ვერავინ იტყვის, რომ გუშინ ნახეს.. ბიოგრაფიის ბეჭდვასაც კი კრძალავდა. თუმცა, თუ 2012-ს გადავურჩით (:)), მერე...

ფეისბუკზე გამახსენდა, ამ ინფორმაციაზე რეაქცია like არც თუ იშვიათია :)

ავტორი: Irakli Laitadze საიდან გვწერთ: Tbilisi
29.01.2010 12:28
არაუშავს, თუ ვერ მოვესწრებით სელინჯერის არქივების გახსნას, მისი მოთხრობები ხომ დარჩა. მარტო ''ბანანა თევზის ამინდი'' რად ღირს...!

ავტორი: თამაშგარე საიდან გვწერთ: თამაშგარე მდგომარეობიდან
29.01.2010 12:19
მალხაზ, იქნებ ოლიმპიადა აღარც ჩატარდეს სისხლით გაჟღენთილ მიწაზე?

ავტორი: ნინო
29.01.2010 12:01
მალხაზ თქვენს თავზე თუ არ ზრუნავთ, ჩვენზე მაინც იზრუნეთ. "თამაში ჭვავის ყანაში"–ს იმედისმომცემი ფინალია ყველაზე მნიშვნელოვანი, თქვენ კი გაგვწირეთ ფაქტიურად და გადაგვიწურეთ ყველა იმედი.

ავტორი: მათე საიდან გვწერთ: თბილისი
29.01.2010 11:42
მალხაზ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! მაგარია ხარ! მაგარია! მაგარო!!!!

ავტორი: კაპიტანი საიდან გვწერთ: სხვადასხვა
29.01.2010 11:42
კონტრდაზვერვა, ძენ-ბუდიზმი... საოცარი რამეები იყო სინთეზირებული ამ კაცის სულში.
In Response

ავტორი: თათია საიდან გვწერთ: forumsendcomment-დან
02.02.2010 13:06
ის ფიქრობდა (ჩუმად, ხმამაღლა) და მერე წერდა (ანუ არ საუბრობდა იმიტომ რომ ჭკვიანი გამოჩენილიყო, არამედ ეძებდა სიმართლეს) ამიტომაც აკვირვებდა ეს სიტყვები, არ აღიარებდა მათ საჭიროებას, დასცინოდა...
არ შეიძლება არ გიყვარდეს სელინჯერი, მას დარწმუნებული ვარ სიამოვნებდა როდესაც წერილებს იღებდა თაყვანისმცემლებისგან, მაგრამ ზარმაცი იყო უბრალოდ (ასე ამბობს თვითონ, და არა ერთხელ და ორჯერ, სულ იმეორებს), არ უყვარდა სიტყვები...ამიტომ არის (რათქმაუნდა ჩემი აზრით) მისი ნაწარმოებები ასეთი (როგორ ვთქვა) გასაგები. ზოგზოგოერთებისგან განსხვავებით მე მჯერა რომ სელინჯერი იმას ამბობდა რასაც გულისხმობდა და იყო ზუსტად ის, ჰოლდენ კოლფილდი. ჩემთვის მასზე დიდი მწერალი ჩემთვის არ არსებობს...გმადლობთ!

ავტორი: კაკო საიდან გვწერთ: კომუნიდან
29.01.2010 11:32
დაწერა და წავიდა დაწერა და წავიდა დაწერა და წავიდა დაწერა და წავიდა ... უნივერსიტეტში ვთქვი სელინჯერი მომკვდარა მეთქი ,მართალი აღმოჩნდი მალხაზ ხალხი Google-ს დაახცხრაა :)))

ავტორი: Cyborg საიდან გვწერთ: Tbilisi
29.01.2010 11:11
ალბათ დაახლოებით ეგეთივე რეაქცია მექნება იან ანდერსონი რო მოკვდება.

უფრო სწორად კაკ რაზ "რა კაცი წაიქცა" რეაქცია მექნება, ანდერსონში იდუმალებით მოცული არაფერია...

ავტორი: GERMANE
29.01.2010 11:03
სელინჯერი დიდი ხანია გარდაიცვალა:

უფრო სწორად ახლა, 27 იანვარს იერემია დავიდ ´ზელინგერი - პოლონურ-შლეზიურ-ებრაული და ირლანდიელ-შოტლანდიური წარმოშობის ადამიანი გარდაიცვალა.

ჯერომი დეივიდ სელენჯა - უკვე დიდი ხანია მიიცვალა - 1953 წლიდან მსოფლიო ასპარეზიდან მიიმალა.

ქართველმა მოამაყე სტალინისტმა ეგებ თქვას, ფარული სტალინისტი იყოო და მერე დეპრესიაში ჩავარდაო.
სიბეცეა...

სელენჯა იმიტომ მიიმალა, რომ "თამაში ჭვავის ყანაში" დამთავრდა ანუ უფრო სწორად "დამჭერი" (ანუ მოთამაშე), ჭვავის ყანით რომ კმაყოფილი იყო, ნიუ-იორკში ასოცათასიან ბეისბოლის სტადიონზე გადაბარგდა და იქ განაგრძო თამაში.
ჰოდა... რითი უნდა ეამაყა მის სულიერ მამას?

ცხონება და იაღვეს მადლი ჰქონდეს ამ იდუმალებით მოცულ პიროვნებას.

გერმანე

ავტორი: ანონიმი
29.01.2010 10:23
ზეკაცი

ავტორი: tina საიდან გვწერთ: tbilisi
29.01.2010 09:48
მახო, ძძძაან მაგარი ხარ და რა ვქნა!
როგორ მოგვანატრე თავი,ჰაა?
გაცივდა სუფრა უშენოდ...
ღვინო - შილდის რქაწითელი, კიდევ არაჩვეულებრივი პინო...
მაგრამ რამდენ ხანს გაძლებს, არვიცი!

ავტორი: Keti საიდან გვწერთ: Tbilisi
29.01.2010 09:32
ისეთი წიგნი დაწერა, რომ შეეძლო მეორე დღესვე მომკვდარიყო. დარჩენილი ცხოვრება პენსიაზე მყოფმა გაატარა.

ავტორი: manana საიდან გვწერთ: USA
29.01.2010 06:25
დღეს "BBC"-ის რადიომ გადმოსცა, რომ სელინჯერის ამხანაგებმა (?) მის სახლში დიდი სეიფი ნახეს თხუთმეტამდე დასრულებული ხელნაწერითო. ნეტავ მართალი თუა.
In Response

ავტორი: atex საიდან გვწერთ: tbilisi
30.01.2010 00:15
ხელნაწერების ერთი ნაწილი,თურმე, რედაქტირებულია და დასაბეჭდად გამზადებული, ხოლო მეორე ნაწილს რედაქტირება სჭირდებაო,- რუსულ საიტზე წავიკითხე

ავტორი: contralto საიდან გვწერთ: ....
29.01.2010 03:29
ვააჰ... არ მჯერა. სელინჯერის სიკვდილი რაღაც უცნაურად მეჩვენება. ჯერ არ მაქვს რეაქცია.

ყველაზე პოპულარული